Join our Waitlist for Expert Advice!

მოდი, ღვინო ჩამოვასხათ აუ, ნაკვეთი მაქვს და მოდი, ვენახი გავუშვათ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში ყოველდღიურად ღვინის ახალი კომპანიები იქმნება. აი, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, ერთი პერიოდი სადარბაზოებში რომ უნივერსიტეტები სოკოებივით მრავლდებოდა. ან სკოლებიც ხომ არსებობს, სადაც უბრალოდ ფულს იხდი და არ დადიხარ, ანუ დასწრებაზე თვალს ხუჭავენ. ალბათ ყველა მოხვედრილხართ ქართულ სუფრაზე, სადაც ორი ან მეტი ადამიანი იმაზე დავობს, თუ ვისი ღვინო სჯობს და ვისი უფრო ნატურალურია. გასაგებია − ყველას თავისი შვილი უყვარს და ურჩევნია სხვისას, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, სადარბაზოს უნივერსიტეტში მოხვედრილი არც შვილი და არც შვილიშვილი საამაყო ნამდვილად არ არის. ან საერთოდაც, არ უნდა დააძალო უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება, ისევე, როგორც ღვინოს არ უნდა დააძალო ბოთლებში ჩამოსხმა და აუცილებლად ბაზარზე გამოჩანჩალება.

დღეს სწორედ ამის ბუმია: დაუფიქრებელი, ნაუცბადევი, ამბიციური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ითვალისწინებს ყველანაირი სითხის ბოთლში ჩამოსხმას და გაყიდვას. რა თქმა უნდა, ამის რეგულირება შეუძლებელია და არც იქნება სწორი, მაგრამ ის მაინც დასაფიქრებელია, ღირს თუ არა ასეთი რისკის გაწევა. იქნებ გირჩევნიათ, ალუბლის წვენი ჩამოასხათ და არა მაინცდამაინც ღვინო. გვინდა თუ არა, ქართული ღვინო, საქართველოში ჩამოსულ ტურისტსა და ვიზიტორს უქმნის დადებით ან უარყოფით განწყობასა და შეხედულებას. ექსპორტირებული ღვინო კი იმ ქვეყნის მყიდველზე მოქმედებს, ანუ უხარისხო ღვინო უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის რეპუტაციაზე, ხოლო ხარისხიანი − დადებითს.

აუ, ნაკვეთი მაქვს და მოდი, ვენახი გავუშვათ!

სად გაქვთ მიწა/ნაკვეთი? ზღვის დონიდან რა სიმაღლეზეა? როგორი კლიმატია? როგორი ნიადაგია? გარშემო რა ხდება − მთა საით დგას, წყალი საიდან მოედინება, სიო საიდან უბერავს? არის თუ არა ყინვები გაზაფხულზე? რამდენია ნალექების რაოდენობა? ცხელა? ცივა? რა სახის მცენარეები იზრდება გარშემო? მეზობლები რას აწარმოებენ? და კიდევ ძალიან ბევრი შეკითხვა შეიძლება დაისვას "მიწა მაქვს და მოდი, ვენახი გავუშვათ"-ის გარშემო. მოკლედ რომ ვთქვათ, მარტივი საქმე არ არის. ზოგს უბრალოდ ჰგონია, რომ ხარისხიანი პროდუქტის დასამზადებლად მხოლოდ ენთუზიაზმი და იდეაა საკმარისი. მე ასე ვერ ვიტყოდი. ამ უკანასკნელის გარდა, ცოდნაა საჭირო, რომელიც უმთავრესია. კიდევ უფრო გასაგებად რომ დავსვა შეკითხვა, ხინკალს გააკეთებთ ისე, რომ თავიდან ბოლომდე თქვენი პროდუქტი გამოიყენოთ? ანუ ხორბალსაც დათესავთ, მერე მოიმკით, შემდეგ დაფქვავთ, მოზელთ და ხორციც თქვენი იქნება? მწვანილი? თუ უბრალოდ გამოიძახებთ? ამ გამოძახებულსაც ხომ სწორი ჭამა უნდა? − წვენი, ყველაზე მნიშვნელოვანი − წვენი რომ არ დაიღვაროს... ან გაყინულ ხინკალს მოხარშავთ ისე, რომ არ გასკდეს? ბევრი გადაწყვეტილების წინაშე დგას მევენახე და მეღვინე, ძალიან ბევრის. კარგი ფეხბურთის თამაში მხოლოდ ბურთის გორაობა ხომ არ არის? ხარისხიანი თამაშისთვის ბევრად მეტია საჭირო.

ღვინო მაქვს და მოდი, ჩამოვასხათ!

რომელი ღვინო გაქვთ? რა ჯიშია? როგორ დაამზადეთ? გააკონტროლეთ პროცესები, თუ თავის ჭკუაზე მიუშვით? როგორ მოუარეთ? (მარტო გადაღება და გადმოღება არ იგულისხმება მოვლაში). გკითხავთ: გაასინჯეთ პროფესიონალს თუ უბრალოდ, მეგობრებთან ერთად მოლხენის დროს მიიღეთ მათგან დადებითი უკურეაქცია, როდესაც თქვეს, უფ, მაგარი ღვინოაო და კარგად გაქეიფებსო... იმედია, ამის შემდეგ მაშინვე არ გადაგიწყვეტიათ გაყიდვა და ჩამოსხმა. მესმის, რომ ღვინო ჩვენს სისხლშია გამჯდარი და მასთან ერთად ვითარდება საქართველოც, მაგრამ მარტივადაა შესაძლებელი პროცესის არასწორად განვითარება და ეს ალბათ ჩემზე უკეთ იცით.

შეკითხვების დასმა აუცილებელია. ჰკითხეთ მას, ვინც ამაში თქვენზე უფრო გამოცდილია და უბრალოდ მაშინვე არ "ჩაყაროთ" ვენახი, არ ჩამოასხათ ღვინო და არ შეიტანოთ მაღაზიებში − ეს თქვენც დაგაზარალებთ, რადგან ხარჯს გასწევთ და გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინის რეპუტაციაზეც უარყოფითად იმოქმედებს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, ღვინის ერთ-ერთ ჯგუფში დავწერე, რომ ღვინის ყიდვა მსურდა. მივიღე დაახლოებით 50 ნიმუში და გაინტერესებთ, რამდენი მათგანი იყო გამართული, ჩამოყალიბებული, ნამუშევარი ღვინო? ალბათ 4 ან 5, დანარჩენი კარგ ძმრადაც კი ვერ გამოდგებოდა. აი, ასეთი მდგომარეობაა ახლა საქართველოში. კომპანიები სოკოებივით მრავლდებიან, ხალხმა გაიგო, რომ ღვინო კარგი ბიზნესია და თითქოს იყიდება, ამიტომ ყველამ დაიწყო ჩამოსხმა, ვენახის ყიდვა... ფრთხილად! ზუსტად იგივე მოხდა მაშინ, როცა ნახევარმა საქართველომ დაიწყო ნუშის, თხილისა და კენკრის გაშენება მინიმალური აგრონომიული ცოდნის გარეშე. ნუ ჩქარობთ, მეგობრებო. სანამ გადაჭრით, სამჯერ მაინც გაზომეთ.

ზოგადი მონაცემი ასეთია, რომ მსოფლიო უფრო მეტ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პროდუქტი სხვა პროდუქტებს გაუწევს ისეთ კონკურენციას, რომ ჩაანაცვლებს რომელიღაც სხვა ღვინოს, თუნდაც საფრანგეთიდან, და მყიდველს გადააწყვეტინებს, შეიძინოს ისეთი პროდუქტი, ყურძნის ჯიში, რეგიონი, რომელზეც არაფერი გაუგია, მაშინ ხელს არავინ გიშლით და პირიქით − წარმატებას გისურვებთ. კარგად გამოიკვლიეთ ის სფერო, რომელშიც ინვესტირებას აპირებთ. მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, წაიკითხეთ რამდენიმე წიგნი, უყურეთ ვიდეოებს YouTube-ზე, სასურველია გაიაროთ ღვინის შემსწავლელი მოკლე კურსები, ან თუ გსურთ უფრო ღრმად შეისწავლოთ ღვინო, ჩაეწერეთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესიულ პროგრამაზე, სადაც წამყვანი სპეციალისტები დაგეხმარებიან სწავლასა და პასუხების პოვნაში ერთი წლის განმავლობაში. თბილისსა და უკვე თელავში, ხელმისაწვდომია ღვინის დეგუსტაციის შემსწავლელი, 3-4-თვიანი კურსები. ინვესტიცია საკუთარ თავში, მოგცემთ საშუალებას მოკლე დროში ისწავლოთ ის, თუ რა არ უნდა გააკეთოთ.

რეკომენდაციები ღვინის შემსწავლელ კურსებზე:

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამები (აგრონომია, მეღვინეობა, დეგუსტაცია, აგრობიზნესის მენეჯმენტი);

ქართული ღვინისა და ტურიზმის სკოლა (თბილისი, თელავი);

ღვინის სკოლა "კაბისტონი" (თბილისი);

ღვინის სკოლა "ვინემო" (თბილისი);

ხეცურიანის სომელიეს სკოლა (თბილისი);

ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" (თბილისი, ღვინის დეგუსტაციები მოყვარულებისთვის, მეღვინესთან შეხვედრა და გასაუბრება).

რევაზ ცეცხლაძე

ენოლოგი, ღვინის მცოდნე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ბაკალავრი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის "ვინტური" სტუდენტი (ბორდოს, პორტოსა და ტარაგონას უნივერსიტეტები) - ღვინოს ვხედავ, როგორც მტკიცე ჯაჭვს და ვცდილობ დეტალურად შევისწავლო მასთან დაკავშირებული, თითოეული რგოლის მნიშვნელობა. 

ღვინოს აღვიქვავ, როგორც ხელოვნებას

ჰობი: ფოტოგრაფია, ვიზუალური ხელოვნება, კულინარია, მოგზაურობა. 

ინსპირაცია

10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ