"ყავა" ყავის გარეშე - სტარტაპი, რომელიც ბაზარზე ყავის მოდუღების ახალ მეთოდებს ნერგავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ ოდესმე გიყიდიათ ხორცის ან რძის პროდუქტების სამარხვო ალტერნატივა, რომელიც ცხოველური წარმომავლობის არაა, შესაძლოა დაგაინტერესოთ "ყავამ", რომელიც ყავის მარცვლებისგან არ მზადდება.
აშშ-ის ქალაქ სიეტლში, სტარტაპმა Atomo-მ ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც "ყავას", ყავის მარცვლების გარეშე, მზესუმზირას ჩენჩოსა და საზამთროს თესლის სპეციალური ქიმიური დამუშავების შედეგად ამზადებს.
წარმოვიდგინოთ კაფე, სადაც ბარისტა ყავის საფქვავთან მუშაობს, გაზქურაზე ადუღებული წყლით სავსე შავი ჩაიდანი ჰაერში ორთქლს აბნევს, ხოლო ირგვლივ ყველაფერი ყავის მომაჯადოებელი სურნელითაა გაჯერებული. ეს სცენა ალბათ ხშირად შეგვხვედრია და არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა რამდენიმე დეტალი: ბარისტა შემოსილია ლაბორატორიული ხალათით, ყავის ფინჯნების ნაცვლად, მაგიდაზე მინის დაორთქლილი ჭიქები დგას, ხოლო სანუკვარი სასმლის მომზადების პროცესში, არცერთი ყავის მარცვალი არ იღებს მონაწილეობას. დაახლოებით ასეთია გარემო სტარტაპ Atmo Coffee Inc.-ის ოფისში, რომელიც კვების ტექნოლოგიებითა და მათი განვითარებითაა დაკავებული.
დამფუძნებლებთან − ენდი კლეიჩთან და ჯარეთ სტოპფორტთან ერთად, მეცნიერ-კულინარებისა და ქიმიკოსების გუნდი ისეთი პროდუქტის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც სამარხვო "ხორცის", უკვერცხო "კვერცხისა" და ურძეო "რძის" მემკვიდრე იქნება. Atomo-ს ყავა, დაპატენტებული ქიმიური პროცესებით წინასწარ დამუშავებული მზესუმზირას ჩენჩოებისა და საზამთროს თესლებისგან მზადდება, რომელიც გადამუშავების შემდეგ ნამდვილი ყავის გემოსა და სტრუქტურას იღებს. შედეგად, ვიღებთ სასმელს, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით ყავის იდენტურია და კოფეინსაც კი შეიცავს.
ყავის ინდუსტრია, რომლის წლიური ბრუნვა საშუალოდ 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, ყველაზე მეტადაა დამოკიდებული კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე. მცენარე, რომელზეც ნამდვილი არაბიკის მარცვლები იზრდება, ისეთ რეგიონებში ხარობს, სადაც წვიმისა და გვალვის სეზონები მკვეთრადაა გამოხატული, თუმცა გლობალური გათბობა ასეთ რეგიონებს სულ უფრო ამცირებს და შედეგად, ყავის გურმანთა საყვარელი მცენარის მოცულობაც მცირდება. 2019 წლის ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკური ბაღების ასოციაციის მეცნიერთა ვარაუდით, უახლოესი 70 წლის განმავლობაში, დედამიწაზე არაბიკის ზრდისათვის საჭირო რეგიონების ფართობი განახევრდება. გლობალური ტემპერატურის ზრდისა და მწარმოებელთა მიერ ახალი ნაყოფიერი ნიადაგების ძიების პარალელურად, ჩვენი პლანეტის ტყის მასივებიც მნიშვნელოვან ზიანს განიცდის.
სწორედ ამ პროცესში ერთვება Atomo და ორწლიანი მუშაობის შემდეგ, უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ბაზარზე თავისი ინოვაციური გადაწყვეტის ჩაშვებასაც გეგმავს. საბოლოო ჯამში, მათი მიზანია უყავო "ყავა" ე.წ. სწრაფი კვების რესტორნების, საშინაო თუ ინდუსტრიული მოხმარების სფეროებში შეიტანონ და ტრადიციული ყავის მარცვლები ჩაანაცვლონ.
"ჩვენ მოგვწონს, როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, როგორც Tesla-ზე, ყავის ინდუსტრიაში", − ამბობს სტოპფორტი, რომელმაც უკანასკნელი 20 წელი კვების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების სფეროში გაატარა. კლეიჩს კი ზურგს უმაგრებს Amazon.com-ის პროდუქტის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და ანტრეპრენერული ხედვები. "Tesla-ს გამოჩენამდე, თუ თქვენ მდიდრული, მძლავრი ავტომობილი გსურდათ, რომელიც არ მოიხმარს დიზელს ან სხვა საწვავს, უბრალოდ არჩევანი არ გქონდათ", − აცხადებს სტოპფორტი, − "მსგავსად, Atomo-მდე, თუ მომხმარებელს უნდოდა ყავის მირთმევა, რომელიც გაუტყეობასთან არ იქნებოდა დაკავშირებული, უბრალოდ არ არსებობდა ასეთი შეთავაზება, თუმცა ახლა უკვე არის".
ხორცისა და რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, ყავას არ გააჩნია იდენტიფიკაციის სტანდარტი FDA-ისგან, რაც ნიშნავს, რომ არაა აუცილებელი სასმელი მხოლოდ მაშინ იწოდებოდეს ყავად, თუკი მისი წარმომავლობა კონკრეტულ ადგილს ან მცენარეს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სერტიფიკატი არსებობს, პროდუქტის უვნებლობისა და ეკოლოგიურობის დასაბუთებისთვის, ერთიანი სტანდარტის არარსებობა იწვევს იმ "ნაპრალის" გაჩენას, რომელსაც არაკეთილსინდისიერი კომპანიები წარმატებით იყენებენ და მომხმარებელს, დაპირებულის ნაცვლად, სრულიად სხვა პროდუქტს სთავაზობენ.
ინვესტორები, რომლებიც კვებისა და სასმელების ინდუსტრიით არიან დაინტერესებულნი, Atomo-ზე დიდ იმედს ამყარებენ. კომპანიამ 2019 წლის განმავლობაში ჩატარებული ინვესტირების ორი რაუნდის შემდეგ, 11,5 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა. მათ მხარდამჭერთა რიგებშია ისეთი ვენჩურული კომპანია, როგორიცაა Horizons Ventures, რომელიც კვების ინდუსტრიის ინოვაციებს აქტიურად აფინანსებს.
გადამუშავებულ მცენარეულ ბაზაზე საკვები პროდუქტების წარმოება სწრაფად მზარდი სფეროა, რომელიც არა მხოლოდ სტარტაპებისთვისაა საინტერესო. მაგალითად, Nestle აწარმოებს ვეგანურ შოკოლადსა და ძეხვის შემცვლელს; სწრაფი კვების გიგანტი McDonald's ტესტავს თავის ახალ უხორცო ბურგერს, რომელსაც McPlant ჰქვია და BeyondMeat-თან ერთადაა შემუშავებული; ისეთმა მსხვილმა ამერიკულმა ხორცპროდუქტების მწარმოებელმა, როგორიცაა TysonFoods, მაისის დასაწყისში 100%-ით ვეგანური "ხორცპროდუქტების" ხაზის შემუშავება დააანონსა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქონლის ფარშის ანალოგი და უხორცო ძეხვის რამდენიმე სახეობა.
ამ ძვრების მიუხედავად, ყავის ბაზარი მაინც განსაკუთრებულად რთული და კომპლექსურია. უპირველესად, უამრავ ადამიანს ყავის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები ამოძრავებს და კონსერვატიული შეხედულებების მატარებელია ამ სასმელთან დაკავშირებით. ხოლო თავად ყავის კულტურა რეგიონიდან რეგიონამდე ძალიან განსხვავდება. სახელი Atomo იტალიურად "ატომს" ნიშნავს და ერთგვარად, პატივისცემას გამოხატავს ამ ქვეყნის ესპრესო-ბარების კულტის მიმართ.
"ველით, რომ დროთა განმავლობაში ჩვენს პროდუქტზე ყავის სტატუსთან დაკავშირებით, შესაძლოა იურიდიული პრობლემები წარმოიშვას, თუმცა ვცდილობთ ნორმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევას და მსხვილ გიგანტებთან კონკურენციაში შესვლას", − განაცხადა კლაიჩმა.
ამ ეტაპზე კაიჩი და სტოპფორტი ცდილობენ კვების მრეწველობის ცნობილ წარმომადგენლებთან საპარტნიორო ხელშეკრულებების გაფორმებას, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოახერხებს ეს სფერო "კოვიდ-19"-ისგან მიყენებული იარების მოშუშებას.
ისმის გონივრული შეკითხვა − მართლა ასეთი გემრიელია Atomo-ს უყავო "ყავა"? ვინც მოახერხა ამ ალტერნატივის გასინჯვა, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასმელს აკლია ის სიმწარე, რაც ტრადიციულ ყავას ახასიათებს, მას აქვს სირბილე და მატონიზირებელი ეფექტი.
დენი კოუნი, რომელიც სიეტლის საკვები პროდუქტების მაღაზიების მსხვილი ქსელის მეპატრონეა, Atomo-სთან პარტნიორობის შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კოუნი ყავის ინდუსტრიაში 30 წელი მუშაობდა და აქედან 15 წლის განმავლობაში სიეტლის ერთ-ერთ ცნობილ კაფეს მართავდა. იგი თავდაპირველად Atomo-ს მოლეკულურ "ყავას" სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა როგორც თვითონ აცხადებს, დეგუსტაციის შემდეგ, ეს წარმოდგენა რადიკალურად შეეცვალა.
მსგავსი ინოვაციური პროდუქტის ბაზარზე დასამკვიდრებლად, კომპანიებს უწევთ მომხმარებლის ქცევისა და პრეფერენციების შეცვლაზე მუშაობა, რათა ტრადიციული გადაწყვეტების სიძველესა და თანამედროვე მიგნებების უპირატესობაში დაარწმუნონ. ამ გზის გავლა Atomo-საც მოუწევს, თუმცა ისინი აუცილებლად მიაგნებენ თავიანთ ნიშას იმ დაკავებულ ადამიანებს შორის, ვისაც უყვარს ყავა და ეძებენ მის გარემოსათვის უვნებელ ალტერნატივას.