Maverik - საერთო ღირებულების გარშემო გაერთიანებული ''მავერიკები'' კრეატიული ინდუსტრიის სამყაროდან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ ახლახან, ქართული კრეატიული ინდუსტრიის "ლიგაში" ახალი მოთამაშე − "მავერიკი" გამოჩნდა, რომელმაც დროის ამ მცირე მონაკვეთში უკვე მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ვინ არის მავერიკი? – "მავერიკი შეუპოვარი, ბასრი და მოქნილი "ტიპია", რომელიც მუდმივად ახალ შესაძლებლობებზეა დაგეშილი და "შემაწუხებლად" მიზანდასახულია", − აცხადებს "მავერიკის" კრეატიული დირექტორი გიორგი მდივანი.
წლების განმავლობაში, ბევრისთვის ცნობილი ციფრული სააგენტო − 4Media, მომხმარებელს ძირითადად სოციალური ქსელების ადმინისტრირებას და სარეკლამო მომსახურებას სთავაზობდა. 2020 წლის მიწურულს კომპანიამ გააცნობიერა, რომ საკმაოდ გაიზარდა, საქმეს უკეთ უძღვებოდა, ბევრად მრავალფეროვან, კომპლექსურ და მნიშვნელოვან პროექტებს უმკლავდებოდა და ცვლილებების დრო დადგა...
სააგენტომ დაამატა ახალი სერვისები, დელეგირებულ, მაქსიმალურად დეცენტრალიზებულ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადაეწყო, 45-მდე "მავერიკი" გააერთიანა და რებრენდინგის შედეგად, მომსახურების სრული ციკლის მომცველ ციფრულ კრეატიულ სააგენტოდ იქცა.
"მავერიკი" ჩვენი სახელიც არის და ღირებულებითი მსაზღვრელიც. შეკითხვებზე, თუ ვინ ვართ და როგორები ვართ? ერთი პასუხი გვაქვს − მავერიკები!", − ამბობს გიორგი მდივანი, − "უშუალოდ ციფრული ინდუსტრია იმდენად სწრაფი და ცვალებადია, რომ მაღალ ტემპსა და ფორსმაჟორულ სიტუაციებს ფიზიკურად ვერ ასცდები. მეგობრულ გარემოს ისედაც ყველა სააგენტო ჰპირდება დასაქმებულებს, მაგრამ ჩვენთან ეს რეალურად ხდება. საკუთარი საქმის როგორი მცოდნეც უნდა იყოს, "ტოქსიკური" ადამიანი "მავერიკი" ვერ გახდება და სტრესული სიტუაციებიც მხოლოდ "დედლაინებიდან" გამომდინარე თუ შეექმნება. ზრდასრული ხალხი ვართ. შესაბამისად, თითოეული "მავერიკი" საკუთარი დავალების, დედლაინებისა თუ ოფისში მოსვლის დროის პასუხისმგებელი თვითონაა".
სააგენტოს კრეატიული დირექტორის თქმით, "მავერიკის" გუნდში მოსახვედრად, უკვე მავერიკი უნდა იყო, ანუ გქონდეს ცნობისმოყვარეობა, ენერგიულობა და გულახდილობა, და თუ ეს სამი თვისება გაქვს, "დანარჩენს უკვე "მავერიკი" მიხედავს".
ცხადია, "მავერიკები" პროფესიულ გამოცდილებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა მათთვის არანაკლებ პრიორიტეტულია თანამშრომლების აკადემიური ზრდა და განვითარება, რაზეც მუდმივად ზრუნავენ. საამისოდ, სააგენტომ შიდა ტრენინგები და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები შეიმუშავა, სადაც გამოცდილი "მავერიკები" დამწყებებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ციფრული რეკლამის, "ქოფირაითინგის", "კონტენტ"-სტრატეგიისა და ბრენდინგის მიმართულებით. გარდა ამისა, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ტრენინგ-ცენტრთან და "მავერიკები" მათთვის სასურველ ნებისმიერ კურსზე, კომპანიისაგან მხარდაჭერას იღებენ კურსის საფასურის ნაწილობრივი თუ სრული დაფინანსების სახით.
"რაც მთავარია სააგენტოში მოხვედრილ ადამიანს, რომელიც ბოლომდე იზიარებს ჩვენს ხედვასა და ღირებულებებს, ყოველთვის აქვს კარიერული ზრდის თუ პროფილის გამოცვლის შესაძლებლობა. შესაძლოა, "ექაუნთი" მიხვდეს, რომ ქოფირაითინგი იზიდავს, ან ილუსტრატორმა გამოთქვას 3D motion-ის დახელოვნების სურვილი, რაშიც მათ ბოლომდე მივყვებით და ვეხმარებით", − აღნიშნავს გიორგი მდივანი, − "ყველაფერ დანარჩენთან ერთად, გვინდა, რომ ჩვენი საქმე იზომებოდეს და ბიზნესებისთვის მაქსიმალურად ეფექტური იყოს, ამიტომ საკუთარ თავს KPI-ზე ორიენტირებულ არტისტებად მოვიხსენიებთ და მართლა ვცდილობთ, რომ ჩვენი ნასროლი "შურიკენები" გრძელვადიან პერსპექტივაშიც ბოლომდე ზუსტი იყოს".