Get All Access for $5/mo

ნინიმო -კომფორტი უპირველეს ყოვლისა "ნინიმოს" ხელნაკეთი ფეხსაცმლის ფერადი კოლექციები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

"ნინიმოს" შექმნის იდეა 2016 წელს გაჩნდა. ხელნაკეთი ფეხსაცმლის ქართული ბრენდის დაარსებას ზუსტად ერთი წელი დასჭირდა. Facebook-ის გვერდზე განთავსებული პირველი ლოფერის სტილის მოდელი კი იმავე დღეს გაიყიდა. ნინი მოსულიშვილის ბიზნესში ამჟამად 15-მდე ადამიანია დასაქმებული. "ნინიმო" უმეტესწილად საქართველოში აცვიათ, თუმცა უახლოეს გეგმებში ბრენდის ექსპორტზე გატანა შედის. Entrepreneur ნინი მოსულიშვილს − ხელნაკეთი ფეხსაცმლის ქართული ბრენდის დამფუძნებელს ესაუბრა.


ბრენდის ისტორია

"ნინიმოს" პირველი ფეხსაცმელი 2017 წელს გაიყიდა.

ნინი მოსულიშვილმა დიდხანს იფიქრა, სანამ ხელს საკუთარ ბიზნესს მოჰკიდებდა. წარმატებული კარიერა ჰქონდა. ხატვა ყოველთვის იტაცებდა. ძირითადად, ფეხსაცმელს ხატავდა. მეგობრების რჩევით მივიდა დასკვნამდე, რომ გარისკვა ღირდა, ფეხსაცმლის ბრენდის ონლაინბიზნესიც არ მოითხოვდა დიდ ინვესტიციას. "მამაჩემს წლების განმავლობაში ფეხსაცმლის მაღაზიების ქსელი ჰქონდა. ვიცოდი, ეს ბიზნესი როგორ მუშაობდა. სხვა თუ არაფერი, ფეხსაცმლის ხარისხში მაინც კარგად ვერკვეოდი. თავდაპირველად მეგონა, რომ ინვესტორი დამჭირდებოდა, თავსაც ამიტომ ვიკავებდი". "ნინიმოს" ისტორია ინვესტორისა და გრანდიოზული დანახარჯების გარეშე დაიწყო.

მოთხოვნა მის სამეგობრო წრეში გაჩნდა. "ნინიმოთი" მალევე სრულიად უცხო ადამიანებიც დაინტერესდნენ. "ზუსტად მახსოვს ის პირველი მყიდველი, რომელიც ჩემი ნაცნობი არ იყო და შეკვეთა გააკეთა", − იხსენებს ნინი. Facebook-ფეიჯის გაკეთების პირველი დღიდან მოთხოვნას ვერ აუდიოდა. მთელი მოგება რეინვესტირებას ხმარდებოდა. სამი თვის შემდეგ კი გააანალიზა, რომ მისი მცირე ბიზნესი მომგებიანი იყო და შეეძლო საქმიანობა მშვიდად გაეგრძელებინა.

მაღაზია

"ნინიმოს" შექმნისთანავე ტრადიციული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. "ფეხსაცმელი არ არის არც ჩანთა და არც მაისური, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოირგო". სწორედ ამიტომ, არსებული თუ ახალი ზომის მოდელის შეკვეთის მსურველები პროდუქციის ადგილზე ნახვასა და მოსინჯვას ითხოვდნენ. სწორედ ასე მომწიფდა იდეა, მაღაზია გაეხსნა. სიმონ ჯანაშიას 10 ნომერში "ნინიმოს" შოურუმმა ბინა გასულ წელს დაიდო.

"პერსპექტივაში, მაღაზიის გაფართოებაზეც ვფიქრობ", − ამბობს ნინი. "როდესაც დავინახე, რომ ბიზნესი ვითარდებოდა, მივხვდი − მაღაზიის გახსნა მიღირდა. საკუთარი ჯიბიდან არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს, არც ინვესტორის დახმარება გამომიყენებია − ყველაფერი რეინვესტირების შედეგად მოხდა".

წარმოება

ბრენდის წარმატება მთლიანად ფეხსაცმლის საწარმოო პროცესზეა დამოკიდებული. ნინი მოსულიშვილის თქმით, მისი პრობლემების 99% მოგვარდებოდა, საქართველოში ფეხსაცმლის საწარმოო ავტომატური დანადგარები რომ არსებობდეს. ეს თითოეული წყვილის თვითღირებულებასაც საგრძნობლად შეამცირებდა და შეცდომის დაშვების შანსსაც თითქმის ნულამდე დაიყვანდა. რომ არაფერი ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე − შეკვეთილი პროდუქტის მიწოდების დროზე.

ამ ეტაპზე "ნინიმოს" 2 კერძო საწარმო ემსახურება. "ეს საწარმოები, თეორიულად, აუთსორსერები არიან. პრაქტიკულად კი ჩვენი თანამშრომლები გამოდიან. იმდენად ბევრი შეკვეთა აქვთ ჩვენგან, სხვა შეკვეთის მიღებას ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ და მთლიანად "ნინიმოზე" არიან დამოკიდებული".

დიზაინს თავად ნინი ქმნის, შემდეგ კი პროცესები საწარმოში ვითარდება. მზადდება ყველაზე რთული − კალაპოტი, რის შემდეგაც იკერება ფეხსაცმელი, გადის ტესტირების პროცესს. განსაკუთრებულ სირთულესთანაა დაკავშირებული მაღალქუსლიანი მოდელების კალაპოტის დამზადება. "ჩემივე შეკერილი პროდუქტი ყოველთვის მაცვია. როდესაც პირველი მაღალქუსლიანი მოდელი შევკერეთ, სრული კრახი განვიცადეთ. მისმა კალაპოტმა, უპირველესად, მე შემიქმნა დისკომფორტი, გამოსწორება კი რთული პროცესი აღმოჩნდა", − იხსენებს ნინი.

საწარმოო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შეკვეთის დროულად მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ვებსაიტზეც და სოციალურ მედიაშიც ნათლადაა აღნიშნული, რომ "ნინიმოში" შეკვეთილი მოდელი ხელით მზადდება და შედარებით დიდ დროს მოითხოვს, საწარმოს თანამშრომლის ერთი შეცდომა სრულიად საკმარისია, რომ შეკვეთამ 1, ან 2 დღით დაიგვიანოს. "ამისი ახსნა კი დამკვეთისთვის ძალიან რთულია. ადამიანური რესურსის გამოყენება ძვირი ჯდება. გარდა ამისა, 100%-იან გარანტიას არ იძლევა".

კალაპოტის გარდა, უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ზედაპირი. ძირითადად, ხელოვნურ ტყავს იყენებს. მასალას იტალიიდან და ესპანეთიდან იწერს. მცირე შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, მასალის თვითღირებულება იზრდება, რაც, თავისთავად, ფეხსაცმლის თვითღირებულებასა და საბაზრო ფასსაც ზრდის. თუმცა, ხშირია დიდი შეკვეთები ერთი ტიპის მასალაზე. "ამ მიმართულებით ჩავარდნა არ მქონია, გამომიწერია დიდი რაოდენობით მასალა და მალევე ამოყიდულა".

სამომავლო გეგმები

"ნინიმოს" ბრენდმა სახელი ლოფერების წარმოებით გაითქვა. ლოფერების გარდა, 5 სტილის ფეხსაცმელი იქმნება: კლასიკური მაღალქუსლიანი, სანდლები, ჩექმები, ესპადრელები და შუზები.

მინიმალური ღირებულება 250 ლარს შეადგენს. "მცირე კვლევა ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 250 ლარი ბევრს ეძვირება. ამიტომ ძალიან ხშირად გვაქვს გათამაშებები, ფასდაკლების აქციები".

"ნინიმო" თვეში საშუალოდ 100-120 წყვილ ფეხსაცმელს ყიდის. შოურუმში ვიზიტის გარდა, აქტიურია ბრენდის გვერდები სოციალურ მედიაში − Facebook-სა და Instagram-ზე. გარდა იმისა, რომ შეკვეთებს საქართველოდან იღებს, ხშირად უკავშირდებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. საზღვარგარეთ ბრენდის გატანა ნინის უახლოესი გეგმაა. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მოგების ნაწილს ვებგვერდის ოპტიმიზაციაში აბანდებს. "ყველა გამომწერმა იცის, რომ ხელნაკეთ ფეხსაცმელს ყიდულობს, ამიტომ მიწოდების შედარებით დიდ პერიოდზე პრობლემები არ მექმნება. მათ handmade პროდუქციის ფასი კარგად იციან და სწორედ ამიტომ მინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავიდე ექსპორტზე".

"ნინიმოს" ფერადი კოლექციების მთავარი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ხარისხისა და კომფორტული პროდუქტის შექმნაა. "კარგი ფეხსაცმელი აუცილებლად კომფორტულია. თუკი ერთი სული არ გაქვთ, სანამ სახლში მიხვალთ და ფეხსაცმელს გაიხდით, ესე იგი მაღალი ხარისხის პროდუქციას ატარებთ".