ლექსო ჩარკვიანი ლეჩხუმში საკურას ხეივანს აშენებს და მსოფლიო რეკორდის დამყარება სურს
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლეჩხუმში, ჯონოულის ხეობაში მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საკურას ხეივანი იყვავილებს. 5 კმ-იანი ორმხრივი ხეივნის გაშენების იდეა ლექსო ჩარკვიანს ჯერ კიდევ 3 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც ლეჩხუმში ტურისტების მოზიდვის შესაძლო გზებზე ფიქრობდა.
დღემდე ლექსოს არაერთი რამ უცდია ლეჩხუმში ტურისტების მოსაზიდად, თუმცა ახლა ისეთი იდეის განხორციელება სურდა, რასაც მუდმივი და მასობრივი სახე ექნებოდა. სწორედ ასე დაიბადა საკურას ხეივნის იდეაც - ჯონოულის ხეობის გავლით გზა მწვანე ტბამდე მიდის, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს, სწორედ ამ გზაზე განთავსდება საკურას ხეივანი და საინტერესო სანახაობას შექმნის.
როგორც ლექსო გვიყვება, თავდაპირველად საკურა ეზოში გაამრავლა, რათა იდეის განსახორციელებლად საკმარისი კვირტები ჰქონოდა. წელს კი საქმიანობას აქტიურად შეუდგა. მართალია, ნერგები თავად გამოჰყავს, თუმცა დიდი ხეივნის გაშენებისთვის დამატებითი რესურსები იყო საჭირო, კერძოდ კი მწარე ბლის საძირეები, რომელზეც საკურას კვირტები უნდა დაიტანოს. რამდენიმე თვის წინ ლექსომ საზოგადოებას ამ იდეის განხორციელებისთვის მხარდაჭერა სთხოვა და პასუხმაც არ დააყოვნა.
"მწარე ბლის ხეების საძირეებია საჭირო, ამიტომ Facebook-ზე დავწერე, რომ არ მქონდა იმდენი რესურსი, რომ 5 კმ-იანი ხეივანი გამეშენებინა, პატარა მონახაზი გავაკეთე და ხალხი მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა. დავაანონსე, რომ პროცესს 3 აპრილს დავიწყებდი, ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიოდნენ - ჩუმლაყი, ხაშმი, ბორჯომი, ბაღდადი, ხულო და სხვა ყველა თავიანთი ხეებით. განა ჩვენ გვიჭირდა ლეჩხუმში, მაგრამ მე მინდოდა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდებს მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში და ასეც მოხდა", - აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.
თავდაპირველად მწარე ბლის ხეების დათესვა 500 მეტრზე იგეგმებოდა, თუმცა ხალხის ნაკადისა და ენთუზიაზმის გათვალისწინებით საბოლოოდ საძირეები 1500 მეტრზე განთავსდა. აგვისტოში მათზე კვირტს დაიტანენ, საძირეების დათესვის პროცესი კი შემოდგომაზე გაგრძელდება და სავარაუდოდ შემოდგომაზევე დასრულდება.
როგორც ლექსო გვიყვება, ლეჩხუმში დიდიდან დაწყებული პატარით დამთავრებული, ყველა ჩართული იყო ამ პროცესში. მათ შორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც ტექნიკითა და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმარნენ მას.
"ერთი ტრაქტორით დავიწყეთ, მწვანე ტბის კომპლექსის მეპატრონე კახა გასვიანი დამეხმარა ამაში, თავისი ტექნიკით. მერე მეორე ტექნიკაც მოვიდა, მესამე კი მერიამ მოიყვანა, რადგან ვერ ასწრებდნენ უკვე ტრაქტორები მუშაობას, იმდენი ხალხი მოდიოდა. შემოდგომაზეც ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, ალბათ, ერთ თარიღს ვიტყვით და ვმობილიზდებით. მანამდე, თვითონ ადგილობრივებიც შევთანხმდით, რომ ერთობლივად მივხედავთ", - აღნიშნავს ლექსო.
ლექსო ჩარკვიანი და "დაკარგული სამოთხე"
ლექსო პროფესიით ინჟინერია, საინტერესო წარსული გამოცდილებით ტურიზმის ინდუსტრიასა და მედიაში, სადაც გაზეთისა და რადიოსთვის ჟურნალისტურ მასალებს ქმნიდა. მართალია, იგი დღეს საჯარო რეესტრის სამსახურში მუშაობს, თუმცა არც წარსულ გამოცდილებას ივიწყებს და იმ ცოდნასა თუ გამოცდილებას ლეჩხუმის ულამაზესი დასახლებების გასაძლიერებლად იყენებს.
უკვე 7 წელია, რაც ლექსო სამსახურის პარალელურად ლეჩხუმსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სოფელ-სოფელ დადის, მიტოვებულ სახლებს ეძებს და იქაური კერები გაათბოს ცდილობს. ამ საქმისთვის იგი Facebook პლატფორმას იყენებს, "დაკარგული სამოთხე" - ასე ჰქვია მის გვერდს სოციალურ ქსელში, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო კონტენტს ქმნის. როგორც თავად გვიყვება, ამ საქმეს ხელი მას შემდეგ მოჰკიდა, როდესაც ლეჩხუმის სოფლებში ბეღლის ძიებისას მის თვალწინ მიტოვებული სახლი დაინგრა.
"დავიწყე სოფელ-სოფელ სიარული და მიტოვებული სახლების ძებნა, შემდეგ მეპატრონეებს ვუკავშირდებოდი, ვეკითხებოდი, რას უპირებდნენ ამ სახლს, ზოგს ვურჩევდი, მოდი, კემპინგად გადააკეთე-მეთქი, მხოლოდ ორმა დამიჯერა. ვიღებდი ვიდეოლაივებს სახლების შესახებ, ვიდეოზე მეპატრონის ტელეფონის ნომერს ვაწერდი, ლაივის მაყურებელი ინტერესდებოდა, მოდიოდა და ყიდულობდა. მთელი ეს პროცესი ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე მიმდინარეობდა. 98 კარ-მიდამო გათბა 7 წლის განმავლობაში, თუმცა სხვებსაც მიეცათ მოტივაცია, რომლებმაც თავად მოძებნეს სახლები და დღეს დაახლოებით 127 ასეთი კარ-მიდამოა", - აღნიშნავს იგი.
სამწუხაროდ, უკვე მე-8 წელია, რაც ლექსო მეწყრული პროცესების გამო ლეჩხუმში მდებარე საკუთარ სახლში ვერ ახერხებს შესვლას. როგორც თავად გვიყვება, 2-სართულიანი სახლის პირველი სართული საკუთარი ხელებით გამოიღო გამოსაშრობად, თუმცა ამანაც არ უშველა. წლევანდელმა 7 თებერვლის სტიქიამ კი იგი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. მიმდინარე ზაფხულის მთავარი ამოცანაც საკუთარი სახლის წესრიგში მოყვანაა, შემდეგ კი აქტიურად განაგრძობს ძველ საქმიანობას.
ლექსოს თქმით, ლეჩხუმში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი, მშრომელი და წარმატებული ადამიანია, რომლებიც არ ჩანან და მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. თავად კი მაქსიმალურად ცდილობს ამ ადამიანებს ყველა ტიპის მხარდაჭერა გაუწიოს.
"ლეჩხუმში ისეთი ადამიანები არიან და ისეთ რამეებს აკეთებენ, ჩემი საქმე ზღვაში წვეთია იმასთან. უბრალოდ, არ ჩანან სოციალურ ქსელში, არ აქტიურობენ. მე თუ სადმე გადავაწყდი რომელიმეს, ვეუბნები - მოდი, გადავიღებ ლაივს და გამოჩნდი შენი პროდუქტით, საქმიანობით. ძალიან ბევრი მაგარი ადამიანი მაგარ საქმეს აკეთებს, უბრალოდ, ეს პატარა კუთხეა და მეტი აქტივობა უნდა, რომ ტურიზმი შევიდეს და განვითარდეს", - აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.