Get All Access for $5/mo

Logo Typo - ქართული შრიფტი, როგორც გრაფიკული ვიზუალიზაციის საშუალება ციფრულ სივრცეში ვინ დაიწყო ბიზნესი 2023 წელს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩემი მიზანია ქართული ანბანი და ტიპოგრაფიული გრაფიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ციფრულ სივრცეში. მინდა ქართული შრიფტის მნიშვნელობა და ღირებულება გრაფიკული დიზაინის საშუალებით ვაჩვენო. რადგან მსოფლიო ციფრულდება, ამ პროცესს ქართული ანბანი არ უნდა ჩამორჩეს", − ლიკა სიჭინავა, Logo Typo-ს დამფუძნებელი.

ლიკას ეს იდეა ტიპოგრაფიული ილუსტრაციის გაციფრულების შემდეგ გაუჩნდა. მისი შემოქმედება დიდ აღფრთოვანებას იწვევდა.

"ხშირი იყო კომენტარები: გვაჩუქე, დაბეჭდე და ვიყიდით, მოდი, ჰუდზე დაბეჭდე, ჭიქაზე დაგეპრინტა და ა.შ. როდესაც ქართული დამწერლობა ამის საშუალებას გაძლევს, ენაც მრავალფეროვანი ლექსიკით გამოირჩევა და ამავე დროს მიდრეკილი ხარ ტიპოგრაფიული ვიზუალიზაციისკენ, თავისთავად ჩნდება იდეები, რომლებიც ფურცლებზე გადამაქვს", − ამბობს ლიკა.

იგი ფიქრობს, რომ ნებისმიერი ბიზნესის დაწყება დაკავშირებულია დიდ რისკთან და ყველა მეწარმეს ეს გააზრებული უნდა ჰქონდეს. მისთვის მთავარი გამოწვევა იყო დრო.

"ვფიქრობდი, რომ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი იყო ყველა სამსახურიდან წამოსვლა, მაგრამ შემდეგ გადავხედე წარმატებული მეწარმეების ისტორიებსაც და მივხვდი, რომ ეს პროცესი შეიძლება ეტაპობრივადაც განხორციელდეს. ამიტომ აღარ ღირდა ბიზნესის დაწყების გადადება და ქმედითი ნაბიჯები გადავდგი", − გვიყვება ლიკა.

იგი დარწმუნებული იყო საკუთარ შესაძლებლობებში, თუმცა ეჭვობდა, რომ მომხმარებელი არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის. მიღებულმა უკუკავშირმა დაარწმუნა, რომ მომხმარებელსაც ძალიან კარგად ესმის მისი საქმიანობის მნიშვნელობა.

"ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია უამრავ კომპანიაში, თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ თუ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა, იქნებოდა ვიღაც, ვინც დამაზღვევდა და დამეხმარებოდა. როდესაც იწყებ დამოუკიდებელ საქმიანობას, ეს უკვე აღარ არსებობს.

ახლა მე ვარ ის, ვინც იღებს სრულ პასუხისმგებლობას. არ აქვს მნიშვნელობა, სხვისთვის მუშაობ თუ საკუთარი ბიზნესი გაქვს, უნდა შეინარჩუნო ხარისხი, არ უნდა შეწყვიტო სწავლა და განვითარება", − ამბობს ლიკა.

დღეს უკვე თავად გახდა ანტრეპრენერი და მიაჩნია, რომ ამისთვის მთელი ცხოვრება ემზადებოდა. აგროვებდა ნდობის კაპიტალს.

"ჩემი აზრით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, ვისაც აქვს განსაკუთრებული ხედვა და უნარი, იმოქმედოს იმ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, რისი საჭიროებაც დგას. იგი მუდმივად ეძებს პრობლემებს და ცდილობს მათ გადაჭრას, რათა შესრულებული იდეა ცოცხალ ორგანიზმად დარჩეს, დროს არ ჩამორჩეს და მოთხოვნადი იყოს".

ლიკასთვის ეს საქმიანობა ფანტაზიის რეალიზების პროცესია. განცდა იმისა, რომ თავისი შრომით ხელს შეუწყობს ქართული ანბანის პოპულარიზაციას, კიდევ უფრო დიდ მოტივაციას სძენს.

ბევრი იდეა აქვს, სურს შექმნას ტიპოგრაფიული ვიზუალები, ანბანური სიმბოლოები, გრაფიკული გამოსახულებები, სადაც მხოლოდ ქართულ შრიფტს გამოიყენებს და ვიზუალიზაციას მოახდენს, ქართული ორნამენტისა და შრიფტის მეშვეობით.

"მუშაობის პროცესში ერთი იდეა მეორეს ბადებს, რაც მეხმარება მუდმივ განვითარებაში. დიდი სურვილი მაქვს, გავზარდო მასშტაბები და შევქმნა კიდევ უფრო მეტი და საინტერესო პროექტი. მინდა ქართული შრიფტი, როგორც დამოუკიდებელი შრიფტი, ასევე როგორც გრაფიკული დიზაინის ნაწილი, მსოფლიოში გახდეს პოპულარული. დიდი სიამოვნებით მექნებოდა კოლაბორაცია დემნა გვასალიასთან".

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს