Join our Waitlist for Expert Advice!

"ქიცა" - სამეგრელოში დაფუძნებული ბრენდი, რომელიც ძლიერი ქალების ისტორიის შთაგონებით აბრეშუმის თავსაბურავებს გვთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ხშირად ხდება ვიზუალური ხელოვნების შთაგონება. ეს განსაკუთრებით საინტერესო ფორმას მაშინ იძენს, როცა ასეთ შთაგონებას ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდები იყენებენ.

"ქიცა" აბრეშუმის თავსაბურავის ბრენდია, რომლის შთაგონება ჩვენი წინამორბედი ძლიერი ქალების ისტორია და მათი დატოვებული მემკვიდრეობაა.

მარიამ ანჯაფარიძე, "ქიცას" დამფუძნებელი:

"იდეა 2023 წელს გამიჩნდა, როდესაც BTU-სა და USAID-ის ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი პროექტის, "კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის", ფარგლებში გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე. შეძენილი ცოდნა დამეხმარა, იდეა რეალობად მექცია. ასე შევქმენი აბრეშუმის თავსაბურავის ბრენდი "ქიცა". მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ, ბრენდი კი სამეგრელოშია დაფუძნებული. "ქიცა" მეგრული სიტყვაა და თავსაფარს ნიშნავს. თითოეული თავსაბურავის დახვეწილი დიზაინი ქართულ ელემენტებშია გამოხატული. ეს ჩვენი წარსული მეხსიერების ხელახლა აღმოჩენა და ახლებურად წარმოჩენაა. თავსაბურავებზე დატანილ ილუსტრაციებს თავად ვხატავ. "ძლიერი ქალების ბრენდი" - ასეთია "ქიცას" გზავნილი. ჩემი მიზანიც ეს გახლავთ - თანამედროვე, პრაქტიკული და ძლიერი ქალებისათვის "ქიცა" ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს".

საკუთარი საქმის წამოწყება დიდ გამბედაობას მოითხოვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბიზნესის მართვის გამოცდილება არ გვაქვს. როგორც მარიამი ამბობს, მასაც ჰქონდა გარკვეული შიშები და ბარიერები, რომლებიც საბოლოოდ გადალახა.

"ამ გზაზე პირველ რიგში საკუთარი თავისა და იდეის რწმენა დამეხმარა. შემდგომ კი ყველაფერი თითქოს თავისით დალაგდა - თანამიმდევრული ნაბიჯები აუცილებლად მიგიყვანს დასახულ მიზნამდე. პირველი გამოწვევა ის იყო, რომ რეგიონში ბიზნესის დაწყება რთული აღმოჩნდა, რადგან ადგილზე თითქმის არაფერი მზადდება. არ არსებობს საწარმო, რომელიც ჩემს სტანდარტებს უპასუხებდა. ამისთვის ბაზრის კვლევა დამჭირდა. საქართველოშივე მოვიძიე ის კონტრაქტორები, რომლებთანაც ყველა საჭირო ნიმუში დავამზადე და ასე მოგვარდა პრობლემა", - იხსენებს მარიამ ანჯაფარიძე.

მარიამის თქმით, ინსპირაციას ყველა ის ძლიერი ქალი აძლევს, რომელიც არასოდეს ჩერდება, უსმენს შინაგან ხმას და იბრძვის თავისუფლებისთვის. როგორც ბრენდის დამფუძნებელი გვიყვება,

"ქიცასთვის" პირველი ილუსტრაციის ხატვისას მისი შთაგონების წყარო იყო სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი, ეკატერინე ჭავჭავაძე და მისი სამკაული, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველ ხალხს ეროვნულ განძთან ერთად დაუბრუნა. შარფის ორი მოდელი სწორედ დედოფლის სამკაულის მოტივებზეა შექმნილი. მარიამი ქართული მოდისა და ქსოვილის შესახებ ისტორიულ წყაროებსაც გაეცნო, რამაც შთააგონა, ქართული ქსოვილის პრინტის მისეული ვერსია შეექმნა.

ბრენდის დამფუძნებელი კომპანიის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით ხედავს. ამბობს, რომ მომხმარებელს მრავალფეროვან კოლექციებს ჰპირდება და, მოთხოვნიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, მამაკაცის აქსესუარების შექმნაც დაიწყოს.

"დიდი სურვილი მაქვს, "ქიცა" საერთაშორისო ბაზარზე ვიხილო", - ამბობს მარიამ ანჯაფარიძე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"