Get All Access for $5/mo

"გჯეროდეს შენი თავის, მიჰყევი შენს ოცნებებს" - საყვარელი ხელოვანის წერილი, როგორც საბა ბახიას მოტივაციის წყარო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საბა ბახია

"ბალენსიაგას" მოდის სახლის ქართველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ არ კარგავს აქტუალურობას − დემნა გვასალია (პროფესიულ საქმიანობაში ის მხოლოდ სახელ "დემნას" იყენებს) ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დიზაინერია. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის წარმატების ისტორია ბევრისთვის არის შთამაგონებელი.

საბა ბახიასთვის "ქართველი, რომელმაც თავისი შრომისა და ნიჭის დამსახურებით, ამხელა წარმატებას მიაღწია", გამოჩენისთანავე იქცა მოტივაციის წყაროდ. როგორც გულშემატკივარი, საბა აქტიურად ადევნებდა თვალს, თუ როგორ გარდაიქმნებოდა საუკუნოვანი მოდის სახლი დემნას ხელმძღვანელობით.

Demnagram-ის შემქმნელი ამბობს, რომ პლატფორმის შექმნის მოტივაციაც დიზაინერის წერილი აღმოჩნდა. საბა ბახია იხსენებს:

"მინდოდა ჩემი აღფრთოვანება გამომეხატა და მივწერე Facebook-ზე. ერთ-ერთი ასეთი მიწერის შემდეგ, 2017 წელს, დემნამ მომწერა ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი წერილი: "გჯეროდეს შენი თავის, მიჰყევი შენს ოცნებებს და ეს მიგიყვანს კარგ ადგილას". მანამდეც ვფიქრობდი, რომ შემექმნა პლატფორმა,რომელიც საშუალებას მომცემდა ჩემი წილი პატივისცემა გამომეხატა დემნას მიმართ და მცირე დახმარება გამეწია მისი იდეებისა თუ აზრების გავრცელებაში. თუმცა, ამ წერილმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა შემექნა Demnagram".

Demnagram დიზაინერის მხარდამჭერი გვერდია, რომელიც უკვე ხუთი წელია დემნას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ სიახლეებს გვაცნობს. მისი დამაარსებელი საბა ბახიაა. მისი ოჯახი, დემნას მსგავსად, აფხაზეთიდანაა დევნილი, თუმცა თავად თბილისში დაიბადა და გაიზარდა. საბა ამბობს, რომ ხმაურიანი ცხოვრების სტილი არ ხიბლავს − მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ინდუსტრიაში მუშაობს.

გარდა მოდისა, ბახია ეკონომიკის მიმართულებითაც მუშაობს − განათლება სწორედ ამ სფეროში მიიღო და მოდის პარალელურად ამ საქმესაც ითავსებს.

"როცა ამას იგებენ, ხშირად უკვირთ, თუ როგორ ვახერხებ და არ მექმნება დისკომფორტი ორ რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მუშაობისას, მაგრამ მე სწორედ ეს მეხმარება ჩემთვის საჭირო ბალანსის შენარჩუნებაში", − ამბობს ის.

საბა ამბობს, რომ სტანდარტული გვერდებისგან განსხვავებული მიდგომა Demnagram-ის ნიშაა − მისი პლატფორმა ყოველთვის იყო ძალიან პროფესიული და არასდროს კვეთდა პირადი სივრცის საზღვრებს. ბახიას თქმით, გვერდი მთლიანად არის კონცენტრირებული დემნას შემოქმედებით საქმიანობასა და ხელოვნებაზე.

2022 კი დიდი ცვლილებების წელი აღმოჩნდა − "ბალენსიაგას" ჩვენებაზე დასწრების შემდეგ საბა დიზაინერს შეხვდა, რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ კი დემნასგან მიიღო შემოთავაზება, "ბალენსიაგას" გუნდს შეერთებოდა.

"ამ შემოთავაზების შემდეგ კი, დაახლოებით ერთ თვეში, ბრენდთან კონტრაქტი გავაფორმე. დემნამ წარმოუდგენელი შესაძლებლობა მომცა, ეს საქმე პროფესიულ დონეზე მეკეთებინა, რის გამო მისი ძალიან მადლობელი ვარ".

ერთი შეხედვით თავბრუდამხვევი წარმატების უკან დიდი შრომა დგას − საბა გვიყვება, რომ აუცილებელია კონკრეტული გეგმის მიყოლა და იმის ცოდნა, თუ რას აწვდი მკითხველს. Entrepreneur-თან ინტერვიუში ბახია ამბობს, რომ მას ყოველთვის წინასწარ აქვს გამზადებული პოსტები, რომლებსაც გამოაქვეყნებს − დემნას ხელმძღვანელობით "ბალენსიაგას" ახალი კოლექციები, კამპანიები, სიახლეები, პროფესიული მიღწევები. იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა წარმატება მოუტანა პლატფორმამ, საბა ამბობს, რომ მისი მიდგომის სისწორეში რწმუნდება.

საბა ამბობს, რომ "ბალენსიაგასთან" თანამშრომლობაზე არათუ ვერც კი იოცნებებდა, მსგავს სცენარზე არც არასოდეს უფიქრია − ის უბრალოდ აკეთებდა საქმეს, რომელიც ძალიან უყვარდა და ცდილობდა, Demnagram გამხდარიყო დიზაინერის გულშემატკივრების მთავარი საინფორმაციო სანდო წყარო.

"ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ Demnagram გამხდარიყო მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ხელს შეუწყობდა გაეძლიერებინა დემნას ხმა მის მხარდამჭერებში... დემნამ წარმოუდგენელი შესაძლებლობა მომცა", გვიყვება საბა ბახია.

საბა ამბობს, რომ დემნა მისთვის მხოლოდ "უფროსი" არ არის. ცხადია, "ბალენსიაგაში" მის ზემდგომად მიიჩნევა, თუმცა დიზაინერი მისთვის, უპირველესად, მოტივაცია და ინსპირაციაა − რამდენს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა შრომით, საქმის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით. გარდა ამისა, როგორც საბა ამბობს, დემნა მისი მეგობარიცაა, "რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია ვკითხო რჩევა, როდესაც მჭირდება მეგობრის გვერდი დგომა".

საბას თქმით, Demnagram-ს წინ ბევრი საინტერესო რამ აქვს მკითხველისთვის, თუმცა ამ ეტაპზე საიდუმლოდ დატოვებას არჩევს. ზაფხულის დამთავრება კი ერთ დიდ სიახლეს ნამდვილად ნიშნავს − მოდის ინდუსტრია ახალი სეზონისთვის ემზადება. "ბალენსიაგა" დემნას ხელმძღვანელობით მორიგ კოლექციას 1 ოქტომბერს, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს, სიახლეებს კი მკითხველი ცხადია, Demnagram-ის გვერდზე დაელოდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი