Lis Caucasus – ქართული ბაზრის სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხშირად სხვადასხვა კომპანია თუ ორგანიზაცია ღონისძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, ხოლო სინქრონული თარგმანი ამ ღონისძიებების ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია ხოლმე. თუმცა მალევე ჩნდება ისეთი პრობლემა, როგორიცაა სინქრონული/თანმიმდევრული თარგმანის მომსახურების გამწევი კომპანიების სიმცირე, ამ კომპანიებში ტექნიკური და ადამიანური რესურსის ნაკლებობა, არაგონივრულად მაღალი ტარიფები და სხვა. კომპანია Lis Caucasus საქართველოს ბაზარზე სინქრონული თარგმანის კუთხით არსებული დანაკლისის შევსებას ცდილობს.
"კომპანიის მთავარი მიზანი ამ ნაპრალის შევსებაა – როგორც დამწყებ, ისე დამკვიდრებულ კომპანიებთან თანამშრომლობა ღონისძიების ტექნიკური აღჭურვისა და სინქრონული თარგმანის უზრუნველყოფის კუთხით.
ეს იდეა წლების წინ გაჩნდა, მაშინ, როდესაც ადგილობრივ ღონისძიებებს ვთარგმნიდი სინქრონში, შემდეგ კი ევროკავშირისა და აშშ-ის უწყებებთან აქტიურად ვთანამშრომლობდი ამავე მიმართულებით. თუმცა კომპანიის შექმნის იდეას ხორცი მანამ ვერ შევასხი, სანამ სადოქტორო ნაშრომი წარმატებით არ დავიცავი, რადგან სამეცნიერო კვლევას დროისა და ენერგიის დიდი ნაწილი მიჰქონდა", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ლაშა კაკაშვილი.
ლაშა კაკაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიის დაფუძნება დიდ ენერგიას ნამდვილად მოითხოვდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწყის ეტაპზე დიდი გუნდი არ იყო და თავად უწევდა ახალი პროფესიების ათვისება კომპანიის სამართავად, იქნებოდა ეს მარკეტინგი, ფინანსები თუ სხვა.
"ამავდროულად, წარმოუდგენლად დიდი დრო მიაქვს სანდო საერთაშორისო მომწოდებლების მოძებნას, რათა სინქრონული თარგმანისთვის განკუთვნილი ისეთი ტექნიკა და აღჭურვილობა შეიძინო, რომელზეც იმედი გექნება, რომ არ გიღალატებს. ამ სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აქაც თავისი გააკეთა და პრობლემა გადაიჭრა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს", – აღნიშნავს ის.
ლაშა კაკაშვილი სინქრონულ თარგმანს ყოველთვის ჰობიდ აღიქვამდა. სწორედ ამიტომ, მთელი მისი ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისკენ იყო მიპყრობილი, რადგან ეს უფრო საინტერესოდ ეჩვენებოდა.
"მითუმეტეს, უნივერსიტეტშიც საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობდი და ახლა წლებია უკვე, რაც ვასწავლი კიდეც. თუმცა, როცა მივხვდი, რომ საქართველოში არც ისე დიდი იყო ჩემი სანაცნობო წრე, ვისაც სინქრონული თარგმანით მომსახურებას შევთავაზებდი, დამჭირდა საკმაოდ დიდი ძალისხმევა, რათა სწორი მარკეტინგის მეშვეობით პირველ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობა დამეწყო", – ამბობს ის.
მისი თქმით, მას ძალიან მოსწონს ფაქტი, რომ ერთ დროს უბრალოდ ჰობი, ამჟამად მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
"ბიბლიის ძველ აღთქმაში, იგავების წიგნის 22-ე თავის 29-ე მუხლში, ასეთი რამ წერია: "გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი და არა მდაბიოთა წინაშე". ძლიერი სიტყვებია და მომწონს, როცა ადამიანი რამეს ხელს ჰკიდებს და საქმე ბოლომდე მიჰყავს", – ამბობს ლაშა კაკაშვილი.
Lis Caucasus-ის დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მომავალ წელს კომპანიის შესახებ უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც სინქრონული თარგმანი აინტერესებს.
"უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ის, ვინც უპირატესობას ხარისხს ანიჭებს. გარდა ამისა, რა დასამალია, ყველა სფერო, მათ შორის თარგმანიც, სულ მალე ხელოვნური ინტელექტის ხელში აღმოჩნდება. თუმცა ეს სინქრონული თარგმანის არა დასასრული, არამედ პირიქით, ახალი ერაა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ახალი ერა საქართველოში სწორედ ჩვენით დაიწყოს", – ამბობს ლაშა კაკაშვილი, Lis Caucasus-ის დამფუძნებელი.