მკითხველის თვითგანვითარებაზე ზრუნვა და კმაყოფილება, როგორც LITUP-ის გუნდის მოტივაცია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დევი ციხისელმა ბიზნესის დაწყება ერთი დიდი სურვილის გამო გადაწყვიტა - შეექმნა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს თვითგანვითარებისთვის დაუზოგავდა დროსა და ხარისხიან სერვისს მიაწვდიდა. ასე გაჩნდა წიგნების ონლაინმაღაზია Litup.ge.
პლატფორმის შემქმნელს ელკომერციაში დიდი გამოცდილება აქვს და პრობლემა, რასაც მუდმივად აწყდებოდა, მომხმარებლის მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილება იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ამის პროგრამული უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსი და ლოჯისტიკა დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, დევის თქმით, კომპანიებს ხშირად კომპრომისზე წასვლა უწევთ.
"მომხმარებელს LITUP.GE-ზე შეკვეთილი პროდუქციის მიღება მაქსიმუმ მეორე დღესვე შეუძლია, რაც დღეს ჩვენი სერვისის უპირატესობაა. მომხმარებლის მოწონებაც სწორედ იმ მიდგომამ დაიმსახურა, რომ დროულად ვახდენთ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას", - ამბობს დევი.
მთავარი პროდუქტი, რასაც, დევის აზრით, Litup სთავაზობს მომხმარებელს, განათლებისა და ინფორმაციის მიღებასთან სწრაფი წვდომაა.
პლატფორმის დამფუძნებელი ამბობს, რომ თვითგანვითარებაზე ორიენტირება და ამ მიმართულებით მომხმარებლისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტის შეთავაზება მისი გუნდის ამჟამინდელი პრიორიტეტია. Litup-ში უნდათ, რომ N1 პლატფორმა იყვნენ, სადაც ადამიანებს საკუთარი განვითარებისთვის ყველაფერი დახვდებათ და ამის მიღებას სწრაფად შეძლებენ.
"მომხმარებელს ჩვენს პორტალზე ყველა იმ მიმართულებას შევთავაზებთ, რაც თვითგანვითარებისთვის იქნება საჭირო. პირველ ეტაპაზე LITUP.GE-ზე შეგიძლიათ 5000-მდე წიგნის მოძიება და შეძენა, ძალიან მალე კი კურსების შეძენასაც შეძლებთ. აქედან გამომდინარე, საერთო ჯამში, თვითგანვითარებისთვის საუკეთესო პორტალის სტატუსისთვის ვიბრძოლებთ".
დევი ციხისელი ამბობს, რომ იმ დროს, როცა ელკომერცია ქვეყანაში ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, ამ ბიზნესის დაწყება გამბედაობას მოითხოვდა.
მისივე თქმით, Litup-ის სურვილი თავიდანვე არ ყოფილა დიდი გამომცემლობებისა და კომერციული პლატფორმების კონკურენტობა. დევი ფიქრობს, რომ მომხმარებლის გამოცდილების სრულიად შეცვლა უფრო რთული ნაბიჯია, მისი პლატფორმის მიზანი კი სწორედ ესაა.
"LITUP-ზე არ შეგხვდებათ უნიკალური პროდუქტი, რასაც მხოლოდ ჩვენთან შეიძენთ, მაგრამ დაგხვდებათ გუნდი, რომელიც იმუშავებს საუკეთესო და სწრაფ სერვისზე", - გვეუბნება დევი.
Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ ბიზნესსაქმიანობამ დაანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი გამოცდილება. გარდა ამისა, უფრო დამოუკიდებელი გახადა გადაწყვეტილებების მიღებაში - "შენივე გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებ ყველა გადაწყვეტილებას და როგორც სწორად მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხარ პასუხისმგებელი, ასევე ყველა წარუმატებელი გადაწყვეტილებაც შენ გეკუთვნის"
მიუხედავად სირთულეებისა, დევი ციხისელისა და მისი გუნდისთვის არსებობს მოტივაცია, რაც ყველაზე რთული პერიოდების დაძლევაშიც ეხმარებათ. ეს მომავლისადმი ინტერესი და იდეისადმი ერთგულებაა, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ამით მკითხველისთვის, მათი მომხმარებლისთვის სრულიად განსხვავებული გამოცდილების მოტანა.
კითხვაზე, ვინაა მისთვის ნამდვილი ანტრეპრენერი, დევი ასე გვპასუხობს:
"იყო ანტრეპრენერი, ნიშნავს, მუდმივად ვითარდებოდე. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გამიჩნდა LITUP-ის შექმნის იდეა, სწორედ ეს იყო. რატომ არ უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ განვითარდე, წინ წახვიდე ერთი ნაბიჯით მაინც".
საქმიანობის ამ ეტაპზე დევის მთავარი მიზანი იმ ადამიანების შემოკრებაა, ვინც მის ხედვას იზიარებს და მიზნის მისაღწევად მზად იქნებიან, ერთად გადალახონ სირთულეები.
დევის თქმით, ბიზნესში წარმატების უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი სწორად შერჩეული გუნდია და 2024 წლის მისი გეგმებიც სწორედ ამას უკავშირდება - თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანების შემოკრებას იდეის გარშემო.