კრიპტოსფეროში საქართველომ თავისი მკაფიო სიტყვა უკვე თქვა. ახლა კი რბოლა დაიწყო: GeCrypto და სხვა ფინტექ-სტარტაპები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა საქართველოს პირველი კრიპტოუნიქორნის სტატუსი მოიპოვონ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქვეყნების უმრავლესობაში კრიპტოვალუტის ყიდვა, ვაჭრობა და შენახვა პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა საქმე მაშინ რთულდება, როდესაც ციფრული აქტივების ბინად, ავტომობილად ან თანამშრომლების ხელფასებად ქცევას ცდილობენ. საქართველომ, შავ ზღვასა და კავკასიონის ქედს შორის მოქცეულმა 3,7-მილიონიანმა ქვეყანამ, ეს სიცარიელე ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეავსო. Chainalysis-ის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით, საქართველო კრიპტოვალუტის ათვისების მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ამასთან, ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტები კრიპტოაქტივებით მიღებულ მოგებაზე საშემოსავლო გადასახადს საერთოდ არ იხდიან. თბილისის ცენტრში კი ლიცენზირებული გადამცვლელი პუნქტები სრულიად ღიად, ბანკებისა და აფთიაქების გვერდით მუშაობენ და მომხმარებლებს ფისკალურ ქვითრებსაც გასცემენ.

ეს პროგრესი ინდუსტრიის წამყვანმა გიგანტებმაც შეამჩნიეს. 2026 წლის მარტში კრიპტობირჟა Bybit-მა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა, საქართველოში საკუთარი საგადახდო ბარათი წარადგინა და თბილისში გამართულ ღონისძიებაზე რეგულატორები, ბანკები და გლობალური საგადახდო სისტემების წარმომადგენლები შეკრიბა. ზუსტად ორ თვეში კი Tether-მა საზოგადოებას წარუდგინა GEL₮, მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სტაბილკოინი (stablecoin), რომელიც ქართულ ლართან არის მიბმული.

"საქართველო რეგიონულ ფინტექ-ჰაბად ჩამოყალიბდა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს ევროპასა და აზიას შორის", – განაცხადა მარტში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

რატომ სჯობს ლიცენზირებული მოდელი ჩრდილოვან მოდელს

ამ პროგრესის მამოძრავებელი ძალა ის მარეგულირებელი ჩარჩოა, რომელიც საქართველომ 2023 წელს აამოქმედა. მან კრიპტობიზნესი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოაქცია და ბაზარი ჩრდილიდან გამოიყვანა. მანამდე გარიგებები ბინებსა და აბრის არმქონე, შეუმჩნეველ ოფისებში იდებოდა, ყოველგვარი ქვითრისა თუ ფულის წარმოშობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე. მსგავსი მოდელი მაშინვე ინგრევა, როგორც კი საქმეში "რეალური" ფული ერთვება: P2P-კონტრაგენტისგან ან არალიცენზირებული გადამცვლელიდან გადმორიცხული თანხა შესაძლოა იმ ბანკმა გაგიყინოთ, რომელსაც გამომგზავნის იდენტიფიცირება არ შეუძლია. თუ მოგვიანებით ეს სახსრები სხვის თაღლითურ სქემას დაუკავშირდება, პრობლემა უკვე თქვენი ხდება.

ლიცენზირებული ბირჟა ამ სურათს რადიკალურად ცვლის. კლიენტს ჰყავს ვერიფიცირებული კონტრაგენტი, აქვს დოკუმენტურად დადასტურებული გაცვლითი კურსი და ქვითარი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბანკების, ბუღალტრებისა და საგადასახადო ორგანოების მოთხოვნებს. ლიცენზირებული პროვაიდერისგან მიღებული თანხა სუფთაა და მისი გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი: შესაძლებელია თანხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, უძრავი ქონების შეძენა ან საზღვარგარეთ გადარიცხვა. სუფთა ფული ყოველთვის სჯობს იაფ გარიგებას. საქართველო კი მსოფლიოში ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც კანონიერება და კომფორტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

პირველები ბაზარზე

ეს გარდამტეხი ცვლილება არცერთ სხვა კომპანიას ისე არ გამოუყენებია, როგორც GeCrypto-მ. კომპანია 2022 წელს თბილისის ცენტრში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ჩვეულებრივ გადამცვლელ პუნქტად დაფუძნდა. მან თავისი რეპუტაცია ერთი კონკრეტული სერვისის უნაკლოდ შესრულებაზე ააშენა: USDT-ის ნაღდ დოლარად კონვერტირება სწრაფად და გამჭვირვალე კურსით.

როდესაც ლიცენზირების ეტაპი დადგა, ბევრი გადამცვლელი პუნქტი ლიცენზირებას საფრთხედ აღიქვამდა, GeCrypto-მ კი ის თავის მთავარ უპირატესობად აქცია. კომპანიამ დაახლოებით ერთი წელი შეალია სალიცენზიო განაცხადის მომზადებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, რეგულატორის ინსპექტირებით დამთავრებული. შედეგად, 2024 წლის ოქტომბერში ის ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა, რომელიც საქართველოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთა (VASP) რეესტრში დარეგისტრირდა. ამით მან რამდენიმე დღით დაასწრო იმ გლობალურ მოთამაშეებსაც კი, რომლებმაც ლიცენზია იმავე შემოდგომაზე მიიღეს.

რისკმა მალევე გაამართლა. ლიცენზირებულად მუშაობის დაწყებიდან ექვს თვეში GeCrypto-ს შიდა გაცვლითი ბაზრის დაახლოებით 20 პროცენტი ეკავა. დღეს მას 10 000-ზე მეტი კლიენტი და Google-ზე 900-ზე მეტი შეფასება აქვს, ხოლო ადგილობრივი მედიის მიერ შედგენილ თბილისის კრიპტობირჟების რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებს. ბაზარზე, სადაც სანდოობა ყველაზე დეფიციტური აქტივი იყო, ლიცენზიამ და საჯაროდ აღიარებულმა გამოცდილებამ საუკეთესო მარკეტინგული ინსტრუმენტის როლი შეასრულა, რისთვისაც კომპანიას ფულის გადახდაც კი არ დასჭირვებია.

ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან ფინტექამდე

GeCrypto-ს პროდუქტების სპექტრი ახლა ნაკლებად ჰგავს ტრადიციულ გადამცვლელ პუნქტს და უფრო მეტად – ფინანსური სერვისების მრავალფეროვან მენიუს.

მთავარ საყრდენად კვლავ კლასიკური სერვისი რჩება: ნაღდი ფულის გაცემა თბილისის ოფისში, სადაც ვერიფიკაციის, კონვერტაციისა და თანხის მიღების პროცესი დაახლოებით ათ წუთში სრულდება. კურსი წინასწარ ფიქსირდება, ხოლო მსხვილი გარიგებების წინ ლიკვიდურობა რეზერვდება, რის გამოც კომპანია ფასის რყევის გარეშე უზრუნველყოფს როგორც ასდოლარიან გადაცვლებს, ისე მრავალმილიონიან ტრანზაქციებს. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 1 000-ზე მეტი სავაჭრო წყვილი, რომლებიც ყველა ძირითად აქტივს მოიცავს, მათ შორის USDT-ს, USDC-ს, Bitcoin-ს, Ethereum-სა და Solana-ს. როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, მათი საკომისიოები ბაზარზე ყველაზე დაბალ საკომისიოებს შორისაა.

საბანკო არხებთან ინტეგრაციას კი კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. კლიენტებს შეუძლიათ გაყიდონ კრიპტოვალუტა და დოლარი, ევრო, ლარი ან დირჰამი პირდაპირ საკუთარ ანგარიშებზე მიიღონ. "საქართველოს ბანკის", "თიბისი" ბანკის, "ლიბერთი" ბანკისა და სხვა ადგილობრივი ბანკების ანგარიშებზე გადარიცხვები თითქმის მყისიერად სრულდება. SWIFT-ის, SEPA-სა და ACH-ის სისტემების მეშვეობით კი საერთაშორისო ტრანზაქციები როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეუფერხებლად მიმდინარეობს. კლიენტი ვებსაიტზე აფიქსირებს კურსს, აგზავნის კრიპტოვალუტას და თვალს ადევნებს, როგორ აისახება თანხა ანგარიშზე. დოკუმენტაციის სრული პაკეტი ამ დროს სრულიად ავტომატურად გენერირდება.

ბიზნესკლიენტებისთვის ცალკე სპეციალიზებული მიმართულებაც ფუნქციონირებს. იგი მოიცავს კორპორაციულ სახაზინო კონვერტაციებს; უცხოელ პარტნიორებთან სტაბილკოინებით შესრულებულ ტრანზაქციებს, რომლებიც დღეების ნაცვლად რამდენიმე საათში სრულდება; იურიდიულად გამართულ დოკუმენტაციას, რომელსაც ბუღალტრები ზედმეტი კითხვების გარეშე იღებენ, და თითოეულ ანგარიშზე დანიშნულ პერსონალურ მენეჯერს.

ეს ჩამონათვალი მუდმივად იზრდება. კომპანიის დამფუძნებლები ლიცენზიას არა ფინიშის ხაზად, არამედ ფინანსურ სისტემაში შესასვლელ ბილეთად განიხილავენ. მათი სამოქმედო გეგმაც სწორედ ამაზე მეტყველებს: უფრო ღრმა ინტეგრაცია ქართულ ბანკებთან, საგადახდო ბარათები, ბიზნესანგარიშები და სახელობითი IBAN-ები. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, იკვეთება კრიპტოკაპიტალზე მორგებული ციფრული ბანკის ანატომია.

"ჩვენი მიზანია, კრიპტოსა და საბანკო ანგარიშს შორის თანხის მოძრაობა ჩვეულებრივ, რუტინულ ფინანსურ ოპერაციად იქცეს და არა სარისკო თავგადასავლად. კლიენტი ტელეფონით აფიქსირებს კურსს, აგზავნის USDT- და რამდენიმე წუთში ფული მის ანგარიშზე ირიცხება. ტრანზაქციას თან ახლავს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მომავალში შესაძლოა ბანკმა ან საგადასახადო მრჩეველმა მოითხოვოს. ადამიანები ამ დეტალს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ, არადა სწორედ გამართული დოკუმენტაციაა ჩვენი მთავარი პროდუქტი. ის, რაც ადრე მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებითა და ხელის ჩამორთმევით ხდებოდა, ჩვენ სრულფასოვან, საიმედო ინფრასტრუქტურად ვაქციეთ", ამბობს GeCrypto- პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, იაროსლავ ბულატოვი.

ინვესტორები რეგიონის დინამიკას ხედავენ

კრიპტოვალუტების მასობრივი ათვისების, მკაფიო რეგულაციებისა და გამართული ინფრასტრუქტურის სინთეზმა იმ ინვესტორთა ყურადღებაც მიიპყრო, რომლებიც განვითარებად ბაზრებზე ფოკუსირდებიან.

"საქართველო იმ იშვიათ ბაზრებს შორისაა, სადაც კრიპტოს ათვისების მაჩვენებელი, საბანკო სექტორის ხარისხი და რეგულაციური სიცხადე ერთმანეთს ერწყმის. აქ გვხვდება განვითარებადი ბაზრისთვის დამახასიათებელი ზრდის ტემპი და თამაშის წესები, რომელთა წაკითხვა და გაგება რეალურად შესაძლებელია. ჩვენთვის კავკასიაში ყველაზე საინტერესო ფინტექ-დინამიკას სწორედ ის ლიცენზირებული ოპერატორები ქმნიან, რომლებსაც რეალური ბრუნვები აქვთ: კომპანიები, რომლებიც ციფრულ აქტივებსა და ტრადიციულ საბანკო სისტემას შორის დამაკავშირებელ ხიდებს უხმაუროდ აშენებენ", აცხადებს BR Capital-ის საინვესტიციო ანალიტიკოსი, ვლად ჟუკოვი.

ამ ყველაფერს ხელს უწყობს მაკროეკონომიკური ფონიც. საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ეროვნულმა ბანკმა უკვე შეისწავლა ციფრული ლარის გამოშვების პერსპექტივა, მთავრობა კი ციფრულ ფინანსებს სტრატეგიულ პრიორიტეტად აღიქვამს და არა უბრალოდ თავს მოხვეულ ექსპერიმენტად. ამ მასშტაბის ქვეყნისთვის ინოვატორობა და მკაფიო ხედვის ქონა თავისთავად სრულფასოვანი სტრატეგიაა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ეს მიდგომა თავს სრულად იმართლებს.

რა იქნება შემდეგ

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მეწარმეებისთვის თბილისის გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილი მარტივია: კრიპტობიზნესი ჩრდილში მასშტაბირებას ვერ ახერხებს. ის მხოლოდ იქ ვითარდება, სადაც თამაშის წესები საკმარისად მყარია იმისთვის, რომ მათ საფუძველზე ბიზნესის აშენება იყოს შესაძლებელი. საქართველოში ეს პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. GeCrypto-ს მაგალითი კი ნათლად გვიჩვენებს, რა შეიძლება მივიღოთ შედეგად: ლიცენზირებული ფინტექ-კომპანია საბანკო სტანდარტების მქონე ბექოფისით, პროდუქტების მუდმივად მზარდი ხაზითა და სერიოზული სასტარტო უპირატესობით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიპტოადაპტირებულ ქვეყანაში.