"მერქანი" – მომხმარებლის ნდობაზე დაფუძნებული წარმატების ისტორია და განვითარება, როგორც მუდმივი პროცესი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur-ის მკითხველი "მერქანს" უკვე იცნობს – ეს არის კომპანია, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა და ე.წ. რბილი ავეჯის გარდა, ყველა ტიპის ავეჯსა და შიდა კარებს ამზადებს. "მერქანი" უკვე 25 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და გამორჩეულია როგორც მოწინავე რეპუტაციით, ისე მომხმარებლის მაღალი ნდობით. სწორედ ამ ნდობის დამსახურებაა ის, რომ კომპანია მუდმივად ვითარდება და იზრდება.
Entrepreneur კომპანიის დამფუძნებლებს – ედუარდ გულავრიშვილსა და დათუშა დარსალიას სიახლეების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე წარმოების ახალი ეტაპის შესახებ ესაუბრა.
"ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ "მერქანის" მთავარი საყრდენი მომხმარებლის ნდობაა. სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ჩვენს მუდმივ განვითარებასა და ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ერთ კმაყოფილ დამკვეთს მეორე მოჰყავს – ასე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და პროექტების მასშტაბი. ჩვენი დამოკიდებულება საქმისადმი კი უცვლელია: დამკვეთის კომფორტი ყოველთვის პრიორიტეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, არის ის, რომ აქტიურად ავიღეთ მიმართულება უფრო მასშტაბურ კორპორაციულ პროექტებზე. ამჟამად ვამზადებთ ავეჯს ერთ-ერთი დიდი სასტუმროსთვის, რომელიც წელს უნდა ჩაჰბარდეს. ეს არის პრემიუმ-კლასის სასტუმრო, ასამდე ნომრით – შესაბამისად, მისთვის ავეჯის შექმნას თავისი სპეციფიკა და მაღალი სტანდარტები აქვს. დამკვეთს აქვს მკაფიო მოთხოვნები და რაც მთავარია, ყველა დეტალი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. როცა საქმე მასშტაბურ პროექტს ეხება – სადაც ერთდროულად მნიშვნელოვანია რაოდენობა, ვადები და მაღალი სტანდარტი – სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის მთავარი გამოწვევა ხარისხის შენარჩუნებაა. ჩვენს შემთხვევაში დამკვეთმა ზუსტად იცის, რომ ხარისხის კომპრომისზე არასდროს მივდივართ და ამავდროულად, სამუშაოს ვადებში ვასრულებთ", – ამბობს ედუარდ გულავრიშვილი.
"ერთია, როცა ერთი სახლისთვის ამზადებ ერთ კარადას, და სრულიად სხვა – როცა ასეულობით ნომრისთვის ქმნი ავეჯს. იმისთვის, რომ ასეთ მასშტაბურ დაკვეთას სათანადოდ გაუმკლავდე, წლების გამოცდილება გჭირდება – ეს მარტივი ნამდვილად არ არის. ჩვენს შემთხვევაში კორპორაციულმა დამკვეთებმა კარგად იციან, რომ საქმე გამოცდილ კომპანიასთან აქვთ. უკეთ რომ წარმოიდგინოთ სამუშაო პროცესი, გეტყვით: ერთი სახლის პროექტსა და ასნომრიან სასტუმროზე მუშაობის დროსაც ვადები დაახლოებით ერთნაირია – სტანდარტულად 2-3 თვე. ცხადია, მასშტაბი სრულიად განსხვავებულია და შესაბამისად, კორპორაციულ პროექტებზე უფრო დიდი გუნდი მუშაობს", – აღნიშნავს დათუშა დარსალია.
როგორც "მერქანის" დამფუძნებლები ამბობენ, ამ სფეროში მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, როდის ხარ მზად დიდი პროექტებისთვის. მსგავსი მასშტაბის დასაძლევად აუცილებელია როგორც ადამიანური, ისე ტექნოლოგიური რესურსი. აუცილებელია, რომ კომპანიას ჰყავდეს სტაბილური, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი.
"მერქანის" დამფუძნებლებს კარგად ესმით გუნდის როლი კომპანიის წარმატებაში, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, თითოეულ თანამშრომელს კომფორტული სამუშაო გარემო შეუქმნან.
"თუ გინდა საქმე ხარისხიანად აკეთო და სტაბილური რეპუტაცია შეინარჩუნო, აუცილებელია გყავდეს გუნდი, რომელსაც დაეყრდნობი. საბედნიეროდ, ჩვენთან სწორედ ასეთი თანამშრომლები მუშაობენ და მუდმივად ვცდილობთ, მათ ღირსეული პირობები შევუქმნათ. ეს მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ გულისხმობს – როცა გუნდზეა საუბარი, აქ ადამიანური და ემოციური ფაქტორებიც შედის. ბოლო თვეების განმავლობაში "მერქანმა" კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი შეიძინა. როგორი კარგი მენეჯერიც არ უნდა იყო, რამდენი კონტაქტიც არ უნდა გქონდეს და როგორი პოპულარობითაც არ უნდა სარგებლობდეს ბრენდი – თუ სათანადო პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გუნდი არ გყავს, განვითარება და წინსვლა ძალიან ჭირს. ცხადია, როგორც კომპანია იზრდება და პროექტები ფართოვდება, მუშახელის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", – ამბობს დათუშა დარსალია.
როცა საქმე ავეჯს ეხება – იქნება ეს საცხოვრებელი სივრცისთვის თუ სასტუმროსთვის – მას მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება არ აქვს. ავეჯი ქმნის განწყობას, ატმოსფეროს და საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. "მერქანის" დამფუძნებლებს ეს კარგად ესმით და სწორედ ამ ხედვით უდგებიან თითოეულ პროექტს – ცდილობენ, დამკვეთის სურვილები მაქსიმალურად გაითვალისწინონ.
როგორც ედუარდ გულავრიშვილი და დათუშა დარსალია ამბობენ, რემონტი და ავეჯის დამზადება ხშირად ასოცირდება სტრესთან, გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, დაგვიანებებსა და დისკომფორტთან. "მერქანი" კი ყოველთვის ცდილობს, რომ არა მხოლოდ საბოლოო შედეგი გამოვიდეს იდეალური, არამედ თვითონ პროცესიც მაქსიმალურად კომფორტული იყოს დამკვეთისთვის.
"უნდა ითქვას, რომ დიზაინერებიც აღნიშნავენ: გარდა პროფესიონალურად შესრულებული საქმისა, ჩვენთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა მათთვის მარტივი და კომფორტულია, რადგან კარგად მივყვებით პროექტის ყველა ეტაპს და დამკვეთის სურვილებს. არ გვიყვარს დამკვეთისთვის "არას" თქმა და მუდამ ვეძებთ გზებს, რათა მივიღოთ შედეგი, რომელიც მას სურს. ზოგჯერ არსებობს მოთხოვნები, რომლებიც პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ვცდილობთ, მომხმარებელს ავუხსნათ ყველა დეტალი და ალტერნატიული გამოსავალი შევთავაზოთ", – განმარტავს ედუარდ გულავრიშვილი.
"მერქანის" გუნდისთვის, სამუშაოს ხარისხიანად შესრულების მხრივ, დიდი და პატარა პროექტები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. როგორც ედუარდ გულავრიშვილი და დათუშა დარსალია აღნიშნავენ, ერთნაირი პრიორიტეტია მათთვის როგორც პატარა დაკვეთა, ასევე, მაგალითად, მუშაობა დიდ სასტუმროზე.
"მერქანის" განვითარება დიდწილად ტექნოლოგიურ განახლებებზეა დაფუძნებული. კომპანია ცდილობს, ფეხი აუწყოს ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს, იქნება ეს დანადგარების განახლება თუ მასალების სელექციის გაზრდა. დამფუძნებლების თქმით, ყოველწლიურად ესწრებიან სხვადასხვა გამოფენასა და კონფერენციებს, სადაც ეცნობიან უახლეს ტრენდებს და შემდეგ მათ კომპანიის საწარმოო პროცესში ნერგავენ.
"ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ახალი ტრენდები და ტექნოლოგიები. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ მომწოდებელ კომპანიებთანაც, რომლებიც სიახლეებს გვთავაზობენ. ამასთან ერთად, მუდმივად ვეძებთ გზებს, როგორ გავაუმჯობესოთ ხარისხი, იქნება ეს მასალების თუ დანადგარების გამოყენებით. ვცდილობთ, ჩვენს დამკვეთებს ექსკლუზიური ხარისხი და მომსახურება შევთავაზოთ – ის, რასაც სხვა კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე ვერ უზრუნველყოფენ", – ამბობს დათუშა დარსალია.
"დღეს ავეჯის დიზაინისა და წარმოების სფეროში ჩნდება ისეთი ტრენდები, რაზეც წლების წინ წარმოდგენაც არ გვქონდა. იმისათვის, რომ ეს ტრენდები დაინერგოს, აუცილებელია მუდმივად გაეცნო სიახლეებს და ტექნოლოგიურად ეფექტიანად მართო პროცესი. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მომხმარებელიც უფრო მაღალი სტანდარტებით მოითხოვს პროდუქტს, ამიტომ აუცილებელია, მზად დახვდე ამ მოთხოვნებს. ცხადია, უცვლელი პრიორიტეტია ხარისხის კონტროლი და რეგულაციების დაცვა. ამ დეტალებში ზედმიწევნით ვართ ჩართული, რათა არაფერი გამოგვეპაროს", – ედუარდ გულავრიშვილი.
"მერქანის" წარმოების ციკლი ბევრ ეტაპს გადის. პროცესი კონსულტაციით იწყება: დამკვეთი კომპანიას აცნობს პროექტის ხედვას, სურვილებსა და მოლოდინებს. ამის შემდეგ განისაზღვრება ბიუჯეტი. "მერქანის" გუნდი ადგილზე ეცნობა სივრცეს, ხდება ობიექტის დეტალური შესწავლა და პრიორიტეტების დაზუსტება. შეთანხმების მიღწევის შემდეგ იგეგმება ღირებულება, მზადდება დიზაინი და ტექნიკური ნახაზები, რის შემდეგაც იწყება უშუალოდ სამუშაო ეტაპი – სწორედ ის ნაწილი, სადაც "მერქანის" გამოცდილება და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა ყველაზე ნათლად იკვეთება.
"ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს, გარდა რბილი ავეჯისა – მათ შორის სააბაზანოს ავეჯს და შიდა კარებს. ყველაფერი მზადდება საქართველოში. რა თქმა უნდა, შემოგვაქვს მასალებიც, რომლებიც საქართველოში არ იშოვება. იმპორტის ნაწილში სხვა კომპანიებსაც ვთავაზობთ მასალებს. ჩვენი მიზანია, შესაძლებლობა მივცეთ მცირე და ახალი კომპანიებისთვისაც, რომ ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან რესურსებზე, რაც ზოგადად ინდუსტრიას და ადგილობრივ კომპანიებს ავითარებს", – ამბობს Entrepreneur-თან ინტერვიუში ედუარდ გულავრიშვილი.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას "მერქანის" დამფუძნებლები, პირველ რიგში, წარმოების კიდევ უფრო განვითარებასა და ზრდას ასახელებენ. ასევე, კომპანია გეგმავს ექსკლუზიური დიზაინის ავეჯის შექმნას.
"გვსურს, რამდენიმე მოდელის დიზაინი შევქმნათ, რომლის შეძენასაც შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი. ყველას არ აქვს საშუალება, ინდივიდუალური დიზაინის ავეჯი შეუკვეთოს, ან ზოგჯერ დამკვეთმა არც იცის, როგორი უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი. ჩვენ გვინდა შევქმნათ რამდენიმე მოდელი, რომელსაც მომხმარებელი კატალოგში ნახავს და შეძლებს შეიძინოს. და, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი კვლავაც არის ნდობის გამართლება და დამკვეთებისთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება", – ედუარდ გულავრიშვილი.
მრავალწლიანი წარმატების ფონზე, "მერქანის" გუნდი მთავარ მიღწევად მაინც ადამიანების ნდობის მოპოვებასა და პროფესიონალი გუნდის გაძლიერებას მიიჩნევს: "ხალხის ნდობა და ჩვენი გუნდი არის შეუფასებელი. სწორედ ეს ორი მთავარი ფაქტორია, რაზეც მერქანი დგას", – ამბობენ დამფუძნებლები.