მდგრადი მოდის მნიშვნელობა და მისი განვითარების პოტენციალი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მდგრადი მოდა და გადამუშავებული მასალები თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. ეს მიდგომა არა მხოლოდ ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, არამედ ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც. გადამუშავებული მასალების წარმოება და მდგრადი მოდის განვითარება ჩვენი ქვეყნის კონტექსტში მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნდა იქცეს, რადგან ეს მიდგომა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში დიდ როლს ასრულებს. სწორედ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა QUIS უზრუნველყო საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციისა (GAFA) და Materiel Tbilisi-ს წარმომადგენლის, ანა ვეფხვაძის მონაწილეობა Creative Hubs-ის ვორქშოპზე, რომელიც 21-25 ოქტომბერს საფრანგეთში, ლიონში, Le Textile Lab-ის ორგანიზებით გაიმართა. ვორქშოპში 15 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და ის მოდაში ნარჩენების მართვას ეხებოდა.

Le Textile Lab-ი არის თანამშრომლობითი სივრცე, რომელიც ეძღვნება ტექსტილის, მდგრადი მოდისა და ინოვაციების სფეროებს. ის აერთიანებს საერთო სამუშაო სივრცეს, ლაბორატორიას და გლობალური პროგრამის სასწავლო ცენტრს, რაც დიზაინერებსა და შემოქმედებს ინოვაციური იდეების განხორციელების საშუალებას აძლევს.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ანა ვეფხვაძემ ვორქშოპზე მიღებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:

"Le Textile Lab-ის ვორქშოპის შესახებ ინფორმაცია პროექტ QUIS-ისგან მივიღე, რამაც მომცა მოტივაცია, რომ შესარჩევ კონკურსში GAFA-ს წარმომადგენლის სტატუსით მიმეღო მონაწილეობა, რაც ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ვორქშოპის თემა იყო მდგრადობის კონცეფცია, რომელიც ეხებოდა ტექსტილის მოხმარებას, გადამუშავებას და ისეთი პროდუქციის შექმნას, რაც გარემოს ნაკლებად აზიანებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია ჩემთვის. Materiel Tbilisi დიდი ხანია მდგრადი მოდის კონცეფციას იზიარებს და გადამუშავებულ მასალას იყენებს", - აღნიშნავს ანა ვეფხვაძე.

როგორც პროექტ QUIS-ის ექსპერტი, ქეთა ბუაჩიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, GIZ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, დიდი ხანია მხარს უჭერს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში დაარსდა საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA), რომელთან თანამშრომლობა GIZ-ის სხვა პროექტების ფარგლებშიც გრძელდება.

ქეთა ბუაჩიძე:

"ჩვენი მიმდინარე პროექტი და ინიციატივა - QUIS ემსახურება ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას და სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერას ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. აპარელის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტულია, შესაბამისად, აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით მათ გაძლიერებას ვცდილობთ - იქნება ეს ექსპერტული დახმარება, ტრენინგები თუ კვალიფიკაციის ამაღლება. მდგრადი მოდა ერთ-ერთი ახალი და მნიშვნელოვანი ტრენდია მსოფლიო ბაზარზე და გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ანა

ვეფხვაძისთვის, როგორც ჩვენი პროექტის ბენეფიციარისთვის. ის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ამ შეხვედრას და ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მიიღო, რომელსაც ის GAFA-ს სხვა წევრებსაც გაუზიარებს".

ვორქშოპი შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. თეორიული ნაწილი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა მასალის მეორეული წარმოებისთვის გამოყენება.

ანა ვეფხვაძე:

"ვორქშოპი ბევრ საინტერესო პრაქტიკას მოიცავდა. მაგალითად, აგვიხსნეს, როგორ შეიძლება ნივთები სხვადასხვა ბუნებრივი მასალების შერევით შევქმნათ. ეს გამოცდილება ძალიან საინტერესო იყო, რადგან ამ პრაქტიკამ შეიძლება მოდის სფეროში მომუშავე ადამიანს დიდი შთაგონება მისცეს. სამწუხაროდ, აქ მსგავსი პრაქტიკების სწავლება არცერთ აკადემიურ თუ პროფესიულ სასწავლო სივრცეში არ ხდება. ვორქშოპი ასევე მოიცავდა საწარმოებში ვიზიტებს. ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი გამოცდილება თევზის საწარმოში ვიზიტი იყო. ვეწვიეთ კომპანიას, სადაც თევზის კანისგან აწარმოებენ ტყავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქარხანა არ თანამშრომლობს არცერთ თევზსაჭერ კომპანიასთან, ანუ მათი პროდუქციის დამზადებისთვის სპეციალურად არ იჭერენ თევზს. ისინი თანამშრომლობენ რესტორნებთან, კაფეებთან, საკვებ ობიექტებთან, სადაც თევზის კანი არის უბრალოდ ნარჩენი. ამ ქარხანაში გვაჩვენეს, როგორ ხდება გადამუშავება, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. ამ კანს ძალიან დიდი მდგრადობა და გამძლეობა აქვს და ამას სწორად გადამუშავების ტექნიკა უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მასალა საკმაოდ ძვირი ღირს. ეს მაგალითი მნიშვნელოვანია, რადგან ამ კომპანიამ მიაგნო კონცეფციას, რომელიც ნარჩენებისგან უნიკალურ და გამორჩეულ მასალას ქმნის. ეს ბიზნესის კუთხითაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობენ და ამარაგებენ მასალით".

ვორქშოპის მონაწილეებმა ასევე, მოინახულეს ქარხანა, რომელიც აგროვებს მეორეულ ნივთებს და სხვადასხვა მაღაზიაში ანაწილებს. როგორც ანა ვეფხვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს ქარხანა იმითაც განსაკუთრებულია, რომ დასაქმებულები ყოფილი მსჯავრდებულები ან პრობაციის პროგრამაში მყოფი ადამიანები არიან, რაც მრავალმხრივ სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

ანა ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ გარდა კონცეფციისა და ხედვისა, რომელიც ევროპაში მდგრადი მოდის კუთხით არის განვითარებული, იქ ტექნოლოგიური აღჭურვილობაც შესაბამისია.

"საქართველოს რეალობაში მსგავსი პრაქტიკების დანერგვა რთულია, რადგან საჭიროა შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და დიდი ინვესტიციები. თუმცა საწყის ეტაპზე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჰაბების შექმნა, სადაც ადამიანები მიიღებენ ცოდნას და ცნობადობას აიმაღლებენ მდგრადი მოდის შესახებ", - ამბობს ანა.

მდგრადი მოდა არა მხოლოდ ეკოლოგიისთვის, არამედ ეკონომიური და სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ევროპაში ეს კონცეფცია უკვე კარგად არის დანერგილი. ანა ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი პოპულარიზაცია და განვითარება შესაბამისი პროექტების ინიცირებით შესაძლებელია.

ანა ვეფხვაძე:

"მნიშვნელოვანია იმის კარგად გააზრება, რომ მდგრადი მოდა, გადამუშავებული მასალებით წარმოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარემოსთვის, ეკოლოგიისთვის, ჯანმრთელობისთვის და როცა ჩვენ ვატარებთ მეორეულ ტანსაცმელს, აქსესუარებს ან ვყიდულობთ ნივთებს, თითოეული მოქალაქე ვავლენთ სოციალურ პასუხისმგებლობას. ევროპაში მცხოვრებლებს ეს გააზრებული აქვთ და, შესაბამისად, ამ მიმართულებით ინდუსტრიაც აქტიურად მუშაობს".

როგორც პროექტ QUIS-ის ექსპერტი, ქეთა ბუაჩიძე აღნიშნავს, პროექტი 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ითანამშრომლებს შემდეგ სექტორებთან: სამშენებლო მასალები, ტექსტილი და მოდა, სათამაშოები, შესაფუთი მასალები, ხის ნაწარმი და ავეჯი.

ქეთა ბუაჩიძე:

"მზად ვართ ვითანამშრომლოთ რაც შეიძლება მეტ მეწარმესა და კერძო კომპანიასთან, ვისაც აქვს სურვილი, გააუმჯობესოს თავისი პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი ევროპული ხარისხის სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად. პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ საჭიროებებს სექტორების მიხედვით და მზად ვართ, ვუპასუხოთ მათ შესაბამისი აქტოვებებით, იქნება ეს საერთაშორისო ღონისძიებებზე დასწრება, ტრენინგები, ექსპერტების საქართველოში მოწვევა თუ ტექნიკური დახმარება. ეს მხარდაჭერა დანადგარებისა და სხვადასხვა საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას გულისხმობს".

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ mari.goguadze@giz.de

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

ინსპირაცია

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობის საშუალებას გაძლევთ

ამ სამუშაოებით მთელ მსოფლიოსაც დაათვალიერებთ და კომფორტულადაც იცხოვრებთ