Owlee მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ერთ სივრცეში აერთიანებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Owlee შეიქმნა იმისთვის, რომ კერძო განათლების ორი მთავარი გამოწვევა უზრუნველყოს. ერთი, მასწავლებლებს გაკვეთილების სამართავად ერთიანი სისტემა შეუქმნას, რათა მოსწავლეების პოვნა გაუადვილოს; ხოლო მეორე, მოსწავლეებს სანდო რეპეტიტორების პოვნაში დაეხმაროს.
Owlee აერთიანებს LMS პლატფორმასა და საგანმანათლებლო მარკეტფლეისს, რაც მასწავლებლებს დროის დაზოგვასა და კურსების გაყიდვაში, ხოლო სტუდენტებს მასწავლებლების პოვნასა და კომფორტის შექმნაში ეხმარება.
"Owlee-ის შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა გერმანულის სწავლას ვიწყებდი და პარალელურად, ონლაინაკადემიაში ვმუშაობდი, სადაც LMS პლატფორმას ვიყენებდი. მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, როგორც სტუდენტი, კარგ რეპეტიტორს ვერ ვპოულობდი.
როცა საბოლოოდ ვიპოვე, სწავლების პროცესი არაორგანიზებული აღმოჩნდა. მასალები სხვადასხვა ადგილას იყო მიმობნეული, ლინკების ძებნა მუდმივად მიწევდა და წესრიგი საერთოდ არ არსებობდა.
ამ პირადმა გამოცდილებამ მაფიქრებინა, რომ რეპეტიტორებსაც და მოსწავლეებსაც სჭირდებოდათ უფრო პროფესიონალური, მარტივი და ორგანიზებული გარემო. სწორედ იქ, სადაც LMS გამოცდილება მქონდა, დავინახე შესაძლებლობა და შევქმენი Owlee, როგორც ინოვაციური პლატფორმა, რომელიც რეპეტიტორებსა და სტუდენტებს ერთ სივრცეში აერთიანებს", – იუსიფ ნასიბოვი, Owlee-ის დამფუძნებელი.
იუსიფი ფიქრობს, რომ Owlee-ის დაწყებას გაბედულება და სწრაფი რეაგირება სჭირდებოდა. მაშინ, როცა რეპეტიტორებზე მორგებული სრული ეკოსისტემა საქართველოში საერთოდ არ არსებობდა, Owlee-მ MVP სისტემა შექმნა.
გუნდმა გაბედა ისეთი პრობლემის გადაწყვეტა, რომელსაც ყველა ხედავდა, მაგრამ პასუხისმგებლობას არავინ იღებდა, ცოდნის ბარიერების, ტექნიკური სირთულეებისა და ფინანსური რესურსების ნაკლებობის მიუხედავად.
"ამან გვაჩვენა, რომ სწორ დროს ნაბიჯის გადადგმა ჩვენი მთავარი უპირატესობა იყო.
ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა საწყისი ფინანსებისა და შესაბამისი ტექნიკური გუნდის პოვნა იყო. მაშინ ყველაფერი ძალიან რთულად გვეჩვენებოდა.
იდეა გვქონდა, მაგრამ მის რეალობად ქცევას კომპეტენტური დეველოპერები, სწორი არქიტექტურა, UX გეგმა და მინიმუმ საწყისი ბიუჯეტი სჭირდებოდა, რაც ინდივიდუალური რესურსებით მიუღწეველი ჩანდა.
თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხეთ ამ ბარიერების გადალახვა. გავიარეთ სტრესული პერიოდი, შეხვედრები, პროგრამებში მონაწილეობა მივიღეთ და GITA-ს 25000-ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ. შევქმენით გუნდი, რომელსაც ჰქონდა ტექნიკური გამოცდილება და საბოლოოდ MVP-ის შექმნა ნულიდან შევძელით, რაც შეუძლებლად მიგვაჩნდა.
დღეს Owlee-ს საშუალებით მასწავლებლებს მუშაობას ვუმარტივებთ და ვგრძნობ, რომ ჩვენს საქმიანობას რეალური ღირებულება აქვს. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ მომხმარებლებისგან, გუნდისგან, ბაზრისგან. ეს მუდმივი პროგრესი და გაუმჯობესების სურვილი მაძლევს ენერგიას წინსვლისთვის.
Owlee ჩემთვის უბრალოდ ბიზნესი არ არის. ეს წარმოადგენს დაკარგული მასწავლებლებისა და სტუდენტების დაკავშირების გზას და ამ პროცესის შექმნა ყველაზე დიდი ინსპირაციაა".
როგორც იუსიფი ამბობს, Owlee-სთვის მომავალი არის მუდმივი ზრდა, ინოვაციები და განათლების ეკოსისტემის შექმნა, სადაც თითოეულ მასწავლებელსა და მოსწავლეს საკუთარი ადგილი და შესაძლებლობა ექნება.
"უახლოესი წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია, პლატფორმა ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადგილი გახდეს, რომელიც სწავლისა და ცოდნის გაზიარების სურვილს აერთიანებს.
ვგეგმავთ, მასწავლებლებსა და სტუდენტების შორის წვდომა გავზარდოთ, გამოცდილება გავაუმჯობესოთ და შევქმნათ გარემო, სადაც სწავლება არა მხოლოდ ორგანიზებული, არამედ შთაგონებადი პროცესიც იქნება.
ჩვენი ხედვა მარტივია, Owlee უნდა იქცეს სივრცედ, რომელიც ადამიანებს აძლევს ძალას, რომ განათლების გზაზე უფრო სწრაფად, უფრო მარტივად და უფრო თავდაჯერებულად იარონ. და ამ მისიის გარშემო განვითარებას ყოველდღე ვაგრძელებთ".