Get All Access for $5/mo

"მე ერთ-ერთი ვარ მათ შორის, რომელიც ფსონს ციფრულ სამყაროზე ჩამოვიდა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ლურჯი ტრაქტორის" შემქმნელი არტურ დნეპროვსკი საუბრობს ციფრული კონტენტის შექმნის სირთულეებზე, პროდიუსერობის სპეციფიკასა და მისი საბავშვო პროექტების მომავალზე.

2000-იან წლებში კრეატიული პროდიუსერი არტურ დნეპროვსკი ჩართული იყო ზრდასრულთა სატელევიზიო პროექტებში − ის ჯერ მუშაობდა მუსიკალურ შოუში "ვარსკვლავების ქარხანა", ხოლო შემდეგ ერთ-ერთ მსხვილ სტუდიაში, რომელიც ქმნიდა სერიალებს პოპულარული სატელევიზიო არხისთვის. დღეს იგი პროდიუსერული კომპანია Big Papa-ს მფლობელია და ქმნის საბავშვო მუსიკალურ კონტენტს, რომელიც პოპულარულია მთელ მსოფლიოში. არტურ დნეპროვსკიმ თავისი პროექტების წარმატების საიდუმლო გაგვიზიარა.

არტურმა ციფრული პროექტების შექმნა 2012 წელს დაიწყო, როდესაც შეუერთდა კომპანია X-Media Digital-ს, რომელიც Google-ის ოფიციალური პარტნიორია და ზედამხედველობს კონტენტის მონეტიზაციას YouTube-ზე. იმ დროს სატელევიზიო ინდუსტრია ტრანსფორმაციას გადიოდა და იზრდებოდა ისეთი პლატფორმების პოპულარობა, როგორიცაა მაგალითად YouTube.

"ადამიანები დაიყვნენ ორ ჯგუფად: ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯეროდათ ტრადიციული ტელევიზიის და რომლებიც იხრებოდნენ ციფრული სამყაროსკენ. მე თავი ამ უკანასკნელ ჯგუფს მივაკუთვნე", − იხსენებს კრეატიული პროდიუსერი.

"მაშინ YouTube ბევრის მიერ აღიქმებოდა, როგორც თინეიჯერების პლატფორმა, რომლებიც იქ აქვეყნებდნენ არაპროფესიულ ვიდეოებს. ჩვენ უნდა გვეპოვა საკუთარი აუდიტორია და შესაბამისი ფორმატები. მე ვცადე სკოლის მოსწავლეებისთვის და მოზარდებისთვის შემექმნა პროექტები, შევხებოდი მათთვის ადეკვატურ და საინტერესო თემებს. თუმცა მალევე მივხვდი, რომ აუცილებელი იყო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მუსიკალური შინაარსის კონტენტის შექმნა − იმ დროს ამ ნიშით ხარისხიანი ციფრული კონტენტი ფაქტობრივად არ არსებობდა. როდესაც დიდმა საპროდიუსერო სტუდიებმა დაიწყეს YouTube-ისთვის პროექტების შექმნა, კონკურენცია ამ სეგმენტში მნიშვნელოვნად გაიზარდა".

2016 წელს არტურ დნეპროვსკიმ გადაწყვიტა დაეფუძნებინა საპროდიუსერო კომპანია და დაიწყო ნიჭიერი მხატვრების, ანიმატორების, კომპოზიტორების, ხმის ინჟინრების ძიება. პროექტებზე მასთან ერთად ახლა 20-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ბევრი სპეციალისტი რამდენიმე როლს ითავსებს და არც არტურია გამონაკლისი. როგორც კრეატიული პროდიუსერი, იგი მთლიანად აწყობს პროექტს: აგენერირებს და ახორციელებს იდეებს, ხშირად თავად წერს სცენარებს, ზედამხედველობს კონტენტის მომზადებას, პასუხისმგებელია სიმღერების რეჟისურასა და თემების შერჩევაზე.

ერთი ეპიზოდის დამზადებას საშუალოდ 2 თვე სჭირდება (იდეის დაბადებიდან − YouTube-ზე ატვირთვამდე). მაგრამ, როგორც წესი, გუნდი პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობს. კონტენტის საშუალო ღირებულება დაახლოებით 5 ათასი დოლარია და ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ ხარჯზე, რომლის გაწევა ტელევიზიის პროდიუსერებს უწევთ.

"არსებობს ზოგადად მიღებული მატრიცა კონტენტის შესაქმნელად − ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწრაფად, იაფად და მაღალი ხარისხით. მაგრამ, როგორც წესი, თუ ვიდეოს გადაიღებთ მაღალი ხარისხით და მოკლე დროში, ეს ნიშნავს, რომ წარმოება ძვირი იქნება და გაწეულ ხარჯებს ვერ აინაზღაურებთ YouTube-ზე მონეტიზაციის გზით. სწორედ აქ არის მთავარი სირთულე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეიქმნას ისტორია და პერსონაჟები, რომლებიც მაყურებელთან ახლოს მივა. ჩვენ ეს გამოგვივიდა. თუ ისინი არ გიყურებენ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ დროს და ფულს დახარჯავ წარმოებაზე", − თქვა არტურ დნეპროვსკიმ.

პროდიუსერი გვიმხელს, რომ გადაწყვეტილებებს ახალი ეპიზოდებისა და პროექტების შინაარსზე იღებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე − კომპანია პრინციპულად არ ატარებს ფოკუსჯგუფებს ბავშვების ან მშობლების მონაწილეობით:

"თუ ერთ ბავშვს მოსწონს მულტფილმის სერიალი, ეს არ ნიშნავს, რომ ის მილიონობით ნახვას მიიღებს ინტერნეტში. ასე რომ, YouTube-ის პროდიუსერისთვის ერთადერთი გზა არის პასუხისმგებლობის აღება, მონდომებით გაგრძელება და გარისკვა".

ამავდროულად, გუნდი გულდასმით აანალიზებს YouTube-მეტრიკას უკვე გამოქვეყნებული ეპიზოდებისთვის. სერვისი გეხმარებათ გაიგოთ, რომელი ქვეყნებიდან და რეგიონებიდან ეცნობიან კონტენტს, დღის რომელ მონაკვეთში რა არის პოპულარული და ა.შ. დასკვნები მნიშვნელოვანია პროექტების შემდგომი განვითარებისთვის.

ახლა არტურ დნეპროვსკის აქვს YouTube-ის 18 არხი და თვეში 1,5 მილიარდამდე ნახვას აგროვებს. ყველაზე ცნობილ პროექტებს შორისაა "ლურჯი ტრაქტორი", "კუკუტიკი" და "კნუტი კოტე". პროდიუსერმა უკვე მიიღო YouTube-ის 21 ბეიჯი, მათ შორის 13 ვერცხლის (100 ათასი გამომწერისთვის) და რვა ოქროს (მილიონი გამომწერისთვის). იმის გათვალისწინებით, რომ დღეს YouTube-ზე დაახლოებით 51 მილიონი არხია და მარკეტინგული სააგენტო Tubics-ის მონაცემებით, მათგან მხოლოდ 29 ათასს ჰყავს 1 მილიონზე მეტი გამომწერი, არტურის პროექტები პლატფორმის იმ 0,06% პროცენტში შედის, რომელიც ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში!

იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს ვიდეოების ნახვა, ისინი ითარგმნება მთელ მსოფლიოში გავრცელებულ სალაპარაკო ენებზე − ინგლისურად, ესპანურად, გერმანულად, ასევე ჩინურად და არაბულად. ტექსტის ადაპტირებისთვის მოწვეულნი არიან მთარგმნელები, რომლებიც არა მხოლოდ კარგი პოეტები გახლავან, არამედ აქვთ საბაზისო მუსიკალური ცოდნა, რაც აუცილებელია ტექსტის რიტმულად თარგმნისთვის.

დროდადრო შემოდის მოთხოვნები კონტენტის სხვა ენებზე ადაპტირების შესახებ, მაგრამ პროდიუსერის თვალსაზრისით ეს ყოველთვის არ არის გამართლებული. მაგალითად, ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებში ბევრი ადამიანი საუბრობს რუსულად და ინგლისურად, ხოლო შინაარსის თარგმნა და სხვა ენაზე გახმოვანება დიდ დროსა და ფულს მოითხოვს.

"კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ყველაზე გავრცელებულ ენებს, ჩვენი ახალგაზრდა მაყურებელია. საბავშვო მულტფილმებს ჩვეულებრივ აქვს მარტივი და გასაგები დრამატურგია, ამიტომ 3-4 წლამდე ბავშვებს, როგორც წესი, არ აინტერესებთ რა ენაზე უყურებენ კონტენტს. ამაში ჩემს შვილზე დაკვირვებით დავრწმუნდი", − გვიზიარებს პროდიუსერი.

უახლოეს მომავალში, არტურ დნეპროვსკი იმუშავებს ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის განკუთვნილ კონტენტზე, რომელიც მათ მშობლიურ ენაზე იქნება შექმნილი. ამ ამოცანისთვის ნიჭიერი პოეტები და კომპოზიტორები ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან შეიკრიბებიან და უმაღლესი სტანდარტის პროდუქციაზე იმუშავებენ.

გარდა ამისა, Big Papa განიხილავს იმ პროექტების აღდგენას, რომლებიც შეჩერებულ იქნა "კოვიდ"-პანდემიის დროს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ბავშვთა შემოქმედებითი სკოლების ქსელის შექმნა Kukutiki და Blue Tractor ბრენდების სახელებით. "ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი განვითარებისთვის ბავშვთა შემოქმედებით ინდუსტრიაში".

სიახლეები

2021 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია

რომელიმე სტატია ხომ არ გამოგრჩათ?

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე