ნონა გაფრინდაშვილის საიუბილეო საჭადრაკო გამოცემა და ქართველი დიდოსტატის მორიგი მსოფლიო აღიარება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული ჭადრაკის დედოფალი და საერთაშორისო დიდოსტატი ახალ მწვერვალებს იპყრობს. ნონა გაფრინდაშვილმა 82 წლის ასაკში მსოფლიო ტურნე გამოაცხადა. ასევე, სახელობითი საკოლექციო ჭადრაკებისა და სახელობითი საპრეზენტაციო დაფების გამოშვება დაიწყო.
მსოფლიოს ტურნეს ფარგლებში შარშან უკვე ეწვია რამდენიმე ქვეყანას, მათ შორისაა ამერიკა, იტალია და პორტუგალია, სადაც ერთდროული თამაშის სეანსები გამართა, ასევე ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.
"ქართული ცეკვა" და "ვეფხისტყაოსანი", ესაა ის კულტურული ფენომენი, რომლის შთაგონებითაც ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკები შეიქმნა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Entrepreneur-ი ნონა გაფრინდაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს ესაუბრა.
ქალბატონო ნონა, რას გვეტყოდით თქვენი ახალი მსოფლიო ტურნეს შესახებ?
ნონა: პირველ რიგში, მოგესალმებით. რადგან მარტში ქალების ორი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მინდა მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მშვიდი და ძლიერი ოჯახი არის მშვიდობისა და განვითარების საწინდარი. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთ ოჯახურ გარემოს დიდწილად ქალბატონები ქმნიან.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, 82 წლისამ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე. გამოვაცხადე მსოფლიო ტურნე, რაც გულისხმობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჭადრაკში ერთდროული თამაშის სეანსებისა და ლექცია-შეხვედრების ჩატარებას (Simultaneous chess sessions / Nona Talks). პირველივე წელს წარმატებით მოვიარე რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, იტალია, პორტუგალია.
როგორ გაჩნდა იდეა თქვენი ჭადრაკების გამოცემის შესახებ, ამასთან, რატომ აირჩიეთ "ქართული ცეკვა" და "ვეფხისტყაოსანი"?
ნონა: ჩემი სახელობის საკოლექციო ჭადრაკების გამოცემის იდეა ოჯახს ყოველთვის ჰქონდა. ეს ახლაც მათი ინიციატივით მოხდა. რაც შეეხება თემას, პირველი ჩემპიონობის შემდეგ აკადემიკოს ნიკო კეცხოველისგან საჩუქრად პირველი სპილოს ძვლის ჭადრაკი მივიღე.
საჩუქარს ახლდა მისივე მოსალოცი წერილი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ოდითგანვე ჩვენს ქვეყანაში გოგონებს მზითევში "ვეფხისტყაოსანსა" და ჭადრაკს ატანდნენ. უკვდავი ნაწარმოების, "ვეფხისტყაოსნის" ჭადრაკის შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა.
მოხატულობა შუა საუკუნეებიდან გადმოვიტანეთ და მამუკა თავაქარაშვილის მიერ პირველად გადაწერილი და მოხატული "ვეფხისტყაოსნის" მიხედვითაა შექმნილი. ფიგურებისთვის გამოვიყენეთ მოვერცხლილი, ტონირებული თითბერი, ხოლო დაფის ზედაპირისთვის - მოვერცხლილი და მოოქრული სპილენძი.
ჭადრაკი "ქართული ცეკვა", რომელსაც ხშირად აცეკვებულ ფიგურებსაც ვუწოდებ, ჩვენი კულტურული საგანძურის ნაწილი და ჩემი დიდი სიყვარულია. ხშირად დავსწრებივარ ქართული კულტურის დღეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როდესაც ჩვენი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტებზე იქაური საზოგადოების აღტაცებულ ემოციებს ვაკვირდებოდი, ჟრუანტელი მივლიდა და სიამაყის გრძნობით მავსებდა. იმ გრძნობას შევადარებდი საკუთარი გამარჯვებებიდან მიღებულ ემოციებს. სწორედ აქედან წამოვიდა ეს იდეა, თითოეული ჭადრაკის ფიგურა კი ამა თუ იმ ქართულ ცეკვას ასახავს:
- მეფე: ცეკვა "ქართული"
- დედოფალი: ცეკვა "ქართული", დედოფლის გვირგვინი ჩემი პირველი საჩემპიონო გვირგვინის ანალოგია.
- ეტლი: ცეკვა "სამაია"
- ოფიცერი: ცეკვა "ხევსურული"
- მხედარი: ცეკვა "მხედრული"
- პაიკი: ცეკვა "მთიულური"
ფიგურებსა და დაფაში გამოყენებულია სხვადასხვა ძვირფასი ქვა, რადგანაც მინდოდა ჩემი ჭადრაკები განსაკუთრებული და დასამახსოვერებელი ყოფილიყო. ორივე ჭადრაკი ხელნაკეთია და ექსკლუზიურად, ჩემი ლოგოთი და ხელმოწერითაა დამზადებული.
საკოლექციო ჭადრაკები, "ვეფხისტყაოსანი" და "ქართული ცეკვა", შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა - 82 ცალი, ჩემი ასაკის საპატივსაცემოდ, რაც ჩვენს ჭადრაკებს უნიკალურობას სძენს და მისი ისტორიული თუ ღირებულებითი დატვირთვა ყოველწლიურად გაიზრდება. მოთხოვნა დიდია, აქედან გამომდინარე, ვიწყებთ ცალკე ფიგურების გაყიდვასაც, სახელობითი წარწერით და ჩემი ავტოგრაფით
ჭადრაკის შეძენა შესაძლებელია წინასწარი შეკვეთით ჩემი პირადი ვებგვერდიდან www.NonaGaprindashvili.ge
ასევე, შევქმენით საპრეზენტაციო დაფა, რომელიც ჩემი სავიზიტო ბარათია, სადაც ერთ მხარეს საკოლექციო ჭადრაკების სურათებია და ჩემი დევიზები - გამონათქვამებია. ისეთები, როგორიცაა ჩემეული გამარჯვების ფორმულა ან მამის დარიგება პირველი ჩემპიონობის შემდეგ. ხოლო მეორე მხარეს საჭადრაკო დაფაა ლოგოთი და ხელმოწერით.
ვეცადეთ ხელმისაწვდომი ფასი ჰქონოდა, რათა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს მისი შეძენა. ხშირად ვამბობ, რომ ფეხბურთელის ხელმოწერილი მაისურივითაა. ასე რომ, საჩუქრებად ხშირად გავცემ და "Entrepreneur საქართველოს" სიამოვნებით ვუსახსოვრებ.
თქვენ რისი თქმა გსურთ ამ გამოცემით, როგორ ფიქრობთ, როცა წლები გავა და ეს ნივთი თაობიდან თაობას გადაეცემა, რას იგრძნობენ ადამიანები, რა გსურთ, რომ ამ გამოცემით დარჩეს საზოგადოებაში?
ნონა: ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარული იყო, რომელსაც ვერასოდეს ვერ გადავიხდი. რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს, რომ თაობებს შემორჩეს ჩემი სახელი, მიღწევები და ჩემი სახელობითი ჭადრაკები. ეს მხოლოდ ჩემი პირადი თავგადასავალი არ გახლავთ, ნაწილია ჩვენი ქვეყნის ძალიან წარმატებული სპორტული ისტორიისა და მიღწევების. ჭადრაკი არსია ჩემი ცხოვრების და ამით ყველაფერია ნათქვამი.
ქალბატონო ნათია, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ დიდი როლი შეასრულეთ ამ იდეების რეალობად ქცევაში. ვინ არის ამ გამოცემის ავტორი და როგორი იყო მუშაობის პროცესი?
ნათია: ნონას მუზეუმში რომ შევდივარ, იდეები თავისით მოდის, ისეთი ჯადოსნური ოთახია თავის დატვირთვით, სიდიადით და ხალხის ზღვა სიყვარულით სავსე. ეს ოთახი ისტორიას ინახავს, სადაც მისი მედლები, პრიზები და ხალხის ნაჩუქარი ჭადრაკები ინახება.
ხანგრძლივი და შრომატევადი, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პროცესი გამოვიდა, რაც ითვალისწინებდა კონცეფციის შექმნას, ოსტატების შერჩევას, რომლებიც ჩვენს იდეას ხორცს შეასხამდნენ.
სახლში პატარა ლამაზი ჭადრაკი გვქონდა, რომელიც ძალიან მომწონდა და გადავწყვიტე, მისი ავტორი - გიგა იაკობაშვილი მომეძებნა, სწორედ მას ვთხოვე დაემზადებინა საკოლექციო ჭადრაკი "ვეფხისტყაოსანი".
ცეკვის ჭადრაკის დიზაინი კი თავიდან ბოლომდე ჩემი მოფიქრებულია. თითოეულ ფიგურაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რომელი ცეკვის ილეთი უნდა განესახიერებინა.
ცეკვა "ქართული", რა თქმა უნდა, მეფე-დედოფალია და თავად დედოფლის ფიგურას ნონას პირველი ჩემპიონობის ანალოგიური გვირგვინი დავადგი. ეტლი კომპლექციით "სამაიას" მივამსგავსე, პაიკი "მთიულურის" ილეთს ასრულებს - ჩემი სოხუმელი კლასელის, "ერისიონის" ყოფილი სოლისტის მიერ ჰაერში შესრულებული ილეთის ფოტოდან მომივიდა ეს იდეა.
ასე ზედმიწევნით გავთვალეთ ყველა დეტალი. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ამად ღირდა, რადგანაც ძალიან ლამაზი, ორიგინალური, ძვირფასი და დასამახსოვრებელი ჭადრაკები ნამდვილი ქართული საგანძური გამოგვივიდა.
საოცარი განცდა მეუფლება, როდესაც ვინმე ყიდულობს. იმდენად გვიყვარს ჩვენივე ქმნილება, მყიდველს ან მის ოჯახის წევრებს, თუ საქართველოში არიან, ჩვენს სახლ-მუზეუმში ვეპატიჟებით, თითქოს ჩვენი ოჯახის ნაწილად იქცევა, და ასევე ყველა მყიდველი ავტომატურად ნონას კლუბის წევრიც ხდება. კლუბი კი ოფიციალურად მუზეუმთან ერთად ჩამოყალიბდება.
როგორ ფიქრობთ, ვინ დაინტერესდება ამ უნიკალური ნივთით, რატომ იწვევს საზოგადოებაში ეს აღფრთოვანებას და რა აქვს ამ გამოცემას ისეთი, რაც ადამიანებს მონუსხავს?
ნათია: წარსულში მიღებული იყო ოჯახში ძვირადღირებული ხელნაკეთი ჭადრაკის ქონა, ისევე როგორც ნახატების ან სხვა ხელოვნების ნიმუშების. ეს ტრადიცია ნელ-ნელა ბრუნდება.
ჩვენი ჭადრაკებით მხოლოდ სპორტის გულშემატკივარი არ ინტერესდება. ქორწილებში, იუბილეებზე მიაქვთ საჩუქრად, უცხოეთში მიაქვთ პატივსაცემი ადამიანებისთვის. ეს არის საქართველოში გამოცემული, ქართული სულით გამსჭვალული, ქართული კულტურისა და ისტორიის მატარებელი ულამაზესი საიუველირო ნაკეთობა, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს.
ბატონო დავით, თქვენც მინდა გკითხოთ, რა შთაბეჭდილებას გიქმნით ეს მოვლენა და რას ნიშნავს თქვენთვის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო გამოცემა?
დავითი: ჩვენი ჭადრაკები ჩვენი გულის ნაწილი და ჩვენი ოჯახის სიყვარულია, ჩვენთვის ისინი შვილივითაა, ფასი არ აქვს. ამიტომაცაა, რომ 3 ცალი ოჯახში დარჩება, თითო ჩემს შვილებთან და ერთიც დედასთან, ჩემთან და ნათიასთან.
რას გვეტყოდით გადაცემაზე, სადაც ქალბატონ ნონასთან ერთად მონაწილეობთ, ხომ არ აპირებთ თემატიკის გაფართოებას და გადაცემის ახლებურად წარმოჩენას?
დავითი: აქვე ვსარგებლობ შესაძლებლობით, და დედებს მივულოცავ 3 მარტს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. დედის დღეს აღვნიშნავთ და თქვენს მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ რთულია წარმატებული სპორტსმენი დედის შვილობა.
წლის განმავლობაში დედას მხოლოდ რამდენიმე თვე ვხედავდი სახლში, სულ ტურნირები, შეკრებები და მგზავრობა. ფინალი, როგორც წესი, არაჩვეულებრივი იყო ოქროს მედლებით, მისი გამარჯვების გამო აჟღერებული ჰიმნითა და აღმართული დროშით.
და ახლა მომეცა შესაძლებლობა, დედასთან ერთად საინტერესო საქმე ვაკეთო. ბოლომდე გამიჭირდება იმ ემოციების გადმოცემა, რომელიც გადაღებისას მეუფლება. ეს ჩანაწერები შემორჩება ისტორიას, მას ინტერესით ნახავენ ჩვენი შვილიშვილები და მათი შვილები, მომავალი თაობები. სპორტზე YouTube-გადაცემის შექმნაც ნათიას იდეა იყო, რომელიც მაშინვე ავიტაცე და აგიხსნით რატომაც.
ერთია, რომ მე და დედა სპორტის ყველა სახეობის დიდი გულშემატკივრები გახლავართ და კარგადაც ვერკვევით, აქედან გამომდინარე, ჩვენს ტიტულოვან სტუმრებთან საინტერესო და შინაარსობრივი საუბარი გამოგვდის.
მაგრამ მთავარი სხვა რამ არის, მე და დედაჩემს გადაცემაში ერთად გატარებული ყოველი წამი გვსიამოვნებს, ჩაწერა ხდება ჩვენს სახლ-მუზეუმში, სადაც, თავისთავად, ოჯახური გარემო გვაქვს შექმნილი სტუმრებისთვისაც.
ვსაუბრობთ ქართული სპორტის საოცარ მიღწევებზე, გამოწვევებზე, არსებულ ტენდენციებზე მსოფლიო სპორტში. მოწვეული ვასკვლავები ჰყვებიან განვლილ გზაზე, სირთულეებსა და მათი გადალახვის გზებზე, იმაზე, თუ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად.
ნორჩი თაობისთვის ჩვენი სტუმრების მონაყოლი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ბავშვებმა უნდა გაითავისონ, რამხელა თავდადებაა საჭირო ჩემპიონობისთვის. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პროპაგანდას ვეწევით.
დედას ჩაფიქრებული აქვს ჩვენს YouTubeარხზე გაარჩიოს თავისი ლეგენდარული პარტიები. გადაცემის ფორმატს და თემატიკას რაც შეეხება, ამ სიტყვებს მოვიშველიებ: არასდროს თქვა "არასდროს". ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი: @NonaGaprindashvili-Chess
ბოლოს კი, დედის დღესთან დაკავშირებით დავამატებ, გაუფრთხილდით დედებს და ხშირად მოეფერეთ მათ.
ქალბატონო ნონა, გვიამბეთ ნონა გაფრინდაშვილის მუზეუმის შესახებ, როდის განხორციელდება ეს იდეა და რა ღონისძიებები იგეგმება?
ნონა: ეს სახლ-მუზეუმი უფროა, რადგანაც ჩემთან სახლში, ერთ ოთახშია განთავსებული. იმდენად ბევრი სამახსოვრო პრიზი და ექსპონატია, ვერ ვეტევით. ჩემი ოცნებაა გავაკეთო მუზეუმი - საჭადრაკო კლუბი, სადაც ყველა მსურველს ექნება არა მარტო დათვალიერების შესაძლებლობა, არამედ ჭადრაკის თამაშისაც.
იმედი მაქვს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი დახმარება შეეძლებათ ამ იდეის განხორციელებლად, რადგან ეს მხოლოდ პირადი სახელობის მუზეუმი არ იქნება. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩატარდება ერთდროული თამაშის სეანსები, ტურნირები საჭადრაკო ეტიუდების ამოხსნაში. მოეწყობა სპორტის საღამოები, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისადმი მიძღვნილი და გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, ჩემთან ერთად უყურონ და უგულშემატკივრონ ქართველი სპორტსმენების მნიშვნელოვან გამოსვლებს. დაბოლოს, იმედი მაქვს, რომ საქართველოს ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთი საინტერესო ადგილი გამოჩნდება.რას ეტყოდით თქვენს ერთგულ თაყვანისმცემლებს, რა გეგმები გაქვთ მომავალში და რისი განხორციელება გსურთ?
ნონა: ყველას მივმართავ ჩემი სლოგანით, "აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე". თავადაც ვაგრძელებ აქტიურ ცხოვრებას. ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ ბრენდებთან, ხოლო რამდენიმე თვის წინ საინტერესო და მზარდი სამშენებლო კომპანიის "ტექტო ჯგუფის" სახე გავხდი.
გულშემატკივარს კი ვეტყოდი, ყოველთვის გამიხარდება თქვენთან შეხვედრა, განსაკუთრებით, ჭადრაკის ნორჩ მოყვარულებთან. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მშვიდობას. დანარჩენი ჩვენს ხელშია და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება.