გზა ჰობიდან დიდი ბიზნესისკენ გაიცანით MTEVINO!
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კახეთისკენ მიმავალ გზაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში 10 ჰექტარ მიწაზე ნიკა ზაუტაშვილის ვენახებია გადაჭიმული. შუა ვენახებში ჩაფლული ქარხნის, საწარმოსა და მარნის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. იანვრის ბოლოს კი 700 ათასამდე ბოთლი ღვინო ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის დაპყრობას დაიწყებს. Mtevino-ს დამფუძნებელი ტიპური ანტრეპრენერია. ერთ დროს ჰობის დონეზე არსებული მევენახეობა ახლა მის უნიკალურ ბიზნესმოდელს წარმოადგენს მასშტაბური გეგმებითა და მიზნებით.
უბრალო გატაცება
საერთაშორისო კომპანიებში მუშაობისა და საკუთარი ბიზნესის მართვის წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ნიკა ზაუტაშვილმა საკუთარ პროექტში მოუყარა თავი.
მისი ვენახები საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმში 10 ჰექტარზეა გადაჭიმული. ყველაფერი კი უბრალო ჰობით დაიწყო. ერთ დღეს სოფელ ხაშმში მცირე ზომის მიწის შეძენა გადაწყვიტა. იდეა მეუღლეს გაუზიარა, მიწაც იყიდა.
"ჩვენი ოჯახის თითოეული წევრი ყოველ ნაბიჯს შეთანხმებულად დგამს. როცა გადავწყვიტე, ვენახი გამეშენებინა, რა თქმა უნდა, მეუღლეს მოვუყევი. მან კი კარგა ხანს მისმინა და მითხრა, ისეთი ენთუზიაზმით საუბრობ, აქ აუცილებლად ქარხანას ააშენებო", − ახლა სიცილით იხსენებს ნიკა. მეუღლის წინასწარმეტყველება ახდა და ქარხნის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება.
სან-ფრანცისკოს მოდელი
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში განსაკუთრებულად გავრცელებული და პატივსაცემი საქმიანობაა. ღვინის სამშობლოში ათეულობით სახეობის ღვინო იწარმოება. ასობით ათასი ბოთლი ვაზის ნაჟური კი ქართულის გარდა არაერთ საერთაშორისო ბაზარზე გადის. მათ შორისაა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, ჩინეთი, იაპონია თუ აშშ.
ნიკა ზაუტაშვილმა მეღვინეობა-მევენახეობაში გადანაცვლება სერიოზულად გადაწყვიტა. ვენახების შეძენიდან 2 წელიწადში ქარხნის აშენება მოინდომა. "მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი ერთად დავიწყეთ. გავიარეთ ყველა ბიუროკრატიული საფეხური, მოვაგროვეთ ყველა საბუთი. მშენებლობის პროცესს ჩემი მეგობრების წარმატებული სამშენებლო კომპანია X2 უძღვება. პროექტის განხორციელებისას თავი ყველაზე დაცულად მაშინ ვიგრძენი, როდესაც ჩემი ძმის გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე. ის პოლიტიკიდან (ნიკას ძმა, ლევან ზაუტაშვილი მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორია) ბიზნესში დაბრუნდა, რაც ჩემთვის სიმშვიდის ნამდვილი გარანტია. მას ბიზნესის მართვის უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, მეღვინეობის საქმეც წარმატებულად გამოუვა".
ნიკა ზაუტაშვილის ბიზნესის როლური მოდელი სან-ფრანცისკოში არსებული შატოებია. შუა ვენახებში ჩაფლული მულტიფუნქციური შენობა- ნაგებობები, რომლებიც წარმოებასთან ერთად სასტუმროს, სადეგუსტაციო სივრცესა და მარანს აერთიანებს.
ღვინის წარმოების გარდა, შატო ტურისტებისთვის მიმზიდველ დანიშნულების ადგილადაა ქცეული, სადაც შეგიძლიათ ღვინოც დააგემოვნოთ, ადგილობრივი სამზარეულოც და ღამეც კომფორტულად გაათიოთ.
ღვინის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. სასტუმროს 12 ნომერი ექნება და ნებისმიერ ტურისტს როგორც ადგილზე ჩამოსხმული ღვინით გაუმასპინძლდება, ისე სასტუმროს სრულ სერვისს შესთავაზებს.
ხაშმის საფერავი
სოფელი ხაშმი ყველასთვის ცნობილი სახეობის − ხაშმის საფერავის სამშობლოა. ვიდრე შატოს მშენებლობა დაიწყებოდა, ნიკას დიდი მცდელობის დამსახურებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის სახეობებს ხაშმის საფერავი შემატა, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.
MTEVINO − სოფელ ხაშმის ახალი სიცოცხლის დასაწყისი
ნიკა ზაუტაშვილი, საერთო ჯამში, 8 სახეობის ღვინის ჩამოსხმას იანვრის ბოლოს დაიწყებს. აწარმოებს როგორც ხაშმის საფერავს, ისე ქინძმარაულს, რქაწითელს...
Mtevino-ს უახლოეს გეგმებში, ღვინის გარდა 2 პროდუქტის შექმნა შედის. ამ პროექტზე ნიკა ზაუტაშვილი მეუღლესთან ერთად უკვე მუშაობს.
"დღეის მდგომარეობით, 10 ჰექტარს ვფლობთ. წელს 5 ჰექტარზე გაშენებული ვენახი პირველ მოსავალს მოგვცემს. ამ ეტაპზე 18 ათასამდე ძირი გვაქვს, რომლისგანაც მოსავალს ამ შემოდგომაზე ველოდებით, თუმცა ორიენტირებულები არ ვართ მხოლოდ საკუთარ ყურძენზე, შესყიდვასაც ვაპირებთ. კონტაქტი გვაქვს ადგილობრივ გლეხებთან, მათ შორის, მეზობელ ვენახებთან. მათ ყურძენსაც გამოვიყენებთ და წარმოებას დავიწყებთ", − უახლოეს გეგმებს გვაცნობს ნიკა ზაუტაშვილი, რომლის მიერ წამოწყებულმა მშენებლობამ ადგილობრივი მევენახეები გამოაცოცხლა. რამდენიმე მეზობელმა თითქმის მიტოვებულ ვენახებზე ზრუნვა გააგრძელა.
მთავარი მიზანი − ამერიკული ბაზარი
წელს ჯამში 700 ათასამდე ბოთლი ღვინის ჩამოსხმა იგეგმება, რომლის 80% საერთაშორისო, 20% კი ლოკალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. "თავიდანვე დიდი ბაზრების დაპყრობისკენ მივილტვით − იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი თუ ევროპა, და რა თქმა უნდა, ამერიკა. ამერიკა ჩვენი უდიდესი ამოცანაა, რომელსაც აუცილებლად ამოვხსნით. საკმარისი რაოდენობით კონტაქტები გვყავს შეერთებული შტატებიდან, საქართველოშიც არაერთხელ იყვნენ ჩამოსულები, ქარხნის მშენებლობასა და აღჭურვის პროცესს დაესწრნენ".
ქარხანა ამ დროისთვის სრულადაა აღჭურვილი. თითოეული დანადგარი იტალიიდანაა ჩამოტანილი.
რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, როგორც ნიკა ზაუტაშვილი ამბობს, იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებში Mtevino-მ ექსპორტი წარმატებულად განახორციელოს, საკმაოდ დიდი სამუშაოა გასაწევი. ამერიკული ბაზარი ეთნო და ამერიკულ ტიპებად იყოფა.
ეთნობაზარში ის ქართული რესტორნები თუ მცირე ბიზნესები მოიაზრება, რომლებიც ამერიკაში ოპერირებენ. ტიპური ამერიკული, მასშტაბური ბაზრის მოცვა კი საკმაოდ რთული, თუმცა მიღწევადი მიზანია. "ამერიკული ღვინის მარკეტინგი სრულიად განსხვავდება − შეფუთვიდან დაწყებული, რეალიზაციის წერტილებით დასრულებული.
"მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ამერიკაში უკვე წლებია მიმდინარეობს, მიმაჩნია, რომ ბაზრის პოტენციალი ათვისებული არ არის. 330-მილიონიან შეერთებულ შტატებში 300 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი არცთუ მაღალი შედეგია და მიზნად გვაქვს დასახული, ეს შედეგი გავაუმჯობესოთ".
ამ ეტაპზე ეტიკეტის დიზაინზე მუშაობა დასრულებულია. ვიზუალურ მხარეზე ნიკას მეგობარმა, აჩიკო გოგელიამ იმუშავა. რაც შეეხება კომპანიას, გუნდს ნიკა ზაუტაშვილის მეუღლე და კომპანიის თანადამფუძნებელი, ლელა კობიაშვილი ხელმძღვანელობს. ის Mtevino-ს გენერალური დირექტორია.
"წარმატების მისაღწევად, ჩვენი სტაფი საუკეთესო კადრებითაა დაკომპლექტებული. გვყავს ბრენდამბასადორი, ლოგისტიკის მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი, მეღვინე, კომერციული დირექტორი. სწორედ ამ გუნდთან ერთად ვფიქრობ წარმატების მიღწევას.
"წარმატებაში მთავარია სწორი მენეჯმენტი. ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ. დღეის მდგომარეობით, საქართველო ბიზნესის საწარმოებლად იდეალური პლატფორმაა. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ პროდუქტს ვქმნი, რომელიც გაყიდვადი და მოთხოვნადი იქნება საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც".