მზის ენერგია, როგორც მომავლის ინვესტიცია: როგორ იქცა პანდემიური კრიზისი Step Energy-ის წარმატების ისტორიად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2020 წელი მსოფლიო ისტორიაში გლობალური გაურკვევლობის, ჩაკეტილი საზღვრებისა და ეკონომიკური სტაგნაციის სინონიმად იქცა. თუმცა, სწორედ ამ პანდემიურ ქაოსში, როდესაც ბიზნესების უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძოდა, სამმა მეგობარმა საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის ტრანსფორმაცია დაისახა მიზნად. ასე გაჩნდა Step Energy.

კომპანიის თანადამფუძნებელი, ბექა ცეცაძე, იხსენებს, რომ სტარტისთვის ასეთი არაპროგნოზირებადი პერიოდის შერჩევა არა რისკი, არამედ ზუსტად გათვლილი სტრატეგია იყო.

Step Energy-ს სამი დამფუძნებელი – ბექა, ზურა და მარკი ენერგეტიკის სექტორის სიღრმისეული ცოდნით გაერთიანდნენ. ორ მათგანს ევროპის რეგიონულ გაყიდვებსა და ფოტოვოლტურ ინჟინერიაში ჰქონდა მყარი გამოცდილება, ხოლო მესამე დამფუძნებელს ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით, მათ შორის ისეთ ცნობილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან მუშაობისა, როგორიცაა "სერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი".

"ვიცნობდით ენერგეტიკის ბაზარს, ვიყურებოდით მომავალში და ვხედავდით მზის ენერგიის გამოყენების ბენეფიტებს ჩვენი ქვეყნისთვის. ვხვდებოდით, რომ მალე მოთხოვნა გაიზრდებოდა და, ასე ვთქვათ, ბუმი დაიწყებოდა. სწორედ ამიტომ გვინდოდა, მზად ვყოფილიყავით. ფაქტობრივად ნული ინვესტიციით დავიწყეთ ნელ-ნელა, პატარა პროექტებით და გავიზარდეთ ასე, ჩვენს პროექტებთან ერთად", აღნიშნავს ბექა ცეცაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Step Energy ბაზარზე სრული პროფილით ოპერირებს. მათი მთავარი მიმართულებაა მზის სადგურების EPC (Engineering, Procurement, Construction) სერვისები და დეველოპმენტი, რაც პროექტის სრულ ციკლს მოიცავს:

  • დაპროექტება (Engineering): ზუსტი საინჟინრო გათვლები;
  • შესყიდვები (Procurement): უმაღლესი ხარისხის კომპონენტების მობილიზება საერთაშორისო მომწოდებლებისგან;
  • მშენებლობა (Construction): სადგურის გამართვა და ექსპლუატაციაში გაშვება.

მოქნილობა კომპანიის კიდევ ერთი პლუსია. საჭიროების შემთხვევაში, ისინი კლიენტებს ინდივიდუალურ კომპონენტებსაც სთავაზობენ, იქნება ეს მხოლოდ საინჟინრო მომსახურება, შესყიდვები თუ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე Step Energy-ში მზის პოტენციალის ათვისება უალტერნატივოდ მიაჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო და ქარის ენერგია ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მზეს აბსოლუტურად განსხვავებული, უფრო ხელმისაწვდომი უპირატესობები აქვს.

"ყოველი დაყენებული პანელი არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული თვალსაზრისით. მზე იმითაა საინტერესო როგორც ენერგიის წყარო, რომ მაგალითად, ჰესისთვის გჭირდება მდინარე და ძალიან მასშტაბური მშენებლობა, ქარის სადგურზეც მეტი დრო სჭირდება გაზომვებს სწორი და ოპტიმალური ადგილის შერჩევისთვის და .. მზის ენერგიაზე კი ასეთი დაბრკოლებები არაა. მარტივად რომ ვთქვათ, სადაც მზეა, ყველგან შეგიძლია პანელი დააყენო".

საქართველოს მთაგორიანი რელიეფი ხშირად ასოცირდება საინჟინრო სირთულეებთან, თუმცა, Step Energy-ს გუნდისთვის ეს გამოწვევას აღარ წარმოადგენს. მათ მიერ დაპროექტებული თანამედროვე კონსტრუქციები სრულად ერგება გარემოს, ხოლო კომპანიის მთავარი აქტივი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მაღალპროფესიონალური გუნდი და გლობალური პარტნიორები, ნებისმიერ ტექნიკურ ბარიერს მარტივად დაძლევს.

თუმცა, რეგიონში, სადაც ეს სფერო ჯერ კიდევ ვითარდება, გუნდს ხშირად უწევდა სტერეოტიპებთან გამკლავება.

"ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური იყო თავიდან. ზოგს ძალიან ძვირი და ფუფუნების საგანი ეგონა, ზოგს რადიაციის შესახებ ჰქონდა მითები მოსმენილი და ამ კუთხით, ასე ვთქვათ, ეშინოდა მზის ენერგიის. თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება პირიქით, მზის რადიაციას ეს პანელი შთანთქავს და ელექტროენერგიადგარდაქმნის".

კომპანიის სამომავლო გეგმებში ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი, აგრივოლტური სადგურები შედის. ესაა მოდელი, რომელიც ევროპაში უკვე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და გულისხმობს ერთი და იმავე მიწის ფართობის ორმაგად, სინერგიულად გამოყენებას: მიწაზე ერთდროულად ვითარდება აგროკულტურა (მოჰყავთ მოსავალი) და მის თავზე მონტაჟდება მზის პანელები ენერგიის მისაღებად.

ნებისმიერი კომპანიის წარმატების მიღმა, ტექნოლოგიებთან ერთად, ყოველთვის დგას ადამიანი. Step Energy-ში კარგად ესმით, რომ მაღალტექნოლოგიურ და დინამიკურ სფეროში მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაცია საკმარისი არ არის. მათთვის მთავარი გუნდურობა და საერთო ფასეულობებია. ინჟინრებისა და პროექტის მენეჯერების შერჩევისას კომპანია განსაკუთრებულ ფილოსოფიას ეყრდნობა.

"გასაუბრების ეტაპიდან მოყოლებული, გამოსაცდელ პერიოდშიც ვაკვირდებით, რამდენად ორგანულად ერწყმის კანდიდატის ფასეულობები გუნდისას და, ცხადია, დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროფესიონალურ ბექგრაუნდსაც. სწორედ ამიტომ გვყავს ძალიან კარგი გუნდი როგორც ოფისში, ისე ოფისს გარეთ. ეს კი აყალიბებს ძალიან ჯანსაღ საქმიან გარემოს".

დღეს კომპანიის პორტფელი მრავალმეგავატიან, სტრატეგიულ ობიექტებს მოიცავს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ გუნდს საერთაშორისო მასშტაბის გამოწვევებთან გამკლავება თავისუფლად შეუძლია.

კომპანიის პორტფოლიოშია დასრულებული 3,5, 5 და 7-მეგავატიანი, ასევე მიმდინარე 14- მეგავატიანი და უფრო მცირე – 2 და 2,5-მეგავატიანი სადგურები. თუმცა, სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია:

  • პროექტების დეველოპმენტის კუთხით კომპანია ავითარებს ჯამში 75 მეგავატის პროექტებს: ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავლით. პროექტებში, ფინანსურ პარტნიორებთან ერთად, Step Energy სრულად იქნება ჩართული EPC (საინჟინრო-შესყიდვები-მშენებლობა) პაკეტით.
  • 2-დან 250 მეგავატამდე პროექტები: კომპანიამ დაასრულა ტექნიკური კვლევებისა და დაპროექტების ეტაპი რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე, რომლებიც მალე სამშენებლო ეტაპზე გადავლენ.

მასშტაბური პროექტები შესაბამის ტექნიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს. Step Energy-მ მეგავატების ზრდასთან ერთად საკუთარი ტექნიკური პარკის განახლებაც დაიწყო. კომპანიამ ჩინეთიდან უკვე შემოიყვანა სპეციალიზებული ტრაქტორები, რომლებიც მიწის მომზადებასა და კონსტრუქციების სწრაფ და ეფექტურ დამონტაჟებას (ჩარჭობას და ჩაბურღვას) უზრუნველყოფს.

თუმცა, კომპანიის ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა მაინც ადამიანურ რესურსშია:

"ჩვენ გვყავს გამოცდილი ტექნიკური გუნდი, უმაღლესი დონის ინჟინრები და საკუთარი გუნდი საველე სამუშაოებისთვის, ჯამში 100 კაცამდე, რომლის გაზრდასაც ვაპირებთ. ჩვენ სრულ პროცესს ვიღებთ საკუთარ თავზე, ყველანაირი მიმართულებით გვყავს ჩვენი გუნდი და ვიცით, რამდენად მაღალი დონის პროექტს ვაბარებთ დამკვეთს".

კომპანია აქტიურად ავითარებს სხვა, თანამედროვე და ქვეყნისთვის საჭირო მიმართულებებს: ელექტრომობილების (EV) დამტენებსა და ენერგოაუდიტს. კომპანიას აქვს სრული რესურსი, როგორც ინდივიდუალური (საცხოვრებელი სახლების), ისე მასშტაბური დამტენი სადგურების დაპროექტებისა და იმპლემენტაციისთვის.

რაც შეეხება ენერგოეფექტურობასა და ენერგოაუდიტს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, Step Energy-მ უკვე მოასწრო უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტის განხორციელება. მათ, პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან ერთად, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 150-მდე საბავშვო ბაღის სკრინინგი ჩაატარეს.

აშშ-ის საელჩოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საპილოტე პროგრამა 2 ბაღიდან 10-მდე გაფართოვდა. გუნდმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სპეციალური ტრენინგები და პრეზენტაციებიც კი გამართა, რათა რიცხვებით ეჩვენებინათ, თუ რამდენად ეფექტურია ეს ტექნოლოგიები.

კომპანია აქტიურად პოზიციონირებს მეზობელ რეგიონებშიც და ამას მსოფლიო დონის გიგანტებთან სტრატეგიული პარტნიორობით ახერხებს. სომხეთის ბაზარზე კომპანია უკვე ოპერირებს და უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს გეგმავს.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საამაყო აქტივი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდებთან ექსკლუზიური თუ პირდაპირი თანამშრომლობაა. ისინი არიან SUNGROW-ს ოფიციალური პარტნიორები საქართველოსა და სომხეთში. ესაა ბრენდი, რომელზეც მსოფლიო ბაზრის მესამედი (1/3) მოდის.

"ჩვენ მათი პროდუქციის სრულ ასორტიმენტს ვთავაზობთ მომხმარებელს, როგორც ინდივიდუალური სახლებისთვის, ისე საწარმოებისა და მაღალმეგავატიანი ინდუსტრიული სადგურებისთვის. პანელების მიმართულებით კი ვთანამშრომლობთ Jinko Solar-თან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი და სანდო მწარმოებელია".

გარდა სომხეთისა, Step Energy-ს განსაკუთრებული გეგმები აქვს უკრაინის მიმართულებით. უკრაინა პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მზის ენერგია უმაღლეს დონეზე განავითარა. მიუხედავად იმისა, რომ ომმა ეს პროცესი შეაფერხა, მოთხოვნა მაინც მაღალია. კომპანია მალე გეგმავს უკრაინაში ჩასვლას ბაზრის დეტალური შესწავლისა და პარტნიორული ქსელის გაფართოების მიზნით, რათა ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ენერგეტიკულ აღმშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მზის ენერგეტიკის მთავარ გამოწვევად ყოველთვის მისი დროში შეზღუდულობა მიიჩნეოდა, რადგან სადგურები ენერგიას მხოლოდ დღისით, მზიან ამინდში გამოიმუშავებენ. სწორედ ამიტომ, Step Energy-ს ბაზარზე მთავარ ინოვაციად ენერგიის დამაგროვებელი სისტემები შემოაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზარი დღეს ამ მიმართულებით საკმაოდ პასიურია, Step Energy-მ უკვე განახორციელა რამდენიმე მსხვილი კომერციული პროექტი, სადაც სწორედ დამაგროვებლები არის გამოყენებული. ერთ-ერთი ამ პროექტებიდან არის ყველაზე მსხვილი ქსელისგან დამოუკიდებელი პროექტი რეგიონში.

"ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს, როგორც ქვეყანას, ამ მიმართულებით სამუშაო და იმედი გვაქვს, კარგი საკანონმდებლო სქემები შემუშავდება, რომ ინვესტორს უღირდეს დამაგროვებლებით სადგურის გაკეთება. ელექტროენერგია ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამიტომაც ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა მსგავსი პროექტების განხორციელება როგორც ენერგოდამოუკიდებლობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით".