Get All Access for $5/mo

იუდი ჰარიონო ხელოვანი თუ ანტრეპრენერი? ტორტი, რომელიც რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი ღირს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Asian Cake Boss − სწორედ ასე უწოდეს იტალიელებმა იუდი ჰარიონოს − ცნობილ მალაიზიელ კონდიტერს, რომლის მომსახურების პატივი მხოლოდ მონარქებს, ქვეყნების პირველ პირებს და ძალიან მდიდარ ადამიანებს აქვთ. მიზეზი მარტივია − იუდის თითოეული შემოქმედება რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი ღირს. თავად მიაჩნია, რომ ხელოვნებას ქმნის, რაშიც რთულია, არ დაეთანხმო. იუდის, რომელიც ძალიანაა საქართველოზე შეყვარებული და მას მეორე სამშობლოდ მოიხსენიებს, ერთ-ერთ ქართულ რესტორანში შევხვდით, მეიდანზე. კომპანია TIKA TOURS-ის დახმარებით ის უკვე მეოთხედ იმყოფებოდა თბილისში. ცნობილმა კონდიტერმა სიამოვნებით გაიხსენა, თუ როდის და როგორ დაინტერესდა პირველად ცხობით, თავის ახალ ბიზნესწამოწყებაზეც გვესაუბრა და ისიც გაგვიმხილა, თუ რომელი ქართული კერძი იწვევს მასში ყველაზე დიდ აღფრთოვანებას.

იუდი, დავიწყოთ სულ თავიდან. როდის გაგიჩნდათ კულინარიის მიმართ ინტერესი? თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?

არა, ბავშვობის ოცნებას ვერ დავარქმევ. დედას უყვარდა ძალიან სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების მზადება. მე და ჩემი 5 და-ძმა საზღვარგარეთ, გერმანიაში ვცხოვრობდით და მახსოვს, როცა დედა ჩამოდიოდა, სახლი კერძებით ივსებოდა.

გერმანიაში ცხოვრების პერიოდში განაწილებული გვქონდა საოჯახო საქმეები. ერთი ჩვენგანი სახლს ალაგებდა, მეორე ჭურჭელს რეცხავდა, მე შემხვდა სამზარეულო. აი, სწორედ ასე შემიყვარდა კერძების მომზადება. შემდეგ, როცა ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად, 15 წლის წინ, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა კონკრეტულად ტორტების ცხობა და მათი მრავალფეროვნად, შემოქმედებითად გაფორმება. ერთხელ ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ აცხობდა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კონდიტერი ტორტს, თვალს ვადევნებდი როგორ იდეალურად მორთო და ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუში შექმნა მისგან. ასე შემიყვარდა ეს საქმე და იმ დღიდან მოყოლებული, საკუთარ თავზე ვმუშაობდი. მხოლოდ ერთი კვირით გავიარე პროფესიული ტრენინგი, ძირითადად თავად ვისწავლე ეს საქმე. ამის შემდეგ დავბრუნდი ინდონეზიაში და დავიწყე ერთ-ერთ კულინარულ ჟურნალში მუშაობა, კონდიტერობა და ასევე ამ საქმის სხვებისთვის სწავლებაც. ვასწავლიდი ტოკიოში, სინგაპურში, მალაიზიაში, ბანგკოკში და ა.შ.

ახლაც გყავთ მოსწავლეები?

ახლა აღარ, რადგან საოცრად დაკავებული ვარ. ისე მოხდა, რომ ამასობაში გადავიქეცი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კონდიტერად. ჩემი ერთ-ერთი ბოლო შემოქმედება რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი ღირდა. ზოგი ამბობს, რომ ეს მეტისმეტად ძვირია, მაგრამ მე არ მიმაჩნია ასე, რადგან ჩემთვის თითოეული საკუთარი ნაშრომი ხელოვნებაა. ტორტებს მხოლოდ წელიწადში ორჯერ ვაცხობ და ეს ყველამ იცის. ჩემს სამუშაო რეჟიმს არასოდეს ვარღვევ.

იუდი, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ძირითადად, მონარქები, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს საქმეში?

ის, რომ ვხვდები უამრავ საინტერესო ადამიანს, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, ცნობილ სახეებს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.

იუდი, როგორც ვიცით, თქვენ რესტორატორიც ბრძანდებით.

დიახ, რამდენიმე რესტორანს ვფლობ ევროპაში, მალე გავხსნი კოლუმბიასა და ეკვადორში, შემდეგ კი მინდა ჩინეთში დავაფუძნო რესტორნების ქსელი. ჩემი რესტორატორული ნიშაა ინდონეზიური ტრადიციული კერძების ისეთი რესტორანი, რომელიც ყველანაირი სოციალური ფენის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

ტორტების გარდა, რომელი კერძის მომზადება გიყვართ ყველაზე მეტად?

ძალიან მიყვარს ინდონეზიური და იაპონური კერძების მომზადება.

და ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება გსიამოვნებთ?

მიყვარს იტალიური სამზარეულო. ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი კიდეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში და იტალიურად ვსაუბრობ, ისევე, როგორც გერმანულად. ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო. სხვათა შორის, ის მეტისმეტად წააგავს ინდონეზიურ სამზარეულოს თავისი მდიდარი გემოთი და აბსოლუტურად განსხვავდება ამერიკულისგან! თქვენი სანელებლებით, ახალი ბოსტნეულით, მწვანილით შეზავებული მრავაფეროვანი კერძები ძალიან მომწონს.

გამოარჩევთ რომელიმეს?

ძალიან მომწონს ხაჭაპური. ხინკალში ხორცის ნაწილი ძალიან გემრიელია, მაგრამ აი, გარედან ცომი, ჩემი აზრით, მეტისმეტად სქელია.

იუდი, ახალ ბიზნესს იწყებთ. კინოსამყაროში აპირებთ ბედის ცდას. ამაზეც ვისაუბროთ.

სულ ახლახან კინოინდუსტრიაში განვახორციელე გარკვეული ინვესტიცია. ვპარტნიორობთ COLUMBIA PUCTURES-თან, ჰოლივუდთან და სწორედ მათთან ერთად ვიღებთ ფილმს, რომელშიც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირება განვახორციელე. ფილმის სახელი იქნება "მანსინა". მანსინა გახლავთ პატარა კუნძული ინდონეზიის განაპირა მხარეზე, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო მოიპოვება. ფილმში დენზელ ვაშინგტონი და დენის ქუეიდი ითამაშებენ მთავარ როლებს.

შესანიშნავია. ახლა კი ცოტა მეტი ვისაუბროთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე. რას ნიშნავს თქვენთვის უშუალოდ მუშაობის პროცესი? თქვენ ხომ ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშებს ქმნით.

იცით, მე არასოდეს ვაკეთებ ერთსა და იმავე ტორტს. ისინი ყოველთვის განსხვავებულია, არ მეორდება და ჩემი მიზანია, ყოველ მომდევნო ბოლო ნამუშევარზე უკეთესი გავაკეთო. პრაქტიკულად საკუთარ თავს ვეჯიბრები. იდეებს და კრეატივის წყაროს ნებისმიერ მოვლენაში ვნახულობ. როდესაც ჩემს სტუდენტებს ვასწავლიდი, ხანდახან სრულიად გიჟურ იდეას ვაწვდიდი, რომლის მიხედვითაც უნდა შეექმნათ ნამუშევარი. მაგალითად, ერთხელ მივეცი სისხლიანი ხორცის სურათი და მოვთხოვე ამ სურათის მიხედვით შეექმნათ ტორტი, მათი წარმოდგენებისა და ფანტაზიის შესაბამისად.

ბოლოს როგორი ტორტი შექმენით, გახსოვთ?

რა თქმა უნდა. მცირე დრამა მოვაწყე ჩემი მეგობრისთვის. ნიუ-იორკში შევუკვეთე განსაკუთრებული შაქრის ნატეხები, ბრილიანტები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირდა. მათი გამოყენებით ტორტი ისე დავამზადე, რომ გაჭრისთანავე შიგთავსიდან ეს ულამაზესი ბრილიანტები გადმოიპნა. საკმაოდ ლამაზი დრამა გამოვიდა.

როგორ ფიქრობთ, რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

მხოლოდ იმაში, რომ მაქსიმალურად ვუმეგობრდები ჩემს კლიენტებს. ვცდილობ, შედგეს ჩვენ შორის "ქიმია" და ზუსტად მივცე მათ ის, რასაც ჩემგან ელიან. სულ ესაა.

საქართველოზე რას იტყვით?

მიყვარს საქართველო! ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ საქართველო განსაკუთრებულად შემიყვარდა. გამორჩეული ხალხი ხართ. აქ ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემს სამშობლოში ვიყო. ძალიან განსხვავდებით ევროპელებისა და ამერიკელებისგან, ბევრი ქართველი გავიცანი და ვფიქრობ, რომ თქვენ შინაგანად ძალიან სუფთა და მეგობრული ადამიანები ხართ. ასე მგონია, აქ ჩემი მეორე სამშობლოა. კომპანია TIKA TOURS-ის დახმარებით მეოთხედ ჩამოვედი თქვენთან.

იუდი, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა. კიდევ გელოდებით საქართველოში.

გმადლობთ, აუცილებლად ჩამოვალ, რა თქმა უნდა.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან