Get All Access for $5/mo

Kohi.ge - ინოვატორი კარკასული სახლების წარმოების ქართულ ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში, კარკასულ, ე.წ. "ფინურ" სახლებზე მოთხოვნა და მათი პოპულარობა, წლიდან წლამდე იზრდება. ესაა ტექნოლოგია, რომელიც წინასწარ, საწარმოში დამზადებული ელემენტების გამოყენებით, საცხოვრებელი, სასტუმრო, თუ სხვა დანიშნულების სახლის აგების საშუალებას გვაძლევს. კარკასულ სახლებს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელი ზოგავს ფინანსებს საძირკვლის ამოყვანაზე, ვინაიდან ამ ტიპის ნაგებობა ფუნდამენტს არ საჭიროებს. მშენებლობის პროცესი სრულად ეკოლოგიური, ბუნებრივი მასალებით მიმდინარეობს. ტრადიციული სახლისგან განსხვავებით კი, კარკასული პროექტი ბევრად ეკონომიურიცაა და ექსპლუატაციის ვადითაც არ ჩამოუვარდება სტანდარტულ სახლებს. უკეთესს რას ვინატრებთ?

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში, კარკასულმა სახლებმა ბევრად ადრე მოიკიდა ფეხი, საქართველოში მსგავსი ტიპის ტექნოლოგია მაინც სიახლედ მიიჩნევა. Entrepreneur-ს სურს გიამბოთ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაზე ამ სფეროში − Kohi.ge-ზე, რომელმაც თავისი საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, ცოდნითა და უმაღლესი ხარისხით, უკვე მრავალი მომხმარებლის გული მოიგო.

სანამ უშუალოდ კომპანია Kohi.ge-ის საქმიანობაზე გადავალთ, ორიოდე სიტყვით მის დამფუძნებელსა და სულისჩამდგმელზე, ანტრეპრენერული თვისებებით უხვად დაჯილდოებულ ადამიანზე − ირაკლი ლომიძეზე გიამბობთ, რომელსაც ამ ინდუსტრიაში მუშაობის უკვე 19-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მისი სამშენებლო სფეროში მუშაობის დაწყება, საკუთარი სახლის მშენებლობისას შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. როგორც თავად ბატონი ირაკლი გვიყვება, მისი სახლის მშენებლობისას, 3 ბრიგადის გამოცვლა, უამრავი დროისა და ფინანსური რესურსის გაღება დასჭირდა, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, თავად შეესწავლა კარკასული სახლის შენების პროცესი და ტექნოლოგია, და 6 თვეში, საკუთარი ძალისხმევით ააშენა სახლი თავისი ოჯახისათვის.

ირაკლი ლომიძის მიერ აგებულ კარკასულ სახლს საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, როგორც საახლობლოს, ისე სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან. იგი მალევე მიხვდა, რომ შეეძლო ეს საქმე წარმატებულ ბიზნესად ექცია და შეკვეთების მიღებას შეუდგა. პირველს მოჰყვა მეორე, შემდეგ მესამე და ასე, ეტაპობრივად, მცირე მასშტაბის წარმოება, საკუთარ, დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად გარდაიქმნა.

აღსანიშნავია, რომ კარკასული სახლების შენება ირაკლი ლომიძემ რუსეთში დაიწყო, სადაც ოჯახთან ერთად მრავალი წელი გაატარა, თუმცა 2018 წელს გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება და ბიზნესის საქართველოში წარმოება. 2019 წელს მან დააარსა კომპანია Kohi.ge, რომელიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, საკმაოდ წარმატებით ოპერირებს და ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს.

კომპანია Kohi.ge თავისი სახლების დასამზადებლად ამ ეტაპზე რუსულ ნედლეულს, ფიჭვისა და ნაძვის ფიცრებს იყენებს. თუმცა გამკაცრებული რეგულაციების გამო, ახლო მომავალში იმპორტიორი ქვეყნის ჩანაცვლებაა მოსალოდნელი. მასალის ხარისხი, სახლის საბოლოო უსაფრთხოებასა და გამძლეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, კომპანია ნედლეულის შერჩევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

კომპანია Kohi.ge დამკვეთებს პროექტების, დიზაინის, კლასისა თუ ფასის უდიდეს მრავალფეროვნებას სთავაზობს. მომხმარებელს შეუძლია, როგორც 30 კვადრატული მეტრი მინიკოტეჯი, ისე რამდენიმესართულიანი, მულტიპროფილური ნაგებობა შეუკვეთოს.

პროექტის შესრულების პროცესს კონკრეტული ლოკაციის სრული შესწავლა, ნალექებისა და ტენიანობის დონის განსაზღვრა უძღვის, რეგიონისათვის დამახასიათებელი კლიმატური თუ სიმაღლებრივი თავისებურებების გათვალისწინება და მრავალი ისეთი ნიუანსი, რომელთა ერთობლიობა Kohi.ge-ის პროდუქტს ბაზარზე თავისი გამორჩეული ნიშის დაკავებაში ეხმარება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კარკასულ სახლებს ტრადიციული, ბეტონის სახლებისგან განსხვავებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ასეთი სახლები თბო და ენერგოეფექტურობით ხასიათდება. საშუალოდ, ზამთრის პერიოდში, ცენტრალური გათბობის სისტემის გამოყენებისას, ფინური სტილის სახლს, ბუნებრივი აირის 6-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიის 10-ჯერ ნაკლები დანახარჯი აქვს რკინაბეტონის ნაგებობასთან შედარებით. ზაფხულში კი, კარკასული ხის სახლი ბუნებრივ სიგრილესა და კომფორტულ ტემპერატურას ინარჩუნებს, რაც მის მფლობელს დამატებითი გაგრილების სისტემაზე თანხის დაზოგვაში დაეხმარება. ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ შენების ბიუჯეტს, აქაც საგრძნობლად დიდ შეღავათს ვიღებთ.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც დრო ყველაზე ღირებულ რესურსად იქცა, ნებისმიერი დამკვეთისათვის მნიშვნელოვანია პროექტის ვადები რაც შეიძლება მცირე, მოქნილი და მკაცრად დაცული იყოს. კარკასული სახლის შენება საშუალოდ 2-კვირიანი პროცესია, ამას დამატებული 10-დღიანი მოსაპირკეთებელი სამუშაოები, და დასრულებული, საცხოვრებლად ვარგისი სახლი 20-24 დღეში ბარდება მომხმარებელს. რთული წარმოსადგენი არაა, რამდენად სწრაფი და მოსახერხებელია ასეთი ტიპის მშენებლობა, ტრადიციული, ბეტონისა და ბლოკის სახლის აგებასთან შედარებით.

Kohi.ge-ის წარმოების პროცესი ძირითადად სპეციალურ საამქროში მიმდინარეობს, სადაც იჭრება სახლის სხვადასხვა ელემენტი, ერგება ერთმანეთს. მწარმოებელი რწმუნდება კონსტრუქციის გამართულობაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის დამკვეთის მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე. შემდეგ უკვე ადგილზე ხდება სახლის შემადგენელი კომპონენტების აწყობა საბოლოო, მყარი და უსაფრთხო კარკასული სახლის მისაღებად.

Kohi.ge-ის პროექტები, ტრადიციული მეთოდით აგებული სახლების მსგავსად, უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს − იქნება ეს სახანძრო კიბეები, საევაკუაციო გასასვლელები, თავად მასალის დამუშავება სპეციალური აალების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური ხსნარებით, თუ მრავალი სხვა სამშენებლო ნორმა.

კომპანია აცხადებს, რომ მათი კარკასული ნაგებობები, სულ მცირე 50 წელს, ყოველგვარი დაზიანებისა და იერსახის დაკარგვის გარეშე გაძლებს, ხოლო რაც შეეხება მწარმოებლის გარანტიას, Kohi.ge მშენებლობის პროცესში დაშვებული ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, 3 წლის განმავლობაში, უპრობლემოდ მოემსახურება დამკვეთს. ასეთი, მომხმარებლის ინტერესსა და საჭიროებაზე ორიენტირებული მიდგომა, კომპანიის გუნდს უბიძგებს იმისაკენ, რომ მათი პროექტები მაქსიმალურად მდგრადი, სრულყოფილი და გამძლე იყოს.

2019 წლიდან დღემდე, კომპანია Kohi.ge-ის 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს ტიპის პროექტი აქვს განხორციელებული. როგორც თავად კომპანიის დამფუძნებელი, ირაკლი ლომიძე აცხადებს, შარშანდელი წელი, პანდემიის დაწყებასთან ერთად, ბიზნესის ზრდის ტემპის შემცირების განმაპირობებელი აღმოჩნდა. თუმცა, მალევე, ხის კარკასული სახლების მიმართ ინტერესმა იმატა და მიმდინარე წელს, Kohi.ge-ის გაყიდვის მაჩვენებლები 3-ჯერ გაიზარდა.

"ხის სახლების ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი ტემპით იზრდება. ამ მიმართულებით მოთხოვნა 2-3-ჯერ არის გაზრდილი და ადგილობრივ ბაზარზეც ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება, თუმცა გაყიდვების ზრდასთან ერთად, სამშენებლო მასალის, ხისა და ლითონის ფასებმაც იმატა. პანდემიამ მომხმარებლის პრიორიტეტებიც შეცვალა. უმეტესობამ, ვისაც ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთი ეგულებოდა, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ გარემოში გადაბარგება გადაწყვიტა. ზოგი სახლს თავად აშენებს, ზოგი ჩვენთან უკვეთავს, თუმცა კერძო სახლების მიმართ გაზრდილი ინტერესი სახეზეა. აგრეთვე, თუკი ადრე, ჩვენი ძირითადი დამკვეთი ტურისტული სექტორი იყო და მინისასტუმროებზე მოთხოვნა ჭარბობდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმრო კოტეჯების მიმართ ინტერესი თანაბარია", – Entrepreneur-თან საუბრისას გვიამბო ირაკლი ლომიძემ.

Kohi.ge პანდემიამდე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროპის ბაზრის რამდენიმე ქვეყანასთან, ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ახალმა რეალობამ ეს პროცესი დროებით შეაჩერა. სულ ახლახან, კომპანიამ მოახერხა თავისი პირველი პროექტის განხორციელება საქართველოს ფარგლებს გარეთ. Kohi.ge ბულგარეთის ბაზარზე გავიდა და სასტუმროს ტიპის კოტეჯებს აშენებს. როგორც ირაკლი ლომიძე აღნიშნავს, ეს კომპანიის პირველი საპილოტე პროექტია ახალ ბაზარზე, რომელიც განსაკუთრებული ნორმებისა და სტანდარტის დაცვით სრულდება. კონკრეტულად ამ პროექტს ერთგვარი საიმიჯო დატვირთვაც აქვს, ვინაიდან ბევრი პოტენციური ევროპელი დამკვეთი ელოდება მის დასრულებას, სამომავლო თანამშრომლობისათვის, ქართული ნაწარმის ხარისხისა და სანდოობის შესაფასებლად.

კომპანია Kohi.ge მთელ რიგ საკითხებში ინოვატორია ქართულ ბაზარზე და ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვის სადარაჯოზე დგას. ერთ-ერთი ასეთი სიახლე, ე.წ. ხრახნილი ხიმინჯების წარმოებაა. ლითონის ეს კონსტრუქცია შედარებით მასშტაბური პროექტებისათვის ფუნდამენტის დატვირთვას ატარებს. მსგავსი წერტილოვანი საძირკველი, მარტივად, ერთ დღეში მზადდება, არ მოითხოვს სამშენებლო ნაკვეთზე მძიმე ტექნიკის გამოყენებასა და რელიეფის მოსწორებას. აღსანიშნავია, რომ ხრახნილი ხიმინჯებით მშენებლობის პროცესში ლანდშაფტში ხელოვნური ჩარევა არ ხდება და პირვანდელ იერსახეს უნარჩუნებს. ერთი ასეთი ლითონის კონსტრუქცია 4 ტონამდე დატვირთვას უძლებს, ხოლო საშუალოდ, ერთი სახლის მშენებლობისას, 30 ხიმინჯი გამოიყენება. საბოლოოდ, ფუნდამენტი იმდენად გამძლე და მყარი გამოდის, რომ თავისუფლად გაუძლებს ტრადიციული, ბეტონის სახლის დატვირთვასაც.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ირაკლი ლომიძემ Entrepreneur-ს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. Kohi.ge ამ ეტაპზე სენაკში მასშტაბური საწარმოს შენებითაა დაკავებული. ეს საწარმო, სრულად ევროკავშირის სტანდარტით, თანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით იქნება აღჭურვილი და შესაბამისად, მხოლოდ საექსპორტო ნაწარმის შექმნით დაიტვირთება. მოგეხსენებათ, ევროკავშირის ბაზარი მკაცრად რეგულირებულია და სპეციალური სტანდარტისა და ნორმების დაკმაყოფილების გარეშე, პროდუქციის გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც Kohi.ge-ის დამფუძნებელი საუბრისას აღნიშნავს, ქართულ ბაზარზე, ამ კუთხით უამრავი პრობლემაა. ხის სახლების მდგრადობა და უსაფრთხოება, პრაქტიკულად მხოლოდ მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული და წარმოების ტექნოლოგია იშვიათადაა დაცული.

ვინაიდან ქართულ შრომით ბაზარზე კარკასული სახლების მშენებლობის კვალიფიკაციის პრობლემაა და მცოდნე, გამოცდილი კადრის პოვნა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, Kohi.ge პროფესიული სასწავლებლის გახსნას გეგმავს.

"სენაკში, ამ წლის ბოლომდე, USAID-ისა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, სასწავლებლის გახსნას ვაპირებთ. მსურველები აქ ხის სახლების შენების თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, თავად Kohi.ge-ში დასაქმდებიან, ხოლო სხვა კურსდამთავრებულებს საკმარისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები ექნებათ საიმისოდ, რომ თავისუფლად დასაქმდნენ სხვა კომპანიებში, ან თავიანთი წარმოების გამართვა შეძლონ. ასევე, სენაკის სასწავლებელში, არა მარტო მშენებლებს, არამედ არქიტექტორებსაც გადავამზადებთ. ხის სახლების პროექტირებასა და დაგეგმარებას განსხვავებული სპეციფიკა და გათვლები ახასიათებს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, არქიტექტორებს თავიანთი დამკვეთებისათვის არა მარტო ბეტონის, არამედ ხის სახლების პროექტირების შეთავაზებაც შეეძლებათ, რაც მათ მომსახურებას გაამრავალფეროვნებს. მსგავსი კურსების გავლის სურვილი უკვე არაერთმა ადგილობრივმა გამოთქვა, რაც ბაზარზე კვალიფიციური, საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი კადრების გამოჩენის წინაპირობაა", − აღნიშნავს, ირაკლი ლომიძე.

სულ ახლახან, Kohi.ge-მ ორ ადგილობრივ კომპანიასთან ერთად, ხის სახლების მწარმოებელთა ასოციაცია დააფუძნა, რომლის პრეზიდენტი თავად ირაკლი ლომიძეა. მათი მიზანია, ამ ინდუსტრიის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი კომპანია შემოიკრიბონ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ და მშენებლობის პროცესში დაშვებული კრიტიკული შეცდომები თავიდან აირიდონ. კომპანიის დამფუძნებელმა Entrepreneur-ს გაუზიარა, რომ ასოციაციის მისიაა, შეიმუშაოს საერთო სტანდარტი კარკასული სახლების მშენებლობის დარგში, რომელიც სხვადასხვა პროექტის უსაფრთხოების, სანდოობისა და მდგრადობის გარანტი იქნება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"