მეღვინეობა, როგორც ოჯახური ტრადიციის გენეტიკური კოდი ინტერვიუ "მეღვინეობა შილდას" მთავარ მეღვინე, თემო კორტავასთან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მეღვინეობის ხელოვნებას, თემო კორტავა 20 წლის წინ პირველად ეზიარა, თუმცა სანამ პროფესიონალი ენოლოგი გახდებოდა, ღვინისა და ვენახის სიყვარულით ბავშვობიდანვე იყო შთაგონებული. ამ საქმის მიმართ ერთგულება მას ოჯახიდან მოყვება; თემო ოჯახში მეორე თაობაა, რომელიც მეღვინეობის ტრადიციას აგრძელებს.
"ამბობენ, ვაზისა და ღვინის ხელოვნებას ერთხელ მაინც თუ ეზიარები, თაობებს როგორც გენს, ისე გადასცემ ამ სიყვარულს. ჩვენი ოჯახის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მამა, თემურ კორტავა ცნობილი მეღვინე იყო. მთელი თავისი ცხოვრება ღვინოს მიუძღვნა და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელიც გახდა, როგორიც არის "გოლიცინის ოქროს მედალი" და "ღირსების ორდენი" საქართველოს მევენახეობა მეღვინეობაში გაწეული სამუშაოსთვის. მისმა მაგალითმა ბავშვობიდანვე უდიდესი გავლენა იქონია ჩემი, როგორც მეღვინის ჩამოყალიბებაში. ვამაყობ, რომ ოჯახის ამ ტრადიციას ახლა მე ვაგრძელებ".
მას შემდეგ, რაც მეღვინეობის პროფესიას საქართველოში დაეუფლა, თემომ ცოდნის გაღრმავება უკრაინაში, მაგარაჩის მეღვინეობის უნივერსიტეტში და ინგლისში, კერძოდ კრანფულდის უნივერსიტეტში გააგრძელა. მას შემდეგ რამდენიმე ქართულ, თუ უცხოურ კომპანიას ეთანამშრომლა და ბევრი წარმატებული პროდუქტიც შექმნა.
ფოტო: ანა დოლიძე
უკვე მეოთხე წელია, ახალგაზრდა მეღვინე საქართველოსა და უცხოეთში დაგროვილ გამოცდილებას "სმარტ კაპიტალ ჯგუფის" "მეღვინეობა შილდაში" ნერგავს და უნიკალური ვაზის ჯიშებისგან უმაღლესი ხარისხის ღვინოს ქმნის.
"შილდას" გუნდს 2019 წლიდან შევუერთდი. საწარმო ექვს ჰექტარზეა განთავსებული და თანამედროვე იტალიური და ფრანგული დანადგარებით არის აღჭურვილი. აქ 20-ზე მეტი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით და ვცდილობთ, უახლესი მიდგომების გამოყენებით ტრადიციული გემო შევინარჩუნოთ. ასევე, მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმეტის გაზრდაზე და მიძინებული, გადაშენების პირას მყოფი ჯიშების გაცოცხლებაზე."
მეღვინეობის ფენომენი მისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ პროფესია. თვლის, რომ სწორედ მევენახეობა, მეღვინეობა, მიწათმოქმედების კულტურა და ტრადიცია არის ის საწყისი, რაზეც დგას ქვეყნის მთავარი ღირებულებები.
"საქართველო, როგორც მეღვინეობის აკვანი, 8000 უწყვეტი რთველით გვაძლევს უპირატესობას და გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ახალი, აუთვისებელი ბაზრების წინაშე, რადგან ყოველი დაგემოვნებული ღვინო ჩვენს სამშობლოს წარმოადგენს.
ფოტო: ანა დოლიძე
რთველის საკრალურ რიტუალს დიდი შრომა, ფიქრი და პასუხისმგებლობა ერთვის თან. ჩემს გუნდთან ერთად ვაცნობიერებ, რამხელა შედეგს გვაძლევს თითოეული მტევანი.
როგორც მეღვინე გვიზიარებს, "მეღვინეობა შილდა" არის ერთადერთი კომპანია საქართველოში ენერგო-ეფექტური საწარმოთი, რომლის აღჭურვის შედეგად კომპანიაში იზოგება როგორც ელექტრო ენერგია, ისე ტექნოლოგიური პროცესის მართვა საკმაოდ მარტივდება.
"დღესდღეისობით ენერგოეფექტურობა მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. უკვე რამდენიმე წელია, გვაქვს საშუალება, თანამედროვე დანადგარებით უმაღლესი ხარისხის ღვინო მივიღოთ, თანაც ენერგოეფექტური სარგებლით. ეს ყველაფერი კი დადებითად აისახება როგორც "მეღვინეობა შილდას" ღვინის ხარისხზე, ისე გარემოზე".
ფოტო: ანა დოლიძე
ღვინის გარდა, საწარმოში ქართულ ბრენდს, ყურძნის არაყს და ჭაჭას აწარმოებენ. "შილდას" პროდუქციას აღებული აქვს უამრავი ჯილდო პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორიც არის Decanter, Mundus Vini, International Wine Challenge და სხვა.
ახალგაზრდა მეღვინემ სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა. საწარმოში ყოველწლიურად საექსპერიმენტო ღვინოებს ამზადებენ. ამ პროცესის შედეგად მიიღეს სამი ახალი პროდუქტი, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თემო სამომავლოდაც არაერთ საინტერესო ღვინის და ახალი გემოების შექმნას გვპირდება.