Get All Access for $5/mo

Loialte - კომპლექსური მომსახურება ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აუდიტორული საკონსულტაციო კომპანია Loialte ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს.

Loialte გიგა ფაიქიძემ და შორენა ასაბაშვილმა 2018 წელს დააფუძნეს. ორივე დამფუძნებელს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის, საკონსულტაციო საქმიანობისა და ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბაზრის საჭიროებებსა და მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვების შედეგად თავდაპირველად კომპანიებს კორპორაციული სატრენინგო, აუდიტორული, საგადასახადო და ბუღალტრული სერვისები შესთავაზეს. მოგვიანებით კი ახალი პროდუქტებიც შექმნეს და ძველიც განავითარეს.

Loialte-ს მთავარი ღირებულება კლიენტების კმაყოფილება და ერთგულებაა. ეს ხედვა ბრენდის სახელშიც აისახა, რაც ლოიალურობასა და ერთგულებასთან ასოცირდება.

არსებობის 5 წლის განმავლობაში Loialte სწრაფად გაიზარდა. დღეს უკვე კომპანია 3 ფილიალითაა წარმოდგენილი − 2 თბილისში და 1 ბათუმში. დედაქალაქთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში განვითარებას ეთმობა. ამ მხრივ, ერთ-ერთი პრიორიტეტი აჭარის რეგიონია, სადაც Loialte 2019 წლიდან ფუნქციონირებს და სულ ახლახან მომხმარებელს განახლებული ფილიალი წარუდგინა. ახალ ფილიალში ისინი აჭარაში ადგილობრივ ბიზნესს უფრო ეფექტიანად შესთავაზებენ ყველა იმ სერვისს, რასაც თბილისში სთავაზობენ. ბუნებრივია, სწრაფი ზრდა ფინანსურ შედეგებშიც აისახა და თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს, კომპანია ყოველწლიურად მინიმუმ აორმაგებდა როგორც შემოსავლებს, ისე კლიენტების რაოდენობას.

"კომპანიის საწყისი კაპიტალი იყო 0. ფაქტობრივად ისე დავიწყეთ, რომ არ გვქონდა ოფისი, არ გვყავდა თანამშრომლები და ა.შ. დაუღალავი შრომის შედეგად 5 წლის თავზე მოხერხდა, რომ 70-მდე ადამიანს ვასაქმებთ და ყოველთვიურად რამდენიმე ასეულ კლიენტს ვემსახურებით", განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი გიგა ფაიქიძე.

Loialte ბაზარზე კომფორტული და კომპლექსური მომსახურებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია ათი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, რომლებიც თავის მხრივ ბევრ სხვადასხვა მომსახურებად იშლება. მაგალითად, თუ საბუღალტრო აუთსორსინგით დაინტერესდებით, Loialte სამი სახის მომსახურებას გთავაზობთ: "განვლილი პერიოდის ბუღალტერიის აღდგენა", "ყოველთვიური საბუღალტრო აღრიცხვა", "მთავარი ბუღალტრის მომსახურება" და "ინვენტარიზაცია". სწორედ მსგავსადაა ჩაშლილი სხვა დანარჩენი სერვისებიც.

მომსახურების ხარისხის შესანარჩუნებლად და ასევე იმისათვის, რომ მომხმარებელს მკაფიო აღქმა ჰქონდეს, თუ რას სთავაზობს კომპანია, Loialte-ში შვილობილი ბრენდების განვითარება გადაწყვიტეს. ისინი კლიენტებს სხვადასხვა მიმართულებით ემსახურებიან, მაგალითად: HR-მომსახურებას უზრუნველყოფს HRM-სააგენტო Hiro, იურიდიულ სერვისებს − contractor და ა.შ.

Loialte-ს ძირითადი მიმართულებებია:

  • აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა
  • გადასახადები
  • ბუღალტერია
  • ფინანსური მართვა
  • Hiro – HRM-სააგენტო
  • Contractor − იურიდიული მომსახურება
  • Loialte Strategy − მენეჯმენტ-კონსალტინგი
  • Altera − ციფრული ტექნოლოგიები
  • Erudio − საგანმანათლებლო ჰაბი

"ჩვენ ვქმნით ბიზნესპროცესების აუთსორსინგულ მომსახურებებს სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიებს ვუქმნით იმ კომფორტს, რომ ფოკუსირდნენ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი ჩვენ მოგვანდონ. საბოლოოდ, ეს პროცესი მათთვის რისკ-ფაქტორების დივერსიფიკაციასა და ბაზარზე კონკურენტულობის ზრდას უზრუნველყოფს", განმარტავს გიგა ფაიქიძე.

მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზებით Loialte არსებობის განმავლობაში რამდენიმე ათას მომხმარებელს მოემსახურა − როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს. ჯამურ პორტფელში ყველაზე დიდი წილი ბუღალტერიას უჭირავს, რამდენიმე ასეული კლიენტით მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას განსაკუთრებით უჭერს მხარს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს სექტორი განვითარებადია და სწორედ ამ ეტაპზე სჭირდებათ მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილშიც არაერთი ღონისძიება განახორციელეს. მაგალითად, პანდემიის პერიოდში უფასო ვებინარებსა და ტრენინგებს ატარებდნენ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ კრიზისს. გარდა ამისა, პერიოდულად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბიზნესფორუმებსა თუ სხვა ღონისძიებებს. მაგალითად, ბოლო პერიოდში Loialte "საქართველოს ბანკთან" ერთად საკმაოდ მასშტაბური ბიზნესფორუმის ერთ-ერთი სპონსორი იყო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეეხებოდა. გარდა ამისა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სეგმენტია სტარტაპერები, რომლებსაც მათ საჭიროებებზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობენ.

პანდემია მათთვისაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, ამ დროს კომპანია არსებობის 1,5 წელს ითვლიდა. თუმცა, Loialte-მ შეძლო ეს გამოწვევა შესაძლებლობად გარდაექმნა, შედეგად კი კომპანიას ზრდა არ შეუჩერებია.

"ამ 5 წელიწადში ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემია იყო. ჩვენი ბიზნესი სპეციფიკურია, სრულად ადამიანის ინტელექტუალურ რესურსზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით პრობლემატური იყო გუნდის შენარჩუნება, რადგან თუ გუნდი დაიშალა, ჩვენი ბიზნესიც იშლება. თუმცა მოვახერხეთ, რომ პანდემიის განმავლობაში არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია სამსახურიდან, პირიქით − გავიზარდეთ. პანდემიის საწყისი პერიოდი რთული იყო, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა შემოსავლები, რომელსაც ერთოდა გაურკვევლობა, რა მოხდებოდა მომავალში. თუმცა, 2020 წლის მეორე ნახევრიდან ზრდის ტენდენციას დავუბრუნდით და წლის ბოლოს უკვე ზრდა დავაფიქსირეთ, რითაც გამორჩეული ვიყავით ჩვენს სექტორში", − აღნიშნავს გიგა ფაიქიძე.

გარდა იმისა, რომ შენარჩუნებული თანამშრომლების სახით უფრო მეტი ლოიალობა მიიღეს, პანდემიის პერიოდში გაჩერებული კომპანიები შემდგომში კვლავ Loialte-ს დაუბრუნდნენ. მიზეზი კომპანიისადმი არსებული ნდობაა, Loialte-მ საკუთარ კლიენტებს იმ რთულ პერიოდში სპეციალური პირობები შესთავაზა − გადასახადი გადაუვადა, შეუმცირა ან დაუკორექტირა. მთლიანობაში, პანდემიისას არაერთმა ფაქტორმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, რამაც საბოლოოდ წარმატება მოიტანა.

Loialte-ს გუნდი მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც საერთაშორისო დონის ქართულ ბრენდს ქმნიან. მმართველი რგოლი კი მუდმივად ზრუნავს მათ განვითარებასა და წინსვლაზე.

"ვცდილობთ,კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკას გავყვეთ. გვინდა, ყველა თანამშრომელი მუდმივად განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და შესაბამისი ორგანიზაციული კულტურა შევქმნათ. თუმცა, ამავდროულად, დოზირებულად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის ოჯახური და მეგობრული გარემო, რომელიც კომფორტულს ხდის სამუშაო პროცესს", − აღნიშნავს გიგა ფაიქიძე.

კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც Loialte-ს სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს, ინოვაციურობაა − არა მხოლოდ მომსახურების მიწოდების, არამედ უშუალოდ პროდუქტების თვალსაზრისით. Altera ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომელიც პორტფელს დაახლოებით 1 წლის წინ დაემატა და მომხმარებელს IT-გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანიაში სამი ციფრული პროდუქტი უკვე აქვთ, მეოთხეზე კი ახლა მუშაობენ. Altera Audit Loialte-ს უნიკალური ციფრული პროდუქტია, რომლის ანალოგი ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე არ მოიპოვება.

"Altera Audit უნიკალური და ერთადერთია ქართულ ბაზარზე. შინაარსობრივად საგადასახადო აუდიტის ციფრული ალტერნატივაა, რათა კომპანიამ შეძლოს მისი საგადასახადო რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება. ასევე, იმის განსაზღვრა, რამდენად რისკიანია კომპანია საგადასახადო შემოწმების თვალსაზრისით შემოსავლების სამსახურის მხრიდან", − აღნიშნავს გიგა ფაიქიძე.

ამჟამად Loialte "საქართველოს ბანკთან" და VISA-სთან ერთად ერთობლივ პროექტს იწყებს, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველ 100 კომპანიას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს 70%-იანი სუბსიდირებით პროგრამულ უზრუნველყოფაზე − Altera Audit.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ძალიან ამბიციური და კომპლექსურია. იგეგმება ციფრული ტრანსფორმაცია − როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის სერვისებში. ასევე, გეგმავენ ახალი პროდუქტების დამატებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. რაც მთავარია, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გეოგრაფიული არეალის გაფართოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

Loialte-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებგვერდზე: www.loialte.com.ge

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი