"მეურნეობა" - Enterprise to school სწავლების მოდელი საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მეურნეობა" პირველი ქართული ინოვაციური პროექტია, რომელიც განათლების სისტემაში Enterprise to school სწავლების მეთოდს ნერგავს. ერთი მხრივ, პროექტი საჯარო სკოლებს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებელი შემოსავალი ჰქონდეთ. მეორე მხრივ, კი სკოლის მოსწავლეებს საწარმოს მართვის, ახალი ბრენდის შექმნისა და განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შესძენს.

პროექტი ქართული ქრაუდფანდინგ-პლატფორმის Fundraiser.ge-ისა და Thankyou.ge-ის გუნდების მიერ ხორციელდება, რომელიც ღიაა ახალი შემოთავაზებებისა და პარტნიორობისთვის, რათა პროექტმა უფრო მეტ ადამიანს მისცეს განვითარების შესაძლებლობა.

"პროექტის დაწყების ინსპირაციის წყარო გახდა ის, რომ არსებული განათლების სისტემა ძალიან ჩამორჩება თანამედროვე AI-სა და ციფრულ სამყაროს. ჩვენ კი ამ პროექტის ფარგლებში გაზიარებული ცოდნითა და გამოცდილებით, ბავშვებს ვაძლევთ შანსს, იცხოვრონ და არა იარსებონ", − აღნიშნავს ზუკა მახარაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.

უკვე ორი წელია, რაც ორგანიზატორები პროექტის კონცეფციის სრულყოფაზე მუშაობენ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ყველა ის პრობლემა შეისწავლეს, რაც ქართული განათლების სისტემაში არსებობს და მიზნად დაისახეს, იგი მცირედით მაინც დაუახლოონ თანამედროვე სამყაროს განათლების სისტემას.

"ჩვენ გვინდა, საქართველოს განათლების სისტემა ახლოს იყოს თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროსთან. ქართულ სკოლებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად განვითარების გარანტია. მოსწავლეებმა კი პრაქტიკაში მიიღონ ის აუცილებელი გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რომლებიც დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება მთავარი იდეის − განათლების გარშემო გავაერთიანოთ და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვაკეთოთ კამპანიები, რომლებსაც ყველა შეიყვარებს", − აღნიშნავს ზუკა მახარაშვილი.

როგორ ფუნქციონირებს პროექტი "მეურნეობა"?

პროექტის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიებზე მცირე და საშუალო საწარმოები შეიქმნება, სკოლის მოსწავლეები კი საწარმოს ფუნქციონირების პარალელურად წინასწარ გაწერილი სილაბუსით საწარმო და აგროტექნოლოგიებს, მარკეტინგს, გაყიდვებს, მართვასა და ლოგისტიკას შეისწავლიან − მთლიანობაში 16 საგანს.

თითოეული სკოლის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქტი ერთი ბრენდის − "მეურნეობის" ქვეშ გაერთიანდება და შემდგომში ქსელურ მაღაზიებსა და ონლაინმაღაზიებში გაიყიდება, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე Meurneoba.ge/Shop, "ვოლტსა" და "გლოვოზე".

"მეურნეობა" ათწლეულებზე გათვლილი პროექტია და შემდეგი კონცეფციით იმუშავებს: ერთი სკოლიდან მიღებული მოგების 50% მუდმივად სკოლაში დარჩება, რაც სკოლის ან ბავშვების განვითარებისთვის საჭირო გადამზადების კურსებსა და პროექტებს მოხმარდება. დარჩენილი 50% კი სხვა სკოლაში ახალი მეურნეობის დასაწყებად გადაირიცხება, შემდეგ ორი სკოლის 50% მესამე სკოლისთვის გადაირიცხება და ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს 2208 სკოლა პროექტის ბენეფიციარი არ გახდება. პროექტის ორგანიზატორებს სურთ, რომ 5 წელიწადში 20-ზე მეტი სკოლა აითვისონ, თუმცა ამისთვის მათ შესაბამისი რესურსი და მხარდაჭერაც სჭირდებათ.

საგანმანათლებლო პროცესის გარდა, პროექტი არაერთ საინტერესო აქტივობას აერთიანებს. მათ შორისაა ვიდეოგაკვეთილების სერია, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს მოიცავს. ამჟამად, ამ კურსის აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, ყოველ სემესტრში ოლიმპიადების ჩატარება იგეგმება, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა პრობლემის მარტივად გადაწყვეტა მოუწევთ, მაგალითად, როგორ შევფუთოთ პროდუქტი პლასტიკის გარეშე და სხვა. იგეგმება აგროტურების, მშვიდობის ფესტივალის, მშვიდობის ბაღის, Meurneoba Café-ის მოწყობა და კიდევ არაერთი საინტერესო აქტივობის განხორციელება, რომლის შესახებაც ეტაპობრივად შევიტყობთ.

პირველი პროექტისოფელი ზემო ნიქოზი

პროექტის ფარგლებში პირველი საწარმო სოფელ ზემო ნიქოზში მოეწყობა, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ზოლის სოფელს წარმოადგენს და ცხინვალს ესაზღვრება. ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში 500 კვ.მ. ფართობის სათბური მოეწყობა. ამ სკოლაში ამჟამად 161 მოსწავლე სწავლობს.

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, სათბურის მხოლოდ პირველი წლის მოგებიდან მიღებული თანხით ზემო ნიქოზის სკოლა პროგრამირების ერთწლიან სრულ კურსს შეიძენს ნიქოზელი მოსწავლეებისთვის, ასევე, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა კურსს სკოლის პერსონალისთვის.

"ნიქოზის 161 მოსწავლიდან გამოკითხვებისა და Enterprise to School კურსში მიღებული გამოცდილების მიხედვით, შევარჩევთ 30-40 მოსწავლეს, რომლებიც სხვადასხვა IT-აკადემიის სერტიფიცირებული პროგრამისტი იქნებ. ისინი პირველივე კურსზე შეძლებენ მაღალშემოსავლიან სამსახურში დასაქმებას", − ამბობს ზუკა მახარაშვილი.

გარდა ამისა, სწორედ ზემო ნიქოზი გახდება პროექტის საბაზისო ადგილი, სადაც სხვადასხვა სახის აქტივობა პერმანენტულ რეჟიმში გაიმართება.

როგორ შევიტანო წვლილი პროექტის განვითარებაში?

პროექტის პირველი ეტაპი ფანდრაიზინგ-კამპანიის დახმარებით წარმატებით დასრულდა. "მადლობა იმისათვის, რასაც აკეთებ" − ასე ჰქვია კამპანიას, რომლის მეშვეობითაც, ორგანიზატორებმა მიწის ნაკვეთი იქირავეს, გაწმინდეს ტერიტორია, შეიმუშავეს 125-გაკვეთილიანი სილაბუსი, გააფორმეს კონტრაქტები, შეათანხმეს ყველა საჭირო საკითხი პროფ. უნარების განვითარების სააგენტოსთან და სხვა უწყებასთან.

მომდევნო ეტაპი სექტემბერში სწავლის დაწყებასთან ერთად, სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში მარწყვის 500 კვ.მ. ფართობის მქონე სათბურის მშენებლობასა და პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონია/პრეზენტაციას გულისხმობს. ამ ყველაფერს კი საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება.

თუ თქვენ ხართ მეწარმე ან კომპანია, რომელსაც რეკლამა სჭირდება, პროექტი საპარტნიორო პაკეტების სახით უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ. ერთი მხრივ, ღირებულებიდან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ ყველაზე მომგებიან სარეკლამო გარიგებას და მეორე მხრივ, შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი წვლილი შეიტანოთ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განვითარებაში.

"მეურნეობის" სასპონსორო პაკეტი აგებულია იმ კამპანიებისა და პროექტების მიხედვით, რომლებიც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში და მთლიანობაში 17 სახის სერვისს მოიცავს როგორც ვირტუალურ, ასევე ფიზიკურ სივრცეში.

გარდა ამისა, თქვენ, როგორც ცალკეულ ადამიანს, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ჩაერთოთ ფანდრაიზინგში − თქვენთვის საყვარელ ადამიანს მადლობის ნიშნად ქოთნის მარწყვი აჩუქოთ და ამით მატერიალური მხარდაჭერა გაუწიოთ პროექტს "მეურნეობა".

"მადლობა იმისათვის, რასაც აკეთებ" ფანდრაიზინგისთვის: https://thankyou.ge/

სასპონსორო პაკეტი კომპანიებისთვის: https://thankyou.ge/pages/5

Related Topics

Business News

7 რამ, რაც 2024 წელს აღარ უნდა გაიმეოროთ

ვინ არის პასუხისმგებელი? მე თუ სხვა?