Get All Access for $5/mo

IG - სადაზღვევო საბროკერო სერვისი, ანუ მომხმარებელზე ზრუნვა, როგორც ცხოვრების წესი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში სადაზღვევო სერვისებსა და პროდუქტებზე ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება, რაც, შესაძლოა, ამ ბაზარზე არსებულმა კონკურენტულმა გარემომ, აგრესიულმა მარკეტინგმა, თანამედროვე ადამიანის გაზრდილმა ყოველდღიურმა რისკ-ფაქტორებმა და მრავალმა სხვა ნიუანსმა განაპირობა. თუმცა სადაზღვევო საბროკერო მიმართულება, შეიძლება ითქვას, ახალი, ნაკლებად პოპულარული სფეროა ქართულ რეალობაში, რომელსაც, ერთი მხრივ, ნაკლებად ენდობიან, ხოლო მეორე მხრივ, თავად სადაზღვევო კომპანიების გაყიდვების აგენტები უწევენ კონკურენციას, რაც საბროკერო მომსახურების მიმართ დამატებით შეკითხვებს აჩენს საზოგადოებაში.

მარტივად რომ ავხსნათ, სადაზღვევო ბროკერები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეხმარებიან მათთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტებისა და სერვისების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით მიღებაში; საუკეთესო პირობებისა და ხელშეკრულების შედგენაში; ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებელი დროის დაზოგვაში; პასუხისმგებლობის გადანაწილებაში და ხშირ შემთხვევაში, თანხის დაზოგვაშიც კი.

სადაზღვევო საბროკერო სფეროს მიმართ მეტი სიცხადის შემოსატანად და ამ მიმართულების აშკარა, ხელშესახებ სარგებელზე სასაუბროდ, Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ კომპანია IG და მისი დამფუძნებელი გიორგი კანკია − საბროკერო და სადაზღვევო ინდუსტრიაში უზარმაზარი გამოცდილების მქონე სპეციალისტი და ანტრეპრენერი.

სადაზღვევო საბროკერო IG წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო საბროკერო და საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში, რომელმაც არსებობის ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. 2018 წელს გიორგი კანკიასა და მისი პარტნიორის მიერ დაარსებულ კომპანიას ამ დროისთვის მოზიდული აქვს სამ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის პრემია, აერთიანებს ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე 10 000-ზე მეტ ადამიანს და ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების ინტერესს სადაზღვევო მიმართულებით იცავს.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხშირად კომპანიებს თავიანთი დამფუძნებლების ხასიათის შტრიხები და ქარიზმა დაჰყვებათ ხოლმე და IG-იც არ გახლავთ გამონაკლისი. დამფუძნებლის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წარსული, ახალი, სრულიად განსხვავებული ბიზნესის შენების მოტივაციად ითარგმნა და შედეგად, გიორგი კანკიას გულწრფელი, მეგობრული და ენთუზიაზმით სავსე დამოკიდებულება ადამიანებთან ურთიერთობაში, მისი კომპანიის ბრენდის შემადგენელ ნაწილად იქცა.

გიორგი ასაკით პატარა იყო, როდესაც მის ოჯახს სოხუმის იძულებით დატოვება და დევნილობა მოუწია. კანკიების ოჯახი აფხაზეთში ბიზნესს და საკმაოდ დიდ ქონებას ფლობდა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი დაიკარგა და თბილისში, სრულიად უცხო გარემოში მათ ცხოვრება ნულიდან დაიწყეს.

"ტყვეობაში მყოფი ნათესავები, დაბომბვა, სროლა, მსხვერპლი და ნგრევა გვარგუნა რუსეთმა. თბილისში ჩამოსვლისას გაჭირვება და უშუქობა დაგვხვდა. რამდენიმე წელიწადში, მამაც გარდამეცვალა, თუმცა ამ ყველაფერმა ცხოვრების მიმართ ჟინი და ინტერესი მხოლოდ გამიზარდა. მივხვდი, რომ რამე უნდა მეკეთებინა, რათა იმაზე უკეთ ვყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნების დასახვას და მათ აღსრულებას მივყევი", − გვიამბობს გიორგი, − "როდესაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების დრო მოვიდა, გამოცდები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რეჟისურაზე ჩავაბარე, თუმცა ამ სპეციალობით წამითაც კი არ მიმუშავია. უფრო ჰუმანიტარი ვარ, ვიდრე ტექნიკოსი, ამიტომ იქ მოხვედრა არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორობაზე არასოდეს ვოცნებობდი. სწავლის პარალელურად, დისტრიბუციაში ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო და სწორედ ამ დროს შედგა ჩემი პირველი შეხება სადაზღვევო სფეროსთან".

გიორგიმ ერთ-ერთ მსხვილ სადაზღვევო კომპანიაში გაყიდვების აგენტად დაიწყო მუშაობა. ანაზღაურება საკმაოდ მცირე იყო, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარულისა და სფეროს მიმართ სიმპათიის წყალობით, გიორგიმ მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვება მოახერხა.

"მუშაობის პარალელურად, კომპანია სადაზღვევო პროდუქტებისა და ზოგადად, ამ სფეროს შესახებ ტრენინგებსაც გვიტარებდა. სწორედ ერთ-ერთი ტრენინგის დროს შევიტყვე სადაზღვევო ბროკერების არსებობის შესახებ და ხმამაღლა ვთქვი, რომ ჩემს დამოუკიდებელ საბროკეროს გავხსნიდი. რა თქმა უნდა, მაშინ ჩემი ნათქვამი სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა დაახლოებით 10 წლის შემდეგ, ამ სურვილის ასრულება მაინც შევძელი", − აღნიშნავს გიორგი, − "გაყიდვების აგენტად მუშაობის შემდეგ, დევი ხეჩინაშვილთან სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში გადავედი, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა და სულ სხვა კუთხით დამანახა რეალობა. იქ ძირითადად დაზღვევის განვითარებისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით, სხვადასხვა სახის კვლევაზე ვმუშაობდი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ასოციაციაში მუშაობისას გავიცანი ჩემი აწ უკვე მეგობარი, რომელიც ბროკერად მუშაობდა, უკეთ გამაცნო ეს საქმე და მეც გადავწყვიტე საკუთარი ძალები მომესინჯა. საუბარია USAID-ის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც ჩემი მისვლიდან მალევე დაიხურა, თუმცა უდიდესი გამოცდილება შემძინა საბროკერო კუთხით, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს სამომავლო კარიერულ გზაზე".

დამატებითი შემოსავლის გარეშე დარჩენილმა გიორგიმ, ფორმალური განათლების მიღება გადაწყვიტა ბიზნესის მიმართულებით და გამოცდები თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა. მისი თქმით, უნივერსიტეტმა დიდი როლი ითამაშა მის პროფესიულ განვითარებაში, მომხმარებლებთან ურთიერთობაში, საქმის მიმართ დამოკიდებულებაში და ა.შ.

"საბროკერო საქმეში მნიშვნელოვანია, რომ კლიენტს სწორად დაანახო სარგებელი, აუხსნა, რომ მისი პრობლემა შენი პრობლემაა, როდესაც მას აწუხებს რაიმე, მის გვერდით გაჩნდები და ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარები. ჩვენს სფეროში, 6 საათზე მუშაობის დასრულება და ტელეფონის გათიშვა არასწორი მგონია. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყო 24 საათი, კვირაში 7 დღე და რაც ყველაზე მთავარია, როგორი სერვისიც თავად გსურს მიიღო, ისევე უნდა ემსახურო სხვასაც. ეს არაა დაზეპირებული სწავლება "სერვის პლუსის" შესახებ, ეს ცხოვრების წესი და აზროვნების მოწყობის ფორმაა", − აცხადებს გიორგი კანკია.

თეორიული ცოდნით გამდიდრებულმა, გამოცდილებით დახუნძლულმა და უამრავი კონტაქტით "შეიარაღებულმა" გიორგიმ 2018 წელს პარტნიორთან ერთად საკუთარი სადაზღვევო საბროკერო კომპანია IG-ის დაარსება გადაწყვიტა, რომელსაც ექნებოდა ხასიათი, შეასრულებდა დანაპირებს, გულით მიუდგებოდა მომხმარებლის პრობლემას და საქართველოში დამკვიდრებულ სტანდარტს ახალ დონეზე აიყვანდა.

"მთავარი მოტივატორი, რომელმაც ამ კონკურენტულ ბაზარზე ჩემი კომპანიის დაფუძნება გადამაწყვეტინა, არის ადამიანებთან ურთიერთობისა და თავად დაზღვევის არსის სიყვარული. სადაზღვევო სისტემის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები თავიანთ რისკზე პასუხისმგებლობას გადასცემენ კომპანიას, რომელიც ურთიერთსოლიდარულობის პრინციპით მართავს ამ რისკ-ფაქტორებს. სწორედ ეს იდეა მაძლევს ენერგიას, ჩემი საქმე კარგად ვაკეთო, მეტი ვისწავლო, მეტი ტრენინგი გავიარო და ადამიანებსაც გავუზიარო ცოდნა და გამოცდილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სრულიად არასაჭირო სადაზღვევო პროდუქტებს გვთავაზობენ და ზოგიერთი ადამიანი ყიდულობს მათ. ჩემი მიზანია, მომხმარებლებს ზუსტად მათ საჭიროებაზე მორგებული სერვისები შევთავაზო, გამართული ხელშეკრულებები დავადებინო და მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო შევქმნა, რაც დღეის მდგომარეობით, საკმაოდ წარმატებითაც გამოგვდის", − გვიამბობს გიორგი.

2020 წელს რიგი მიზეზების გამო, IG-ის მეორე თანადამფუძნებელი გავიდა საქმიდან და ამ რთულ, პანდემიურ ვითარებაში გიორგის მარტო მოუწია კომპანიის სადავეებთან დარჩენა. გამოწვევების მიუხედავად, მან თავის მცირე გუნდთან ერთად მოახერხა მზარდი დინამიკის შენარჩუნება და ახლო მომავალში უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც კი გეგმავს.

IG Insurance Brokers დღესდღეობით არაერთი დიდი ბრენდის პროფესიული წარმომადგენელია სადაზღვევო ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს სადაზღვევო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებაში, მათ ანალიზსა და მართვაში ეხმარება, რის საფუძველზეც იქმნება და შეირჩევა შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც უშუალოდ კლიენტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების რელევანტურია. IG თვალყურს ადევნებს სადაზღვევო კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად, და ეხმარება კლიენტებს სრული სადაზღვევო ანაზღაურების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებაში.

IG-ის მომსახურება შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: რისკ-ფაქტორების შეფასება, ქონების დაზღვევა, კიბერრისკის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა, დირექტორთა პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა.

"ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით და მიმდინარეობს სამუშაოების დაგეგმვა ამ კუთხით. ახლო მომავალში გვსურს ისე გარდავქმნათ პროცესები, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ მომხმარებლებს, მეტად ვიყოთ მათ საჭიროებებზე მორგებული და ორიენტირებული, რის საშუალებასაც იძლევა გაციფრულება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება გავამარტივოთ პროცესები, შევამციროთ ბიუროკრატია და მომხმარებლის სარგებელი გავზარდოთ. გვინდა დავამსხვრიოთ სტიგმები, რომლებიც დამკვიდრდა სადაზღვევო ბაზარზე და ვაგრძნობინოთ მომხმარებლებს, რომ სადაზღვევო ინდუსტრია მათზე ზრუნავს და არაა კონცენტრირებული მაქსიმალური მოგების მიღებაზე. დღეს IG ძირითადად B2B მოდელით მუშაობს და სადაზღვევო პროდუქტებს ბიზნესებს სთავაზობს, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია საცალო გაყიდვების მიმართულებასაც შევეხოთ და ამ კუთხით გავფართოვდეთ", − აცხადებს გიორგი კანკია.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდა ახალგაზრდა, თუმცა დიდი გამოცდილების მქონე ანტრეპრენერი ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს თავიანთი დამოუკიდებელი საქმის წამოსაწყებად:

"არ გაჩერდეთ არასოდეს, რაც უნდა მოხდეს. როდესაც მიზანს მკაფიოდ დაისახავთ და მიხვდებით, რომ ეს ის საქმეა, რომელსაც გულით ემსახურებით, არანაირი გადაულახავი წინაღობა აღარ იარსებებს თქვენს გზაზე. ბიზნესის წარმოებას ბევრი სტრესი, უძილო ღამეები და გამოწვევები ახლავს, თუმცა საკმარისია წინსვლა შეწყვიტოთ, თქვენი საქმე აუცილებლად უკან დაიხევს. ადამიანების მოტივაცია საკმაოდ ინდივიდუალურია, ზოგს რა სძენს მოტივაციას, ზოგს − რა, თუმცა მთელი სამყაროც რომ გებრძოდეთ, თუკი საკმარის ენერგიასა და ძალისხმევას გაიღებთ საქმისთვის, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია