მოზამბიკიდან თბილისამდე: რატომ აირჩია კანადელმა მშენებელმა საქართველო და რატომ არასდროს უნანია ეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კარლოს ჟარდინოს ოთხ კონტინენტზე 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო პროექტი აქვს განხორციელებული. ის კანადაში კომპანიების – PCM-ის (Project Construction Management), FoxyHome-ისა და FoxySuites-ის დამფუძნებელია. პროფესიით ინჟინერმა, პრაქტიკული მომზადება სამხრეთ აფრიკაში გაიარა, ფინანსური განათლება კი შვედეთსა და აშშ-ში, დარდენის ბიზნესის სკოლაში (Darden School of Business) მიიღო. ჟარდინო თავისი პროექტებისთვის მასალებს მსოფლიოს საუკეთესო ქარხნებიდან იძიებს.

ხუთი წლის წინ კი ის თბილისში ჩამოფრინდა და სულ რაღაც სამ დღეში მიწა შეიძინა.

"ბევრს ჰგონია, რომ ეს იმპულსური გადაწყვეტილება იყო, სინამდვილეში კი პირიქით. ორმოცდაათი წელი დავუთმე იმას, რომ მესწავლა ხარისხის დანახვა ფოლადში, ქვასა და ადამიანებში. საქართველოში კი სამივე ერთ ადგილას აღმოვაჩინე", – ამბობს ჟარდინო.

ჟარდინომ უსიტყვოდ იცის ის, რაც თითოეული ქართველისთვის ისედაც ნაცნობია. 1974 წელს კომუნიზმმა მის ოჯახს მოზამბიკში ყველაფერი წაართვა: სახლები, საქმე, მთელი განვლილი ცხოვრება – ყველაფერი, რაც ერთ ღამეში, იარაღის ლულითა და ფურცლის ერთი ნაგლეჯით, შეუბრალებლად წაიშალა. მან საკუთარი ცხოვრება ნამსხვრევებისგან ხელახლა ააწყო სამხრეთ აფრიკაში, პორტუგალიაში, შვედეთსა და კანადაში. ამიტომ სხეულის თითოეული უჯრედით იცის, რას ნიშნავს, იყო ნაწილი იმ ერისა, რომელსაც სწორედ ამ მჩაგვრელმა იდეოლოგიამ ყველაფერი წაართვა, მაგრამ წელში მაინც ვერ გატეხა.

"საქართველო ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, უმაღლესი ხარისხის მასალების საბადო. მოზამბიკის დატოვების შემდეგ, ეს პირველი ადგილია, სადაც შინ დაბრუნების ნამდვილი სითბო და სიმშვიდე ვიგრძენი. ქართველები ამაყი, უძველესი ხალხია, რომლებმაც კარგად იციან, რომ ტრადიცია პროგრესს არ ეწინააღმდეგება. თქვენ გადაიტანეთ ის, რაც ჩემმა ოჯახმა გამოიარა და მაინც შემოინახეთ თქვენი რწმენა, თქვენი ენა, ქართული სუფრა და ღირსება. ეს არ არის ის, რასაც მხოლოდ შორიდან ვცემ პატივს – ეს ის გზაა, რომელშიც საკუთარ თავს ვხედავ და უსიტყვოდ ვცნობ", – აღნიშნავს ის.

ეს აღიარება მალევე იქცა ურყევ გადაწყვეტილებად. საქართველოში ჩამოსვლიდან და ქვეყნის პოტენციალის გაცნობიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში მან დააფუძნა კომპანია, რომელიც დღეს FoxyHome.GE-ს სახელითაა ცნობილი. ჟარდინომ პარტნიორობა წამოიწყო ქართველ მწარმოებლებთან, რათა მათი შექმნილი კარ-ფანჯარა, ავეჯი და სხვა სამშენებლო მასალები კანადის პრემიუმ კლასის პროექტებში დაემკვიდრებინა.

დღეს ქართული ოსტატობა მისი კომპანიების მიერ კანადაში აშენებული თითოეული სახლის სტანდარტული სპეციფიკაციის განუყოფელი ნაწილია. ქართულმა ნაწარმმა საკუთარი, ღირსეული ადგილი ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიოს საუკეთესო პროდუქციასთან უტყუარ კონკურენციაში მოიპოვა.

"როდესაც კანადური ოჯახი ჩვენ მიერ აშენებულ სახლში გადადის საცხოვრებლად, მათ ირგვლივ ყველგან ქართული კვალია. შესაძლოა, მათ ეს ჯერ კიდევ არ იციან, მაგრამ ჩემი საქმე სწორედ იმის უზრუნველყოფაა, რომ ერთ დღესაც ეს ყველამ გაიგოს", – ამბობს ჟარდინო.

დღესდღეობით ჟარდინო ოკვილს, კასკაისსა და თბილისს შორის ცხოვრობს. მის გამოსაცემად მომზადებულ მემუარებში "The Day the Map Changed", მოთხრობილია ამბავი ბიჭისა, რომელსაც კომუნიზმმა ერთი სამშობლო წაართვა. წიგნის ფურცლებზე საქართველო ზუსტად ისეთივე სახით იჩენს თავს, როგორითაც იგი პირად საუბრებში მოიხსენიებს ხოლმე მას – უდიდესი მადლიერებითა და ღრმა პატივისცემით.

ქართველები ხომ ამბობენ, "სტუმარი ღვთისააო", ამ შემთხვევაშიც საქართველომ სტუმარი მიიღო, რომელმაც ყველა ქართული ღირსება დაინახა, მთელი გულითა და რესურსით დაიკავშირა და საბოლოოდ ქართული ოჯახის წევრად აქცია.