Get All Access for $5/mo

''მიკროგრინი'' - მიკრომწვანილი ვერტიკალურად ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებული თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

"მიკროგრინი" პირველი სათბურია კავკასიაში, სადაც მიკრომწვანილი ვერტიკალურად, თაროების პრინციპით მოჰყავთ. მისი დამფუძნებლები ახალგაზრდა წყვილი – ლეკო შათირიშვილი და მარიტა გენებაშვილი არიან.

ინოვაციური მეთოდის მეშვეობით, კვადრატულ მეტრზე 7-ჯერ მეტი მწვანილი მოდის, ვიდრე ეს ტრადიციულად ხდება. ურბანული სათბური 20-მდე სხვადასხვა სახეობის მიკრომწვანილს აწარმოებს და საქართველოსა და სომხეთში ჰიპერმარკეტებსა და საკვებ ობიექტებს ამარაგებს. "მიკროგრინის" სათბური ავტომატიზებულია, სადაც ჰაერის ტენიანობა, სითბო და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები სრულად კონტროლდება. ეს კი მის უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში მოყვანას სრულიად შესაძლებელს ხდის.

"მიკრომწვანილის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს მზარეულებს შორის, რაც მიუთითებს მიკრომწვანილის ბაზრის მაღალ პოტენციალზე. თუკი ჩვენ შევძელით და 2020 წლის განმავლობაში მიკრომწვანილი არსებული რესტორნების თუნდაც 20%-ში შევიტანეთ, ეს უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თითქმის სრულად ასათვისებელია დიდი ქალაქები, როგორიცაა: ბათუმი, ქუთაისი და ა.შ. ჩვენი მიკრომწვანილი უკვე ექსპორტზე გაგვაქვს სომხეთის ბაზარზე. ვემსახურებით ერევნის უმაღლესი კლასის რესტორნებს. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ დროა, ის საშუალო სეგმენტის რესტორნებსაც გავაცნოთ", – გვიზიარებს გეგმებს ლეკო შათირიშვილი.

ბაზრისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებასთან ერთად, "მიკროგრინმა" სიახლე საკუთარ თანამშრომლებსაც შესთავაზა. კომპანიამ მათზე მორგებული ანაზღაურების ახალი სისტემა და თავისუფალი მუშაობის გრაფიკი დანერგა. სიახლიდან თითქმის ერთი წლის თავზე კი თანამშრომლებზე ყველაზე მზრუნველი კომპანიის ტიტული დაიმსახურა.

"ახალი მიდგომა დაახლოებით 1 წლის წინ დავნერგეთ, რაც გულისხმობდა სრულიად თავისუფალ სამუშაო გრაფიკს, როდესაც თითოეული თანამშრომელი, თავისივე საქმიდან გამომდინარე, თვითონ წყვეტს, როდის მოვიდეს სამსახურში და როდის წავიდეს. ასევე, რომელ დღეს დაისვენოს და როდის აიღოს შვებულება. გარდა ამისა, ანაზღაურების მიბმას გაყიდვებზე, როდესაც თითოეული თანამშრომლის ხელფასი არა კომპანიის ბიუჯეტზე და გაუგებარ ინდიკატორებზე, არამედ მის მიერ შესრულებულ გაყიდვებზეა მიბმული. თუკი იზრდება რეალიზაცია, ავტომატურად იზრდება თითოეული თანამშრომლის ხელფასიც.

ამ გადაწყვეტილებამდე მარტივად მივედით, ვინაიდან ისედაც გვიწევდა ქვეყნიდან 6 თვით გასვლა, რა პერიოდის განმავლობაშიც ნამდვილად ვერ გავაკონტროლებდით თანამშრომლების სამსახურში მიმოსვლას. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არც ისეთი აუცილებელია ამ ყველაფრის კონტროლი. თანამშრომლებს თვითონვე შეუძლიათ ერთმანეთის მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი", – უყვება Entrepreneur-ს "მიკროგრინის" თანადამფუძნებელი ლეკო შათირიშვილი.

ცვლილებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, კომპანიის პროდუქტიულობა ცალსახად გაიზარდა. გაორმაგდა გაყიდვები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა ანაზღაურებაზე. გაორმაგდა წარმოებაც, რომელსაც კომპანია თანამშრომელთა იმავე რაოდენობით, თუმცა გაზრდილი მოტივაციით უმკლავდება. ახალი სქემის დანერგვის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობას არ მიუღია რომელიღაც თანამშრომლის თხოვნა დამატებითი დამხმარის აყვანის თაობაზე. ცვლილებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ადამიანთა შესაძლებლობები და პროდუქტიულობა მკვეთრად იზრდება იქ, სადაც შესაბამისი მოტივაცია არსებობს.

"მიკროგრინში" კარგად ესმით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც თანამშრომლების ანაზღაურებას უკავშირდება, შესაძლოა არაერთი კომპანიისთვის სარისკო იყოს. მიუხედავად ამისა, მიაჩნიათ, რომ 9-დან 6-მდე სამუშაო გრაფიკი და ფიქსირებული ხელფასი ის მოძველებული მეთოდია, რომელიც დასაქმებულსა და დამფუძნებლებს შორის უფსკრულს აჩენს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია