Get All Access for $5/mo

გასტრონომიული ტურიზმი, როგორც შიდა ტურიზმის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

ტურიზმის პერსპექტივები ჯერ კიდევ არ არის ნათელი, სანამ კორონავირუსი საბოლოოდ არ დამარცხდება, მაგრამ როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ვარაუდობს, პირველი, რასაც ადამიანები ამ პანდემიის დამარცხების შემდეგ დაიწყებენ, სწორედ მოგზაურობა იქნება.

როდის გაიხსნება საზღვრები და როდის შეძლებენ ადამიანები ქვეყნის შიგნით და გარეთ უსაფრთხო გადაადგილებას? − ეს კითხვა მრავალ ადამიანს აწუხებს, მაგრამ სანამ ქვეყნების საზღვრები გაიხსნება, შიდა ტურიზმის განვითარებას უფრო მაღალი პერსპექტივები აქვს.

სიტუაცია ჯერჯერობით მძიმე, მაგრამ არა უიმედოა. როგორც პოლოლიკაშვილი აღნიშნავს, სწორედ ტურიზმი იქნება ის სფერო, რომელიც ეკონომიკას აღადგენს და ამიტომაც პოსტკრიზისული პერიოდისთვის ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს.

პოსტკრიზისული პერიოდის მნიშვნელოვანი პუნქტი სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა და ქმედითი ნაბიჯების გადაადგმაა, რამაც ტურიზმისა და მომსახურების სფეროში ჩართული კომპანიების მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.

ექსპერტების ვარაუდით, პირველი ეტაპი ადგილობრივი ტურიზმის, შიდა მოგზაურობის განვითარება იქნება.

მსოფლიო ტენდენციებს და მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, შიდა ტურიზმის განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ გასტრონომიული ტურები, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარების მთავარ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს. ამას ამტკიცებს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად დაწყებული პროექტი − გასტრონომიული ტურიზმი შიდა ტურიზმის განვითარებისათვის, რომლის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევებმა და ინფორმაციულმა ტურებმა სამეგრელოში, კახეთსა და სვანეთში ნათლად აჩვენა, რომ ეს სფერო პერსპექტიული, აქტუალური და ტრენდულია, თუმცა ამ მიმართულებით საქართველოში ინფორმაცია ძალიან მწირია. ამასთან, მოსახლეობაში არ არის შიდა ტურების შეძენის კულტურა, პრობლემაა ამ მიმართულებით ტუროპერატორების დაბალი კვალიფიკაცია, ამიტომაც სამუშაო ძალიან ბევრია, როგორც საინფორმაციო, ასევე აკადემიური თვალსაზრისით.

მაგრამ როგორი იქნება ხვალინდელი ტურისტი? ვინ იქნება ის? და რა მოთხოვნები ექნება მას? რა უნდა იქნას გათვალისწინებული პანდემიის შემდგომი ტურისტული ბიზნესისთვის? − ყოველივე ეს უკვე სერიოზულ საფიქრალს უჩენს ამ სფეროში დასაქმებულებს.

ამ კითხვებზე პასუხის გათვალისწინებითაა შესაძლებელი რეგიონული გასტრონომიული ტურების პოპულარიზაცია. სწორედ სარესტორნო ბიზნესსა და გასტრონომიულ ტურიზმს შეეხება უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებული წესები. მათი მიდგომები და ჩვევები კორონავირუსის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რაც, რასაკვირველია, წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და მხარდაჭერილი სხვადასხვა კომპეტენტური ინსტანციის მიერ.

შიდა გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისათვის საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი:

  • მცირე გეოგრაფიულ არეალში სრულიად განსხვავებული ნიადაგი, კლიმატი, ლანდშაფტი, ღვინის კულტურა, სამზარეულო, რიტუალები, ადათები და სუფრის პროტოკოლი;

  • ადგილობრივი გეოგრაფიული დასახელების საკვები: ახალქალაქის კარტოფილი, ჭოპორტის პომიდორი, მაჭახელას თაფლი, ქუთაისის მწვანილი;
  • რეგიონული გასტრონომიული ბრენდები: რაჭის ლორი, მესხეთის აპოხტი, სამეგრელოს აჯიკა და სულგუნი, სვანეთის მარილი, თუშეთის ყველი, გორის ვაშლი;
  • ზღვა და მისი დამპყრობლებისა და მეზობელი ქვეყნების ზეგავლენა, სარწმუნოება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მასთან მიბმული ადათ-წესები.

ასეთი განსხვავებებია იმ ძირითადი მრავალფეროვნების წყარო, რის საფუძველზეც ტურიზმი ყვავის.

ტურისტმა შეიძლება გამოსცადოს/დააგემოვნოს გასტრონომიული პროდუქტების მთელი რიგი, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია კონკრეტული რეგიონის კულტურასთან და ამ რეგიონისათვის დამახასიათებელ სასოფლო-სამეურნეო რესურსებთან/პროდუქტებთან. ან მოახდინოს შედარება, თუ რომელი რეგიონების კულტურაშია წარმოდგენილი მსგავსი გასტრონომიული პროდუქტები. ასეთი გამოცდილების შექმნა აუცილებელს ხდის არა მხოლოდ სხვადასხვა რეგიონისა და ლოკაციის დაკავშირებას, არამედ სხვადასხვა მწარმოებლის ერთმანეთთან დაკავშირებასაც ამ ღირებულებათა ჯაჭვში.

გასტრონომიული ტურიზმი − ეს იქნება ახალი პროდუქტი საქართველოს ტურიზმის ბაზარზე, რაც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს გაიცნოს:

  • თავისი ქვეყნის რეგიონული მატერიალური და არამატერიალური კულტურა
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები
  • მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგია
  • ცეცხლისა და ჭურჭლის კულტურა
  • სოციალური ყოფა-ცხოვრება და მისი განვითარების ეტაპები უძველესი ცივილიზაციიდან დღემდე
  • სარესტორნო და მომსახურების ბიზნესისათვის ესაა შანსი, აღადგინონ და გაამრავალფეროვნონ ქართული სამზარეულო, მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ ავთენტური ნედლეულის წარმომავლობის შესახებ, რათა შექმნან და შეინარჩუნონ ეს ავთენტური გემოები.

ეს ყველაფერი ტუროპერატორებსაც დაეხმარება განავითარონ შიდა ტურიზმი, მყარი კონტაქტები ჰქონდეთ რეგიონებთან და აქტიურები იყვნენ არასეზონურ პერიოდშიც.

შიდა გასტრონომიული ტურიზმის განვითარება სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეროვნული არამატერიალური კულტურული რესურსის გაბრწყინებას გასტრონომიული კულტურის მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.

აქტიურად უნდა გაგრძელდეს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი − გასტრონომიული ტურიზმი შიდა ტურიზმის განვითარებისათვის.

უნდა მოხდეს ქვეყნის რეგიონული სამზარეულოების გასტრონომიული მარშრუტების შექმნა და მონაცემების შეგროვება, რომ ყველა რეგიონმა მიიღოს სარგებელი საკუთარი კუთხის გასტრონომიული სიმდიდრისგან. კარგად დაგეგმილი და სწორად მიწოდებული გასტრონომიული ტურისგან უნდა ამაღლდეს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონე; გაცოცხლდეს და შენარჩუნდეს ტრადიციული ღირებულებები, ამაღლდეს ცნობიერება არამატერიალური მემკვიდრეობისა და კულტურული ფასეულობების შესახებ; შენარჩუნდეს რეგიონის თვითმყოფადობა, მისი განვითარებისა და ინტერპრეტირების გზით.

ამ ტიპის ტურების საშუალებით, ფულადი რესურსები გადანაწილდება ქვეყნის შიგნით და ასევე შემდგომშიც, შემომყვანი ტურიზმის სეზონურობიდან გამომდინარე, შიდა ტურები დააბალანსებს არასეზონურ პერიოდს.

საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარება და მასში გასტრონომიული კულტურის მოაზრება ნიშნავს, ქვეყანას მისცე კულტურული ფენომენის − გასტრონომიის ერთ-ერთ საიმიჯო რესურსად გამოყენების შანსი.

ამიტომაც საჭიროა, რომ ასოციაციებმა ითანამშრომლონ ერთმანეთთან- ინფორმაციული, კვლევითი, საგანმანათლებლო, კანონმდელობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მიმართულებით.

  • ჩატარდეს საჯარო თუ ლოკალური ლექციები ამ მიმართულების კონცეფციის სწორად გაგებისათვის, რამდენადაც მსოფლიო ტურიზმში ეს ახალი თემაა;
  • მოხდეს გასტრონომიული გიდების გადამზადება, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ეთნოგრაფიის, სუფრის ადათ-წესებისა და კვების კულტურის ისტორია, რომელზეც ინფორმაცია მწირია;
  • შემუშავდეს გასტრონომიული გზამკვლევი რეგიონების მიხედვით;
  • ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით, რეიტინგულ სატელევიზიო გადაცემაში მომზადდეს რამდენიმეწუთიანი რეგულარული რეპორტაჟები, ან შედგეს საუბრები გასტრონომიული კულტურის თემატიკის შესახებ − ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურის ფასეულობების შენარჩუნებისა და საზოგადოების ინფორმირებულობისათვის;
  • ამ მიმართულებით ფესტივალები, კონკურსები, კონფერენციები, სემინარები, რეგიონთაშორისი შეხვედრები გახდეს რეგულარული;
  • რეგიონებმა მიიღონ რჩევები, კონსულტაციები გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის შესახებ;
  • ბაზარზე პოზოციონირებისათვის რეგიონებმა ხაზი უნდა გაუსვან მათი რეგიონის განსაკუთრებულ სასოფლო-სამეურნეო თუ კონკრეტული გასტრონომიული ბრენდის წარმომავლობის ადგილს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ როგორ გახდა კონკრეტული საკვები დესტინაციის ადგილი;
  • ჩვენი ქვეყნისა და ასევე დედაქალაქის ისტორია მიბმულია გასტრონომიასთან. ანალოგიურად შეიძლება კონკრეტული რეგიონი, ქალაქი ან რაიმე ბუნებრივი კომპონენტი მიბმული იყოს რიტუალთან ან ლეგენდასთან: ტობავარჩხილი, პალიასტომი, თამარ მეფის ხიდი; მღვიმე, რომელიც კურნავს, ქაცარის შეწირვის ცერემონია, ხოზო კვარობა, კვიკვინების დღესასწაული, ისპანახობა... ამით ტურისტულ მიმართულებებს დამატებითი ფასეულობა ემატება, ტურისტს კი შთაბეჭდილებას დიდწილად უმძაფრებს სხვადასხვა რიტუალში ჩართულობა.
  • ტურიზმი ხშირად იყენებს ადგილობრივ უხუცესებს და მათ მონათხრობს სუფრის, კერძის, ადათ-წესებისა და ლეგენდების შესახებ. ეს ტურისტზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მისი სხვებისთვის გაზიარების სურვილს აჩენს.
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს "გასტრონომიული სუვენირების" თემას, რაც თან მიაქვს ტურისტს (ჩურჩხელა, სანელებლები, აჯიკა, ყველი, ჩირეული, ტყლაპი, ჭაჭა, ღვინო, ყველი, თაფლი, გოზინაყი).

ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხების განხორციელებას ვერ შეძლებს ერთი ასოციაცია და ერთი ინსტანცია − კომპლექსურად უნდა გადაწყდეს, მთავრობის, საწარმოების, ასოციაციების, რეგიონული ხელმძღვანელების, ტუროპერატორების, მედიისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების ურთიერთთანამშრომლობით.

გასტროტურიზმი უზრუნველყოფს იმ მოსახლეობის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობს და მოკლებულია დასაქმების შანსს. ტურიზმის ამ მიმართულების გააქტიურება ხელს უწყობს ადგილობრივი ადათ-წესების, ეთნოკულტურის ცხოვრების სტილის ცნობადობის ამაღლებას და განვითარებას. კერძი სუფთა და მარტივი საწყისია ისტორიების, მითებისა და ტრადიციების ახლებური ინტერპრეტაციისათვის. საკვები ხდება ერთგვარი დროის მანქანა და თავშესაფარი "მაკდონალდიზაციისაგან". ის უფრო მეტ დატვირთვას იძენს ეკოლოგიური, ფიზიოლოგიური და ცხოვრების ახალი სტილის დამკვიდრების თვალსაზრისითაც. ის არა მხოლოდ ნოსტალგიას აღგვიძრავს, არამედ ერთგვარი გამოწვევაცაა ჩვენი შეგრძნებებისათვის.

აქედან გამომდინარე, შიდა ტურიზმის განვითარებისათვის გასტრონომიული ტურიზმის სწორ დაგეგმვას, პრომოციას, პოპულარიზაციას, მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკისათვის, რეგიონების წინ წამოწევისა და სიღარიბის აღმოფხვრისთვის.

ქვეყნის შიგნით გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, კორონავირუსის მიერ დაზარალებული მსოფლიო ტურიზმის ფეხზე ისევ აქტიურად წამოყენებისათვის, მნიშვნელოვანი რგოლია ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, რომელსაც მდიდარი გასტრონომიული წარსული და ისტორია აქვს.

დალი ცატავა

გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი

ტექნოლოგიური ტრენდები

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ციფრული ცვლილებების დრო დგება

Ricoh South Africa-ს ახალი კვლევის მიხედვით, მცირე და საშუალო კომპანიების არსებობას საფრთხე დაემუქრება, თუ ისინი ვერ აუწყობენ ფეხს ციფრულ ტრანსფორმაციას, ნორმატიულ მოთხოვნებს და ეკონომიკური ძვრებს, რომლებიც მთლიანად ცვლიან მათ ბაზრებს

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი