"რანკო" - პლატფორმა, რომელიც ერთი შევსებული განაცხადით სხვადასხვა ბანკისა და მიკროსაფინანსოს შეთავაზების მიღებაში დაგეხმარებათ ვინ დაიწყო ბინესი 2023 წელს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სესხის საუკეთესო პირობებით ასაღებად, დაინტერესებულ პირს უწევს ეწვიოს რამდენიმე ბანკს ან გააკეთოს განაცხადი, შემდეგ განმეორებით უნდა მივიდეს ყველგან პირობების გასაგებად და ბოლოს ეს ყველაფერი შეადაროს ერთმანეთს, რაც საკმაოდ მოუხერხებელი და რთული პროცესია. შესაძლებელია, ადამიანმა რამდენიმე დღეც კი დაკარგოს ბანკებში სიარულის გამო. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, ზურა კახიძემ 2023 წელს კომპანია "რანკო" დააფუძნა, რომლის დახმარებითაც სესხის მოძიებისა და დამტკიცების პროცესი 2 წუთამდე დაიყვანება. ერთი შევსებული განაცხადი იგზავნება რამდენიმე ბანკში, მომხმარებელი ყველგან იმტკიცებს სესხს და ირჩევს საუკეთესო შეთავაზებას. აღნიშნულ სერვისს მომხმარებელი სრულიად უფასოდ იღებს.
მეორე მხრივ, "რანკო" მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის ბანკებისთვის. კომპანია ბანკებს სრულიად ინოვაციურ ბიზნესმოდელს სთავაზობს − სადაც არ არის საჭირო ფილიალები, თანამშრომლები, დიდი მარკეტინგული კამპანიები და გაზრდილი საოპერაციო ხარჯები. პარტნიორი ბანკები "რანკოსგან" იღებენ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას, აკეთებენ სესხის შეთავაზებას და წარმატებული დაკრედიტების შემთხვევაში იხდიან თანამშრომლობის საკომისიოს. აღნიშნული მოდელი პლატფორმაზე ჩართული ორი მხარისთვის მისაღებია, ბანკს ხარჯები უმცირდება, მომხმარებელი კი შედარებით დაბალ პროცენტში იღებს სესხს.
"ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსებზე წვდომა და დავეხმაროთ მათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. როდესაც იდეა დაგვებადა, პირველ ეტაპზე საკმაოდ წარმოუდგენელი ჩანდა ამ ყველაფრის განხორციელება, მაგრამ დავიწყეთ მუშაობა და ეტაპობრივად ვისწავლეთ როგორ დაგვეძლია გამოწვევები. რანკოსთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ღია ბანკინგის ინიციატივა გახდა, რომლის დანერგვა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს იდეა დაგვებადა. არ ვიცი, შესაძლოა ეს დამთხვევაა, მაგრამ მე იმის უფრო მჯერა, რომ როდესაც რაიმე გულით გინდა, მთელი სამყარო გეხმარება შენი ოცნების ასრულებაში.
ბევრი გამოწვევა გვქონდა ამ პროცესში, როგორიც არის საკანონმდებლო ჩარჩო, ინტეგრაციები და ა.შ. არც გამოცდილება გაგვაჩნდა და არც შესაბამისი კონტაქტები, რათა დაგვხმარებოდნენ პროცესის წარმართვაში. ჩვენ მივდიოდით ადამიანებთან, ვუყვებოდით საკუთარ გეგმებსა და ოცნებებზე, მათ კი მხარდაჭერის სურვილი უჩნდებოდათ, რისთვისაც მინდა ყველა მათგანს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს "რანკოს" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ზურა კახიძე.
ზურა კახიძის შეხედულებით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც იდეისთვის ცხოვრობს და ცვლილებები სწყურია. სჯერა, რომ ყველაფრის გაკეთება უკეთესად შეიძლება, ვიდრე აქამდე კეთდებოდა და არ ეგუება არსებულ მიდგომებს. რაც ყველაზე მთავარია, ანტრეპრენერს უნდა, ეს სამყარო იმაზე უკეთესი გახდეს, ვიდრე დღეს არის. როდესაც ანტრეპრენერი ხედავს, რომ ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის, გუნდთან ერთად დასახული მიზნისკენ უფრო მიზანმიმართულად და მეტი მოტივაციით მიდის.
"რანკო" ჩვენთვის არ არის უბრალოდ ბიზნესი, ეს ბევრად მეტია, რისთვისაც ღირს ღამეების გათენება, გართობაზე, მოგზაურობაზე და კარგ ხელფასზე უარის თქმა. რადგან ჩვენთვის ეს არის ისეთი ცვლილება საბანკო სექტორში, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებას უკეთესს გახდის.
ყველა ადამიანს წარმატების თავისი ფორმულა აქვს. ამიტომ ერთადერთი, რაც შემიძლია მათ ვურჩიო, არის ის, რომ არასოდეს უნდა დანებდნენ. რაც უნდა მოხდეს, დასახული ოცნებისკენ სვლა უნდა განაგრძონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სწორი გზით ვივლით, ან ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორი იქნება და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. პირიქით − მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხშირად უნდა ვიფიქროთ, ხელახლა გავიაზროთ, რაღაცები გადავაფასოთ, შევცვალოთ ან თავიდან დავიწყოთ. ეს პროცესი დაგვეხმარება ჩვენი შეცდომების აღმოჩენაში და გაგვიმარტივებს მიზნისკენ მიმავალ გზას", − აღნიშნავს "რანკოს" დამფუძნებელი და ინიციატორი.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, "რანკოს" გუნდის დიდი სურვილია, პლატფორმამ წარმატებით დაიწყოს ფუნქციონირება, ადამიანები გაეცნონ პროექტს, შეიყვარონ და სხვებსაც ურჩიონ "რანკო". აღნიშნულთან ერთად, კომპანია ინვესტიციის მოზიდვის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას და კიდევ ერთ ქვეყანაში გაფართოებას გეგმავს.