"გზა მომავლისკენ" - არაფორმალური განათლების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"Რეგიონში არ იყო დაწესებულება, რომელიც ახალგაზრდებს განვითარებაში, ცნობიერების ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობაში დაეხმარებოდა. ვხედავდი, რომ უფრო მეტად სკოლის საგნებზე იყვნენ გადართულნი და არ იცოდნენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობა.
15 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ მე უნდა შემექმნა ისეთი რამ, რაც ამ ბავშვებს დაეხმარებოდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, 20 წლის ასაკში, ამდენ რამეს შევძლებდი", - სოფო ხარებავა, "გზა მომავლისკენ" დამფუძნებელი.
როგორც სოფო გვიყვება, მალევე შექმნა გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც სხვადასხვა სახის სასარგებლო ინფორმაციას ათავსებდა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად საჯარო ლექციებს, ლიტერატურულ კონკურსებს ატარებდა.
"ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიწყო მცირედით, რადგან იმ მომენტში მხოლოდ ეს რესურსი მქონდა და წამით არ მიფიქრია თავის დანებებაზე. 2021 წელს უკვე გადავწყვიტე, გადამედგა დიდი ნაბიჯი და გუნდი ჩამომეყალიბებინა. მართლაც, გამომივიდა და ვიპოვე ბრწყინვალე ადამიანები, რომლებიც თავადაც განვითარდნენ და ცენტრის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთად ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამ და ცენტრი გავზარდეთ".
ამ ხნის განმავლობაში "გზა მომავლისკენ" უფრო მეტად განვითარდა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, და არამარტო, პროფესიული პროგრამების სახლიდან გაუსვლელად გავლის საშუალება მისცა.
"ამასობაში მეც ერთ-ერთი წარმატებული ტრენერი გავხდი, ასევე შევისწავლე ქოუჩინგი და ასობით ტრენინგისა თუ საავტორო კურსების ჩატარება დავიწყე. 2022 წელს ცენტრი ოფიციალურად დავარეგისტრირეთ და სერტიფიკატების გაცემა დავიწყეთ".
სოფო მიიჩნევსს, რომ ეს ყველაფერი დიდ სიმამაცესა და გაბედულობას მოითხოვდა. განსაკუთრებით, მცირე ასაკში, რადგან იყო ძალიან ბევრი დაბრკოლება და რაღაც მომენტში მოტივაციაც დაუკარგავს, თუმცა ყოველ ჯერზე გზას უფრო დიდი მონდომებით აგრძელებდა.
"ნებისმიერ იდეას მიაქციეთ ყურადღება, რადგან ისეთი იდეაც კი, რომელიც არარეალური გეჩვენებათ, შეიძლება ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს. ყოველთვის, როცა რაღაცის დაწყება გინდათ, ადექით და, უბრალოდ, დაიწყეთ. ნუ იფიქრებთ რესურსების ნაკლებობაზე, რადგან ლოდინში შეიძლება ძალიან ბევრი დრო დაკარგოთ. იქნება დაბრკოლებები, პრობლემები, მაგრამ ამის გამო უკან არ უნდა დაიხიოთ, პირიქით, მედგრად უნდა იყოთ და უფრო მეტი გააკეთოთ. დაუშვით შეცდომები, ნუ გეშინიათ! შეცდომები სწორედ იმისთვისაა, რომ ისწავლოთ! არ მოუსმინოთ სხვა ადამიანებს და გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ, მაშინ იმასაც კი შეძლებთ, რაც ვერასდროს წარმოგედგინათ".
ამბობს, რომ ინსპირაციას Საკუთარი თავი, Საკუთარი ცენტრი, გუნდი და მასთან მომუშავე ახალგაზრდები აძლევენ. უახლოეს მიზნად მათთვის სივრცის შექმნას მიიჩნევს, სადაც შეეძლებათ სწავლა და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც გამოგვივა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".