Get All Access for $5/mo

Plasticwatcher.ge - მდგრადი მოდის ნივთები გადამუშავებული პოლიეთილენისგან ბიზნესდაჯილდოება 2019-ის გამარჯვებული გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

Plasticwatcher.ge გადამუშავებული პოლიეთილენისგან მდგრადი მოდის ნივთებს ქმნის. წამოწყება ეკატერინე ასათიანს ეკუთვნის. ეკატერინე განათლებით ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. ასევე ფლობს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხს, Plasticwatcher.ge კი სწორედ ის საქმეა, რომელშიც ადამიანის გარემოზე ნეგატიური ქცევისადმი მისი პროტესტი აქტიურ საქმიანობად გარდაიქმნა.

Plasticwatcher.ge გადამუშავებული ნარჩენებისგან ჩანთებს, ქუდებს, საწვიმრებს, სხვადასხვა ნივთსა და მდგრადი მოდის აქსესუარებს ამზადებს. ამ ნივთების უპირატესობა კი ისიც არის, რომ დაზიანების შემთხვევაში, მათი შეკეთება მფლობელს საკუთარი ძალებით, პერგამენტის ქაღალდის, უთოს ან უბრალოდ, წებოვანი ლენტის დახმარებით მარტივად შეუძლია.

მდგრადი მოდისა და მისი ნივთების მთავარი დანიშნულება კი ისაა, რომ იგი დროსთან ერთად გაქრეს და კვლავ საზიანო ნარჩენად არ იქცეს. მდგრადი მოდის ნივთები ცირკულარული ეკონომიკის პრინციპს ემსახურება, რაც შემდეგს გულისხმობს: აიღე, გააკეთე, გამოიყენე და დააბრუნე! არავითარ შემთხვევაში არ გადააგდო!

"Plasticwatcher.ge-ის დაფუძნება პროტესტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა. პროტესტისა იმ ქცევის მიმართ, როგორც ადამიანები ჩვენ გარშემო იქცევიან. ხშირად დაუფიქრებლად, მექანიკურად გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ჩვენს საარსებო გარემოს, მიწასა და წყალს. სწორედ მათი ქცევა იყო ის მამოძრავებელი, რამაც დამაფიქრა, როგორმე გამოსავალი მომენახა, რათა მათთან დიალოგი შემდგარიყო. დიალოგი, რომელიც მათ საკუთარი ქცევის ცვლილებაზე დააფიქრებდა. ზოგადად, აღტაცების გრძნობა არის ის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მამოძრავებს. ყველგან ამ გრძნობას დავეძებ. მინდა ვიყო აღტაცებული ადამიანებით, მათი საქმიანობითა და მათთან ურთიერთობით. დღემდე დაკავებული ვარ იმით, რომ მუდამ ვეძებ რაიმე ისეთს, რასაც ჩემი აღტაცება შეუძლია და მეც ვცდილობ საკუთარი შესრულებული საქმით სხვასაც იგივე გრძნობა დავუტოვო", – უყვება ეკატერინე ასათიანი Entrepreneur-ს.

Plassticwatcher.ge-სა და ეკატერინე ასათიანს კიდევ არაერთი სამომავლო გეგმა აქვთ და მომავალშიც საინტერესო პროექტებით აპირებენ ქვეყნისა და მოქალაქეების განებივრებას. ასევე, იგეგმება ახალი გამოყენებითი პროდუქტების შექმნა და მდგრადი მოდის ნივთების ასორტიმენტის გაზრდა. მანამდე კი ეკატერინე ასათიანი თანამედროვე საზოგადოებას შემდეგ მესიჯს უგზავნის:

"მინდა მოკრძალებულად გთხოვოთ, რომ სანამ ნარჩენის აკუმულირებას დაიწყებთ, დაფიქრდეთ, არ იყიდოთ ისეთი ნივთი, რაც არ გჭირდებათ. მომენტუმმა არ დაგჯაბნოთ, რადგან ძალიან მალე ის ნივთი, რომელიც არ გჭირდებოდათ, მაგრამ შეიძინეთ, ნარჩენად გადაიქცევა, ხოლო ნარჩენებს ვერსად გადაყრით, რადგან ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი ნარჩენი მაინც ჩვენს მიწაზე, ჰაერსა და წყალში რჩება და გვიბრუნდება. პასუხისმგებლობის გრძნობით ცხოვრება არის ის, რაც ჩემი აზრით უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ფასდაუდებელ სიცოცხლეს".