კავკასიაში პირველი ინტეგრირებული რეზორტი თბილისში – Central Park Towers-ის როლი ტურიზმსა და ეკონომიკაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც ქალაქის ყოველდღიურ მოძრაობას უკვე ახალი ურბანული რიტმი ემატება, გაჩნდა ახალი პროექტი, რომელიც დეველოპერულ მასშტაბს ტურიზმთან, ლუქს-რიტეილსა და გართობასთან აერთიანებს. Central Park Towers კავკასიაში პირველი ინტეგრირებული რეზორტია, 500 მილიონი დოლარის ღირებულების მქონე დაახლოებით 140 000 მ2-იანი კომპლექსი, რომელიც 1200-ნომრიანი Casino-Hotel კონცეფციით აერთიანებს საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესს, პრემიუმ შოპინგს, რესტორნებს, ღონისძიებებსა და გასართობ ინფრასტრუქტურას. საუბარია ქალაქის ცენტრში შექმნილ ახალ დანიშნულების წერტილზე, "ურბანულ ოაზისზე", რომელიც თბილისში ტურისტების გამოცდილებას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

პროექტის არქიტექტურული სახე ორი ცალ-ცალკე მდგომი ცათამბჯენია. Tower A-ში განთავსდება Radisson Blu, ხოლო Tower B კიდევ ერთ გლობალურ 5-ვარსკვლავიან ბრენდს დაეთმობა. დეველოპერების განმარტებით, ეს პარტნიორობა ინვესტორებისთვის მსოფლიოში წამყვანი ოპერატორების მიერ მართული "სასტუმროს ნომერზე საკუთრების" იშვიათ შესაძლებლობას ქმნის. კომპლექსზე 15-ზე მეტი დიზაინ და საპროექტო კომპანია მუშაობდა. ის მდებარეობს ცენტრალური პარკიდან დაახლოებით 200 მეტრში – ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ უბანში, რომელიც ბოლო წლებში თბილისის ურბანიზაციის მნიშვნელოვან ვექტორად იქცა.

Central Park Towers-ის უკან დგას ორი ძლიერი კომპანია – "ორბი ჯგუფი" და "ბლოკ ჯგუფი". "ორბი" ევროპასა და საქართველოში მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო უძრავი ქონების მიმართულებით ლიდერად პოზიციონირებს: 27-წლიანი გამოცდილება, 4 მილიონ მ²-ზე მეტი აშენებული ფართი და 22 ქვეყანაში წარმოდგენილი 55 ოფისი. Block Group კი საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ჰოლდინგს წარმოადგენს – 30 წელზე მეტხნიანი ოპერირების ისტორიით, აქტიური ინვესტიციებით უძრავ ქონებასა და ჯანდაცვაში და საერთაშორისო ბრენდირებული სასტუმროების განვითარების გამოცდილებით.

ირაკლი კვერღელიძე, Orbi Group-ის გენერალური დირექტორი და თორნიკე ჯანაშვილი, Block Group-ის მმართველი პარტნიორი

Central Park Towers-ს თბილისის ათწლეულის პროექტად აქცევს არა მხოლოდ სასტუმროები, არამედ მთელი კომპლექსის კონცეფცია. ეს მოიცავს 15 ბრენდულ რესტორანსა და კაფეს, მათ შორის, Angelina, Beefbar, Chotto Matte, Robertos, Rumba და სხვ. საქართველოს პირველ ლუქს შოპინგმოლს Harvey Nichols-ის მენეჯმენტით, 4000-კაციანი მრავალფუნქციურ ივენთ ჰოლს, პრემიუმ კლასის spa & wellness ინფრასტრუქტურას, ფართო ავტოსადგომებსა და თანამედროვე საოფისე სივრცეებს. კომპლექსი ახალ სიტყვას ამბობს კაზინოს მიმართულებითაც და აანონსებს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდ სივრცეს.

Central Park Towers-ის დეველოპერების გზავნილი მკაფიოა: მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდებითა და ინფრასტრუქტურული მასშტაბით, პროექტი თბილისის იმ ქალაქების რუკაზე მონიშვნას ცდილობს, სადაც ლუქს-ლაიფსტაილი უკვე არა დამატებითი ფუფუნება, არამედ სტანდარტია ლონდონის, პარიზისა და მილანის გვერდით. Central Park Towers გახდება არა მხოლოდ ახალი სტილის სიმბოლო, არამედ ის სივრცე, რომლითაც თბილისი ახალ როლში, რეგიონული ლუქს-დანიშნულების ქალაქად მოგვევლინება.

რას ნიშნავს ინტეგრირებული კურორტის კონცეფცია თბილისისთვის?

Central Park Towers თბილისის ურბანულ ლანდშაფტში იმ იშვიათი პროექტების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მშენებლობა მხოლოდ საწყისი ეტაპია, ხოლო საბოლოო მიზანი ქალაქისთვის ახალი დანიშნულების წერტილის შექმნაა.

"მიწის განვითარებიდან, მშენებლობის ხარისხისა და ვადებიდან დაწყებული, ოპერირების სტანდარტებით დასრულებული, Central Park Towers არ არის მხოლოდ მშენებლობა; ეს არის რთული, მრავალფუნქციური სისტემა, სადაც თითოეული ელემენტი მუშაობს საერთო მიზნისთვის", – ამბობს Orbi Group-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

დეველოპერებისთვის "რატომ თბილისი და რატომ ახლა?" პასუხი პირველ რიგში ბაზრის მზაობას უკავშირდება. როგორც ისინი განმარტავენ, ქალაქმა ბოლო წლებში მკაფიოდ აჩვენა მოთხოვნა უფრო მაღალ ხარისხზე, განსაკუთრებით პრემიუმ სტუმარმასპინძლობისა და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მიმართულებით.

თბილისში მაღალი კლასის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა კვლავ შეზღუდულია; მსხვილი ფორმატის ღონისძიებები ხშირად ალტერნატიულ სივრცეებში ტარდება, რაც ქალაქს ამ მიმართულებით პოტენციალს ნაწილობრივ უკარგავს. Central Park Towers ამ დეფიციტს ავსებს მაღალი დონის ნომრების დიდი რაოდენობით, მრავალფუნქციური დარბაზებითა და იმ მოდელით, რომელსაც დეველოპერები "ინტეგრირებულ რეზორტს" უწოდებენ, ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს ქალაქისა და ქვეყნისთვის.

"თბილისი უკვე მზად იყო ამ მასშტაბის პროექტისთვის. დღეს საქართველოში მაღალი კლასის ღონისძიებებისა და სტუმარმასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეზღუდულია. Central Park Towers-ში კი გათვალისწინებულია 350-ზე მეტი Suite-ის ტიპის ნომერი, ასევე მრავალფუნქციური დარბაზები", – აღნიშნავს ირაკლი კვერღელიძე.

მეორე არგუმენტი უფრო გლობალურ ხედვაზეა დამყარებული: თბილისი, როგორც რეგიონული ცენტრი, დღეს იმ ეტაპზეა, როცა კულტურული იდენტობა და საერთაშორისო ინტერესი უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ ამ ყველაფერს აკლდა კომპლექსური, მაღალი კლასის ურბანული ინფრასტრუქტურა.

დეველოპერების შეფასებით, სწორედ ახლა დაემთხვა ერთმანეთს ტურიზმის ზრდა, ქალაქის რეგიონული როლის გაძლიერება და ბაზრის მზადყოფნა ისეთი მასშტაბის პროექტისთვის, რომელიც ერთდროულად არის სტუმარმასპინძლობა, გართობა, შოპინგი და ბიზნესღონისძიებები.

"თბილისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის მქონე დედაქალაქია – ქალაქიდან 4-5-საათიანი ფრენის რადიუსში თავმოყრილია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრები", – ამბობს Block Group-ის მმართველი პარტნიორი, თორნიკე ჯანაშვილი.

ინტეგრირებული რეზორტის კონცეფცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია მრავალფუნქციურ და მაღალი სტანდარტის პროექტზე, ყველაზე რთულ არქიტექტურულ ან საინჟინრო ამოცანასაც სცდება. დეველოპერებისთვის მთავარი გამოწვევა მხოლოდ მასშტაბის მართვა არ არის; რთულია იმ სისტემის შექმნა, სადაც სხვადასხვა მიმართულება ერთნაირი ხარისხით მუშაობს და ერთმანეთის "პარალელურად" კი არა, ერთმანეთთან სინქრონში ვითარდება.

ასეთ სივრცეს ყოველდღიურად უნდა შეეძლოს, ერთდროულად უმასპინძლოს სასტუმროს სტუმრებს, ლაიფსტაილ მომხმარებელს, ღონისძიებების აუდიტორიას ისე, რომ არცერთი კომპონენტი მეორეს არ "ჩრდილავდეს".

ამავდროულად, პროექტი უნდა იყოს ცოცხალი და ენერგიული, თუმცა, არა აგრესიული ქალაქის მიმართ. ცენტრალურ ლოკაციაზე განვითარება ავტომატურად ნიშნავს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ სტუმრის კომფორტზე, არამედ უსაფრთხოებაზე, მოძრაობასა და იმაზეც, როგორ "შეეწყობა" ახალი ინფრასტრუქტურა ქალაქის არსებულ ყოველდღიურობას.

დეველოპერები ხაზს უსვამენ, რომ წარმატება სწორედ ამ პარამეტრებით იზომება: შეუძლია თუ არა პროექტს, ქალაქის რიტმს დაეხმაროს და არა ხელი შეუშალოს; შექმნას ინოვაცია და ახალი ხარისხი, რომელიც საერთო გარემოს გააუმჯობესებს.

როგორ გამოიყურება ინტეგრირებული კურორტის კონცეფცია ყოველდღიურობაში? – სტუმარს შეუძლია, დილიდან გვიან ღამემდე დარჩეს ერთ ეკოსისტემაში და გამოცდილების უწყვეტობა არ დაკარგოს. კონცეფცია მოიცავს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო დონის რესტორნებს, lifestyle-რითეილს, ღონისძიებების დარბაზებსა და მრავალფეროვან გასართობ სივრცეებს ისე, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე ერთიან სისტემად იყოს დაგეგმილი. აქ ინტეგრაცია ნიშნავს როგორც კონცეპტუალურ იდეას, ისე ფუნქციურ და საოპერაციო ერთიანობას.

დეველოპერების შეფასებით, ასეთი ფორმატი ქალაქისთვის ახალი კატეგორიის დანიშნულების წერტილს ქმნის: არა უბრალოდ სასტუმროს, სავაჭრო ცენტრის ან გასართობი ზონის განცალკევებულ მოდელს, არამედ ერთიან "მრავალფუნქციურ გარემოს", სადაც ყველა მიმართულება ერთმანეთის ღირებულებას ზრდის. სწორედ ამ ურთიერთქმედებაში იბადება ის ჰოლისტური გამოცდილება, რომელსაც პროექტი მიზნად ისახავს – მომხმარებელი მოდის კონკრეტული მიზეზით, მაგრამ რჩება იმიტომ, რომ ერთ სივრცეში სრულად იღებს სხვადასხვა მომსახურებას.

"CPT-ის შემთხვევაში ინტეგრირებული კურორტი ნიშნავს არა მხოლოდ სხვადასხვა ფუნქციის ერთ სივრცეში თავმოყრას, არამედ მათ კონცეპტუალურ, ფუნქციურ და ოპერაციულ ერთიანობას. შედეგად, Central Park Towers წარმოადგენს სრულფასოვან, მრავალფუნქციურ დანიშნულების ადგილს", – ამბობს Block Group-ის მმართველი პარტნიორი, თორნიკე ჯანაშვილი.

Central Park Towers-ის გუნდი ხაზს უსვამს, რომ ასეთი მასშტაბის ინტეგრირებული პროექტი ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, გამოცდილებასა და იმ ცოდნას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ბაზრებზე უკვე გამოცდილია. დეველოპერების თქმით, პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო კონსულტანტებისა და პროფესიონალების ჩართულობას – ადამიანებს, რომლებსაც მონაწილეობა მიუღიათ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ პროექტებში. ამ გუნდთან ერთად აიწყო ის ჩარჩო, რომელიც CPT-ს "მსოფლიო დონის პროექტის" ფორმატს აძლევს და თავიდანვე განსაზღვრავს როგორც ოპერირების სტანდარტებს, ისე სტუმრის გამოცდილების ლოგიკას.

თუმცა, აქ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ადაპტირებაზე კეთდება. დეველოპერები აღნიშნავენ, რომ მიზანი არსებული მოდელების მექანიკური გამეორება არ არის – პირიქით, საერთაშორისო პრაქტიკები უნდა გადაითარგმნოს თბილისის, საქართველოსა და რეგიონის რეალობაში, გათვალისწინებულ იქნას კულტურული კონტექსტი, ბაზრის სპეციფიკა და მიმდინარე გლობალური ტენდენციები. ეს მიდგომა, მათივე შეფასებით, ქმნის პროექტს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ საკუთარი იდენტობითაც გამორჩეულია.

"ჩვენ ვეყრდნობით ისეთი ბაზრების გამოცდილებას, როგორებიცაა მაკაო და ლას-ვეგასი, სადაც ინტეგრირებული კურორტების მოდელი ყველაზე სრულყოფილად არის განვითარებული და პრაქტიკაში დამკვიდრებული", – ამბობს Orbi Group-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

Radisson Blu-ში სასტუმროს ნომრების შეძენის მოდელი საინტერესოა იმით, რომ ფიზიკურ პირებსაც აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ბიზნესში წილი მიიღონ – მაშინ, როცა ადრე ამას ბევრად დიდი კაპიტალი სჭირდებოდა. ნომრების ფასი, როგორც ისინი აღნიშნავენ, 200 000 დოლარიდან იწყება და მოიცავს გარანტირებულ წლიურ შემოსავალს.

"Central Park Towers-ში ნომრის შეძენით, ფაქტობრივად, "რადისონ ბლუს" ერთნომრიანი სასტუმროს მფლობელი ხდები", – ამბობს Orbi Group-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

Block Group-ის განმარტებით, რადგან პროექტი ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას (შოპინგი, რესტორნები, გართობა), ოპერირების ხარჯები უფრო ეფექტიანად ნაწილდება და ეს მოგებას ზრდის როგორც სასტუმროსთვის, ისე ნომრების მფლობელებისთვის. თორნიკე ჯანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ Radisson-თან მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა და შეთანხმება სწორედ ამ ფორმატზე რთული პროცესის შედეგად შედგა.

"ინვესტორები წილს ყიდულობენ არა უბრალოდ უძრავ ქონებაში, არამედ გამართულ ბიზნესში, რომელსაც ზურგს საერთაშორისო ბრენდი უმაგრებს", – ამბობს Block Group-ის მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი.

რა ეტაპზეა პროექტი?

დეველოპერების შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები დღეს შიდა სივრცეებზე კონცენტრირდება – ინტერიერების მოწყობა, სისტემების ინტეგრაცია და პოდიუმის მშენებლობა, სადაც ერთიანდება ლაიფსტაილის, საზოგადოებრივი და გასართობი მიმართულებები. სწორედ კომპლექსის ამ ნაწილში იკვეთება, რამდენად ორგანულად "შეიკვრება" ყველაფერი ერთ სცენარში: როგორ იმუშავებს სივრცე, როგორ აიგება მოძრაობის სქემები და რამდენად შეუფერხებელი იქნება სტუმრის გამოცდილება დილიდან ღამემდე.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ამ ეტაპს ყველაზე "საინტერესოს" უწოდებს, ამბობენ, რომ ყველაზე რთული სამუშაო უკვე გავლილია – კონსტრუქციული ნაწილი, ფაქტობრივად, დასრულებულია, ხოლო მიმდინარე პროცესები უფრო "საბოლოო სახის" მიცემას ეხება: ვიზუალურ იერსახეს, ფუნქციონალურობას და ხარისხს. ამავდროულად, შიდა სივრცეების ერთდროული მოწყობა როგორც თაუერებში, ისე პოდიუმში, ტექნიკურად კომპლექსური ამოცანაა, რომელიც ზუსტ კოორდინაციასა და კონტროლის განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს.

"ახლა პროექტისთვის ყველაზე საინტერესო შიდა სამუშაოების აქტიური ფაზაა და, პარალელურად, პოდიუმის მშენებლობის პროცესი. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ის ოპერაციული ლოგიკა და ხარისხი, რომელიც მომავალში განსაზღვრავს პროექტის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და სტუმრის გამოცდილებას", – აღნიშნავს ირაკლი კვერღელიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

იმაზე საუბრისას, სად არ არსებობს "კომპრომისის" სივრცე, ირაკლი და თორნიკე ერთხმად აყალიბებენ პრინციპებს, რომლებიც პროექტის საფუძვლად მიიჩნევა. უსაფრთხოება, საინჟინრო გადაწყვეტილებები, სივრცეების ფუნქციური ლოგიკა და მომხმარებლის გამოცდილების ხარისხი – ეს არის მიმართულებები, სადაც დეველოპერების თქმით, ნაბიჯის უკან გადადგმა დაუშვებელია. მათივე შეფასებით, სწორედ ამ ელემენტებზე დგას არა მხოლოდ ამჟამინდელი სანდოობა, არამედ ის გრძელვადიანი რეპუტაცია, რომელიც პროექტს საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანს გახდის.

ხარისხი მხოლოდ მასალებით არ იზომება – იგი ვრცელდება ტექნოლოგიურ სისტემებზე, ბრენდების სტანდარტებსა და იმ ადამიანურ კომპონენტზეც, რომელიც, საბოლოოდ, სერვისს ქმნის: პროცედურები, ოპერირების წესები, პერსონალის ტრენინგი. დეველოპერები ამბობენ, რომ დეტალებზე ასეთი მკაცრი კონტროლი არის ის, რაც საბოლოო გამოცდილებას "მსოფლიო დონისთვის" ამზადებს.

"Central Park Towers-ში ხარისხი იწყება უსაფრთხოებით და გრძელდება მასალების უმაღლესი ხარისხითა და საერთაშორისო ბრენდების ჩამოყალიბებული მკაცრი სტანდარტების დაცვით. კომპრომისი არ არსებობს, რადგან თითოეული კომპონენტი განსაზღვრავს იმ გამოცდილებას, რომელიც საერთაშორისო დონეზეა გათვლილი", – გვეუბნება Block Group-ის მმართველი პარტნიორი, თორნიკე ჯანაშვილი.

დეველოპერები ხაზს უსვამენ, რომ ტემპს განსაზღვრავს არა კალენდარი, არამედ მზადყოფნა – ხარისხი, დეტალების სისრულე და საერთაშორისო ბრენდების სრულყოფილი ინტეგრაცია. მათივე თქმით, გახსნის მომენტში Central Park Towers არ უნდა იყოს "შენობა, რომელიც ეტაპობრივად ივსება", არამედ სრულფასოვანი ადგილი, რომელიც თავიდანვე ასრულებს საკუთარ დაპირებას: ერთ სივრცეში აერთიანებს სტუმარმასპინძლობას, რითეილს, კვებას, ღონისძიებებსა და გასართობს, ასევე ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებით.

"საბოლოო ეტაპი მოიცავს ოპერაციულ გაშვებას, გუნდების სრულყოფილ მომზადებასა და ყველა ფუნქციის სინქრონიზაციას, რათა პროექტმა მუშაობა დაიწყოს როგორც ერთიანმა, გამართულმა სისტემამ", – ამბობს Orbi Group-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

საერთაშორისო ბრენდები თბილისში

ზემოხსენებული "ერთიანობის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ბრენდების შერჩევა – არა როგორც სახელების კოლექცია, არამედ როგორც ეკოსისტემის შემქმნელი კომპონენტები. დეველოპერების თქმით, ბრენდების დიდი ნაწილი დასავლეთ ევროპის, აშშ-ისა და სხვა რეგიონების საკურორტო ქალაქების ბაზრებზეა წარმოდგენილი, ამიტომ თბილისის დამატება მათ რუკაზე, უმეტეს შემთხვევაში, მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები. შერჩევის კრიტერიუმად სახელდება საერთაშორისო რეპუტაცია, უნიკალური ბრენდინგი, მომსახურების უმაღლესი სტანდარტები და ქართული ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

Block Group-ის მიხედვით, პროცესის ადრეულ ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროფესიონალური გუნდის დაკომპლექტებაზე სხვადასხვა მიმართულებით – სტუმარმასპინძლობიდან და რითეილიდან დაწყებული, კვებით, გართობითა და ღონისძიებებით დასრულებული. სწორედ ამ გუნდთან ერთად დაიწყო ბრენდებთან პირველი კომუნიკაცია, რადგან მიზანი თავიდანვე იყო არა მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი სახელების შემოყვანა, არამედ ისეთი ბრენდების, რომლებიც ახალ ბაზრებს ძალიან ფრთხილად არჩევენ და ბევრ მათგანს არც პოსტსაბჭოთა სივრცეში და არც აღმოსავლეთ ევროპაში არ ჰყავთ წარმომადგენლობა.

"მთავარი კრიტერიუმი იყო ბრენდების პოზიციონირება და ხარისხობრივი სტანდარტები. საუბარია არა მასობრივ ბაზარზე მომუშავე კომპანიებზე, არამედ ისეთ ბრენდებზე, რომლებიც ახალ ბაზრებს განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევენ", – განმარტავს თორნიკე ჯანაშვილი.

ბრენდებზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება Harvey Nichols-ზე – ბრიტანულ პრემიუმ კლასის ქსელზე, რომელიც 1831 წელს დაარსდა და საკუთარი სეგმენტის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. დეველოპერებისთვის მისი შემოსვლა, ერთი მხრივ, ნიშნავს თბილისის და საქართველოსთვის "სიგნალს", რომ პრემიუმ სეგმენტში ქვეყნის მიმართ ნდობა იზრდება; მეორე მხრივ კი, შოპინგის ახალი სტანდარტის ჩამოყალიბებას.

თორნიკე ჯანაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში გაიზარდა მოთხოვნა პრემიუმ პროდუქციაზე და Harvey Nichols-ის ვიზიტორებს ექნებათ წვდომა 220-ზე მეტ გლობალურ, მაღალი კლასის ბრენდზე, რაც ქვეყნის რითეილისთვის გარდამტეხ ცვლილებად ფასდება.

"Harvey Nichols დიდ ყურადღებას აქცევს თითოეულ ლოკაციას, შესაბამისად, მისი თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე მკაფიო სიგნალია სხვა მაღალი კლასის მოთამაშეებისათვის", – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

როცა ბაზარზე ჩნდება მაღალი სტანდარტის მოთამაშე, მთლიან სექტორს უწევს ადაპტირება – როგორც მომსახურებაში, ისე პროცესებში, ტრენინგსა და ხარისხის კონტროლში. Central Park Towers-ში ინტეგრირებული ოპერირების მოდელი სწორედ ამას ემსახურება: ბრენდები არ უნდა იყვნენ იზოლირებული, არამედ ერთიანი ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურ გამოცდილებას აუმჯობესებს.

"ასეთი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ბუნებრივად ზრდის კონკურენციას, ხოლო კონკურენცია ხარისხის ამაღლების ყველაზე ეფექტური მექანიზმია", – ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.

ამ მრავალფუნქციურ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი კომპონენტი Luxury Casino-ა, თუმცა დეველოპერები აქაც ხაზს უსვამენ ინტეგრაციის პრინციპს. მათი თქმით, კაზინო არ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც დანარჩენ ფუნქციებს "ჩრდილავს"; პირიქით, მისი როლია მთლიანი გამოცდილების გამდიდრება, რითაც მაღალი კლასის ვიზიტორებისთვის კომპლექსი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. კაზინოს არსებობა არ ნიშნავს ფოკუსის მხოლოდ აზარტულ თამაშებზე გადატანას. ის არის ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის სტუმრისთვის, ბიზნესისთვის და ქალაქის ეკონომიკისთვისაც.

"Luxury Casino განიხილება როგორც ინტეგრირებული კურორტის ორგანული ნაწილი და არა როგორც დამოუკიდებელი მიზიდულობის ცენტრი. მისი მთავარი ფუნქციაა მთლიან გამოცდილებას დამატებითი ღირებულება შესძინოს", – აღნიშნავს ირაკლი კვერღელიძე.

2025 წლის 5 დეკემბერს Orbi Group-ის ხელმძღვანელი, ირაკლი კვერღელიძე და Block Group-ის ხელმძღვანელი, თორნიკე ჯანაშვილი ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ კერძო საშობაო საღამოს დაესწრნენ, როგორც სპეციალური მიწვეული სტუმრები. ღონისძიება კულტურულ პროგრამაზე იყო ფოკუსირებული და დასრულდა ანდრეა ბოჩელის კამერული კონცერტით.

დეველოპერების გუნდი აღნიშნავს, რომ მსგავსი საერთაშორისო კონტაქტები და შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა პარტნიორობების გაძლიერებისა და მომავალი მასშტაბური პროექტების მიმართულებით კომუნიკაციისთვის, რაც პირდაპირ უკავშირდება Central Park Towers-ის საერთაშორისო ეკოსისტემასა და გლობალურ ხედვას.

ვისთვის შენდება Central Park Towers?

პროექტის კონცეფციაში ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის ერთსა და იმავე საკითხს ეხება: ვინ მოდის ამ სივრცეში და რა "სცენარით" ცხოვრობს იგი დღის განმავლობაში? დეველოპერების თქმით, CPT თავიდანვე დაიგეგმა, როგორც მრავალფუნქციური დანიშნულების ადგილი, სადაც სხვადასხვა ტიპის აუდიტორია – საერთაშორისო სტუმარი, მაღალი შემოსავლის მქონე მოგზაური და თბილისის ლაიფსტაილ მომხმარებელი – ერთ ეკოსისტემაში იკვეთება. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუმრების რაოდენობა, არამედ მათი ქცევა: რა სერვისს მოითხოვენ, როგორ გადაადგილდებიან სივრცეში, რამდენ ხანს რჩებიან ქალაქში და რა გამოცდილებას ითხოვენ თითოეულ ვიზიტზე.

CPT აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს და ცდილობს შექმნას მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი ურბანული გარემო – ადგილი, რომელიც არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტურისტულ სეზონზე ან ერთ კონკრეტულ აქტივობაზე. სწორედ ამ მრავალშრიან აუდიტორიაზე დგას ინტეგრირებული რეზორტის იდეაც: პრემიუმ გამოცდილება, რომელიც ერთდროულად არის სასტუმრო, კვება, გართობა და ურბანული ცხოვრების სტილი.

Chotto Matte

"Central Park Towers გათვლილია საერთაშორისო სტუმრებზე, მაღალი შემოსავლის მქონე მოგზაურებსა და ადგილობრივ მომხმარებლებზე, რომლებიც აფასებენ ლაიფსტაილის მრავალფეროვნებასა და მომსახურების მაღალ ხარისხს", – ამბობს Orbi Group-ის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე.

BeefBar

ამ აუდიტორიისთვის გამოცდილება, დეველოპერების განმარტებით, არ ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ სივრცე ღამითაც ღიაა. საუბარია მუდმივად ცვალებად სცენარებზე, სადაც დღის განმავლობაში კომპლექსი მუშაობს, როგორც ლაიფსტაილ, კულტურული და საქმიანი გარემო – პრემიუმ ბრენდების შოპინგით, მრავალფეროვანი კვების ობიექტებითა და აქტივობებით; ხოლო საღამოსა და ღამით ბუნებრივად აქტიურდება გასართობი ღონისძიებები და კლუბური ფორმატის გამოცდილება. ეს თანმიმდევრული ტრანსფორმაცია ქმნის სივრცეს, რომელიც მუდმივად "ცოცხალია" და დღის ნებისმიერ მონაკვეთში სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს.

Le Cabaret Bar

დეველოპერებისთვის ამ მოდელის მთავარი ძალა მრავალფეროვნებაშია: სივრცე არ უნდა გადაიქცეს იზოლირებულ "კუნძულად" და არც ერთფეროვან ატრაქციონად. პირიქით, მიზანია, ქალაქის ცენტრში შეიქმნას ადგილი, რომელიც დღისით სოციალური და ბიზნესაქტივობის ცენტრად პოზიციონირებს, ხოლო ღამით – კულტურულ და გართობის გამოცდილებას ქმნის. სწორედ აქ იკვეთება ინტეგრირებული რეზორტის იდეა პრაქტიკაში: ერთ სივრცეში სხვადასხვა განწყობა, სხვადასხვა აუდიტორია და, ყველა შემთხვევაში, უმაღლესი ხარისხი.

Beach Club

რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებას, დეველოპერები ამბობენ, რომ CPT-ს თბილისი ტრანზიტული მიმართულებიდან სრულფასოვან დანიშნულების სტატუსზე გადაჰყავს. მათივე შეფასებით, მსგავსი ინფრასტრუქტურა თბილისს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ ინდივიდუალურად უმასპინძლოს ტურისტს, არამედ მსხვილ ღონისძიებებს, გლობალური მასშტაბის აქტივობებსა და ბიზნესვიზიტებს. განსაკუთრებული აქცენტია პრემიუმ სეგმენტი: სტუმარი, რომელიც აქამდე მსგავს გამოცდილებას უფრო ხშირად ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში ეძებდა, ახლა თბილისს აღიქვამს, როგორც მაღალი კლასის, კომპლექსური გამოცდილების ადგილს.Event Hall

ამ ცვლილებას პრაქტიკული ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვება: არა მხოლოდ მეტი ვიზიტორი, არამედ უფრო ხანგრძლივი დარჩენა და უფრო მაღალი საშუალო დანახარჯი. დეველოპერების შეფასებით, CPT-ის ეკოსისტემა ქმნის პირობებს, რომ სტუმარმა ერთ სივრცეში მიიღოს მრავალფეროვანი გამოცდილება, რაც ბუნებრივად ზრდის ქალაქში გატარებულ დროს. პარალელურად, მასშტაბური ღონისძიებები და გლობალური ბრენდები აძლიერებს თბილისის საერთაშორისო აქტიურობას და ზრდის ბიზნესვიზიტების დინამიკას.

Rumba

"Central Park Towers-ის გახსნა თბილისის ტურიზმში ხარისხობრივ გარდატეხას გამოიწვევს. ქალაქი გადადის ტრანზიტული მიმართულების როლიდან სრულფასოვანი დანიშნულების სტატუსზე", – აღნიშნავს ირაკლი კვერღელიძე.

ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას, დეველოპერები ციფრებსაც ასახელებენ და სისტემურ ცვლილებაზეც აკეთებენ აქცენტს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი იქნება ახალი სამუშაო ადგილები. გაჩნდება 2000-ზე მეტი მუდმივი პოზიცია სასტუმრო, რითეილ, კვების, გასართობ და სხვა სექტორებში. თუმცა, მათი თქმით, ეფექტი მხოლოდ დასაქმებით არ შემოიფარგლება: საერთაშორისო ბრენდების ოპერაციული სტანდარტები მომსახურების ხარისხს მთელ ქალაქში "აწევს", რაც სხვა ბიზნესაქტივობებზეც პოზიტიურად აისახება.

დამატებით, CPT პოზიციონირდება, როგორც ბიზნესისა და ღონისძიებების მიზიდულობის ცენტრი, რაც MICE ტურიზმის (Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions) როლის ზრდას უწყობს ხელს. დეველოპერები აქ მთავარ გარდატეხად სწორედ ახალი ტიპის ტურისტულ ნაკადებს ასახელებენ – მაღალი შემოსავლის მქონე ვიზიტორებს, რომლებიც თბილისს პირველად აღიქვამენ არა როგორც "საინტერესო გაჩერებას", არამედ როგორც პრემიუმ გამოცდილების საერთაშორისო დანიშნულებას.

Central Park Towers დეველოპერებისთვის არის ახალი ურბანული მოდელი. ეს ფრაზა, სინამდვილეში, არა უბრალოდ სლოგანი, არამედ განაცხადია: რომ პროექტის ამბიცია ფასდება იმით, რა ადგილს დაიკავებს თბილისი რეგიონულ და გლობალურ რუკაზე.

"პროექტი წარმოადგენს ახალ ურბანულ მოდელს, სადაც თბილისი პირველად ყალიბდება როგორც საერთაშორისო მასშტაბის მიზიდულობის ცენტრი", – ამბობენ ირაკლი კვერღელიძე და თორნიკე ჯანაშვილი.