Melitina Foundation - ფონდი, რომელიც 17 წლის მელის სახელით მომავალს ქმნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზოგჯერ ადამიანის ოცნებები, მიზნები და მისწრაფებები გარშემო მყოფებისთვის იმდენად შთამაგონებელია, რომ ეს რაღაც ახლის დასაწყისად გვევლინება. სტატიაში მოგიყვებით Melitina Foundation-ზე, რომელიც 2025 წელს დაარსდა და რომლის ინსპირაცია 17 წლის მელიტინაა - მისი პროფესიული გეგმები, მიზნები და შემოქმედებითი ხედვა. დღეს მელის სახელთან დაკავშირებული ფონდი იმ ოცნებების ასრულებასა და მიზნების მიღწევაში ეხმარება ახალგაზრდებს, რომლებითაც ფონდის მთავარი შთაგონება - მელი ცხოვრობდა.

Melitina Foundation-ის შესახებ Entrepreneur-ს მელის დედა, ფონდის დამფუძნებელი, თათა ქაფიანიძე უყვება:

"ფონდის დაარსების იდეა მელიტინას გარდაცვალების შემდეგ ძალიან მალე გაჩნდა. ეს ერთგვარი იმპულსური სურვილი იყო - შინაგანი მოთხოვნილება. მახსოვს, ჩემმა ძმამ თქვა, რაღაც უნდა გავაკეთოთ ისეთი, რაც მელის ძალიან უყვარდაო. ასე შეიქმნა ფონდი, როგორც მისი ცხოვრების გაგრძელება - ენერგიის ფორმა, რომელიც მომავალში სხვებს შთააგონებს, დაეხმარება და მელის თავს შეახსენებს საზოგადოებას", - გვიყვება თათა ქაფიანიძე.

Melitina Foundation-ის მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც სურთ, თავიანთი შემოქმედება კინოს დაუკავშირონ და ამ სფეროში პირველი ნაბიჯები გადადგან. ამ გზაზე ახალგაზრდებს, როგორც წესი, უამრავი სირთულე ხვდებათ და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა - მენტორობა, ინფორმაცია, შესაბამისი ცოდნა, ფინანსური თუ მორალური დახმარება. სწორედ ასეთ ახალგაზრდებს მიეკუთვნებოდა მელი - ის ოცნებობდა რეჟისორობაზე და დიდი მიზნები ჰქონდა.

Melitina Foundation-ის დამფუძნებლებისთვის ეს ფონდი მელის ცხოვრების გაგრძელებაა. ის აერთიანებს იმ ენერგიას, რომელიც მელის ნაწარმოებებში, ჩანახატებში, ფილმებსა და ჩანაწერებში იგრძნობოდა. ეს ყველაფერი დღეს რეალურად სხვა ახალგაზრდების მხარდამჭერ პლატფორმად იქცა. "მისი სახელით რომ ვეხმარებით სხვებს - ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია", - ამბობს თათა ქაფიანიძე.

თავად ფონდი მელიტინას ღირებულებებს ეფუძნება: თავისუფალ აზროვნებას, მხატვრულ სიმამაცეს, ოცნებისა და სიზმრების ძალას, განათლებისკენ სწრაფვას და პროფესიულ გულწრფელობას. ასევე. თანადგომას, რომელიც ხშირად გადამწყვეტია შემოქმედებითი გზის დასაწყისში.

"მელი ბავშვობიდან გატაცებული იყო კინოთი, ვიზუალური ხელოვნებით, მუსიკით. ჯერ მსახიობობა სურდა, მერე რეჟისორობა. წერდა მოთხრობებს, ქმნიდა გრაფიკულ გამოსახულებებს, თავად სწავლობდა მონტაჟს. კარგად მახსოვს, როგორ ეძებდა მელი გზებს, რათა რაღაც კონკრეტული ნაბიჯი გადაედგა თავისი საოცნებო პროფესიის - კინორეჟისურის მიმართულებით. ამისთვის საჭირო იყო, ერთი მხრივ, მოტივაცია, მეორე მხრივ, გაბედულება და ასევე, კონტაქტების დამყარება. მელიმ ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა გაეკეთებინა და მუდმივად ეძებდა პასუხებს კითხვებზე, თუ როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის. ხშირად ინტუიციურ ქმედებას, რომელსაც თან ახლავს შემოქმედებითი სწრაფვა, ძალიან კარგი შედეგები მოაქვს. ასეთ პროცესში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაბედულება და გარშემო მყოფთა მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის გარეშე ბევრ იდეასა და შემოქმედებით ენერგიას რეალიზებამდე ვერ მივყავართ. არაერთხელ ხდება, რომ ადამიანები კინოხელოვნებით დაინტერესებას მხოლოდ ჰობიდ აღიქვამენ და ამის გამო საკუთარ გეგმებს ან იდეებს თავს ანებებენ. მელის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად აინტერესებდა სახელოვნებო სფეროები და უყვარდა კინო, ერთ ეტაპზე მასშიც კი გაჩნდა ეჭვი - იქნებ პროფესიად სამედიცინო მიმართულება აერჩია. იმ მომენტში ჩათვალა, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო პრაქტიკული იქნებოდა. სწორედ ამ გათვლით დაგეგმა სასწავლო სქემა სკოლაში, აირჩია შესაბამისი საგნები და მათი გაძლიერებული სწავლა დაიწყო. თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ მისთვის კინოხელოვნება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე, უბრალოდ, გატაცება - ეს იყო მისი ნამდვილი გზა. მელის უყვარდა სიზმრები და ხშირად ამბობდა, რომ კინო მისთვის სიზმარია, რომელსაც არ ივიწყებ", - გვიყვება თათა ქაფიანიძე.

ფონდის კონცეფცია მელის ხედვებსა და მის პროფესიულ დასაწყისს ეყრდნობა. მან პორტფოლიო ათ ევროპულ უნივერსიტეტში გაგზავნა და ათივესგან დადებითი პასუხი მიიღო. მათ შორის იყო პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი, რომის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი, გოლდსმიტი, ბირკბეკი, ვესტმინსტერი, ლიდსი და სხვა ცნობილი სასწავლებლები. მელის წერილები, პორტფოლიო და ფიქრები დღეს ფონდის შინაარსობრივ მიმართულებად იქცა - კონკურსების შერჩევის კრიტერიუმებიდან დაწყებული, აქტივობების ფორმატით დასრულებული.

Melitina Foundation-მა საქმიანობა აქტიურად დაიწყო. ფონდის პირველი აქტივობა არის მელის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით ანიმაციის შექმნაზე იდეების მიღება. პროცესი ორ ეტაპად არის გაწერილი და პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"საკმაოდ საინტერესო ავტორების განაცხადები შემოვიდა როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. მეორე ეტაპი ივნისში დასრულდება და საბოლოოდ გამარჯვებულის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ პროექტს დიდი ინტერესით დაველოდებით. დასაწყისისთვის ამ აქტივობაში არ ყოფილა გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, აქ გათვლა პროფესიონალებზე იყო, რომელთაც საავტორო ნამუშევრები წარმოადგინეს. ნამუშევრების შეფასებისას გადამწყვეტი იყო როგორც ზოგადი ესთეტიკა და კონცეპტუალური ხედვა, ისე ტექნიკური გადაწყვეტები", - განმარტავს Melitina Foundation-ის დამფუძნებელი, თათა ქაფიანიძე.

როგორც თათა ქაფიანიძე ამბობს, ფონდის ძირითადი მიმართულება არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ საგანმანათლებლო მხარდაჭერაც არის. Melitina Foundation-ი აქტიურად იწყებს მუშაობას ვორქშოპების, ლექციების, მენტორობის მიმართულებით - ფონდი ახალგაზრდებს შესთავაზებს ყველა იმ რესურსსა და მხარდაჭერას, რაც მელის, როგორც ახალგაზრდა შემოქმედს, თავად სჭირდებოდა.

ფონდის შემქმნელების მიზანია, Melitina Foundation-ი იქცეს ხელოვნების სფეროში ერთ-ერთ აქტიურ პლატფორმად, რომელიც გამოცხადებს კონკურსებს, შექმნის საგანმანათლებლო პროგრამებს, გახდება მედიატორი კინოს ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და ბიზნესს შორის. Melitina Foundation-ი ხელს შეუწყობს იმ ახალგაზრდების ხილვადობასა და მხარდაჭერას, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვანი კინოპროდუქტების ავტორები იქნებიან.

"ახალგაზრდებს ვურჩევდი: გაჰყევით თქვენს ოცნებებს მტკიცედ და თავდაჯერებულად. დაიჯერეთ თქვენი იდეების. ის, რაც ერთი შეხედვით გატაცებაა, შეიძლება თქვენს მთავარ გზად იქცეს. მიენდეთ შთაგონებას, ახლა თქვენი ჯერია", - თათა ქაფიანიძე.