Get All Access for $5/mo

GeoSafety - კომპანია, რომელიც თქვენს შრომით უსაფრთხოებაზე ზრუნავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GeoSafety შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც უკვე მეხუთე წელია მომხმარებლებს სხვადასხვა ეკონომიკურ სფეროში, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მაღალი ხარისხის სრულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია 2019 წელს კახა დათიაშვილმა და გურამ გრიგოლიამ დააარსეს. იმ პერიოდში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე ჯერაც არ იყო გავრცელებული. საყურადღებოა, რომ დამფუძნებლებს უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და კარგად იცოდნენ, რომ მსგავსი ტიპის სერვისი საქართველოში არცერთ კომპანიას არ ჰქონდა.

"არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც კომპანიებს არსებულ კანონმდებლობაზე მორგებულ პაკეტებს შესთავაზებდა. ამიტომ, შევქმენით პაკეტის იმგვარი სისტემები, რომლებიც, ერთი მხრივ, იქნებოდნენ კომპანიებზე მორგებული და ამავდროულად, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სრულყოფილად უპასუხებდნენ არსებულ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორთა შორის არიან: მომსახურების, სავაჭრო, სამშენებლო და სხვა სფეროს წარმომადგენლები", აღნიშნავს კახა დათიაშვილი Entrepreneur-თან საუბრისას.

მზარდი მოთხოვნის, პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული პაკეტებისა და ხელმისაწვდომი ფასების არსებობით, კომპანია GeoSafety-მ წარმატებით დაიწყო ოპერირება ქართულ ბაზარზე და მალევე გახდა უსაფრთხოების სფეროს ლიდერი. თუ თავდაპირველად, წლის განმავლობაში დაახლოებით 100 პარტნიორთან გეგმავდნენ თანამშრომლობას, საქმიანობის წამოწყებიდან დაახლოებით ორ თვეში მათი რიცხვი 200-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პარტნიორთა შორის მრავალი ცნობადი კომპანიაა, მაგალითად, "ლიბერთი ბანკი", "აჭარა ჯგუფი", "ალიანს ჰაილაინი", "კრწანისი ვილა რეზიდენსი", "ავერსი ფარმა", "კახური ტრადიციული მეღვინეობა" და სხვ.

კომპანია GeoSafety-ს ფილიალები თბილისში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში აქვს. ამრიგად, კომპანიას საშუალება ეძლევა პარტნიორებს მომსახურება საქართველოს მასშტაბით, მეტად ეფექტიანად და დროულად გაუწიოს. ამჟამად, GeoSafety 400-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს. რაც შეეხება ისეთ კომპანიებს, რომელთაც შრომის უსაფრთხოების მომსახურება ერთჯერადად გაეწიათ, მათი რიცხვი უკვე ათასს აჭარბებს.

GeoSafety-ი მომხმარებლებს შრომის უსაფრთხოების საკითხებში აუთსორსინგულ მომსახურებას სთავაზობს, რაც ცხადია, პარტნიორ კომპანიას აძლევს საშუალებას დაზოგოს დრო, რესურსები და მიიღოს მრავალმხრივი კომპეტენციის მქონე გუნდის იმგვარი მომსახურება, რომელიც კომპანიის სამუშაო გარემოში შრომის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ამავდროულად კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოიყვანს შესაბამის დოკუმენტაციას.

კომპანიებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაპირველად GeoSafety-ს შესაბამისი სპეციალისტი ობიექტზე ყველა იმ რისკს იკვლევს, რაც სამუშაო სივრცეში შეიძლება არსებობდეს და გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში დასაქმებულთა ჯანმრთელობას უქმნიდეს საფრთხეს. განსაზღვრული რისკის მიხედვით, თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალური, მათზე მორგებული სწავლება იგეგმება, რომელიც უპირველესად არსებული რისკ-ფაქტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. საყურადღებოა, რომ ყველა ტიპის სწავლება შესაბამისი დარგის სპეციალისტის, ტრენერის მიერ ტარდება. ამ დროისთვის GeoSafety-ს გუნდმა 10 000 ობიექტიდან უკვე 30 000-ზე მეტ დასაქმებულს ჩაუტარა სწავლება და შესაბამისად, ხელი შეუწყო მათი ცნობიერების ამაღლებას უსაფრთხოების მიმართულებით.

აქვე, უნდა ითქვას, რომ GeoSafety-ს სერვისები მხოლოდ სწავლებებით არ შემოიფარგლება. ისინი თითოეულ კომპანიას მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობენ:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შედგენა;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი;
  • თანამშრომლებისთვის სწავლების ჩატარება − უსაფრთხოების სტანდარტი და ნორმები;
  • გარემო-ფაქტორების გაზომვითი სამუშაოების ჩატარება;
  • უსაფრთხოების რისკის შეფასება (აუდიტი);
  • აკრედიტებული პასუხისმგებელი პირის გამოყოფა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • იურისტის მომსახურება;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • სახანძრო უსაფრთხოების სრული მომსახურება;
  • დეზინფექცია.

პარტნიორი კომპანიების ობიექტების მონიტორინგს GeoSafety თავად ახორციელებს და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომხდარ თითოეულ შემთხვევაზე უმოკლეს ვადებში რეაგირებს. იგი საკუთარ პარტნიორებს აძლევს გარანტიას, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციაზე და გაუთვალისწინებელ ხარჯზე პასუხისმგებლობას თავად აიღებს. თუმცა, ვინაიდან გუნდი საკუთარ საქმეს მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდება, მსგავსი შემთხვევა კომპანიის მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში არ მომხდარა.

"ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ობიექტებზე შესაბამისი ვიზიტები განხორციელდეს. აუცილებელია კომპანიების საქმიანობა კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოდიოდეს, უსაფრთხოების ნორმები იყოს გათვალისწინებული და ამავდროულად, რისკ-ფაქტორები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ჩვენი საქმიანობის განმავლობაში, პარტნიორი კომპანიებიდან სანქცია არცერთს მიუღია. ასევე, დაახლოებით 200 ინსპექტირება გვაქვს გავლილი და ჩვენ მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში თუ ზოგად საქმიანობაში ხარვეზი არ აღმოჩენილა", − აღნიშნავს კახა დათიაშვილი.

საგულისხმოა, რომ GeoSafety-მ ახლახან, პარტნიორებთან ერთად, ახალი უნიკალური პაკეტიც შეიმუშავა, რომელიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებულ ახალ რეგულაციებზეა მორგებული. კანონმდებლობა კვების ყველა ობიექტს სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვით და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით ავალდებულებს. GeoSafety-მ შექმნა ისეთი კომბინირებული პაკეტი, რომლითაც შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სისტემები ერთობლივად დაინერგება და რეგულარული მონიტორინგის წარმოება იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით მათ უკვე დაახლოებით 100 პარტნიორი კომპანია ჰყავთ.

კომპანიაში შრომის უსაფრთხოების ინვენტარის საცალო ვაჭრობის განვითარებაც სურთ, რისთვისაც უახლოეს მომავალში შესაბამისი სადემონსტრაციო სივრცის გახსნა იქნება საჭირო. თუმცა, ცალკეული პროდუქტის (უსაფრთხოების ინვენტარი, პირადი ან/და სახანძრო აღჭურვილობა და სხვ.) შეძენა ამჟამად მათ ოფიციალურ ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.

კომპანიის თანადამფუძნებელი, კახა დათიაშვილი GeoSafety-ს ყველაზე დიდ მიღწევად იმ სოციალურ წვლილს მიიჩნევს, რომელიც სხვადასხვა კომპანიის ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში შრომის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით შეიტანეს.

"30 000 ადამიანს, ვისაც სწავლებას პერიოდულად ვუტარებთ ცნობიერების ამაღლების კუთხით, საგრძნობი შედეგი აქვთ. ჩვენი მხრივ, ბევრ კომპანიასთან მივიტანეთ ინფორმაცია ჩვენი სერვისების, არსებული კანონმდებლობისა და მის მიერ განსაზღვრული ნორმების დაცვის საჭიროების შესახებ. ვფიქრობ, ბევრი დამსაქმებლის და დასაქმებულის ორგანიზაციული კულტურის უკეთესობისკენ შეცვლა მოვახერხეთ", − აღნიშნავს კახა დათიაშვილი.

ისევე, როგორც სხვა ბიზნესებისთვის, "კოვიდ"-პანდემია მათთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა მათ ახალ რეალობასთან ადაპტირება უმოკლეს ვადებში მოახერხეს და შესაბამისად, ეს გამოწვევაც ახალ შესაძლებლობად იქცა. პანდემიის პერიოდში, GeoSafety დაახლოებით 600 კომპანიას დაეხმარა მუშაობის გაგრძელებაში. ისინი აწარმოებდნენ ისეთ ჰიგიენურ პროდუქციას (პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი და სხვ.), რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეფიციტში იყო. ამრიგად, მათი დროული რეაგირების წყალობით, არაერთმა კომპანიამ მოახერხა წარმოების უწყვეტობის შენარჩუნება. ამასთან, კომპანია სხვადასხვა ობიექტს დეზინფექციის სერვისებს, ტესტირებასა და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობებს სთავაზობდა. იმ დროს, როდესაც მობილობა საგრძნობლად იყო შეზღუდული, მათ, ყოველგვარი წესის დაცვით, დეზინფექცია ჩაუტარეს ტრანსპორტს და დაამზადეს საშვები, რათა დასაქმებულები სამსახურამდე უსაფრთხოდ მიეყვანათ.

"პანდემიის დროს GeoSafety სრულად ადაპტირდა COVID-19-ის უსაფრთხოებაზე. არსებული სანიტარული მდგომარეობის ფონზე, ერთი შეხედვით მოსალოდნელიც კი იყო, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, ჩვენც მოგვიწევდა საქმიანობის შეზღუდვა, თუმცა რეალური სურათი სრულიად განსხვავდებოდა მოლოდინისგანსაქმიანობის შეზღუდვის ნაცვლად, ჩვენი პარტნიორების და შესაბამისად დატვირთვის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. უამრავ კომპანიას მივეხმარეთ იმაში, რომ არ გაჩერებულიყვნენ და ქვეყნის ეკონომიკას ემუშავა. ალბათ, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, მრავალი კომპანია ვერ დააკმაყოფილებდა იმ სანიტარულ მოთხოვნებს, რომლებიც პანდემიის განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფოს", − აღნიშნავს კახა დათიაშვილი.

რაც შეეხება GeoSafety-ს გუნდს, თანამშრომლებს აქვთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. თუ საწყის ეტაპზე მათი გუნდი ოთხი თანამშრომლისგან შედგებოდა, ახლა GeoSafety-ს გუნდში საკუთარ საქმეზე შეყვარებული 70-მდე თანამშრომელი ერთიანდება. სწორედ ძლიერი ადმინისტრაციული გუნდი და იურისტები გამოარჩევს მას სხვა კომპანიებისგან. მათ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში. კომპანია ტექნიკურ მომსახურებას უწევს პარტნიორებს და მათი საქმიანობა კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტთან მოჰყავს თანხვედრაში. ამასთან, იგი პარტნიორ ორგანიზაციებს უწყვეტ იურიდიულ კონსულტაციასაც სთავაზობს იქნება ეს ნებისმიერი ცვლილება საკუთრივ კანონმდებლობაში თუ სხვადასხვა სახის სადავო საკითხების გადაჭრა.

საყურადღებოა, რომ GeoSafety ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული სფეროთია დაინტერესებული, განვითარებისა და კარიერული ზრდის არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანიაში მუდმივად ზრუნავენ ახალი სპეციალისტების მოზიდვაზე. მაგალითისთვის, უნივერსიტეტ GIPA-ს "შრომის უსაფრთხოების მიმართულების" სასწავლო კურსის სტუდენტები პრაქტიკებს სწორედ GeoSafety-ში გადიან. ამასთან, გამორჩეულ სტუდენტებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა. კომპანია თავადაც ატარებს სწავლებებს და შესაბამისი სპეციალობის კადრებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ამზადებს. ამ დროისთვის მათ უკვე 400-მდე სპეციალისტი ჰყავთ გადამზადებული.

დაფუძნების დღიდან, GeoSafety-ს მიზანია, უპასუხოს ყველა იმ მოთხოვნას და გამოწვევას, რაც უსაფრთხოების დარგში არსებობს. სამომავლო გეგმებიც ამ მიზანს ემსახურება: მათ სურთ შექმნან სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა სახის სერვისი ერთიანად და მარტივად მიიღონ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"