Cyber Monday Sale! 50% Off All Access

LavaPi - კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს ბიზნესპროცესების გაციფრულებაში ეხმარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"2018 წლის ერთ საღამოს შევიკრიბეთ საახლობლო წრე და ყველამ ერთად აღვნიშნეთ, რომ გვსურდა ისეთი ბიზნესის დაწყება, სადაც მაქსიმალურად გამოვიყენებდით ჩვენს ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, უნარებსა და ენთუზიაზმს. გავიაზრეთ, რომ ბიზნესის დასაწყებად კვალიფიციური გუნდი იქვე ვისხედით, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით მენეჯერულ პოზიციებზე, თანაც უდიდესი მოტივაციით. შესაბამისად, "ლავაპის" შექმნა განაპირობა ერთობლივმა დიდმა ინტერესმა სტარტაპებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ, სურვილმა, ვყოფილიყავით ტექნოლოგიური რევოლუციის ნაწილი", - სწორედ ასე შეიქმნა LavaPi - კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს ბიზნესპროცესების გაციფრულებაში ეხმარება.

LavaPi-ს თანადამფუძნებელი და CEO, თეონა კელაპტრიშვილი, იხსენებს, რომ თავდაპირველად, ინიციატივაზე მუშაობისას, არსებული სამსახურების პარალელურად, მთელ თავისუფალ დროს ბიზნესის განვითარებას უთმობდნენ. ეს ყველაფერი 180 გრადუსით შეიცვალა პანდემიის დროს მას შემდეგ, რაც LavaPi-ს გუნდს Covid-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მოუმზადებლები იყვნენ კომპანიები ბიზნესოპერაციების დისტანციურად სამართავად და როგორ წინააღმდეგობებს წააწყდნენ გიგანტი კომპანიები, როცა ორგანიზაციების ოპერაციების გაციფრულების საჭიროება გაჩნდა.

"ჩემი სამუშაო გამოცდილება 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც დავსაქმდი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში. წლების განმავლობაში საკუთარი თავი გამოვცადე მარკეტინგში, ბრენდინგში, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ტექნოლოგიებში. მუშაობის პარალელურად, მოვიპოვე 100%-იანი გრანტი და დავიცავი მაგისტრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. 2018 წელს ევროკავშირისგან მივიღე სრული დაფინანსება და სწავლა გავაგრძელე პოლონეთში, სადაც 2020 წელს კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი მოვიპოვე ბიზნესკომუნიკაციებში.

როგორც მიხვდით, სწორედ პანდემიას უკავშირდება ლავაპის ზრდა, განვითარება და ბაზარზე ერთ-ერთ ძლიერ პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიად ჩამოყალიბება. აქტიურად დავიწყეთ ნიჭიერი ადამიანების დასაქმება და ვამაყობთ, რომ "ლავაპის" გუნდი შედგება ენერგიული, მოტივირებული, მცოდნე ადამიანებისგან, რომლებიც სიამოვნებით ეჭიდებიან გამოწვევებს და საინტერესო პროექტებს, იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და სჯერათ სამყაროს გაციფრულების.

მივხვდით, რომ დრო იყო, "ლავაპი" განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასულიყო. სწორედ 2020 წელს დავბრუნდი საქართველოში ახალი ცოდნით, გამოწვევების წყურვილით და ამბიციური ბიზნესსტრატეგიით", - Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს თეონა კელაპტრიშვილი.

როგორც "ლავაპის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ნებისმიერი ბიზნესის დაწყება მოითხოვს გამბედაობასა და სიმამაცეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარი კონკურენტუნარიანია. თეონა კელაპტრიშვილი მიიჩნევს - რომ არა უნიჭიერესი და პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ერთი მიზნით გაერთიანდნენ, შესაძლოა "ლავაპი" ვერც შემდგარიყო როგორც კომპანია.

ინიციატივაზე მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა რაც შეხვდათ იყო ის, რომ ქართულ კომპანიებს არ სჯეროდათ ბიზნესპროცესების გაციფრულების, ვერ ხედავდნენ ბიზნესაპლიკაციებისა და ვებგვერდების განვითარების საჭიროებას. სწორედ ამიტომ "ლავაპის" გუნდმა საკუთარი სერვისები საერთაშორისო ბაზარზე გამოსცადა, სადაც უკვე საკმაოდ პოპულარული იყო ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.

"წინააღმდეგობას წარმოადგენდა ნდობის ფაქტორი ქართული კომპანიის მიმართ, გვეკითხებოდნენ, საქართველოში თუ ვმუშაობდით იმ სტანდარტებით, რომელიც ევროპული თუ ამერიკული ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. რთული იყო, თუმცა დავამტკიცეთ, რომ მსოფლიო საჭიროებდა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას, როგორიც "ლავაპია". ჩვენი წარმატების მიზეზს სწორედ საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა და ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ის უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც ერთ დროს ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, ახლა "ლავაპის" პარტნიორები არიან.

რაც შეეხება სხვა ტიპის გამოწვევებს, ეს სტერეოტიპებთან გამკლავებასაც ეხება. არაერთხელ მიგრძნია სტერეოტიპული დამოკიდებულება არა მხოლოდ გენდერის, ასევე ასაკის კუთხით. მომხმარებელთან თუ პარტნიორებთან პირველი შეხვედრის დროს ყოველთვის მიწევდა საუბარი საკუთარ გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე, რათა ნდობა მომეპოვებინა. ახლა, როცა "ლავაპი" ტექინდუსტრიაში ძლიერი კომპანიაა, აღარ მიწევს იმის მტკიცება, რომ ქალი მმართველები დიდ ძალას წარმოადგენენ და არც ასაკს, არც გენდერს მნიშვნელობა არ აქვს, სათქმელს შედეგები ამბობენ", - აღნიშნავს თეონა.

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ თეონა კელაპტრიშვილს ასწავლა, რომ საწყის ეტაპზე ბევრად უფრო მეტი მარცხია, ვიდრე გამარჯვება, თუმცა ამის გამო ანტრეპრენერმა მოტივაცია არ უნდა დაკარგოს. "ლავაპის" თანადამფუძნებლის აზრით, სწორედ ასეთი ადამიანია ანტრეპრენერი - რომელიც ოცნებას ჯერ ამბიციურ მიზნად, შემდეგ კი წარმატებულ ბიზნესსაქმიანობად აქცევს.

"თუ ბიზნესის განვითარება გსურთ, დაივიწყეთ ე.წ. სამუშაო საათები, შვებულება და დასვენება შაბათ-კვირას. წარმატების საწინდარი 24/7 საკუთარ ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობა და დაუღალავი შრომაა. რაც შეეხება ქალებსა და გოგონებს, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, ვურჩევ იფიქრონ ისეთ პროდუქტზე, რომელიც სჭირდება ბაზარს, რომელზეც არის მოთხოვნა. ასევე, აუცილებლად მოძებნონ მენტორი, გააფართოონ სანაცნობო წრე, მოისმინონ სხვების აზრი და არ შეუშინდნენ სირთულეებს. ასეთ ადამიანებს სიამოვნებით ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებასა და პროფესიონალურ რჩევებს.

უწყვეტი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინსპირაციის არსებობაც. ჩემს შემთხვევაში, ინსპირაციას მაძლევენ თანამშრომლები, მათი იდეები, ხედვა, კრეატივი, თუ როგორ გვაერთიანებს მთელ გუნდს სიახლეების წყურვილი და როგორ გვსურს "ლავაპის "ტექნოლოგიებით ციფრული ინდუსტრიის ისტორიაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ", - აღნიშნავს ანტრეპრენერი.

2023 წელი საკმაოდ დატვირთული იყო "ლავაპისთვის". გუნდმა იმუშავა ახალ პროექტებსა და საკუთარი პროდუქტების განვითარებაზე. ამასთან, აქტიურად მონაწილეობდნენ მსოფლიო დონის ტექკონფერენციებში, გახდნენ ამერიკული სავაჭრო პალატის A დონის წევრები, წარმატებით დაასრულეს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები და დაასაქმეს სტუდენტები. გარდა ამისა, აქტიურად ავითარებენ "ლავაპის" შვილობილ კომპანიას - "ლავაკრუტს", რომელიც კომპანიებს ორგანიზებულ, ხარისხიან HR ადმინისტრირებასა და რეკრუტინგ სერვისებს სთავაზობს. რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმას, 2024 წლისთვის "ლავაპის" მიზანი კომპანიისა და გუნდის ზრდა და საქართველოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გახლავთ.

"2024 წლის პირველ ნახევარში წარმოგიდგენთ კორპორაციულ ღრუბლოვან საკომუნიკაციო პროდუქტს - "ლავაპინგს", რომელსაც მხოლოდ ორგანიზაციები გამოიყენებენ. 2024 წლის მეორე ნახევარში კი დავაანონსებთ კიდევ ორ ახალ პროდუქტს კორპორაციული ქოლცენტრებისა და ლოჯისტიკური კომპანიებისთვის. წლის განმავლობაში ასევე ვგეგმავთ რამდენიმე აქტივობას სტუდენტებისთვის და, უბრალოდ, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. როგორც ხედავთ, გეგმების ნაკლებობას არ ვუჩივით, ამიტომ წარმატება გვისურვეთ და დაელოდეთ სიახლეებს", - სამომავლო გეგმებზე საუბრობს თეონა კელაპტრიშვილი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი