Get All Access for $5/mo

''გოზინაყი'' - ჯანსაღი ქართული ნუგბარი ყველა სეზონზე გაიცანით ანა ბარამიძის "ქართული გოზინაყი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული გოზინაყი

გოზინაყი ქართული ნუგბარის გამორჩეული სახეობაა. ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული სასარგებლო ტკბილეული საქართველოში ტრადიციულად ახალი წლისთვის მზადდებოდა და მზადდება. პროდუქტისადმი მრავალი ადამიანის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ანა ბარამიძემ გადაწყვიტა გოზინაყი ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი ყოფილიყო მოყვარულთათვის. ასე გაჩნდა ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი, რომელიც თავად ამ ტკბილეულის სახელის მატარებელია.

"ყოველთვის ვფიქრობდი, მქონოდა ჩემი საქმე და გამომეცადა საკუთარი თავი, რამდენად შევძლებდი და გავუმკლავდებოდი ახალ გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი, პარალელურად მჭირდებოდა დამატებითი შემოსავალი. გადავწყვიტე იმ საქმისა და პროდუქტის წარმოების წამოწყება, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობდა ბაზარზე. ვეძიებდი, გქონდა იდეები, მაგრამ ბიზნესის დასაწყებად ძალიან ცოტა რესურსს ვფლობდი. ერთხელაც, ახალ წელს, ოჯახისთვის გოზინაყი მოვამზადე. ოჯახის წევრების გარდა, ეს საოცარი ნუგბარი ბევრმა დააგემოვნა. მეგობრები და ყველა სხვა აღფრთოვანებული დარჩა. შემდეგი წლისთვის უკვე მივიღე შეკვეთები. აქედან წამოვიდა იდეაც, რომ სწორედ გოზინაყი დამემზადებინა შესაბამისი შეფუთვით", − გვიყვება ანა ბარამიძე.

გადაწყვიტა, პროდუქტს სასაჩუქრე ფორმა ჰქონოდა. ბევრი ვერსია გამოსცადა, არაერთი რეკომენდაციაც მიიღო. მათი შეჯერებით კი, ბოლოს შეფუთვის ის ფორმა შექმნა, რომელიც დღეს ბაზარზე ფართოდაა წარმოდგენილი.

"წარმოების დაწყების პროცესში გარკვეულმა გამოწვევებმა იჩინა თავი, რამდენადაც, თაფლთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. თაფლს და მისგან დამზადებულ პროდუქტს ვერ შეფუთავ პლასტმასსა და ქაღალდში, რადგან ორივესთან რეაქციაში შედის. დავდექი არჩევანის წინაშე: ან უნდა შემენარჩუნებინა თაფლის ხარისხი, ან თაფლი ტექნოლოგიურად "შემეცვალა". თუ შევცვლიდი, მაშინ ნებისმიერი ფორმით შევძლებდი მომხმარებლისთვის მიწოდებას. არ ვიცი, ბიზნესისთვის რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ თაფლის ნამდვილობა და ხარისხი შევინარჩუნე. ამის გამო საკმაოდ შრომატევად გზას გავდივართ ახლაც. წარმოების სრული პროცესი ხელით მიმდინარეობს. ანუ, პროდუქტი მთლიანად ხელითაა დამზადებული", − ამბობს ანა ბარამიძე.

შეფუთვასთან დაკავშირებით, არჩევანი ბოლოს ნაძვის ხის ფორმაზე შეჩერდა. ტრადიციული, რომბებად დაჭრილი გოზინაყი ამ გადაწყვეტილებას კარგად მოერგო.

პირველი პროდუქტი სრულფასოვნად 2009 წელს დამზადდა და შემოწმების ყველა წესის გავლის შემდეგ, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" დახლებზე გამოჩნდა, სადაც დღემდე საახალწლო ტკბილეულის თაროზე მყარ ადგილს ინარჩუნებს.

პირველ წელს ანა ბარამიძემ, ოჯახის წევრების დახმარებით, მხოლოდ 70 კოლოფი დაამზადა. პროდუქტმა პირველი წარმატება მალე მოიპოვა და მომხმარებლებისგან დადებითი უკუკავშირიც მიიღო. ამის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა რაოდენობა, დაიხვეწა დიზაინი და შეფუთვის ფორმა.

"ბიზნესის საწყის ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი იყო შემექმნა ბაზრისთვის განსხვავებული პროდუქტი, რომელიც იქნებოდა ქართული და გახდებოდა ბრენდი; არა მხოლოდ საახალწლო, არამედ ქართული, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც თამამად ჩაანაცვლებდა იმპორტს, რამდენადაც, ჩვენი პროდუქტი არის სრულიად ნატურალური, ადგილობრივი თაფლით დამზადებული, და რაც მთავარია − ქართული".

ანა ბარამიძის "გოზინაყი" თეთრი, უმაღლესი ხარისხის ნიგვზითა და გაზაფხულის მინდვრის ყვავილების არომატული თაფლით მზადდება. მისი თეთრი შეფერილობაც ამითაა გამოწვეული. ჯანსაღი კომპონენტების წყალობით კი, ტკბილ და სასურველ ნუგბართან ერთად, საოცრად სასარგებლოა, რომელიც ჯანსაღი ინგრედიენტების დახმარებით აღადგენს ენერგიას, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას ფინჯან ყავასა თუ ჩაისთან ერთად.

"ჩვენი მომხმარებელი მუდმივად გვათამამებს პროდუქტის მხარდაჭერით, სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდის გაზიარებით, თუმცა მნიშვნელოვანია, ქართულ პროდუქტს მეტი დაფასება ჰქონდეს. ქართული პროდუქტის, და ზოგადად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შეძენა არ არის მხოლოდ მოწოდება მოწოდებისთვის. მეწარმეებს მართლაც სჭირდებათ ხალხის თანადგომა, რომ გაიზარდოს ქართული წარმოება, რომელიც დროდადრო გარკვეულწილად ჩაანაცვლებს იმპორტს. სხვა შემთხვევაში, ბაზარს დაიკავებს ისევ დანამატებით გაჯერებული პროდუქტები და ამის შედეგებიც სახეზეა. ჩვენ ხომ ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო გვინდა! ეს პროდუქტიც ამ მიდგომითაა გაკეთებული. უკვე 10 წელია ვთანამშრომლობთ "ბადაგის" და "გუდვილის" ქსელთან. 2019 წელს კომპანიამ შექმნა შეფუთვის ახალი დიზაინი, ეროვნული ელემენტებით, რომელიც ემსახურება ტურისტული ზონების პოპულარიზაციას. ამ მიმართულებამ დიდი წარმატება მოიპოვა და ბიზნესის თვალსაზრისითაც საკმაოდ გამართლებული აღმოჩნდა. სამომავლოდ კი, ვფიქრობთ შევქმნათ ტექნოლოგია, რომელიც გააადვილებს საწარმოო პროცესებს, რითაც შევძლებთ არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. ჩვენი წარმატება დიდადაა დამოკიდებული მომხმარებლის სიყვარულსა და აქტიურობაზე", − ამბობს ანა ბარამიძე და საკუთარ გუნდთან ერთად აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რომ "გოზინაყი" ყველა სეზონისა და ტკბილი სუფრის განუყრელ ნუგბარად იქცეს.