Get All Access for $5/mo

"კოკა-კოლას" ისტორია ატლანტას აფთიაქიდან მსოფლიო ბაზრის ლიდერობამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოთლის ისტორია, რომელმაც მსოფლიოში ბიზნესის კეთების მიდგომები შეცვალა, 1886 წლის 8 მაისს დაიწყო. ამ დღეს დოქტორმა ჯონ პემბერტონმა ატლანტაში კოკა-კოლას სიროფისგან დამზადებული წვენის პირველი ჭიქა ჩამოასხა. თითო ჭიქა მაშინ ხუთ ცენტად იყიდებოდა და ადამიანების ქებასაც იმსახურებდა - გაზირებულ წყალში გახსნილი სიროფი ადამიანებისთვის "გამაჯანსაღებელი და გემრიელი" იყო.

სახელი სასმელს ფარმაცევტის პარტნიორმა და ბუღალტერმა შეურჩია, რადგან ჩათვალა, რომ "ორი C გვერდიგვერდ რეკლამაში კარგად გამოჩნდებოდა". სწორედ ფრენკ რობინსონს ეკუთვნის ლოგოც და სავაჭრო ნიშნის დიზაინიც.

სასმელი წარმატებული ვერ გამოდგა, პირველი წლის გაყიდვები არც ისე სახარბიელო შედეგს აჩვენებდა - საშუალოდ დღეში ცხრა ცალი იყიდებოდა. დოქტორმა პემბერტონმა ისე დაიწყო ბიზნესის წილების გაყიდვა, ვერც გაანალიზა, რა პოტენციალი ჰქონდა ბრენდს. 1888 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მან უკანასკნელი წილი აზა ქენდლერს მიჰყიდა. ატლანტელი ბიზნესმენი სხვებზე ადრე ხედავდა, რა შეიძლებოდა "კოკა-კოლა" გამხდარიყო, ამიტომაც მან სხვა უფლებებიც იყიდა და ბრენდზე სრული კონტროლი აიღო. "კოკა-კოლა", როგორც სავაჭრო ნიშანი, 1893 წელს დარეგისტრირდა.

ქენდლერის მფლობელობაში სიროფის გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა. თუკი 1890 წელს დაახლოებით 36 000 ლიტრი (9 000 გალონი) "კოკა-კოლა" გაიყიდა, 1900-იანი წლების გარიჟრაჟზე ეს რიცხვი უკვე 1 400 000 ლიტრს (370,877 გალონს) აჭარბებდა.

სიროფის შემქმნელმა, დოქტორმა პემბერტონმა "კოკა-კოლას" რეცეპტი კოკაინსა და კოფეინით მდიდარ მცენარეებზე დააფუძნა. თუმცა კოკაინი სასმლიდან 1903 წლამდე უკვე ამოღებული იყო.

"კოკა-კოლას" რეცეპტში შემავალი მცენარეები მალე სხვა შტატებშიც გამოჩნდა - 1890-1900-იან წლებში მცენარეების მოშენება დაიწყეს ლოს ანჯელესში, ფილადელფიასა და დალასში. მალევე სასმელი ამერიკის ყველა შტატში, ტერიტორიასა და კანადაშიც იყიდებოდა.

კომპანიის ღირებულება 1892 წლისთვის $100 000-ს შეადგენდა. 1919 წელს კი "კოკა-კოლა" ატლანტელმა ბიზნესმენმა, ერნესტ ვუდრაფმა შეიძინა $25მლნ-ად. მეორე მსოფლიო ომამდე კომპანია ზრდაზე იყო ორიენტირებული და ამ მიმართულებით ვითარდებოდა ერნესტ ვუდრაფის შვილის, რობერტის ხელმძღვანელობით.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ "კოკა-კოლას" კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროდუქციის დივერსიფიკაციაზეც უნდა დაეწყოთ ზრუნვა. პირველ რიგში, 1941 წელს გამოუშვეს ახალი სავაჭრო ნიშანი Coke, რომელიც ოფიციალურად 1945 წელს დარეგისტრირდა.

შემდეგი დიდი ნაბიჯი გერმანული გამაგრილებელი სასმლის, "ფანტას" ყიდვა იყო 1946 წელს, რასაც 1955 წელს "მაკდონალდსთან" ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება მოჰყვა. შემდეგ წლებში კომპანიამ გამოუშვა ფორთოხლის წვენი, "სპრაიტი", "ტაბი", შეიძინა კომპანია "ფრესკა" და 1982 წელს დიეტური სასმელიც (Diet Coke) დაამატა პროდუქციის გრძელ სიას.

კომპანია თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას და სხვადასხვა პროექტს ახორციელებდა. მაგალითად, 1917 წლიდან თანამშრომლობს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში "კოკა-კოლა" კატასტროფების პერიოდში აქტიურადაა ჩართული დაზარალებულთა დახმარებაში.

1935 წელს "კოკა-კოლა" გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომლის დირექტორთა საბჭოსაც ქალი შეუერთდა - ლეტი პეიტ ევანსი.

1984 წელს დაარსდა "კოკა-კოლას ფონდი" - ყოველწლიური მოგების 1% სწორედ ფონდის ბიუჯეტში ირიცხება და სამი ძირითადი მიმართულებით ნაწილდება: ქალთა უფლებები, წყლის ხელმისაწვდომობა და ზრუნვა.

პლანეტის ყველაზე წარმატებული მარკეტინგული ქეისი

"კოკა-კოლა" აღიარებულია საუკეთესო მარკეტინგულ ქეისად. მისი ბრენდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და პოპულარულია.

კომპანიის სამიზნე აუდიტორია ბაზრის, ფაქტობრივად, ყველა მომხმარებელია. მრავალფეროვანი პროდუქცია და ფართო ასორტიმენტი "კოკა-კოლას" საშუალებას აძლევს, თითოეულ მომხმარებლამდე მივიდეს.

მაგალითად, ასაკობრივი კატეგორიზაციისას "კოკა-კოლას" ძირითადი სეგმენტი 10-35 წლის მოსახლეობაა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრენდს სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არ აქვს შეთავაზება. ასეთი პროდუქტია დიეტური კოლა, რომელიც შედარებით ასაკოვან ადამიანებზეა გათვლილი - მათზე, ვინც შაქრის რაოდენობას და პროტეინების შემცველობას მეტ ყურადღებას აქცევს.

"კოკა-კოლა" მსოფლიოში ცნობილია მასობრივი სარეკლამო კამპანიებით. მაგალითად, ათწლეულებია ბავშვებისთვის სანტა კლაუსი, ახალი წელი და "კოკა-კოლა" ერთ მთლიანობად აღიქმება. უფრო მეტიც, სანტა კლაუსი იმ ვიზუალით, როგორც ახლაა ცნობილი - მოხუცი, მხიარული კაცი წითელ კოსტიუმში - სწორედ "კოკა-კოლას" რეკლამისთვის შეიქმნა გასული საუკუნის პირველ ნახევარში.

მას შემდეგ კომპანიის სარეკლამო კამპანიები მისივე ზრდასთან ერთად იცვლებოდა. ასაკობრივად ტარგეტირებული სელებრითები, ყველა მედიაარხის გამოყენება და ამ კუთხითაც მუდმივი ზრდა, მომხმარებლებისთვის მუდმივად განახლებადი გემოები და ახალი პროდუქცია - ესაა მცირე ჩამონათვალი იმ სტრატეგიული ნაბიჯებისა, რასაც "კოკა-კოლა" დგამს და ინარჩუნებს ბაზარზე ლიდერის პოზიციას.

დღეისათვის:

  • "კოკა-კოლა" ფლობს აშშ-ის გაზიანი სასმელების ბაზრის 43,7%-ს;
  • კომპანიის საოპერაციო შემოსავალი $38,7 მილიარდია;
  • ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე;
  • დასაქმებული ჰყავს 700 000-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს გარშემო;
  • საბაზრო ღირებულება $259,77 მლრდ-ს შეადგენს.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში