ნანა შავთვალაძე – პროფესორი, რომელმაც ქართული ენის სწავლება საერთაშორისო სტანდარტად აქცია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ ფილოლოგიაზე საუბრისას ყურადღება ხშირად წარსულზე, ლიტერატურასა და ენობრივ მემკვიდრეობაზე გადადის. თუმცა, ნანა შავთვალაძის პროფესიული გზა ქართულ ენას, როგორც პრაქტიკულ, მოქმედ ინსტრუმენტსა და ეროვნული მენტალობის გასაღებს, აჩენს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად შეინარჩუნოს ნაციონალური საფუძველი და გაიხსნას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცისკენ.

ნანა შავთვალაძე "საქართველოს უნივერსიტეტში" 2008 წლიდან მუშაობს და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ამოქმედების შემდეგ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტსაც უდგას სათავეში. მისთვის ფილოლოგია მხოლოდ ვიწრო სპეციალობა არასდროს ყოფილა. ეს არის მეცნიერება, რომელიც განსაზღვრავს აზროვნების კულტურას, წერით უნარებს, კომუნიკაციის ხარისხსა და პროფესიულ თვითწარმოჩენას.

ქართული ენის შესწავლის ხარისხი თანაბარია როგორც პროფესიულად – ფილოლოგებისთვის, ასევე სხვა პროფესიაზე მოსწავლე სტუდენტებისთვის. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული დღეს წარმატებით მუშაობს სკოლებში, ადმინისტრაციულ თუ მენეჯერულ პოზიციებზე და გამოირჩევა გამართული წერითა და კომუნიკაციით. ამ შემთხვევაში ფილოლოგია თეორიულ დისციპლინად აღარ რჩება – ის პრაქტიკულ ძალად იქცევა.

ნანა შავთვალაძის პროფესიულ ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლებას. 1997 წლიდან ის უცხოელებს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში მომუშავე დიპლომატებსა და ელჩებს, ასწავლის ქართულ ენას. მის მოსწავლეებს შორის იყვნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩები, ჯასტინ მაკენზი სმიტი და გარეტ უორდი, პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი არტურ გებალი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი და მრავალი სხვა.

ამ მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში ქართული მისთვის მხოლოდ სასწავლო საგანი აღარ იყო – ის კულტურული შუამავლობის ფორმადაც იქცა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მისი სტუდენტები ენის დონის განსაზღვრის გამოცდებს ლონდონსა და ვაშინგტონში აბარებენ, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ქართული ენის სწავლება უკვე საერთაშორისო ჩარჩოებშია მოქცეული.

სწორედ ამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგია ქართული ენის, როგორც უცხო ენის, სახელმძღვანელოების სერია "ბილიკი", რომელიც დღეს A1-დან C1 დონემდე სრულ სასწავლო მასალას აერთიანებს. ეს სერია მხოლოდ წიგნების ერთობლიობა არ არის – ეს არის სისტემა, რომელმაც ქართული ენა უცხოელი მსმენელისთვის უფრო ხელმისაწვდომი, თანმიმდევრული და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი გახადა.

"სახელმძღვანელოებს აქვს თავისი სამუშაო რვეული, დიალოგების სპეციალური წიგნი, მომზადებულია შესაბამისი CD მოსასმენი დავალებებისთვის. "ბილიკი" აგებულია CEFR-ის სტანდარტების შესაბამისად. ეს არის ერთგვარი საერთაშორისო დონის ჩარჩო, სადაც არის გაწერილი, როგორ უნდა ასწავლო ნებისმიერი ენა, როგორც უცხო ენა რა შედის სხვადასხვა დონეში, რა რაოდენობის სიტყვა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რომელ გრამატიკულ ფორმატებს უნდა იყენებდეს და .. ჩემს მოსწავლეებს ჩაბარებული აქვთ სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისი გამოცდები ქართულში, როგორც უცხო ენაში".

ამ სერიის განსაკუთრებული მიღწევა "ბილიკი IV"-ია – C1 დონის სახელმძღვანელო, რომლის ანალოგიც ქართულში აქამდე არ არსებობდა. ამიტომაც მისი გამოცემა მხოლოდ ახალი წიგნის გამოჩენა არ არის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ენის სწავლების მეთოდოლოგიურ განვითარებაში და იმის დადასტურება, რომ ქართული უკვე იმ დონემდეა მიყვანილი, სადაც მისი სწავლება სრულფასოვნად შეიძლება საერთაშორისო აკადემიურ ჩარჩოებში.

27 მარტს, ენის სკოლა "სემიტაში", "ბილიკი IV"-ის პრეზენტაციაზე, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ელჩები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. ეს შეხვედრა მხოლოდ წიგნის წარდგენა არ ყოფილა. ის იყო მრავალწლიანი შრომის აღიარება და იმ იდეის დადასტურება, რომ ქართული ენის განვითარება მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ უნდა განვიხილოთ. როცა ქართული უცხოელებისთვის ისწავლება, როცა მისთვის იქმნება საფეხურებრივი პროგრამები და საერთაშორისო გამოცდები, ენა უკვე კულტურული გავლენის ნაწილიც ხდება.

ნანა შავთვალაძის პროფესიული ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ ის მზა სისტემაში არ შესულა – პირიქით, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ეს სისტემა თავად შექმნა. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, პროფესიული საქმიანობა კი სკოლის პედაგოგობით დაიწყო. სწორედ მაშინ შეხვდა პირველ გამოცდილებას, რომელმაც მომავალ გზაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა: გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ ამერიკელ მოსწავლეს ქართული უნდა ესწავლა. ამ შემთხვევამ ძალიან კონკრეტული კითხვა დაასმევინა – როგორ უნდა ასწავლო ქართული ადამიანს, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივი გარემოს ნაწილი არ არის?

ეს კითხვა ერთჯერად გამოცდილებად არ დარჩენილა. 1997 წლიდან ნანა შავთვალაძე უკვე ამერიკის საელჩოში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მოგვიანებით დაარსდა ენის სკოლა "სემიტა", რომელმაც სხვადასხვა საელჩოსა და საერთაშორისო წარმომადგენლობებთან მუშაობა გააერთიანა. ხოლო 2005 წელს, საელჩოს მხარდაჭერით, გამოიცა "ბილიკი". 2007 წლიდან მოყოლებული, როგორც თავად ამბობს, ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის ელჩის ქართულის მასწავლებელია.

"ბილიკი" თავიდანვე არა ფრაგმენტულ რესურსად, არამედ სრულფასოვან სასწავლო სისტემად შეიქმნა – სამუშაო რვეულებით, დიალოგების წიგნებით, აუდიომასალითა და იმ სტრუქტურით, რომელიც CEFR-ის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. სწორედ ამ სისტემურობამ აიყვანა ქართული ენის სწავლება სრულიად სხვა საფეხურზე. მისი სტუდენტები გამოცდებს წარმატებით აბარებენ, თავად სახელმძღვანელოები კი გამოყენებული ყოფილა ისეთ უნივერსიტეტებშიც, როგორიცაა ჰარვარდი და ოქსფორდი.

ნანა შავთვალაძის "ბილიკი IV" მაღალი აკადემიური დონის (C1) რესურსია, რომელიც ფუნქციური სწავლებიდან რთულ ლინგვისტურ ანალიზზე გადადის. ავტორი სახელმძღვანელოზე მუშაობისას, პირველ რიგში, მის ლინგვისტურ და მეთოდოლოგიურ ცოდნას ეყრდნობოდა. თუმცა, მისივე თქმით, სტუდენტებისა და მოსწავლეების კრიტიკული შეკითხვებიც პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო. "ბილიკი IV"-ის ეფექტიანობას ბრიტანეთის ელჩების წარმატებული მაგალითებიც ადასტურებს, რომლებმაც ინტენსიური მუშაობით რთული გამოცდები წარჩინებით ჩააბარეს.

მის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს "საქართველოს უნივერსიტეტს". უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში სპეციალური კურსები შეიქმნა, მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები, მოსასმენი და სამუშაო მასალები. შედეგად, A1-A2 დონეზე სტუდენტის გაყვანისთვის უკვე არსებობს სრული სასწავლო პაკეტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნანა შავთვალაძის საქმიანობა ინდივიდუალური პედაგოგიური წარმატება არაა და ის სისტემის მშენებლობის ნაწილად იქცა.

მისი პროფესიული ფილოსოფია კარგად ჩანს იმაშიც, როგორ ესმის ენის სწავლება. მისთვის ეს პროცესი მხოლოდ გრამატიკისა და ლექსიკის გადაცემა არ არის. ის ცდილობს, სტუდენტს ენის უკან მდგომი კულტურული კოდიც დაანახოს – ის, თუ როგორ გამოხატავს სიტყვა ხალხის ხასიათს, დამოკიდებულებას, მენტალობას. ამიტომ გაკვეთილი მისთვის ყოველთვის მხოლოდ ტექსტსა და წესებზე არ გადის; ის ენისგან კულტურამდე მიმავალი გზაა.

"შეგრძნება მაქვს, რომ მართლაც ვარ ჩემი ქვეყნის ელჩი, რომელმაც ქართული ენის მოდელების საშუალებით უნდა გააცნოს მსოფლიოს ქართველი ხალხის მენტალობა და ეროვნული კულტურა. ვცდილობ, ეტიმოლოგიური, სემანტიკური ფორმები ვასწავლო მოსწავლეებსა და სტუდენტებს, თუ როგორ გამოხატავს ენა ჩვენს ეროვნულობას. მაგალითად, ლოდინი, დამელოდე – ქართველები ვერ ვიტანთ ლოდინს და ენაშიც ასეა გამოხატული. ვის უყვარს ლოდინი, თუმცა, ქართველს ეს პროცესი ლოდივით აწვება გულზე, ლოდი უჭირავსო თითქოს. ძალიან ვცდილობ, რომ ეს პროცესი ყველასათვის იყოს საინტერესო და ლოგიკური. მოსწავლეებს, სტუდენტებს ვაყენებ ამ ენის შემსწავლელ ბილიკზე და ხელს ვკრავ, რომ სულ მასწავლებელი კი არ სჭირდებოდეთ, თავად გააკეთონ ბევრი რამ".

სწორედ ამიტომ მისთვის ქართული ენის სწავლება მხოლოდ საგანმანათლებლო ამოცანა არ არის; ის კულტურული მისიის ფორმასაც იძენს.

ნანა შავთვალაძე ამბობს, რომ მისი შრომის მთავარი მამოძრავებელი ძალა ერთი სურვილი იყო – ქვეყანას ჰქონოდა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი სახელმძღვანელოების სერია A1-დან C1 დონის ჩათვლით. სწორედ ამ სურვილმა გადაატანინა ღამის თევები, უწყვეტი მუშაობა და რთული პროცესები.

მისი გამოცდილება დღეს უკვე სასწავლო პროცესშიც გადადის. "საქართველოს უნივერსიტეტში" იგი თავის სტუდენტებს არა მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას, არამედ იმასაც ასწავლის, როგორ უნდა ასწავლონ ქართული სხვებს. ამით მისი საქმიანობა უკვე პირდაპირი მემკვიდრეობის ფორმას იღებს – გამოცდილება, რომელიც უცხოელებთან მუშაობისას დაგროვდა, მომავალ პედაგოგებშიც გრძელდება.

სამომავლო გეგმებიც ამავე ლოგიკას აგრძელებს. "ბილიკი IV"-ს სამუშაო რვეული უნდა დაემატოს, იგეგმება საკომუნიკაციო ქართულზე დაფუძნებული ახალი, უფრო ცოცხალი ფორმატების შემუშავება უნივერსიტეტისთვის – როლური თამაშები, ქვიზები, პრეზენტაციები, რეალური კომუნიკაციური სცენარები. მისი ხედვით, ენა უნდა ისწავლებოდეს არა მხოლოდ წესებით, არამედ მოქმედებითაც ისე, რომ სტუდენტმა ის რეალურ სიტუაციაში მოირგოს.

მისი შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცისკენაც არის მიმართული. მრავალწლიანი პრაქტიკული მუშაობის შემდეგ ფიქრობს, რომ დროა, ეს გამოცდილება და შედეგები საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასაც უფრო ფართოდ გააცნოს.