Get All Access for $5/mo

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის ბავშვობის მეგობრების წარმატებული ბიზნესი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Parker Georgia

ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად აქციეს.

კატო ალანია და მარიამ მეტრეველი დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქართული სტარტაპის დამფუძნებლები და პარტნიორები არიან. ბავშვობის მეგობრების ურთიერთობამ, სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. უნივერსიტეტში მოწვეულ არაერთ წარმატებულ და სამოტივაციო სპიკერთან შეხვედრამ, მათში ახალი საქმის ძიებისა და წამოწყების მოტივაცია აღძრა. სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტეს შეჭიდებოდნენ საქმეს, რომელთანაც მანამდე შეხება არასდროს ჰქონიათ. მოისურვეს, შეექმნათ ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც სრულიად ნატურალური მასალისგან დამზადებულ ხარისხიან, ფერად, კომფორტულ, ხელნაკეთ სანდლებსა და შუზებს შესთავაზებდა მომხმარებლებს.

PARKER GEORGIA-ს პირველი ნამუშევარი კლასიკური საზაფხულო სანდლები გახდა, რომელიც საწყის ეტაპზე 100 წყვილი შეიკერა, თუმცა მათზე აქტიური მოთხოვნის გამო, წარმოების გაზრდის აუცილებლობა დადგა.

"გვინდოდა, ძვირადღირებული ფეხსაცმელი ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა და საქართველოში გვეწარმოებინა. თანაც ისე, რომ ფეხსაცმელი აუცილებლად სადა, ფერადი და ხარისხიანი ყოფილიყო", – უყვებიან Entrepreneur-ს კატო და მარიამი.

კომპანიის დაარსების პირველ ეტაპზე გოგონებს უამრავი ფუნქციისა და როლის შეთავსება თავად უწევდათ. ახლის სწავლა, პარტნიორებთან ურთიერთობა, ფეხსაცმლის დიზაინის შექმნასა და წარმოების დეტალებში აქტიური ჩართულობა, ბრენდის პოპულარიზაცია, მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, შეკვეთილი ფეხსაცმელების მისამართებზე მიტანა და სხვა. დამღლელი დღეებისა და სირთულეების გადალახვის შემდეგ, დღეს PARKER GEORGIA უკვე წარმატებული ბრენდია, რომელსაც საკუთარ მაღაზიას ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ფლობს. მისი ფეხსაცმლის სასურველი მოდელის ადგილზე მიტანის სერვისი კი მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

ბრენდს ფეხსაცმლის რამდენიმე მოდელი აქვს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მოდელი სეზონის მიხედვით იცვლება და მას სხვადასხვა მკერავი ქმნის, რადგან ყოველი მოდელის შექმნას სპეციფიკური ცოდნა და ოსტატობა სჭირდება. ცოტა ხნის წინ კი წარმოებამ ნაწილობრივ იტალიის ერთ-ერთ ქარხანაში გადაინაცვლა, რაც ხარისხის შენარჩუნების საჭიროებისა და ბრენდის გლობალური მიზნებიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი.

PARKER GEORGIA ნებისმიერ ცვლილებასა თუ სიახლეს მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით ქმნის. ბრენდი მთლიანად მათზეა ორიენტირებული და მუდმივად მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებს უსმენს, რასაც შემდგომი განვითარებისთვის აქტიურად ითვალისწინებს.

"ჩვენი ყოველი წინგადადგმული ნაბიჯის უკან ჩვენი მომხმარებელი დგას", – აცხადებენ დამფუძნებლები.

PARKER GEORGIA-ს განვითარების უწყვეტი სტრატეგია აქვს არჩეული. ის მუდმივად სიახლეებით ანებივრებს ბაზარს და საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტსაც ეტაპობრივად აფართოებს. ტრენდულ ფეხსაცმელებთან ერთად, უკვე შეთავაზებაშია განსხვავებული დიზაინის წინდები და ტყავის ჩანთები, რაც ასევე ფერადოვნების, სისადავისა და ხარისხის პრინციპების შესაბამისადაა შექმნილი. წინდების წარმოება ბრენდმა საქართველოში წინდების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია Tiflistex-ს მიანდო, უახლოეს მომავალში კი ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, ბავშვის ფეხსაცმლის ხაზის შექმნაც იგეგმება.

PARKER GEORGIA-ს დიზაინით იტალიაში შეკერილი ფეხსაცმელი უკვე საქართველოშია და მისი მორგება ქართველ მომხმარებელს ნებისმიერ დროს თამამად შეუძლია.

კომპანიის სამომავლო გეგმები ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი მოდური ფეხსაცმლის მსოფლიოსთვის გაცნობა და სხვადასხვა წერტილში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სულ მალე ინტერნეტსივრცეში ჩაეშვება ვებპლატფორმაც, რომელიც PARKER GEORGIA-ს დიზაინით შექმნილ კომფორტულ, ფერად და დახვეწილ ფეხსაცმელს მსოფლიოს არაერთი წერტილის მცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომს გახდის. მათ სტილსა და ცხოვრებას კი კომფორტთან ერთად, სისადავესა და ფერადოვნებას შემატებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი