მარანი ჩუბინი - მოგზაურობა ქართული ღვინის გემოებში "ტერაბანკი" ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur განაგრძობს "ტერაბანკის" იმ ბიზნესკლიენტების გაცნობას, რომლებსაც ბანკმა პანდემიასთან გასამკლავებლად დამატებითი მხარდაჭერის პაკეტი ოპერატიულად შესთავაზა და ციფრული ინსტრუმენტებით აღჭურვა. როგორც აქ ამბობენ, გასული წლის გაზაფხულზე მოულოდნელად დაწესებული შეზღუდვების დაწესებისთანავე, ბიზნესკლიენტების დასახმარებლად აქტიური მოქმედება გადაწყვიტეს და ქმედითი ნაბიჯებიც გადადგეს.
"ვმსჯელობდით, როგორ დავხმარებოდით როგორც უკვე არსებული სიძნელეების გადალახვაში, ისე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენი ბანკის მასშტაბი მოქნილობისა და თითოეულ ბიზნესკლიენტთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობას გვაძლევს. მათ მხოლოდ გარკვეულ სერვისებს კი არ ვაწვდით, საქმიანობის განვითარებაშიც მუდმივად ვეხმარებით. შესაბამისად, ეს ინიციატივა ჩვენი კორპორაციული კულტურის ნაწილიც იყო", − ამბობენ "ტერაბანკში".
"ტერაბანკის" ბიზნესკლიენტებს შორისაა "მარანი ჩუბინი", რომელიც განვითარებასა და ქართული ღვინის დაყენების ტრადიციებს წარმატებით აგრძელებს.
"მარანი ჩუბინი"
"ჩუბინის" ისტორია 2016 წელს იწყება. საკუთარი ოცნების ახდენის გზამ თორნიკე ჩუბინიძე თბილისიდან კახეთში წაიყვანა. შილდაში გადასახლებული, აქტიურ შრომაში ჩაება და მარნის მშენებლობა დაიწყო. უკვე 2017 წელს თორნიკემ "მარანი ჩუბინის" ბრენდული დასახელებით სხვადასხვა სახეობის ღვინო ჩინეთში, იაპონიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში გაგზავნა, მომდევნო წელს კი მარნის კარი მოგზაურებს, ღვინის მოყვარულებსა და მეღვინეობით დაინტერესებულ ადამიანებსაც გაუღო.
"მარანი ჩუბინი" სტუმრებს ქართული ღვინის გემოებში ამოგზაურებს და იმ ტრადიციულ გზას აჩვენებს, რასაც ის ჩვენს სასმისებში მოხვედრამდე გადის.
"მარანში ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით, ქვევრებში ვაყენებთ. ვიზიტორებს რქაწითელს, ჩინურ რქაწითელს, ქისის მწვანესა და საფერავს, ასევე გემრიელ სადილსა და ვახშამს ვთავაზობთ. მსურველები ხინკლის მომზადების, ღვინის ჩამოსხმისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებსაც ესწრებიან. 15 აგვისტოდან კი ჩვენს სტუმრებს უკვე ხის ეკო-კოტეჯებში დარჩენაც შეეძლებათ", − გვიყვება თორნიკე ჩუბინიძე.
პანდემიის, ჩაკეტილი საზღვრებისა და მკაცრი რეგულაციების გამო, 2020 წლის პირველი თვეები მარნისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ტურიზმი შეჩერდა, იკლო ღვინის ექსპორტმაც. თუმცა, ბოლო დროს გაზრდილი ტურისტული ნაკადები და მარნის სტუმრების რიცხვი თორნიკეს პოზიტიურ მოლოდინს უქმნის და მის საქმესაც ჩვეულ რიტმთან აბრუნებს. "მარანი ჩუბინის" მასპინძელი გვიყვება, რომ ამ მოლოდინის რეალიზებაში მას მხარს "ტერაბანკი" უჭერს.
"ტერაბანკმა" ვებსაიტი დაგვიმზადა, მერე კი ფეისბუქზე ჩვენი გვერდის გამართვასა და მთლიანად მარნის პოპულარიზაციაშიც დაგვეხმარა. მნიშვნელოვანი იყო ფოტოგადაღებები და სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც იმ პერიოდში ჩვენთვის დიდ მხარდაჭერას ნიშნავდა. ასეთი ინიციატივები მცირე და საშუალო კომპანიებს ძალიან ეხმარება", − აღნიშნავს თორნიკე.
ახალგაზრდა მეღვინემ გასულ წელს საფერავის პირველი ვენახი გააშენა და ახლა თანდათან ქისის, კახური მწვანისა და ხიხვის დამატებას, შემდეგ კი ღვინის ევროპაში ექსპორტს გეგმავს. "ტერაბანკი" ამ გზაზე თორნიკესთვის კვლავაც აქტიურ მხარდამჭერად და სტაბილურ პარტნიორად რჩება.