Get All Access for $5/mo

LEO ინსტიტუტი - პიროვნული და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის 40 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

LEO ინსტიტუტი უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც საქართველოში ადამიანებისთვის და ორგანიზაციებისთვის ქმნის ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. ეს არის ცვლილების პროცესი, რომელიც მიმართულია ცნობიერი მიზნისკენ ისე, რომ სრულიად უგულებელყოფს იმ შეზღუდვებსა და წარმოდგენებს, რაც წარსული გამოცდილებით გვაქვს. მ პროცესში შესაძლებელი ხდება ყველაფერი, როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ დონეზე, ამიტომ შედეგი ყოველთვის არის შესამჩნევი ცვლილება ორგანიზაციის ეფექტიანობს, ადამიანის პროდუქტიულობსა თუ, ზოგადად ცხოვრების ხარისხში.

"LEO ინსტიტუტის მიზანია, ადამიანებმა ისწავლონ, როგორ გახდნენ თავიანთი ცხოვრების, პირადის თუ პროფესიულის, შემოქმედები და არ მოექცენ გარემოს, სხვა ადამიანების სურვილების თუ შეფასებების და, რაც მთავარია, საკუთარი შემზღუდველი ფიქრების გავლენის ქვეშ. ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან რათა დავანახოთ შესაძლებლობები გამოწვევების მიღმა", - სამი კოენი, Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და Leo მეთოდოლოგიის თანაავტორი.

საქართველოში სამი კოენის საქმიანობის დაწყება და მისი მეთოდოლოგიის ასობით ადამიანისათვის გაცნობა 2017-18 წლებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს ბანკმა, სამის და მის გუნდს საქართველოში ჩამოსვლა და ბანკის ლიდერშიპის გუნდის ტრანსფორმაციის მიზნით სემინარების ჩატარება შესთავაზა. სწორედ ამ პერიოდში, იგი იმდენად მოიხიბლა ადგილობრივი ატმოსფეროთი, ადამიანებით, რომლებთანაც საერთო მიზნები აღმოაჩინა და ზოგადად, ადამიანური ურთიერთობებით, რომ გადაწყვიტა LEO ინსტიტუტი საქართველოში დაეფუძნებინა და საკუთარი მეთოდოლოგია სულ უფრო მეტი ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის გაეცნო. მას შემდეგ, უკვე 4 წელზე მეტია, რაც სამი და მისი გუნდი ქმნიან ადამიანების და ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს, რომლებიც ეხმარება კომპანიებს დაცალკევებული, დაყოფილი გუნდების გაერთიანებაში, ეფექტიან ერთობლივ მუშაობაში, თანამშრომლების პოტენციალის სრულად გამოვლენაში და ბიზნესის წარმატების ახალი პარადიგმის შექმნაში,

და მაინც, რა არის LEO მეთოდოლოგია, ვინ წარმოადგენს LEO ინსტიტუტის გუნდს საქართველოში და რა ხელშესახები შედეგები დაიდო ამ წლების განმავლობაში, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე? ამის შესახებ Entrepreneur Leo ინსტიტუტის თანადამფუძნებლებს სამი კოენს და ანა კოენს, კომპანიის დირექტორს გიორგი ბურჭულაძეს და ქოუჩს თინა კუხიანიძეს ესაუბრა.

როგორც სამი კოენი გვიამბობს, LEO მეთოდოლოგია 1982 წელს შეიქმნა, მისი ოჯახისათვის ურთულეს პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს, კლერ ნუერს, ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს. მედიკოსთა ვარაუდით, კლერს სულ რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ასეთ რთულ ვითარებაში მყოფ პაციენტებში დეპრესია გავრცელებული მოვლენაა და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი, თუმცა სამისა და კლერს ეგზისტენციალური შეკითხვები გაუჩნდათ, რაც ახალი მეთოდოლოგიის შექმნის საფუძველი აღმოჩნდა.

"ხშირად ხდება, რომ ადამიანები ცხოვრებას მაყურებლის პოზიციიდან ვუყურებთ, ნაცვლად იმისა, რომ მასში მთავარი მოქმედი გმირი ვიყოთ. ეს მეთოდოლოგია არის ყველასთვის, ვისაც სურს შექმნას ის ცხოვრება, რომელიც გულით უნდა. ადამიანები შემოქმედები ვართ. ჩვენ გვაქვს სურვილი ახალ-ახალი აღმოჩენების კეთების, თუმცა ყოველთვის გვაფერხებს რაღაც. უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი ცხოვრებისეული გამოცდილება დაეხმარება მათ ან მათ ბიზნესს წარმატების მიღწევაში. მაგრამ რა არის გამოცდილება? ეს გახლავთ მოვლენები, რომლებიც წარსულში ჩვენთვის სასიკეთოდ ან პირიქით, წარუმატებლად დასრულებულა. გამოცდილება წარსულს ეფუძნება და არა მომავალს. ამგვარად, ხშირად გამოცდილება გვაფერხებს რაიმე ახლის კეთების გზაზე. ადამიანის კრეატიულობის გამოსაღვიძებლად, საჭიროა რწმენა და სურვილი. ცხადია, გამოცდილებას თავისი ადგილი უჭირავს, მაგრამ შემოქმედებით მდგომარეობაში ადამიანი ხედავ შესაძლებლობებს გამოწვევების მიღმა და საკუთარი შინაგანი ხმის ჩურჩულის, ეგოს ხმამაღალი ძახილისგან გარჩევა შეუძლია. ეს მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი", - აცხადებს სამი კოენი.

თავდაპირველად, LEO მეთოდოლოგია მხოლოდ პიროვნული განვითარების მიმართულებაზე მუშაობდა და მის ბიზნესთან მისადაგებაზე არავინ ფიქრობდა, მანამ სანამ სამი და კლერი არ შეხვდნენ პიტერ ზენგეს, რომელმაც ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პროცესში ლეო მეთოდოლოგიის ადგილი მკაფიოდ დაინახა. მალევე, ერთ-ერთი სემინარის მონაწილემ, კალიფორნიელმა ბიზნესმენმა სამის შესთავაზა, რომ საკუთარი კომპანიიდან ყოველთვიურად გამოუშვებდა მენეჯმენტის წარმომადგენლებს.და მართლაც, უკვე მომდევნო თვეს, LEO მეთოდოლოგიით შექმნილ სემინარზე ერთი ორგანიზაციიდან 80-მდე მენეჯერი მოვიდა.

"ეს ადამიანი იძენდა კომპანიებს, აერთიანებდა აბსოლუტურად სხვადასხვა კორპორაციული კულტურის მქონე ადამიანებს ერთმანეთთან და შემდგომ ამ კომპანიებს ბირჟაზე ჰყიდდა. ამ გზაზე მას უამრავი დაბრკოლება შეექმნა, ვინაიდან კულტურული განსხვავებების გამო, ამ გუნდების წევრებს არ შეეძლოთ ერთმანეთთან სრულფასოვნად მუშაობა და კომპანიების შეძენიდან, მათ გაყიდვამდე, 3-4 ორგანიზაცია პრაქტიკულად კოტრდებოდა. ამ დროს, კალიფორნიელმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ Leo მეთოდოლოგიის დახმარებით, იგი შეძლებდა საკუთარი კომპანიების დასაქმებულთა კულტურულ ტრანსფორმაციას და ამ გზით, მათი ღირებულების გაზრდას, რამაც გაამართლა კიდეც. საბოლოო ჯამში, ამ ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა Leo მეთოდოლოგიის ბიზნესად ქცევა. დღეს, ჩემი შვილები სან ფრანცისკოში აგრძელებენ მუშაობას, ხოლო მე ჩემს გუნდთან ერთად - საქართველოში", - გვიამბობს სამი.

აღსანიშნავია, რომ Leo ინსტიტუტმა, 40 წლიანი არსებობის ისტორიის განმავლობაში, წარმატებით იმუშავა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან: NASA, Shell, Visa, Boeing, Moleskine, Anchor Capital და სხვა. Leo-ს გუნდის კომპანია Shell-თან ერთწლიანი ლიდერობის პროგრამის შედეგებზე, თავის ბოლო წიგნში საუბრობს გლობალური მასშტაბით აღიარებული სამოტივაციო სპიკერი და არაერთი წიგნის ავტორი საიმონ სინეკიც, რომელიც წერს:

"საშუალოდ, ნავთობპლატფორმებზე, პლატფორმის მუშაობის სტაბილურობა და მდგრადობა 95%-ს შეადგენს. Shell URSA-მ მოახერხა ამ მაჩვენებლის 99%-მდე გაუმჯობესება. მათი წარმადობა 43%-ით აღემატებოდა ზოგადად ამ დარგის სტანდარტებს. მათ თავიანთ მიზნობრივ საწარმოო მოცულობასაც კი გადააჭარბეს 14 მილიონი ბარელით და ამ ყოველივეს რომ თავი დავანებოთ, მათ შეძლეს თავიანთი წარმოების ეკოლოგიური მდგენელის გამოსწორებაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ მაღალეფექტიანი გუნდი შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიპოვოთ ნდობა და მოვახერხოთ თანამშრომლების მოსმენა".

რაც შეეხება Leo ინსტიტუტის მუშაობას საქართველოში, ამ ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, Leo მეთოდოლოგიით თანამშრომელთა პროდუქტიულობისა და ჩართულობის ასამაღლებლად, Leo-ს გუნდთან ითანამშრომლეს: საქართველოს ბანკმა, საკონსულტაციო კომპანიამ - PMCG, ცნობილმა კრეატიულმა სააგენტომ - Leavingstone, საერთაშორისო ორგანიზაციამ - EY, GHG-მა, რომელთათვისაც ინსტიტუტმა ექსკლუზიური tailor made პროგრამები შეიმუშავა. გარდა ამისა, Leo-ს სემინარების ფორმატში არაერთი წამყვანი ადგილობრივი კომპანიის თანამშრომლებს მიუღიათ მონაწილეობა, ჯამში, 500-მდე ადამიანი, საშუალო და დიდი კომპანიების დამფუძნებლები, C level-ის და middle level-ის მენეჯმენტი,

როგორც ანა კოენი აღნიშნავს, Leo ინსტიტუტის ყველა პროგრამა ლეო მეთოდოლოგიას ეფუძნება, თუმცა პროგრამების დიზაინი მუდმივი შემოქმედებითი პროცესია სხვადასხვა კომპანიის კონტექსტის მიხედვით. "ჩვენი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება კომპანიების მოსმენას, მათი სპეციფიკისა და პრობლემების გაგებას, რის შემდეგაც ვამუშავებთ კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს. ცხადია, ბიზნესებს აქვთ საერთო თვისებებიც, თუმცა თითოეულ მათგანს დროის კონკრეტულ მომენტში, სპეციფიურ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, რაზე დაყრდნობითაც ვაგებთ კურსის დიზაინს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა. შემიძლია გავიხსენო EY-სთან მუშაობის ქეისი, როდესაც პანდემიით გამოწვეულმა დისტანციურმა მუშაობამ, პოსტ-პანდემიურ პერიოდში თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისას იჩინა თავი და დადგა გუნდის ინტეგრაციისა და ერთად მუშაობის გაძლიერების საჭიროება. მეორე მხრივ, ერთ-ერთი ფინური კომპანიის მთავარი გამოწვევა თანამშრომელთა შორის კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, რის გამოც ისინი მკაცრ დედლაინებსა და მჭიდრო განრიგს ვერ ართმევდნენ თავს. Leo ინსტიტუტი იკვლევს ყველა კონკრეტულ ქეისს და ბიზნესებს, მათზე მორგებულ გადაწყვეტებს სთავაზობს, რაც გაცილებით დიდ შედეგს იძლევა", - აცხადებს ანა.

Entrepreneur-თან საუბრისას Leo ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი ბურჭულაძემ გაგვიზიარა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - Gallup-ის ერთ-ერთი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, 165 000 ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით, დასაქმებულთა მხოლოდ 15%-ა ჩართული კომპანიის საქმიანობაში სრულყოფილად, ხოლო 85%-ს ან არ მოსწონს საკუთარი სამუშაო ადგილი, ან უბრალოდ გამოთიშულია პროცესებს. "ცხადია, ეს პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მცირეა, თუმცა თუკი ამ გამოწვევას შესაძლებლობად აღვიქვამთ, წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი, თუ კომპანიები არსებულ რესურსს სრულად აითვისებენ. ამ კვლევის ფარგლებში გამოვლინდა თანამშრომელთა ამგვარი პასიურობის მიზეზებიც, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი გახლავთ ურთიერთობა უშუალო უფროსთან. მენეჯერობა ფორმალური თანამდებობაა და დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ყველა მენეჯერი კარგი ლიდერი არაა. ლიდერობა უნარების ერთობლიობაა, რომელთა გამომუშავებაც შესაძლებელია. შედეგად, მენეჯერთა ლიდერული უნარები და გუნდის წარმატება კორელაციაშია და ჩვენ გვჯერა, რომ ლიდერს, რომლის თანამშრომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული და ეყვარებათ თავიანთი სამსახური ოთხი ძირითადი უნარის გაუმჯობესება სჭირდება, ესენია: მოსმენა, ემპათია, უკუკავშირის გაცემა და მიღება და დელეგირება მხარდაჭერით. ვენ არ ვასწავლით ბიზნესებს როგორ აკეთონ თავიანთი საქმე, ჩვენ არ ვართ ბიზნეს კონსულტანტები, რომელიც რჩევებს გასცემს. Leo- აქვს ექსპერტიზა და გამოცდილება დაეხმაროს ლიდერებს და გუნდებს მოახდინონ კულტურული ტრანსფორმაცია, რომლის შედეგადაც შეკავშირება, ერთი მიზნისთვის მუშაობა და თანამშრომელბის მაღალი ჩართულობა ხდება შესაძლებელი. ოდესაც გუნდი ამ მიმართულებით იწყებს მოძრაობას, მათ სასწაულების მოხდენა შეუძიათ.", - ამბობს გიორგი ბურჭულაძე.

Leo ინსტიტუტის ქოუჩის თინა კუხიანიძის თქმით, Leo მეთოდოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი გახლავთ ის, რომ გუნდი რეცეპტებით და გამზადებული გადაწყვეტილებებით არ მუშაობს. "ჩვენ არ ვართ კონსალტინგი, ტრადიციული გაგებით, არამედ ვცდილობთ, რომ პრაქტიკული მაგალითებით ვაჩვენოთ ჩვენი პროგრამების მონაწილეებს შესაძლებლობები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება მათ დავუტოვოთ. ჩვენ ვერავის ვეტყვით რა იქნება მათთვის უკეთესი, მაგრამ შეგვიძლია დავანახოთ ის ზედმეტი რაღაცები, რისი მოშორებითაც გაცილებით ეფექტიანები და პროდუქტიულები გახდებიან. წარმოიდგინეთ, როდესაც რომელიმე ბრაუზერში ბევრ ფანჯარას ვხსნით, აპლიკაცია იტვირთება და სრულყოფილად ვეღარ მუშაობს, სანამ მათ ნაწილს მაინც არ დახურავ. ამავე პრინციპით მუშაობს ადამიანის გონებაც, როდესაც ზედმეტი ამოცანებით იტვირთება და კონკრეტულ მიმართულებაზე ფოკუსირებას ვეღარ ახდენს. ჩვენ ვეხმარებით მონაწილეებს, ამ ზედმეტი ფანჯრების დახურვაში მათ გონებაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში", - აღნიშნავს თინა.

Leo მეთოდოლოგია, კულტურული ცვლილებების და ფუნდამენტური ტრანსფორმაციის მიზანს ემსახურება. ხშირად კომპანიები ატარებენ სხვადასხვა ტრენინგებს კულტურურის ცვლილების მიზნით, თუმცა უმეტესობა მათგანს კოსმეტიკური და მოკლევადიანი ეფექტი აქვს, რადგან ტრენინგების უმრავლესობა არ ემუშავება საწყისებს, საიდანაც არსებული კულტურის ქცევები მოდის.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ Leo ინსტიტუტი ორი მიმართულების გაძლიერებაზე მუშაობს - თანამშრომელთა მაქსიმალურ ჩართულობაზე და ლიდერთა ტრანსფორმაციაზე გუნდური მუშაობის კულტურის გასავითარებლად. როგორც გიორგი ბურჭულაძე აღნიშნავს: "ჩვენ ლიდერებსა და კომპანიების გუნდის წევრებთვის ვქმნით გარემოს, და ვახდენთ პროცესის ფასილიტაციას სემინარების და ვორქშოპების ფორმატში, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია დაინახოს და შეცვალოს ქცევა საკუთარი და სხვების საკეთილდღეოდ. ხოლოდ ამ მეთოდით ხორციელდება ნამდვილი კულტურული ცვლილება".

ამჟამად, Leo ინსტიტუტი ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ფარგლებში ორი პროგრამით მუშაობს, ესენია: "გამოანათე", რომელიც ორიენტირებულია კომპანიების კულტურულ ცვლილებაზე ე.წ. Silo მენტალობის აღმოფხვრისა და თითოეულ თანამშრომელში ლიდერის უნარების განვითარების გზით და Conscious Leader, რომელიც ლიდერების ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. ვრცლად ამ პროგრამების შესახებ, Entrepreneur-ის მკითხველი სულ მალე შეიტყობს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"