Get All Access for $5/mo

მიხეილ ნონიკაშვილი - სტრატეგია და ტრანსფორმაცია, როგორც ცხოვრების წესი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცხოვრებაში, ისევე, როგორც კორპორაციულ სამყაროში, ადამიანები გადაწყვეტილების მიღების მიდგომების მიხედვით ორ ტიპად იყოფიან. არსებობენ ლიდერები, რომლებიც ემოციურად, ინტუიციასა და ალღოზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს, ხოლო მეორე კატეგორია ადამიანებისა, მნიშვნელოვან ნაბიჯებს რაციონალურად, ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით დგამს. სწორედ ამ უკანასკნელ ტიპს მიეკუთვნება მენეჯერი, 18-წლიანი გამოცდილებით, დღესდღეობით კი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტის" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი, რომელიც თავის მთავარ ხელწერად სტრატეგიულ ხედვას, ტრანსფორმაციას, კრიზისულ მენეჯმენტსა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მიიჩნევს.

მიხეილი უკვე 3.5 წელიწადია, რაც "ევროკრედიტის" დირექტორის პოსტს იკავებს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიაში არსებული უამრავი გამოწვევის გადალახვა გუნდთან ერთად მოუწია. პარალელურად, იგი მისთვის ჩვეული სტილით, მუდმივად ნერგავს სიახლეებს, ახდენს ორგანიზაციის ტრანსფორმაციას და ქმნის კონკურენტულ სტრატეგიას. სწორედ მიხეილის ხელმძღვანელობის დროს "ევროკრედიტში" დაინერგა ახალი პროდუქტი − ბიზნესსესხი, პირველად გახდა შესაძლებელი განმეორებითი ავტოსესხის დისტანციურად აღება, გაკეთდა განაცხადი კომპანიის ფინტეკად ტრანსფორმაციისკენ, მოხდა ბექოფისის პროცესების რობოტიზაცია, განხორციელდა კომპანიის რებრენდინგი, ადგილობრივი ბანკებიდან მოზიდულ იქნა რამდენიმემილიონიანი დაფინანსება, კომპანია აქტიურადაა წარმოდგენილი ავტოსპორტში, თანამშრომლობა დაიწყო სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: საავტომობილო ფედერაცია, უნივერსიტეტები, საფინანსო ინსტიტუტები, საქართველოს ფინტექ-ასოციაცია და ა.შ.

გარდა ამისა, მიხეილ ნონიკაშვილი გახლავთ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) გაციფრულების კომისიის თავმჯდომარე და მიწვეული ლექტორი ევროპისა და კავკასიის უნივერსიტეტებში. ისევე, როგორც კორპორაციულ სამყაროში, მიხეილი პერსონალურადაც ისწრაფვის მუდამ ცვლილებებისა და განვითარებისკენ. Entrepreneur-თან საუბრისას, მან ახსენა, რომ ფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ყოველდღიურობაში და დღესაც, ესოდენ წარმატებული კარიერული გზის ფონზე, იგი სწავლობს მადრიდის IE ბიზნესსკოლაში ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და "კავკასიის უნივერსიტეტის" დოქტორანტურაზე მენეჯმენტის მიმართულებით, რომელიც დროებით დაპაუზებულია აქვს, ვიდრე მომავალი წლის ივლისში მაგისტრის ხარისხს მეორედ არ მიიღებს.

Entrepreneur შთამბეჭდავი კარიერული განვითარების, პროფესიული თუ ცხოვრებისეული ტრანსფორმაციისა და სტრატეგიული მიდგომების, როგორც ცხოვრების წესის შესახებ, თავად მიხეილ ნონიკაშვილს ესაუბრა და გთავაზობთ ინტერვიუს მისო "ევროკრედიტის" აღმასრულებელ დირექტორთან, სადაც კომპანიის დღევანდელ ვითარებაზე, მის წარსულ გამოცდილებასა და მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ.

როდის და რა ვითარებაში დაიწყო თქვენი ურთიერთობა "ევროკრედიტთან" აღმასრულებელი დირექტორის ამპლუაში? გვიამბეთ კომპანიის აწმყოზე, როგორ ვითარდება მისო თქვენი მესვეურობით, რა სიახლეებს სთავაზობს ბაზარს "ევროკრედიტი" და როგორია სამომავლო გეგმები?
დაახლოებით სამი წლის წინ, როდესაც "ევროკრედიტში" მოვედი, ჩემს გუნდთან ერთად უპირველეს მიზნად ბაზარზე განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული ორგანიზაციის ნიშის დაკავება დავისახე. ზოგადად, არა მარტო ჩვენს ინდუსტრიაში, არამედ მთლიან ბაზარზე არსებობს ასეთი პრობლემა − კომპანიები ვერ ქმნიან სტრატეგიულ კონკურენტულ უპირატესობას, გამორჩეულ ღირებულებას. სტრატეგიული მიდგომა ორ მნიშვნელოვან ნაწილად იყოფა: ერთი ფასისმიერი უპირატესობის შექმნაა, ხოლო მეორე − დიფერენცირების სტრატეგია. თავიდანვე მივხვდით, რომ ფასისმიერ კონკურენციაში შესვლა გაგვიჭირდებოდა, ვინაიდან რესურსების მოზიდვა საკმაოდ ძვირი გვიჯდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გამორჩეული ღირებულება შეგვექმნა მომხმარებელთათვის. დავიწყეთ მუშაობა, რათა ვყოფილიყავით უფრო მარტივები და სწრაფები, რაც საბოლოო ჯამში საფუძვლად დაედო ჩვენს მარკეტინგულ სტრატეგიას − "ბარიერების გარეშე". თუკი ჩვენი კონკურენტები სესხს ერთ საათში გასცემდნენ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს დრო ნახევარ საათამდე შეგვემცირებინა. ამისათვის, გავამარტივეთ ოპერაციები, მოვახდინეთ პროცესების ავტომატიზაცია და რობოტიზაცია, შევიმუშავეთ ახლებური სტრატეგიული მიდგომები და მივმართეთ ცენტრალიზაციას (სესხის დამტკიცება უკვე არა თითოეულ ფილიალში ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივ სისტემაში ხორციელდებოდა). შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე ტრენდი შევქმენით, რომელსაც კონკურენტებიც აჰყვნენ.

ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად შეასრულოს მომხმარებლისთვის გაცემული დაპირება. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე იაფ სესხებს გავცემთ, ვინაიდან ბაზრის 80%-ზე მეტი დაახლოებით მსგავს საფასო პოლიტიკას ატარებს. შეგვეძლო პროცესების აჩქარება, მექანიკური საქმიანობის დიდი ნაწილის ავტომატიზაციით, რისთვისაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა დაგვჭირდა, თუმცა შედეგი ამად ღირდა. სესხების გადაწერას დეპარტამენტებს შიგნით აქამდე თანამშრომელი მანუალურად ასრულებდა, რასაც ახლა უკვე რობოტი აკეთებს და ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება. დავნერგეთ VCC-სისტემა ქოლ-ცენტრებში, რომელიც სპეციალურად გაწერილი ლოგარითმის საფუძველზე თვითონ საზღვრავს, რომელ მომხმარებელს რამდენჯერ დაურეკოს. გარდა ამისა, ჩავანაცვლეთ ძველი სამუშაო პლატფორმა თანამედროვე სისტემით, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა პროცესი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში დავნერგეთ ონლაინ ავტოსესხები, რაც საქართველოს ბაზარზე პირველი პრეცედენტი იყო. საუბარია მეორად სესხებზე, როდესაც კლიენტს უკვე აქვს ერთი სესხი და დამატება სურს. მომხმარებელს მისდის ავტომატური შეტყობინება, რომლითაც მას ხელმისაწვდომ ლიმიტს ვაცნობთ და ვაძლევთ საშუალებას ერთი მარტივი Click-ით აიღოს მისთვის სასურველი თანხა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ციფრულ საფულესთან "ვოლი ფეი", რომელიც MasterCard-ის ავტორიზებული პარტნიორი გახლავთ. ამ კოლაბორაციამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი გაციფრულების პროცესს და ჩვენს მომხმარებლებს უკვე აღარ უწევთ რიგში დგომა, დროის კარგვა, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პანდემიურ რეალობაშიც და აქტუალურია დღესაც.

ციფრებზეც რომ ვისაუბროთ, აუდიტირებული მონაცემით, 2021 წელს გასულ წელთან შედარებით, კომპანიის მოგება 50%-ით გაიზარდა. ჯამში ამ 3 წელიწადში, 100%-ით გაუმჯობესდა პორტფელის ხარისხი. პორტფელის ზრდის ტრენდსაც რომ გადავხედოთ, 2021 წლის 1 იანვრიდან 43 მილიონიდან 64,8 მილიონამდეა გაზრდილი.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გაციფრულებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და ვამზადებთ აპლიკაციას, რომელიც კიდევ უფრო გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენ მომხმარებლებს. შესაძლებელი გახდება ონლაინსესხის აღება, ხელმისაწვდომი ლიმიტისa და გრაფიკის ნახვა, კალკულატორი, სესხის წინასწარი დამტკიცება და ჩარიცხვა, სხვადასხვა ლოიალურობის პროგრამა და ფასდაკლებები პარტნიორ ორგანიზაციებში, დისტანციური იდენტიფიკაცია. გვინდა, ეს აპლიკაცია იყოს ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა, რომლითაც მომხმარებელს მეტ კომფორტს შევთავაზებთ და ხაზს გავუსვამთ, რომ ჩვენ არ მივყვებით დინებას, არამედ მუდმივად ვვითარდებით დასახული მიზნის ირგვლივ − სიმარტივე და სისწრაფე.

სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და თანმიმდევრული ტრანსფორმაციის შედეგად, "ევროკრედიტი" ბაზარზე გამორჩეული მოთამაშე გახდა, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, ვინაიდან ბაზარი ვითარდება, კონკურენტებიც აქტიურობენ, ეს კი მუდმივად გვიბიძგებს სიახლეებისა და ცვლილებებისკენ.

მსგავს შთამბეჭდავ შედეგებს საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოწვევებით დახუნძლული წარსული უმაგრებს ზურგს. გვიამბეთ, რით დაიწყო თქვენი გზა კორპორაციულ სამყაროში? რა ადგილი უჭირავს სამუშაო გამოცდილებას თქვენს ამჟამინდელ წარმატებულ საქმიანობაში და როგორ დაფუძნდით საფინანსო ინდუსტრიის მენეჯმენტში?
ჩემი პირველი სამსახური საერთოდ არ იყო დაკავშირებული საფინანსო ბიზნესთან. ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში, როდესაც კარატეში ვვარჯიშობდი, მწვრთნელის ასისტენტად დამნიშნეს. ხშირად გვგზავნიდნენ სოფლებში, სადაც ჯგუფები გვყავდა და იქ ვეხმარებოდი მწვრთნელს, რაშიც 20 ლარის გასამრჯელოს ვიღებდი. იმ დროისთვის ეს საკმაოდ დიდი ფული იყო ჩემთვის, რამაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა და ფულის ყადრიც მასწავლა. მოგვიანებით, უკვე სტუდენტობის დროს, სხვადასხვა სპორტულ გაზეთში ვმუშაობდი ჟურნალისტის პოზიციაზე და ასე ვშოულობდი სტუდენტურ ჯიბის ფულს.

ზოგადად, ოჯახში, განსაკუთრებით კი დედას, უნდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი. მე ფსიქოლოგობა მომწონდა, თუმცა იმ პერიოდის საქართველოში პროფესიის არჩევა შინაგანი ხმის მოწოდებით იშვიათად ხდებოდა. მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სპეციალობა ეკონომიკა იყო და ამან გადამაწყვეტინა ეკონომიკის ფაკულტეტზე გამოცდების ჩაბარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ში სწავლა 2001 წელს დავამთავრე და ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდი სამსახურს. ხანგრძლივი ძიების შემდეგ იმდროინდელ "კასპის ცემენტის" ბუღალტერიაში დავიწყე მუშაობა, თუმცა ზუსტად ხუთ თვეში გავაცნობიერე, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო და ე.წ. "ოპერად" წავედი გერმანიაში ერთი წლით. როდესაც ევროპიდან დავბრუნდი, საქართველოში სამსახურის პოვნა კვლავ გამიჭირდა და ისევ გერმანიაში დავბრუნდი, ამჯერად თავისუფალი სოციალური ნებაყოფლობითი მუშაკის ამპლუაში და ერთი წლის განმავლობაში ძნელად აღსაზრდელი ბავშვების ინტერნატში ვიმუშავე, სადაც აღმზრდელის როლში ბავშვების განათლებასა და სპორტულ აქტივობაზე ვზრუნავდი. საქმეს კარგად ვართმევდი თავს და რეკომენდაციაშიც კი ჩამიწერეს, თუ როგორ გააუმჯობესეს ბავშვებმა აკადემიური მოსწრება ჩემი შრომის შედეგად.

უკვე ამის შემდეგ, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, 100-მდე კომპანიაში დავგზავნე ჩემი რეზიუმე. თავიდან გაჭირდა, თუმცა ცოტა ხანში ზარებმაც არ დააყოვნეს. რამდენიმე შემოთავაზებიდან, გადავწყვიტე "საქართველოს ბანკში" დამეწყო მუშაობა. როგორც ჩანს, გასაუბრებისა და ტესტირების ეტაპზე იმდენად მოვაწონე თავი ბანკის მენეჯმენტს, რომ მალევე ერთ-ერთი მცირე ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ამოვყავი თავი. "საქართველოს ბანკში" ჯამურად ექვსი წელი დავყავი, აქედან 4,5 წელი ფილიალის მენეჯერად, ხოლო ბოლო ერთი წელი − ციფრული არხების განვითარების პროექტ-მენეჯერის თანამდებობაზე.

"საქართველოს ბანკიდან", მოგვიანებით "ფინკა ბანკს" შევუერთდი, სადაც 3 წელი ვიმუშავე რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე და თბილისის მასშტაბით რვა ფილიალი მებარა.

ამის შემდეგ შემომთავაზეს იმ დროისთვის ახლად გახსნილი სტარტაპის, ორგანიზაცია "ლენდოს" დირექტორის თანამდებობა, რომელიც თავდაპირველად ლომბარდს, ონლაინსესხებს და ბევრ სხვა მომსახურებას აერთიანებდა. ზუსტად სამ თვეში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლომბარდი საერთოდ დაგვეხურა და მხოლოდ ონლაინსესხებზე ვკონცენტრირებულიყავით. ონლაინს დაემატა ოფლაინიც და ცხრა თვის განმავლობაში 34 ახალი ფილიალი გავხსენით, ხოლო 2017 წელს ბაზარზე ლიდერობაც მოვიპოვეთ 120-მილიონიანი პორტფელით. "ლენდოში" მუშაობის 2,5 წლიანი პერიოდის შემდეგ, შემოვუერთდი "ევროკრედიტის" გუნდს, რომელთან ერთადაც საკმაოდ ამბიციურ, თამამ ნაბიჯებს ვდგამთ და დიდ სამომავლო მიზნებს ვისახავ.

როგორც ვიცით, ამჟამად მადრიდის IE ბიზნესსკოლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობთ, პარალელურად ასწავლით მენეჯმენტს და სტრატეგიულ მიდგომებს "ევროპისა" და "კავკასიის უნივერსიტეტებში" და დროებით შეჩერებული დოქტორანტურის დასრულებასაც გეგმავთ. რა როლს თამაშობს პროფესიონალის განვითარებაში ფორმალური განათლება, რა უბიძგებს უკვე შემდგარ სპეციალისტს სწავლის გაგრძელებისკენ და რას ნიშნავს თქვენთვის ამ დაგროვილი ცოდნის გაზიარება სტუდენტებისათვის?
როგორც აღვნიშნე, 2001 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თუმცა სამაგისტრო პროგრამაზე გამოცდების ჩაბარება უკვე სამუშაო გამოცდილების მიღებისა და გარკვეული პრაქტიკის დაგროვების შემდეგ გადავწყვიტე. 2011 წელს გამოცდების ჩავაბარე და შედარებით მოგვიანებით დავამთავრე ESM-ის ბიზნესსკოლის მაგისტრატურა და ვერც ამაზე გავჩერდი...

2019 წლიდან "კავკასიის უნივერსიტეტში" მენეჯმენტის მიმართულებით დოქტორანტურაზე ვსწავლობ, თუმცა გარკვეულ მომენტში არაორდინარული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე − დროებით შევაჩერე დოქტორანტურა და მადრიდის IE ბიზნესსკოლაში გავაგრძელე სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც მომავალი წლის ივლისში ვასრულებ. ამ უნივერსიტეტის MBA-პროგრამა ევროპის მასშტაბით მერვე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მეთოთხმეტე ადგილს იკავებს Financial Times-ის რეიტინგით. უცხოეთში განათლების მიღება ბავშვობიდან მსურდა, თუმცა აქამდე ფინანსური პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი. მოკლედ, ახალგაზრდობის ოცნება ავისრულე და საბოლოოდ 18 ათასევროიანი დაფინანსებით ჩავირიცხე IE ბიზნესსკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გავაგრძელებ დაპაუზებულ დოქტორანტურას. ბუნებით ცნობისმოყვარე-მოუსვენარი ვარ, რაც მუდმივი განვითარების სულისკვეთებას მანიჭებს.

გარდა ამისა, ამჟამად "კავკასიის უნივერსიტეტში" ვკითხულობ მენეჯმენტს, ორგანიზაციულ ქცევასა და სტრატეგიულ მენეჯმენტს. ეს ერთგვარი ჰობია. ვფიქრობ, სტუდენტებისთვის პრაქტიკოს ლექტორთან ურთიერთობა ბევრად პროდუქტიული და სასარგებლოა. ერთია, როდესაც თეორიულად ვასწავლით სტუდენტებს, თუ რა სახის სტრატეგია აქვს Google-ს და როგორი ორგანიზაციული კულტურაა იქ, მაგრამ ადგილობრივი სიტუაცია და ბაზრის სპეციფიკა კარდინალურად სხვაა. საერთაშორისო კომპანიებში დასაქმება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, სტუდენტების უმეტესობა მაინც ადგილობრივ ბაზარზე საქმდება, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მოამზადო სტუდენტები ამ გარემოსთან ადაპტირებისთვის.

საქართველოში კარიერული დაგეგმარების კუთხით სერიოზული პრობლემებია. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტების მომავალი კარიერა მათთან ერთად სტრატეგიულად დაგეგმოს, აუხსნას, რომელი მიმართულებით რა სახის უნარები, ცოდნა თუ კომპეტენცია გამოადგებათ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება სასკოლო ასაკიდან უფრო უპრიანია. ჩემი აზრით, უფროსკლასელები უნდა დადიოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში და ეცნობოდნენ მათ სამუშაო კულტურას, ცალკეული დეპარტამენტების პროცესებსა თუ ფუნქციებს. საქართველოში მოსახლეობის 70-80% არ მუშაობს საკუთარი სპეციალობით, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს და ამის აღმოსაფხვრელად აუცილებელია პირადი კარიერის სტრატეგიული დაგეგმვის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში.

ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან კარგი, მიზანდასახული და ამბიციური თაობა მოდის. განსაკუთრებით Gen Z-ის წარმომადგენლებმა იციან ცხოვრებასა და მუშაობას შორის არსებული ბალანსის მნიშვნელობა და წინამორბედი თაობებისგან განსხვავებით, უფრო მოქნილი, თავისუფალი სამუშაოსკენ ისწრაფვიან. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს თაობა უკვე ცვლის და რადიკალურად შეცვლის დასაქმების ბაზარს, რაც დამსაქმებლებსაც უბიძგებს მუდმივი ტრანსფორმაციისკენ.

როგორც ვიცით, SMEDA-ს გაციფრულების კომისიის თავმჯდომარე ბრძანდებით. თუ შეიძლება გააცანით ჩვენს მკითხველს, რას საქმიანობს ასოციაცია და რა როლს ასრულებთ თქვენ მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების გზაზე?
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის როლი გახლავთ ხელი შეუწყოს მცირე ბიზნესებს სხვადასხვა არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში. დღეს, ბიზნესის ძირითადი გამოწვევა ფინანსებთან დაბალი ხელმისაწვდომობაა და ყველა მოთამაშის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ეს ფაქტორი წარმოადგენს. გამოსავალი კი, ცოდნის გაზიარებასა და "ნეთვორქინგში" იმალება. სწორედ ამიტომ შეიქმნა SMEDA.

რაც შეეხება ჩემს როლს, გაციფრულებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვარ ჩართული. უფრო მეტად ამ მიმართულების სტრატეგიულ დაგეგმვაში, ვიდრე ტექნიკურ იმპლემენტაციაში. აქტიურად ვმუშაობთ მცირე და საშუალო მეწარმეების გაციფრულების სტრატეგიაზე, რაც მათ მასშტაბირებასა და გლობალური ბაზრების ათვისებაში, ეფექტურობის ზრდასა და დივერსიფიკაციაში დაეხმარება. ვცდილობთ დავანახოთ მეწარმეებს გაციფრულების უპირატესობები, ვასწავლოთ ხელმისაწვდომი და ეფექტიანი ინსტრუმენტები და ამ კუთხით ავუმაღლოთ ცნობიერება.

ვინაიდან ტრანსფორმაცია და სტრატეგიული დაგეგმვა თქვენი ხელწერის განუყოფელი ნაწილია, გაგვიზიარეთ, რა როლი მიუძღვის ორგანიზაციის გამართულ მუშაობაში ცვლილებებს, რა მნიშვნელობა აქვს და რა მომენტში ხედავთ მათ საჭიროებას?
სამყარო ჩვენ გარშემო თვალნათლივ სწრაფად იცვლება, რაც პანდემიამ განსაკუთრებული სიმძაფრით დაგვანახა და მუდმივი ტრანსფორმაციის მზადყოფნისკენ პირდაპირ მიგვითითა. პროცესები იმდენად ცვალებადი აღმოჩნდა, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა უბრალოდ ვეღარ აუწყო ფეხი ამ ტემპს და მივიღეთ კრიზისი, ლოგისტიკური ხარვეზები და ჩავარდნები ბევრი მიმართულებით. მაგალითად, ჰიტროუს აეროპორტს პოსტპანდემიურ პერიოდში მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო იმდენად დიდი პრობლემები შეექმნა, რომ არაბულ ქვეყნებს ბილეთების გაყიდვის დროებით შეჩერება სთხოვა. ბარგი იკარგებოდა და ოპერაციები ისე ვეღარ სრულდებოდა, როგორც საჭირო იყო. არადა, ერთი შეხედვით რამხელა რესურსებისა და შესაძლებლობების მქონე კომპანიაა...

არსებობს ცვლილებები − როგორც სისტემური, ისე სისტემატური ხასიათის. სისტემური, მასშტაბური ცვლილებები უკვე ტრანსფორმაციის პროცესია.

ტრანსფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებით, მათი "მაინდსეტის" ცვლილებით იწყება. თუ თანამშრომლები ვერ აგყვნენ და გაერთიანდნენ საერთო იდეის გარშემო, მარცხი გარდაუვალი იქნება. გუნდის თითოეულ წევრს კარგად უნდა ესმოდეს, მაგალითად, ავტომატიზაციის აუცილებლობა, რათა რუტინული სამუშაოსგან გამოთავისუფლებული დრო შემოქმედებით საქმიანობას მოახმაროს და ამით შეუქმნას კომპანიას ღირებულება. კონკურენტები ყოველთვის ფხიზლობენ, ბიზნესგარემო იცვლება და შენც უნდა შეიცვალო. კარგმა ლიდერმა უნდა მოახერხოს, რომ ჯერ თანამშრომლებში გააღვიძოს ცნობისმოყვარეობა, ხოლო შემდეგ მათთან ერთად დაიწყოს ცვლილებების პროცესი.

ტრანსფორმაცია დაუსრულებელი და განმეორებადი პროცესია. ტრანსფორმაცია დავასრულე, − ჩემთვის გაუგებარია. მოკლედ, მუდმივად ცვალებადი გარემოს გამო, "ტრანსფორმაცია ვერტიკალურია და თან ბრუნვადი". პირადი და ორგანიზაციული ტრანსფორმაციაც უნდა განვასხვაოთ.

სტრატეგიის მნიშვნელობა კი რაღაც გაუფასურებულად მეჩვენება ქართულ რეალობაში, რადგანაც არ ეთმობა სათანადო ყურადღება და დრო. კომპანიამ უნდა იცოდეს საკუთარი გრძელვადიანი მიზანი. საინეკს თუ დავესესხებით, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.

ბუნებრივია ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება გვხვდება, რომელთა გვერდის ასაქცევად ან გადასალახად ტაქტიკური გადაწყვეტილებებია საჭირო.

საქართველოში იშვიათად ასხვავებენ კორპორაციულ და ბიზნეს სტრატეგიებს, არადა, ამ ორ ცნებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. გარდა ამისა, სტრატეგია უნდა იყოს დაყვანილი თითოეული თანამშრომლის დონეზე, ის ბიზნესის "ბიბლიად" უნდა იქცეს და ყოველდღიურ მუშაობაში გათავისდეს, დაინერგოს, განხორციელდეს.

სტრატეგიის პრობლემას ყველა საფეხურზე ვაწყდებით − კერძო ბიზნესისა თუ სახელმწიფო, მე ვიტყოდი, პირადი, პერსონალური სტრატეგიის ჩათვლით.

ვფიქრობ, ქართულ კომპანიებს სტრატეგიულ ნაწილში უფრო დიდი პრობლემები აქვთ, ვიდრე ტრანსფორმაციის კუთხით. ცვლილებები ხანდახან ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოდიან და სხვა გზას აღარ გვიტოვებენ − უნდა შევიცვალოთ, თუმცა სტრატეგია ჩვენი გადაწყვეტილების საგანია. საქართველოში ბიზნესების უმეტესობა ე.წ. Red Ocean კონკურენციაშია. თითქოს ყველაფერი დაკოპირებულია.

ჩვენ არ ვაწარმოებთ და არ ვქმნით არაფერ ისეთს, რაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა შეიძლებოდა ყოფილიყო. ესეც სტრატეგიული აზროვნების ხარვეზებია. მე ვიტყოდი, ადამიანების კარიერული თუ სხვა წარუმატებლობაც არასწორი, პირადი სტრატეგიისგანაა განპირობებული. ის ხშირად არ არსებობს, ან ძალიან ფრაგმენტულია, ბუნდოვანია. როგორც კომპანიებს, ჩვენც გვჭირდება პერსონალური სტრატეგია, მიზანი, თუ რატომ ვაკეთებთ. თუ ეს განისაზღვრა, შემდეგ უკვე აუცილებელია რესურსების, უნარებისა და შესაძლებლობების გაანალიზება და შესაბამისი გეზის აღება, გონივრულ პერიოდში განახლებებით.

როგორ ებრძვით გამოწვევებს − ცხოვრებასა და ბიზნესში?
გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან რაციონალური მიდგომა მაქვს საკითხისადმი და ინტუიციას იშვიათად ვეყრდნობი. ჩემი პირადი უპირატესობა და ერთდროულად გამოწვევაც ეს გახლავთ − ზედმეტი რაციონალურობა. თუკი ხელთ არ მაქვს საკმარისი მონაცემები, სტატისტიკა ან რაიმე სახის საჭირო ინფორმაცია, სწორი გადაწყვეტილებების მიღება სათუოა. არსებობს კარგი წიგნი, მალკომ გლედველის, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ თუ აუცილებელი ინფორმაცია 30-70%-ის დიაპაზონში მაინც შეაგროვე, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია, რასაც სრულად ვიზიარებ და გამოწვევების დროს, ვცდილობ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელო.

მენეჯერის გადაწყვეტილების მიღების მართებულობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ამიტომ რაც უფრო მაღალი თანამდებობა უჭირავს ადამიანს, მით უფრო ყურადღებით მართებს მოქმედება. ჯეფ ბეზოსის თქმით, როდესაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება უწევს, რომლის შედეგების გამოსწორებაც მარტივია, დაუფიქრებლად იღებს მათ, ხოლო როდესაც მის გადაწყვეტილებას გამოუსწორებელი შედეგი შესაძლებელია მოჰყვეს, გადაწყვეტილებას აპაუზებს და დიდხანს ფიქრობს. ჯერ კიდევ 60 წლის წინ რობერტ კაცმა "დაგვიბარა", რომ უმაღლესი, C level-ის მენეჯერებს უპირველეს ყოვლისა კონცეპტუალური უნარების მაღალი ხარისხი სჭირდებათ, რაც მოიცავს სტრატეგიულ ხედვას, ეფექტიანი და კრეატიული გადაწყვეტილების მიღების უნარებს, კრიტიკულ აზროვნებას და ასე შემდეგ. მენეჯერის საფეხურების ყველა ეტაპზე კი თანაბრად აუცილებელია ე.წ. "რბილი უნარები", ვორტონის პროფესორ ადამ გრანტს ეს სახელი არ უყვარს და ადამიანურ უნარებს უწოდებს. პრინციპში, კაციც ასე უწოდებდა. კომუნიკაცია და მოტივაცია მიეკუთვნება ამ აუცილებელ კომპეტენციას.

საინტერესოა, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? რა გიტაცებთ, როგორია თქვენი განტვირთვის საუკეთესო საშუალებები?
ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, განსაკუთრებით საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სამოტივაციო და ბიზნესლიტერატურა. გარდა ამისა, მიყვარს კლასიკური როკი, უფრო მეტად გასული საუკუნის 70-80-იანი წლების. ბავშვობიდან საყვარელი ჯგუფია ირლანდიური როკჯგუფი U2, მათი ტექსტები ძალიან ღრმაა და ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. ასევე, სიამოვნებას ვიღებ მთასა და ტყეში ყოფნით, უფრო მეტად პასიური დასვენებით. ძალიან მიტაცებს მოგზაურობაც, როდესაც მეძლევა შესაძლებლობა გავეცნო სხვადასხვა კულტურას, ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველდღიურ, ავთენტურ ყოფას და კულინარიას.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სიყვარული კალათბურთისადმი. საკმაოდ ხშირად ვუყურებ NBA-ის თამაშებს და ვგულშემატკივრობ ჩვენს ნაკრებსაც, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს.

როგორია თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, მინდა ვიყოთ განსხვავებული სხვებისგან და მომხმარებელს ყველასგან გამორჩეული ღირებულება შევუქმნათ. გავუმარტივოთ ცხოვრება და ვიყოთ ჩვენი მთავარი გზავნილის − "ბარიერების გარეშე", ერთგული, როგორც ოპერაციების, ისე ურთიერთობის მხრივ.

ჩემი პირადი სტრატეგიული მიზანი კი მუდმივი განვითარება და ტრანსფორმაცია გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, ახლახან ძალიან კარგი პროგრამა ვნახე სტენფორდის უნივერსიტეტში და 2024 წლისთვის ვფიქრობ მის გავლასაც. განვითარების პროცესი მუდმივად გრძელდება. თუნდაც ერთ კარგ წიგნს რომ წაიკითხავ, ხვდები − კიდევ ბევრია წასაკითხი. ახლაც კი 30-მდე წიგნი მაქვს ჩანიშნული, რომლებიც მინდა წავიკითხო დაგეგმილ პერიოდში. რაც შეეხება პროფესიულ მხარეს, მსურს ბევრ საინტერესო პროექტზე ვიმუშაო, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.

თქვენს მდიდარ კორპორაციულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?
დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, ჰქონდეთ მკაცრად განსაზღვრული მკაფიო სტრატეგია და ხედვა, პერმანენტულად გაეცნონ ახალ ინფორმაციას და იყვნენ ცნობისმოყვარეები, რათა მუდამ შეინარჩუნონ აქტუალურობა და არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების; ისწავლონ ცვლილებების მართვა, ვინაიდან ცვალებად გარემოში რეალობასთან ადაპტირებისა და ტრანსფორმაციის გარეშე, წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. და მთავარი − ირგვლივ შემოიკრიბეთ საერთო ღირებულებების, კომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც საერთო იდეის ქვეშ გააერთიანებთ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან