NINA BE FIT ვარჯიში ყველასათვის! #Entrepreneur's health
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აშკარაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობა და მისი მიმდევრების რაოდენობა ჩვენ ირგვლივ სულ უფრო იზრდება. მისი უალტერნატივობა ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც კარგად დაგვანახა. ადამიანები სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჯანსაღი ჩვევების გარეშე ვერც ფიზიკური და ვერც მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ვერც გაუმჯობესებას შევძლებთ. სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, დაბალანსებული ძილ-ღვიძილის რეჟიმი და კიდევ სხვა ქცევები, ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი კომპონენტებია. სოციალური ქსელებისა და ინტერნეტიზაციის ეპოქაში კი ამ სივრცეებში "ჯანსაღი" ინფორმაციით "აღჭურვილ" არხებსა და პლატფორმებს, რომლებიც კეთილდღეობის ასამაღლებლად კვალიფიციურ ცოდნას გვიზიარებენ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Nina Be Fit, რომელიც ნინა მენთეშაშვილის მიერ პანდემიის პერიოდში წამოწყებულ ერთგვარ სტარტაპს წარმოადგენს და იმ რჩევებს, ვიდეოვარჯიშებს, დამხმარე სავარჯიშო ინსტრუმენტებსა და პროგრამებს აერთიანებს, რომელიც ფიზიკურ და მენტალურ გაჯანსაღებაში თანაბრად გვეხმარება. გვერდების სამართავად და მათზე ხარისხიანი ფოტო, ვიდეო და ტექსტუალური კონტენტის განსათავსებლად, ნინას არაერთი ფუნქციის შეთავსება თავად უწევს. თუ როგორ დაიწყო Nina Be Fit, რას გვთავაზობს და რას გვპირდება მომავალში, Entrepreneur Health-ს ნინა მენთეშაშვილი უყვება:
"თავად უკვე 3 წელია, რაც ვვარჯიშობ. ძალიან შემიყვარდა ვარჯიში და მის გარეშე ვერც წარმომიდგენია. ჩემი გვერდის შექმნა პანდემიამდე მსურდა, თუმცა ვიდრე ცოდნის გაზიარებას სხვებისთვის გადავწყვეტდი, ამ კუთხით გარკვეული საერთაშორისო განათლებაც მივიღე. ვხედავდი, რომ ბევრია ამ ყველაფრით დაინტერესებული და არიან ისეთებიც, ვისთვისაც ჯერ კიდევ უცნობია ეს სფერო. მინდოდა ისინიც დამეინტერესებინა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიღებაში დავხმარებოდი ადამიანებს. პანდემია რომ დაიწყო, მეტი დრო გამომითავისუფლდა და Nina Be Fit-ზე მუშაობას ძალიან სტარტაპულად, მინიმალური რესურსებით შევუდეგი. ფაქტობრივად, ერთი სავარჯიშო მატრასით, წყვილი ჰანტელითა და ჩემი ტელეფონით. გავთვალე, რომ უმეტესობას შინ ეს მინიმალური აღჭურვილობა ექნებოდა. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ვარჯიშის დაწყება ამ მინიმალური შესაძლებლობებითაც შეიძლება. ჩემი ვიდეოებისა და ფოტოების მიღმა, ჩემი მეუღლე − რეზი დგას, რომელიც ძალიან მეხმარება. ის მიღებს, შემდეგ კი მე ვამონტაჟებ, ვწერ აღწერილობებს, დეტალურ ინსტრუქციებს, და პოსტებს შემდეგ ვუზიარებ ვებსივრცეში აუდიტორიას.
ვარჯიშების რომელ სახეობას შევხვდებით Nina Be Fit-ზე და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა?
ჩემი ვარჯიშები ძალისმიერი ვარჯიშების სტილს გულისხმობს. ზოგადად, არსებობს სტერეოტიპული მოსაზრება, რომ ქალებმა დაკუნთვის ასარიდებლად მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშები უნდა აკეთონ. სინამდვილეში, წონით სწორი ვარჯიშის შემთხვევაში, ვიღებთ მკვრივ, ლამაზფორმებიან სხეულს. თანამედროვე კვლევების მიხედვით, ცხიმის დასაწვავად ძალისმიერი ვარჯიშები კარდიოვარჯიშებზე მეტად ეფექტურია.
გარდა ამისა, ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტად ვართ მიდრეკილი ოსტეოპოროზისკენ, რისი ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციაც სწორედ ძალისმიერი ვარჯიშებია. ვარჯიშის ინტენსივობა ასაკისა და ფიზიკური მზადყოფნის შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ის პირდაპირ აძლიერებს ძვალ-სახსროვან და კუნთოვან სისტემას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ან ჩემი მსგავსი გვერდების მხრიდან მუდმივად ხდებოდეს ადამიანების ინფორმირება სწორი ვარჯიშის, კვებისა და ჯანსაღი ქცევების შესახებ.
Nina Be Fit-ზე, რჩევებთან ერთად, დიდი ადგილი უჭირავს ვიდეოებს. რას ჰპირდებით ადამიანებს, თუ თქვენ მიერ შემოთავაზებულ ვარჯიშებს საკუთარ ცხოვრების წესში ინტენსიურად დანერგავენ?
ჩემი მესიჯია, რომ ვარჯიში არის ყველასათვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც სპორტული მონაცემებით გამოირჩევა ან მთელი ცხოვრება სპორტს მისდევს. როგორც ჭამა და ძილი გვჭირდება ყველას, ასევე გვჭირდება მოძრაობა. ვარჯიში ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია დავიწყოთ. იმ სიკეთესა და სარგებელს კი, რომელიც ვარჯიშს მოაქვს, აუცილებლად ყველა ასაკში ვიგრძნობთ. ამიტომ, დაწყება არასდროსაა გვიან. ხშირად ვარჯიშს ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ როგორც წონაში დაკლების შესაძლებლობას, უყურებენ. ამიტომ, უფრო ისინი ვარჯიშობენ, ვისაც ჭარბი წონა აქვს. წონის მატება-დაკლებას კი, უპირველესად, კვება განსაზღვრავს. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გამხდარი ადამიანის ორგანიზმსაც ვარჯიში ძალიან სჭირდება. მისი უმთავრესი სიკეთე კი ისაა, რომ დიდი გავლენა აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. არასწორია, როდესაც ვარჯიში და მოძრაობა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის საწინდარად მიიჩნევა. მთელი თანამედროვე ფიტნესსამყარო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოს, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ვარჯიში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა კი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. რაც უნდა სწორად ვიკვებოთ, ვსვათ წყალი და კარგად გვეძინოს, თუ მუდმივად სტრესირებულები ვართ და ჩვენი ნერვული სისტემა დაძაბულია, კარგად მაინც ვერ ვიქნებით. ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო, ბუნებრივი ანტიდეპრესანტი და მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესთან გასამკლავებლად და ნერვული სისტემის გასაძლიერებლად. ჩემი გვერდის მეშვეობით, სწორედ ამ საკითხის აქცენტირებას ვცდილობ.
თქვენი დაკვირვებით, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ვარჯიშის მიმდევრების ზრდის როგორი ტენდენციაა ჩვენს ქვეყანაში?
დასავლურ ქვეყნებში რეგულარული ვარჯიშის ტენდენცია და კულტურა გაცილებით ძლიერია. იქ ადამიანები ფიზიკურად გაცილებით აქტიურები არიან. ჩვენს ქვეყანაში ასეთ მაჩვენებელს ჯერ ისევ ჩამოვრჩებით, თუმცა ბოლო წლებში უკეთესობა მაინც იგრძნობა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დაიწყოს ვარჯიში ან ჯანსაღი ცვლილებები შეიტანოს ცხოვრების წესში. ვფიქრობ, კარგად მივდივართ. ჩემი გვერდიც ამ კუთხით ცნობიერებისა და აქტიურობის ზრდას ემსახურება. კარგი იქნება, თუ მცირე ცვლილებებით − თუნდაც დღეში ნახევარსაათიანი ვარჯიშით, ერთი ჭიქით მეტი წყლის დალევით, კვების რაციონში ჯანსაღი პროდუქტების ეტაპობრივი ჩართვით დავიწყებთ. მალე დავინახავთ ამ პატარ-პატარა ნაბიჯებითაც კი, რამდენად დიდი, დადებითი ცვლილებების გამოწვევა შეგვიძლია ცხოვრებაში. ჩემი გვერდიც პანდემიის დროს სახლის პირობებში შეიქმნა და დასტურია იმისა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე, მინიმალური რესურსებით შეგვიძლია. მაგალითად, წინაღობის სარტყლით. სხვათა შორის, ხევსურული ორნამენტებით გაფორმებული პირველი ასეთი სარტყელი Nina Be Fit-მა შექმნა და მისი შეძენა მსურველებს ჩვენს გვერდზე შეუძლიათ. სარტყელი განსაკუთრებით გამოსადეგი, კომპაქტური და სატარებლად მარტივია. ნებისმიერ ადგილზე ვარჯიშისთვის კარგი საშუალებაა და პროცესს უფრო სახალისოს ხდის. ასევე, უკვე ერთი თვეა, რაც ჩემი სავარჯიშო და ინდივიდუალური კვების პროგრამა ჩავუშვი. ინდივიდუალური პროგრამები თითოეული ადამიანის ცხოვრების საჭიროებებისა და მიზნების მიხედვითაა გაწერილი.
რა თავისებურებები აქვს ფიტნესსტარტაპის ონლაინ მართვას და რას ჰპირდება Nina Be Fit მიმდევრებს მომავალში?
ბიზნესის მართვის საკმაო გამოცდილება "ალტერსოქსმა" შემძინა, რომელსაც ახლაც ვუძღვები. ამიტომ გამოწვევას დროის მენეჯმენტიც წარმოადგენს, რათა ყურადღება ორივე საქმიანობას სათანადოდ გავუნაწილო. ზოგადად, გარედან სოციალური გვერდების მართვა შეიძლება ადვილი ჩანდეს, მაგრამ ასე სულაც არ არის. ჩემს შემთხვევაში, თითოეულ პოსტს საკმაოდ დიდი დრო და შრომა სჭირდება, რადგან ამაში როგორც ფიზიკურ, ასევე შემოქმედებით რესურსს ვხარჯავ. ვინაიდან ეს საქმე ძალიან მიყვარს და მეხალისება, იმ კითხვებსაც მუდმივად ვპასუხობ, რომელიც ინტენსიურად შემოდის დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, რაც ძალიან მახარებს. ხოლო იმისათვის, რომ ამდენ საქმეს ეფექტურად გავუმკლავდე, თავადაც ვცდილობ დაბალანსებული რეჟიმითა და ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვით ვიცხოვრო. ზაფხულამდე ვგეგმავ, კიდევ ერთი ახალი სავარჯიში პროგრამა გამოვუშვა. ასე რომ, Nina Be Fit აგრძელებს აქტიურ მუშაობასა და სასარგებლო ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას.