"ია და ბავშვები" – არაფორმალური განათლების თანამედროვე სივრცე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
არაფორმალური განათლების ცენტრი "ია და ბავშვები" არის სივრცე, რომელიც პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შეიქმნა.
"ჩვენი მთავარი მიზანია, გავუმკლავდეთ იმ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში მშობლებისა და ბავშვების წინაშე დგას.
ადგილი, სადაც სწავლის გზა იწყება ზრუნვითა და ნდობით. იქ, სადაც მასწავლებელი არა მხოლოდ ასწავლის, არამედ უსმენს, მხარდამჭერ გარემოს ქმნის და დიდი მიზნებისკენ პატარ-პატარა ნაბიჯებით მიაცილებს", – ია აფციაური, "ია და ბავშვების" დამფუძნებელი.
"ია და ბავშვები" გთავაზობთ პროგრამებს, სადაც ყოველი მოსწავლისათვის იქმნება ინდივიდუალური განვითარების გზა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც აკადემიური, ისე ემოციური და სოციალური უნარების დაბალანსებულ ზრდას.
ია ასევე აღნიშნავს, რომ ცენტრის მიზანია მშობლების გაძლიერება, რისთვისაც შეიქმნა "მშობლების კლუბი". მშობლობა სავსეა გამოწვევებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს სივრცე, სადაც მათ შეეძლებათ გამოცდილების გაზიარება, რჩევების მიღება და მხარდაჭერა განსჯის გარეშე.
"იდეა წარმოიშვა არა ბაზრის კვლევით ან ბიზნესგეგმით, არამედ პირადი დამოკიდებულებითა და ბავშვების უპირობო სიყვარულით. ჩემი მიმდინარე საქმიანობაც ცენტრის გახსნამდე დაკავშირებული იყო ბავშვებთან, ვარ სპეციალური მასწავლებელი და სულ ვამბობ, რომ "ჩემი სამოთხეა" მათ გვერდით ყოფნა.
როცა ხედავ, ისინიც დანახვისთანავე მორბიან შენკენ, გეხუტებიან, გზის მეორე მხარეს დაგინახავენ და გეძახიან, რომ ხმა მოგაწვდინონ, დიდ და უპირობო სიყვარულს გჩუქნიან, გონება და გული ემოციებს ვეღარ იტევს".
ია იხსენებს, რომ ამ ურთიერთობების მომსწრე ადამიანები, მათ შორის მშობლები და მეგობრები, მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ მისი ადგილი ბავშვების გვერდით იყო და ურჩევდნენ, ბავშვებისთვის საგანმანათლებლო სივრცე შეექმნა. საბოლოოდ ეს რწმენა და საჭიროება დაედო საფუძვლად "ია და ბავშვების" შექმნას.
"ბაზარზე შემოვიტანეთ მრავალფეროვანი პროგრამების ინტეგრაცია, მაგალითად, შემეცნებითი კლუბები, არტთერაპია და მენტალური არითმეტიკა ერთ სივრცეში, რათა ბავშვი განვითარებულიყო დაბალანსებულად, როგორც გონებრივად, ისე ემოციურად და ფიზიკურად.
პროფესიული განვითარება და ცოდნა არის არა დროისა და ფინანსების დანახარჯი, არამედ უმთავრესი ინვესტიცია საკუთარ თავსა და საქმიანობაში, რომელიც ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესია. მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი და პროცესების ოპტიმიზაცია. მცირე, მაგრამ პროფესიონალი გუნდის შექმნა, რომელიც შენს ხედვას იზიარებს".
ია ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია, უბრალოდ, სასწავლო ცენტრის ფარგლებს გასცდეს და შექმნას ინტეგრირებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის.
"ინსპირაციის მთავარი და ურღვევი წყაროა იმის რწმენა, რომ თითოეული ბავშვი იმსახურებს საუკეთესოს და მიზანიც სწორედ ეს არის, ვემსახურებოდეთ მათ საუკეთესო ინტერესებს.
გვსურს პროგრამების დიფერენცირება და გაფართოება, კურსების ინტეგრაცია, კონკრეტული მოდულების შემუშავება, რაც მშობლებისთვის არჩევანს გაამარტივებს. ვგეგმავთ კურსების დამატებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსური წიგნიერება მოზარდებისთვის, STEM და რობოტიკა, ციფრული უნარ-ჩვევების საწყისები (Kids Club-ისთვის), რათა დროის გამოწვევებს მოვერგოთ.
ასევე გვსურს, "მშობლის კლუბი" გადაიქცეს რეგულარულ სასწავლო პლატფორმად, სადაც მოვიწვევთ ექსპერტებს (პედიატრები, ბავშვთა ფსიქოლოგები და ა.შ.) და მშობლებს შევთავაზებთ თემატურ ვორქშოფებს, რითაც მათ ცოდნას გავაძლიერებთ და სხვადასხვა თემის ირგვლივ მხარდაჭერას გამოვხატავთ.
ვისურვებდი, "ია და ბავშვები" იყოს ადგილი, სადაც მასწავლებელს, მოსწავლესა თუ მშობელს სასიამოვნო, მხარდამჭერ და პროდუქტიულ გარემოს შევუქმნით".