Get All Access for $5/mo

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

COSMO

სულ რაღაც ოთხი წლის წინ, ხელნაკეთი ნივთების მიზნობრივ სეგმენტს საქართველოში ძირითადად ტურისტები წარმოადგენდნენ. სწორედ მაშინ, ახალფეხადგმულმა "კოსმომ" პრეტენზია განაცხადა, რომ ადგილობრივების ბაზარიც უნდა აეთვისებინა. ამბიცია დიდი იყო, საწყისი კაპიტალი − მცირე. პირველი ფილიალი სულ რაღაც 600 ლარის დანაზოგით გახსნეს. დღეს კი უკვე ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმოა საქართველოს მასშტაბით. წარმატების საიდუმლო? "კოსმოს" დამფუძნებლებისათვის პრობლემები არ არსებობს, არამედ მხოლოდ ამოცანები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ამოცანების გადაჭრა კი ერთგვარი ექსტრემია, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ENTREPRENEUR "კოსმოს" დამფუძნებლებს − სოფი მუხულიშვილსა და თამარ აფციაურს ესაუბრა.

თამარის გონება ერთ დღესაც დედამიწას გასცდა და კოსმოსში მოგზაურობამ გაიტაცა. შემდეგ, დაგროვილი შთაბეჭდილებებით თავად შექმნა კოსმოსის გამოსახულება და ყელსაბამი დაამზადა. დეიდაშვილებმა ექსპრომტად ფეისბუქგვერდი გააკეთეს, სახელად "კოსმო" დაარქვეს და ყელსაბამი მეგობრებს გაუზიარეს. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც გოგონებს უბიძგა ჰობი უფრო სერიოზულ საქმიანობად ექციათ. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. კოსმოს უკვე სამი ფილიალი აქვს, გარდა ამისა აქტიურად იკავებენ დახლებს ტურისტულ მაღაზიებში საქართველოს მასშტაბით, ექსპორტზეც გააქვთ − აზერბაიჯანში, და კიდევ უამრავი გეგმა აქვთ.

თავიდან გაყიდვები მხოლოდ ფეისბუქგვერდით შემოიფარგლებოდა. როდესაც მუზა მოუვიდოდათ, ხელნაკეთ აქსესუარებს ამზადებდნენ და ყიდდნენ. თავიდან მუდმივ საქმიანობად ვერ აღიქვამდნენ.

"იმისათვის, რომ გავზრდილიყავით, საჭირო იყო საქმიანობა გარკვეულ ვალდებულებად გვექცია მომხმარებლების მიმართ. გამოსავალი მაღაზიის გახსნაში ვიპოვეთ". დახლზე ხომ მუდმივად უნდა ყოფილიყო პროდუქცია, თან ქირის გადახდაც მოუწევდათ, კონსულტანტის აყვანაც, და ფიქსირებული ხარჯის არსებობა კიდევ უფრო მეტად უბიძგებდათ, მუდმივად ფორმაში ყოფილიყვნენ.

ასე და ამგვარად, სამი წლის წინ გადაწყდა "კოსმოს" პირველი ფილიალის გახსნა. ადგილმდებარეობა − ვარკეთილის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი. ეს ის დროა, როდესაც ხელნაკეთი ნივთები ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, შესაბამისად, მხოლოდ ცენტრალურ ადგილებში და შედარებით მაღალ ფასებში თუ ნახავდი ამ ტიპის პროდუქციას.

ნიშა აღმოჩენილი იყო: დადგა დრო, ხელნაკეთი ნივთები "კოსმოს" ადგილობრივებისათვის შეექმნა, მათთვის მისაღებ ფასებში. ფეისბუქზე გაყიდვებით დაგროვებული თანხა 600 ლარს შეადგენდა. 300 ლარი ქირაში გადაიხადეს, დანარჩენი თანხით კი პროდუქცია დაამზადეს. მაღაზიის მოწყობაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. მაგალითად, მთელი უბნის ბიჭები ამზადებდნენ ფერად-ფერად თაროებსა და მაგიდებს. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზმა "კოსმოს" პირველმა მაღაზიამ გაამართლა. ამას მოჰყვა მეორე ფილიალი გლდანში, ხოლო მესამე − ქავთარაძის ქუჩაზე.

გაზრდილ პოპულარობასთან ერთად, გაიზარდა შეკვეთების რიცხვიც, რამაც საჭირო გახადა, ფეიბუქის გვერდთან ერთად ვებგვერდიც აემუშავებინათ. "ვებგვერდი უფრო მოსახერხებელია მომხმარებლისთვის − ერთიანი სივრცეა, უკეთ დაათვალიერებს პროდუქციას, ვიდრე ფეისბუქზე და პერსონალთან დამატებითი კომუნიკაციის გარეშე შეუკვეთავს. გარდა ამისა, ვებგვერდი კომპანიის იმიჯისთვისაც საჭიროა".

გაყიდვების ზრდასთან ერთად, სახლიდან სახელოსნოში გადაინაცვლეს, სადაც ამჟამად 10 ადამიანი ჰყავთ დასაქმებული.

მრავალფეროვანი "კოსმო"

"კოსმოს" ხელნაკეთი ნივთების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს − სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. თუმცა, თავდაპირველად არჩევანი შეზღუდული იყო: ძირითად მასალად მხოლოდ მეტალს იყენებდნენ და ყელსაბამებსა და ბეჭდებს ამზადებდნენ. თანდათანობით დაამატეს ხე და ტყავი. მასალის დამატებასთან ერთად, ამატებდნენ კადრებსაც, რადგან თითოეულ მასალაზე მუშაობა სპეციფიკურია და სპეციალიზებას საჭიროებს.

მასალებს შორის ყველაზე იაფი მეტალია და მისგან ნივთის დამზადება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი, მაშინ, როცა ტყავი ძვირი ღირს და მისი დამუშავება შედარებით დიდ დროსთანაა დაკავშირებული.

ამონაგებიც შესაბამისია − ტყავის ნაწარმი ძვირად ფასობს. თავდაპირველად, არჩევანი მეტალზე იმიტომ შეჩერდა, რომ დამწყებ ბიზნესს განსაკუთრებით სჭირდებოდა საბრუნავი კაპიტალი.

ყველაზე მეტად ხელოვნებასთან დაკავშირებულმა თემატიკამ გაამართლა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩანთები ასომთავრული დამწერლობის ასოების − "თანისა" და "დონის" ფორმით.

ასევე არანაკლებ პოპულარულია აქტუალურ თემებზე შექმნილი ნივთები. თამარი მუდმივად ჩასაფრებულია: რასაც აიტაცებს ხალხი − ფილმი იქნება ეს, წიგნი, მუსიკალური ჯგუფი თუ სხვა, შემდეგ იმაზე იწყებს ნივთის მზადებას. "კოსმოს" სტრატეგიაა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას და ამით სწრაფად გაიზარდოს. "მხოლოდ ჩანთას თუ გაყიდი, მომხმარებელი ცოტა გეყოლება და შესაბამისად დიდი დრო დაგჭირდება გასაზრდელად".

ახლახან კოლექციას დაემატა დროის წიგნაკი − ხელნაკეთი ტყავის ბლოკნოტი საინტერესო ფერებითა და შიგთავსით ქართულ ენაზე. გათვლილია საქმიანი ადამიანებისთვის, დროის სწორად დასაგეგმად და საქმიანობის გასამარტივებლად.

როგორ შევარჩიოთ თანამშრომლები

"კოსმოს" მთავარი ფასეულობა აქ მომუშავე ადამიანები არიან. ამიტომ, სოფი და თამარი საგულდაგულოდ არჩევენ მათ. როგორც კონსულტანტების, ასევე სახელოსნოში მომუშავეთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ცნობისმოყვარეობაა. გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი. თუ რატომ ცნობისმოყვარეობა, ამაზე საკმაოდ დამაჯერებელი პასუხი აქვს სოფის: "მთავარია სიახლისკენ სწრაფვა ჰქონდეთ, ყველაფერი აინტერესებდეთ, როგორც ბავშვებს. მაგალითად, იმისათვის, რომ კონსულტანტმა კარგად შეძლოს მოხმარებლების, მათი უკუკავშირის შესწავლა, საჭიროა ინტერესი ჰქონდეს ადამიანების მიმართ. ასევე, რადგან სხვადასხვა თემატიკაზე იქმნება აქსესუარები, ამ თემატიკების გარშემოც უნდა ფლობდნენ ინფორმაციას − იქნება ეს მხატვრობა, ფილმი, კოსმოსი თუ სხვა".

თანამშრომლები ძირითადად სტუდენტები ან უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები არიან. მათ შორის ბევრია პროფესიით ფსიქოლოგი.

ქართველებზე გათვლილი "კოსმო" უცხოელების ყურადღებას იპყრობს

"კოსმო" გამოფენებში ხშირად იღებს მონაწილეობას. შედეგად უცხოელებიც მიიზიდა. ზამთრის პერიოდში მოთხოვნის 10% ტურისტებზე მოდიოდა, სეზონზე კი ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა. ვებგვერდზე შეკვეთები საზღვარგარეთიდანაც დაიწყო.

"სადაც კი რაიმე გამოფენა ჩატარებულა, თითქმის არაფერი გამოგვიტოვებია. ვესწრებით საახალწლო, ტურიზმისა და წიგნის საერთაშორისო ფესტივალებს. არც თბილისის მოდის კვირეულს გამოვაკლდით".

გამოფენა ჰონკონგში

გამოფენა ჰონკონგში ერთ-ერთი გადამწყვეტი მოვლენა აღმოჩნდა "კოსმოს" ისტორიაში. იქ მოპოვებულმა აღიარებამ თამარი და სოფი საკუთარ ძალებში საბოლოოდ დაარწმუნა.

ჰონკონგში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" კონკურსის გავლით მოხვდნენ. როგორც სოფი ამბობს, რომ არა ეს კონკურსი, არც კი იფიქრებდნენ შესახებ. მიაჩნდათ, რომ ამისთვის მზად ჯერ არ იყვნენ, თავდაჯერებულობა კი კონკურსში გამარჯვებამ შემატათ.

გოგონები თავიანთ გუნდთან ერთად წინასაგამოფენო ციებ- ცხელებას შეუდგნენ. გადაწყვიტეს განსაკუთრებულად წარმოეჩინათ საქართველო. დაიარეს მუზეუმები, სადაც საინტერესო თემები შეარჩიეს და ისტორიული ნივთები გააცოცხლეს. კოლექციის მიზანი იყო ტრადიციისა და თანამედროვეობის, წარსულისა და აწმყოს შერწყმა, საინტერესო ფაქტურის, ტონებისა და ფერების შეხამება, ორიგინალური სტილის ხარისხიანი და რაც მთავარია, კომფორტული პროდუქტის შექმნა.

გამოფენის დამთვალიერებლებს უყვებოდნენ საქართველოზე, წარმოდგენილი ნივთის წარმომავლობაზე. მათი ორი ნამუშევარი საუკეთესოთა შორის მოხვდა, ხოლო კოლექცია ერთხმად გამორჩეულად შეფასდა.

მოკლედ, "კოსმო" კოსმოსში გაჭრას ჯერ არა, მაგრამ მსოფლიო ბაზრის ათვისებას ნამდვილად გეგმავს. თავდაპირველად კი გეზი ევროპისკენ აქვთ აღებული, რადგან ფიქრობენ, რომ განსხვავებულობისადმი სწრაფვით ჩვენს დროებაში განსაკუთრებით ევროპელები გამოირჩევიან.

თამთა მარიდაშვილი

Entrepreneur Staff

რედაქტორი

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი