Join our Waitlist for Expert Advice!

KGroup - უმაღლესი ხარისხის სტანდარტი ლითონის ნაკეთობათა წარმოებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სამშენებლო და სარემონტო ინდუსტრია საქართველოში წლების განმავლობაში იზრდება და ვითარდება. ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ დიდია და პოტენციური მომხმარებლის დაინტერესებას, კომპანიები თავიანთი უნიკალური მახასიათებლებითა და კონკურენტული უპირატესობებით ცდილობენ. სწორედ ამ განსხვავებულობითა და საქმის მიმართ ერთგულებით, უკვე 7 წელია, ქართულ ბაზარზე დამკვიდრდა კომპანია Kgroup-იც, რომელიც გარდა სამშენებლო და სარემონტო სერვისისა, უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ლითონის ნაკეთობათა საწარმოს წარმოადგენს.

KGroup ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე მოახერხა მოწინავე პოზიციების დამკვიდრება − როგორც სამშენებლო და სარემონტო, ისე ლითონის ნაკეთობების წარმოების ინდუსტრიაში. დღესდღეობით, კომპანიას აქვს ორი საწარმო რუსთავსა და ქუთაისში, რაც მას საშუალებას აძლევს პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით შეუფერხებლად მოემსახუროს მომხმარებელს, ხოლო Kgroup-ის სათავო ოფისი თბილისშია წარმოდგენილი. მათი საწარმოები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და აერთიანებს სერტიფიცირებულ და გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც საბოლოო ნაწარმის უმაღლეს ხარისხზე არიან პასუხისმგებელნი.

KGroup სამშენებლო და სარემონტო კომპანიაა და შესაბამისად, ამ დარგში ოპერირებს, თუმცა მათ ძირითად მიმართულებას ლითონის ნაკეთობათა საწარმო წარმოადგენს. ეს საწარმო თანაბარი წარმატებით ახერხებს, როგორც ჭიშკრების, მოაჯირების, გისოსებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ლითონის ნივთების დამზადებას, ასევე დიდ, ინდუსტრიულ მშენებლობებზე გათვლილ ლითონის კონსტრუქციებზე მუშაობას. რამდენიმე წლის წინ, როცა მთავრობის დადგენილებით აუცილებელი გახდა შენობებისათვის ლითონის სახანძრო კიბის მოწყობა, Kgroup აქტიურად ჩაება ამ მიმართულების განვითარებაზეც, რაც მათთვის მსხვილ დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობად იქცა.

KGroup-ის დაარსების ისტორია მისი დამფუძნებლის, კორნელი ხვედელიძის პირად გამოცდილებას უკავშირდება. საუნივერსიტეტო განათლების პარალელურად, იგი მუშაობდა ლითონის საწარმოში, სადაც შეისწავლა ამ დარგის ნიუანსები და თავისებურებები, ხოლო მოგვიანებით, უკვე საკუთარი დამოუკიდებელი საქმის წარმოება გადაწყვიტა. როგორც თავად KGroup-ის დამფუძნებელი და დირექტორი, კორნელი ხვედელიძე "ანტრეპრენერთან" საუბრისას აღნიშნავს, ამ ბიზნესის წამოწყება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. კომპანიის დასაარსებლად და მისი საწარმოო სიმძლავრეების გასავითარებლად, მას მოუწია საკუთარი საცხოვრებელი სახლის გაყიდვაც კი, თუმცა რისკი ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს და Kgroup-ის წარმატება სწორედ ამაზე მეტყველებს.

კომპანია სულ 7 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა იგი ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. საწარმო თავდაპირველად 2 თანამშრომლისგან შედგებოდა, თუმცა დღეისათვის უკვე 50-მდე სპეციალისტს აერთიანებს. "ბიზნესსაქმიანობამ ადამიანების ამოცნობა, მათთან ურთიერთობა და დასახული მიზნისკენ სვლა მასწავლა. მოთმინება, მიზანდასახულობა და პროფესიონალიზმი, ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმატების საწინდარია", − ამბობს კორნელი ხვედელიძე.

კომპანია მრავალფეროვანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. ეს მომხმარებლებს, როგორც წინასწარ შემუშავებული, კატალოგებში განთავსებული ნაკეთობის, ისე სპეციალურად მათთვის, ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ნაწარმის შეკვეთის შესაძლებლობას აძლევს. ამ რაოდენობის პროდუქციის შოურუმში მოქცევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც ერთი მხრივ შესაძლოა პრობლემად მოგვეჩვენოს, თუმცა მეორე მხრივ, ბევრად ამარტივებს შერჩევის პროცესს და მომხმარებელს დროსა და ენერგიას უზოგავს.

KGroup ქართულ ბაზარზე იმით გამოირჩევა, რომ მომხმარებელს 100%-ით დასრულებული სახით აწვდის პროდუქციას. გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი გვთავაზობს ისეთი ტიპის მომსახურებას, რომლის შემდეგ, მომხმარებელს პროდუქტისა თუ დიზაინის სრულყოფილი სახით მისაღებად დამატებითი რესურსის მოძიება აღარ უწევს. მათი ლითონის ნაწარმი, თანამედროვე ტექნოლოგიით, საგანგებოდ ქვიშით მუშავდება და ამის წყალობით, დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. პანდემიით გამოწვეულ კრიზისსა და ნედლეულის ღირებულების ზრდის მიუხედავად, Kgroup ცდილობს ბაზარზე სტაბილური და ხელმისაწვდომი ფასი შეინარჩუნოს და მომხმარებელს ამ კუთხითაც კომფორტული გარემო შეუქმნას.

კომპანიის დამფუძნებელი კორნელი ხვედელიძე აღნიშნავს, რომ პანდემიისა და განსაკუთრებით სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში მიმდინარე რთული პერიოდის მიუხედავად, KGroup-მა მოახერხა გაზრდა და განვითარება. ამ მძიმე ვითარების ფონზე, კომპანიამ უდიდესი გამოცდილება შეიძინა და კრიზისის ეფექტიანად მართვის აუცილებლობა, განსხვავებულ ჭრილში დაინახა. დაკვეთების სიუხვის მიუხედავად, კომპანია ერთგულად და შეფერხების გარეშე ემსახურება საკუთარ მომხმარებელს. Kgroup განაგრძობს დასახული მიზნისაკენ სწრაფვას, რაც მომხმარებელსა და მის ინტერესებზე მაქსიმალურ კონცენტრაციას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ერთადერთ გამოწვევას წარმოადგენს, კოვიდვითარებიდან გამომდინარე, პროდუქციის მიწოდებისათვის საჭირო გაზრდილი დრო, რადგან საწარმო მაქსიმალურად უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და მომხმარებლის უსაფრთხოებას, ყველა დადგენილი რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Kgroup-ის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია მსხვილ დეველოპერულ კომპანიებს შორის, როგორებიცაა: M2, Anagi Development, Element Construction, Archi group და სხვა. ეს მხოლოდ ნაწილია კომპანიის მიმართ დაინტერესების, ვინაიდან მათ მომსახურებაზე მოთხოვნა სამშენებლო სექტორის მხრიდან დღითი დღე იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ Kgroup-მა და მისი პროფესიონალი გუნდის ხარისხიანმა მუშაობამ, უამრავ პარტნიორ კომპანიას გაუჩინა მათთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

კორნელი ხვედელიძემ − კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, თავის სამომავლო გეგმებსა და გრძელვადიან პერსპექტივებზეც ისაუბრა. მიმდინარე წლის განმავლობაში, საწარმო გაფართოებას გეგმავს, რაც წარმადობის გაზრდისა და პროდუქციის მრავალფეროვნების შენარჩუნების შესაძლებლობა იქნება. მან გვამცნო, რომ სულ მალე, Kgroup გახდება ამიერკავკასიის მასშტაბით ლითონის ნაკეთობების უმსხვილესი საწარმო, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ნაწარმს შესთავაზებს. კომპანიაში ასევე საზღვარგარეთ პოზიციონირებასა და თავიანთი ექსკლუზიური პროდუქციის ექსპორტზე გატანას აპირებენ, რაც მათ შესახებ ცნობადობას არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გაზრდის.

Kgroup-ის წარმატება დაუღალავი შრომის, საქმისადმი თავდადებისა და პროფესიონალიზმის შედეგია, რომელიც შესაძლოა ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეებისათვის სამაგალითო და სტიმულისმიმცემიც კი აღმოჩნდეს. ყველა სირთულისა და უდიდესი რისკის მიუხედავად, კომპანია სტაბილურად განვითარებასა და ზრდას განაგრძობს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უმაღლესი ხარისხისა და ინდივიდუალური დიზაინის მქონე პროდუქციის წარმოება ისაა, რაც Kgroup-ს ბაზარზე კონკურენტუნარიან და გამორჩეულ ბრენდად აქცევს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"