Nunisi Forest Hotel & SPA – რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის დამფუძნებლები: ირმა დაუშვილი, მაია ვეზირიშვილი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით გაიმართა და წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: "საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის" და "გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში". გარდა ამისა, სიახლე ჯილდოებსაც შეეხო და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, თითოეულ გამარჯვებულს მისთვის სასურველი და კომპანიისათვის საჭირო ჯილდოს არჩევა შეეძლება: ახალი ვებგვერდის, ბრენდინგის, ან საკომუნიკაციო მხარდაჭერის სახით. წელს, ასევე, ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა "აჭარა ჯგუფი", ხოლო ჟიურის გადაწყვეტილებით, საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა სპა-რეზორტი "ლოპოტა". კონკურსმა გააერთიანა ის ქართული კომპანიები, რომლებმაც, პანდემიური გამოწვევების მიუხედავად, თავიანთი ბიზნესის განვითარების ინოვაციური გზები მონახეს.
გაგაცნობთ 2021 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულს რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის
"ნუნისის ტყის სასტუმრო" ხარაგაულის რაიონში, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკთან, ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. ეს 2001 წელს დაწყებული პროექტია, რომელიც კურორტ ნუნისს ახალ სიცოცხლეს სძენს. პროექტის ფარგლებში აშენდა სასტუმროები, გარემონტდა არსებული კოტეჯები და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, გაჩნდა ახალი ჰოსტელები, რომლებმაც რეგიონს გამორჩეული იერი შესძინა.
"ნუნისის ტყის სასტუმრო" არის ადგილი, სადაც ულამაზეს ბუნებაში, ტყის შუაგულში, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგიძლიათ მიიღოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები. ნუნისის წყალი უნიკალურია კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ალერგიები, ატოპიური დერმატიტი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ ბუნებრივი წყაროს აღმოჩენას დავით აღმაშენებლის სახელს მიაწერენ და ამდენი ასწლეულის გასვლის შემდეგაც კი, დამსვენებლების 60% დღემდე სამკურნალო მიზნით სტუმრობს კომპლექსს. ნუნისში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ სპა-პროცედურებით, მოინახულონ გამოქვაბული, დატკბნენ უნიკალური ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკით, იშვიათი ფლორითა და ფაუნით, გაისეირნონ ცხენებით და დღის ბოლოს კოცონთან სასიამოვნო საღამო გაატარონ, ეს ყველაფერი კი "ნუნისის ტყის სასტუმროს" დამსახურებით გახდა შესაძლებელი.
"2001 წელს, როცა ჩვენ პირველად მოვინახულეთ ეს კურორტი (სანატორიუმი), მისი ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურებული და მიტოვებული იყო, თუმცა ბუნების სილამაზეს ვერაფერი შეცვლიდა. მოგეხსენებათ, ხარაგაულის რაიონი საკმაოდ მთიანი რეგიონია რთული რელიეფით და მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს მეცხოველეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს. მაშინვე მოვიხიბლეთ, მოვინუსხეთ ზღაპრული ბუნებით. ბევრი ნამდვილად არ გვიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, პროექტი ვერ იქნებოდა დასაწყისისთვის მომგებიანი, მაინც გადავწყვიტეთ ახალი სიცოცხლე შთაგვებერა ამ ადგილისთვის. შეიკრიბა არაჩვეულებრივი გუნდი − ერთი მხრივ მაკა ვეზირიშვილი მეუღლესთან − დავითთან ერთად, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ − "დიო", და ასე დაარსდა Nunisi Forest Hotel and Spa", − აცხადებს კომპლექსის თანადამფუძნებელი, ირმა დაუშვილი, − "თავდაპირველად, ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ ყოფითი პრობლემების მოგვარება. კურორტამდე მისასვლელი გზა სრულიად განადგურებული იყო, არ არსებობდა ელ.ენერგია, არც სატელიტური ანტენები, ამიტომ ტელევიზიასთანაც კი არ ჰქონდა წვდომა მოსახლეობას. რეგიონში, ამავდროულად არც მობილური კავშირი არსებობდა. 2002-2003 წლებში შევძელით მობილურ ოპერატორ "მაგთის" ანტენების განთავსებაში დავხმარებოდით, ავაგეთ მინიჰესი, ავაშენეთ სასტუმრო ბარით, აღვადგინეთ ხის კოტეჯები და მოვაწყვეთ ინფრასტრუქტურა".
ნუნისის უნიკალური ადგილმდებარეობის ცნობადობის გაზრდაში ამ სასტუმრო კომპლექსმა უდიდესი როლი ითამაშა. პროექტის ავტორები სისტემატურად ატარებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა და ღონისძიებებს, ყოველწლიურად იწვევდნენ მხატვრებს, მწერლებსა და მომღერლებს, აწყობდნენ კონცერტებს ბავშვთა ადგილობრივი გუნდების მონაწილეობით, აჯილდოებდნენ ტრადიციული დოღის გამარჯვებულებს და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ახალ სიცოცხლეს სძენდნენ ამ კუთხეს.
პანდემიური 2020 წელი რთული აღმოჩნდა ნუნისის ტყის სასტუმროსთვისაც. თუმცა ამის მიუხედავად, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, კურორტზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა. "2020-2021 წლებში, რიგი ცვლილებების განსახორციელებლად გადავწყვიტეთ სასტუმროს მართვის კუთხით, პარტნიორული კომპანია შემოგვეყვანა. განახლებული კონცეფციით, სასტუმრო დამსვენებლებს უკვე ზამთრის სეზონზეც მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ნუნისის მიმართ ინტერესი არ განელებულა. 2021 წელს სტუმრების რაოდენობა კვლავ წინა წლების ნიშნულს მიუახლოვდა, ხოლო პანდემიამ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. შაბათ-კვირას ქართველმა მომხმარებელმაც უფრო აქტიურად დაიწყო ისეთი ადგილების სტუმრობა, სადაც სუფთა ჰაერი და იზოლაციის შესაძლებლობა დახვდებოდა. დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლა კი საშუალებას აძლევს დამსვენებელს იცხოვროს შუაგულ ტყეში, მიიღოს კომფორტული მომსახურება, იმკურნალოს და პარალელურად, იმუშაოს, არ მოწყდეს თავის საქმიანობას", − გვიამბობს ირმა დაუშვილი.
"ნუნისის ტყის სასტუმროში" დასაქმებულთა 80%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სასტუმროსა და კვების ობიექტის მომარაგებაც კი, ადგილობრივი პროდუქციით ხდება − იქნება ეს თაფლი, ყველი, რძე, ხორცი თუ სხვა. ამ კურორტმა ხარაგაულის რაიონის მოსახლეობას დასაქმებისა და სოფლის პროდუქტის რეალიზების შესაძლებლობა ერთდროულად გაუჩინა. კომპლექსის მარკეტინგულმა აქტივობებმა მეტი დამსვენებელი მოიზიდა ნუნისში, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე, რამაც ადგილობრივებს საოჯახო სასტუმროების გამართვისაკენ უბიძგა და კიდევ უფრო მეტი შემოსავლის წყარო გაუჩინა.
აღსანიშნავია, რომ ნუნისის წყლის უნიკალურობა აღიარეს არა მარტო ქართველმა ექიმებმა, არამედ ევროპიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმაც, რის გამო უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. დღეის მდგომარეობით, უკვე ათასობით უცხოელმა თუ ადგილობრივმა დამსვენებელმა მოახერხა მკურნალობა, სასიამოვნო გარემოში დროის გატარება, და ნუნისი ბევრისთვის საყვარელ ადგილად იქცა.
რაც შეეხება კურორტის სამომავლო გეგმებს, "ნუნისის ტყის სასტუმრო" გაფართოებას − 120-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას და სტუმრების ოთხივე სეზონზე მიღებას აპირებს. "ჩვენ ვმუშაობთ კურორტის განვითარების გეგმაზე და ვფიქრობთ სრულიად განვაახლოთ სასტუმროს ინფრასტრუქტურა, გავაკეთოთ ახალი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი საპროცედურო, პაციენტებისათვის ადგილზე კვლევის ჩასატარებლად და სრულყოფილი მკურნალობის შესათავაზებლად. ასევე, ვგეგმავთ ვიზიტორთა ცენტრის გაკეთებას, ვინაიდან ნუნისის ირგვლივ უამრავი ისტორიული და ჯადოსნური ადგილია. ჩვენ სულ რაღაც კილომეტრი გვაშორებს ცნობილ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკს და მნახველებს. მათ, ვისაც უყვართ ბუნებაში ექსკურსია, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ჩვენი ვიზიტორთა ცენტრის მომსახურებით. გვსურს მოვაწყოთ სხვადასხვაგვარი საინტერესო ტური და უამრავი ღონისძიება ახალგაზრდებისთვის. იმედი გვაქვს, ყველა ამ გეგმის განხორციელების შემდეგ ნუნისი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისათვის", − განაცხადა სასტუმრო კომპლექსის თანადამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა.