Reformer – სპორტდარბაზი, რომელიც საქართველოში ფიტნესკულტურის ახალ სტანდარტს ქმნის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი ცხოვრების წესი გაცილებით მეტია, ვიდრე სხეულის ფორმასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ის გულისხმობს იმ შინაგან მდგომარეობასაც, რომელიც ენერგიას, ფოკუსს და საერთო კეთილდღეობას განსაზღვრავს. სწორედ ამ ბალანსის პოვნაში გვეხმარება ვარჯიშის პროცესი. ამ დატვირთვიდან გამომდინარე, თანამედროვე სპორტდარბაზები იქცა იმ სივრცედ, სადაც ადამიანი თავს დაცულად გრძნობს, მოტივაციას პოულობს და თანდათან არა მხოლოდ სხეულს ხვეწს, არამედ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასაც აყალიბებს. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა აგებული Reformer – სპორტდარბაზების ბრენდი, რომელიც ამჟამად ბათუმში ორი ფილიალით არის წარმოდგენილი.
Reformer-ის კონცეფციის შესახებ Entrepreneur კომპანიის დამფუძნებელს, გიორგი ფუტკარაძეს ესაუბრა.
როგორ დაიწყო Reformer-ის ისტორია და რა იყო მისი შექმნის მთავარი მოტივაცია?
ქვეცნობიერად ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი გზა საბოლოოდ ბიზნესამდე მიმიყვანდა, მაგრამ ჩემთვის ბიზნესი იყო რაღაც უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, "საქმიანობა გამდიდრებისთვის". მინდოდა ის გამხდარიყო თვითგამოხატვის საშუალება - სივრცე, სადაც ავსახავდი ჩემს ღირებულებებს, ხედვებსა და ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებას. მჯერა, რომ ბიზნესი მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის შექმნა არ არის – ის ღირებულებების მატარებელი პლატფორმა და შთაგონების წყაროც უნდა იყოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ბიზნესი, რომელიც იქნებოდა სამაგალითო არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროში, არამედ ღირებულებებით, შრომის ეთიკითა და ჯანსაღი ფასეულობებით თავის წვლილს შეიტანდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბიზნესის დაწყებამდე მქონდა მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის უცვლელი რჩებოდა: ვარჯიში ჩემთვის ცხოვრების სტილი იყო, ხოლო თავისუფლება სხეულისა და გონების კონტროლის განცდასთან ასოცირდებოდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი საქმიანობაც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და თავისუფლების იდეასთან დამეკავშირებინა.
Reformer 2020 წლის 21 სექტემბერს, პანდემიის დროს დაარსდა. მიუხედავად სირთულეებისა, საუკეთესო გუნდის დამსახურებით ის იქცა გამორჩეულ, საკუთარი ისტორიის მატარებელ ადგილად. "რეფორმერმა" ათასობით მომხმარებელს უმასპინძლა და დღეს ორი ფილიალითაა ბათუმში წარმოდგენილი.
რა კონცეფციას ატარებს "რეფორმერი"? როგორ განსაზღვრეთ ის მთავარი ნიშა, რომელზეც ბრენდი დაფუძნდა?
ჩვენი მისიაა შევქმნათ სივრცე, გამოცდილება და მაგალითი, რომელიც ადამიანს შთააგონებს აიღოს პირადი პასუხისმგებლობა, აჯობოს საკუთარ თავს და გააუმჯობესოს ცხოვრება ფიზიკურად, მენტალურად და პიროვნულად. "შენ VS შენ" – ეს უბრალოდ სლოგანი არ არის. ეს არის ჩვენი კონცეფციის ბირთვი – ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, შთაგონებასა და შინაგან პროგრესს. ჩვენ არ გვჯერა იძულებითი ტრანსფორმაციის. გვჯერა ცვლილებების, რომლებიც შთაგონებით იწყება. გვწამს, რომ ნამდვილი თავისუფლება საკუთარი სხეულის ფლობიდან იწყება, როცა შენ აკონტროლებ სურვილებსა და ჩვევებს და არა პირიქით. როცა თავად განსაზღვრავ საკუთარ გზასა და პროგრესს. სრულყოფილება არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია ყოველდღე უფრო უკეთესი გახდე. ჩვენ არ ვეჯიბრებით სხვებს, ჩვენ ვეჯიბრებით მხოლოდ საკუთარ თავს და ყოველ დღეს ვიყენებთ შესაძლებლობის საზღვრების გასაფართოებლად. გვწამს, რომ შთაგონება იბადება არჩევანის თავისუფლებიდან; ცვლილება უკეთესობისკენ იწყება თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით; ადამიანი თავად ქმნის საკუთარ გზას და რაც ან ვინც ვართ დღეს, ჩვენი უწინდელი მოქმედებების შედეგია.
თქვენი აზრით, რა განასხვავებს "რეფორმერს" სხვა სპორტდარბაზებისგან?
"რეფორმერი" გამოირჩევა შინაარსით, ხარისხის სტანდარტებითა და მიდგომით. ჩვენთვის მთავარი ვიზიტების რაოდენობა არ არის – ჩვენთვის მთავარი მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაა. ვქმნით მრავალფუნქციურ სივრცეს, სადაც მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, სისუფთავე, სიმყუდროვე, სტილი, მეგობრული ატმოსფერო, პროფესიონალთა გუნდი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა ქმნის ნამდვილად უნიკალურ გარემოს. "რეფორმერი" არ არის უბრალოდ ფიტნესდარბაზი – ეს არის ცხოვრების წესის, ღირებულებებისა და ჯანსაღი პრინციპების პლატფორმა. ეს არის გარემო, სადაც არა მხოლოდ ვარჯიში, არამედ თვითგანვითარებაც შეგიძლია. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელი შთაგონებულია, გახდეს უკეთესი. ჩვენ, გუნდმაც და სტუმრებმაც ზუსტად ვიცით რა გვინდა, რატომ და რა მიმართულებით მივდივართ. ამ გზაზე ყოველდღიურად ერთად ვისწრაფვით უკეთესობისკენ და ვქმნით უფრო სუფთა, ფუნქციურ და ადამიანურ გარემოს სილამაზის, ჯანმრთელობისა და თვითგანვითარებისთვის; ჩვენი წვლილი შეგვაქვს სამაგალითო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც ავითარებს არა მხოლოდ სხეულს, არამედ ცნობიერებასაც.
ამჟამად ორი ფილიალით ხართ წარმოდგენილი ბათუმში – როგორი ინფრასტრუქტურა აქვს და რამდენად განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?
ჩვენი ორივე ფილიალი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის იტალიური ბრენდის, Technogym-ის უახლესი მოდელის ინფრასტრუქტურით. Reformer აერთიანებს სატრენაჟორო და თავისუფალ სავარჯიშო სივრცეებს, Pilates Reformer-ის სტუდიას, სრულფასოვან სპა ზონას აუზით, ჯაკუზით, საუნითა და საზაფხულო ტერასით; ე.წ. ფიტბარს ჯანსაღი კვებით, სპორტული საკვები დანამატებითა და აქსესუარებით, ასევე საპარკინგე სივრცეებს, რაც მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. სივრცეები გათვლილია ფუნქციურ დატვირთვაზე – შიდა დაგეგმარება და დიზაინი ხელს უწყობს სწორი განწყობის შექმნას, ეფექტურ ვარჯიშს და განტვირთვას. ორივე ფილიალს ინდივიდუალური ხასიათი აქვს, თუმცა ინარჩუნებს ბრენდის ძირითად ესთეტიკას და სტანდარტებს – შედეგად, ყველა სივრცე ქმნის ერთიან გამოცდილებას. თითოეული მათგანი ემსახურება არა მხოლოდ ფიზიკურ განვითარებას, არამედ მენტალურ განტვირთვასა და დასვენებას. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და მოქნილობა, Reformer კი მათ საჭიროებებს სინქრონულად მიჰყვება.
თქვენი დაკვირვებით, რა არის ძირითადი ფაქტორები, რამაც "რეფორმერის" წარმატება განსაზღვრა?
შინაარსი, მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი, დისციპლინა და თანმიმდევრულობა, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და ღირებულებებზე დაფუძნებული კორპორაციული ეთიკა – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც "რეფორმერის" წარმატება განსაზღვრა. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ მომხმარებელს, ვართ გახსნილები უკუკავშირისთვის და ვცდილობთ, ყოველდღე გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ეს ზრდის ნდობას და ქმნის ერთგული მომხმარებლის აუდიტორიას.
რა ფილოსოფიას ეფუძნება თქვენი მიდგომა "ჯანსაღი გარემოს" შექმნისას?
ჯანსაღი გარემო ჩვენთვის მხოლოდ სისუფთავე ან ინფრასტრუქტურა არ არის. ის იწყება ურთიერთპატივისცემით და გრძელდება ადამიანებზე გულწრფელი ზრუნვით. გვჯერა, რომ ჯანსაღ სხეულთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი დამოკიდებულებებიც. იმისთვის, რომ კომპანიამ შეძლოს მომხმარებლისთვის მიმზიდველი ატმოსფეროს შექმნა, პირველ რიგში, უნდა ახერხებდეს, საუკეთესო გარემო შექმნას თანამშრომლებისთვისაც. ამიტომაც, სანამ სტუმრებზე ვიზრუნებთ, პირველ რიგში, ვცდილობთ შევქმნათ სამუშაო გარემო, სადაც გუნდის თითოეული წევრი ბედნიერი, მოტივირებული და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულია. "რეფორმერი" არის ადგილი, სადაც ყველა - მომხმარებელიც და თანამშრომელიც თავს უსაფრთხოდ და დაფასებულად გრძნობს. გარემო, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიკურ განვითარებას, არამედ გონებრივ სიმშვიდეს, მოტივაციას და ყოველდღიურ პროგრესს.
როგორ უზრუნველყოფთ სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვას? როგორია წესები დარბაზში და როგორ იმუშავეთ მათი აღსრულების მექანიზმებზე?
სისუფთავე, წესრიგი და ჰიგიენა აქ მხოლოდ ვიზუალური სტანდარტი არ არის. "რეფორმერის" გუნდისთვის ეს არის ღირებულება, რომელსაც ყოველდღე ერთგულად ვემსახურებით.
დეტალების მიმართ ყურადღება ჩვენი იდენტობის ნაწილია. ჩვენივე გამოცდილებით შევიმუშავეთ და დავნერგეთ სტანდარტები, რომელსაც მუდმივად ვხვეწთ და ვაუმჯობესებთ. ასევე, გვაქვს მკაფიოდ გაწერილი მინიმალური წესები, რომლებიც არ არის უბრალოდ ფორმალობა, ის მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებისთვისაა შექმნილი და ემსახურება კომფორტს, ვარჯიშის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, სივრცის მოწესრიგებულობასა და სისუფთავეს, საერთო ფიტნესკულტურისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებას. ჩვენი წესები ფორმულირებულია მეგობრულ ტონში – აქცენტი გამახვილებულია არა აკრძალვებზე, არამედ საერთო კეთილდღეობაზე. ჩვენი მიზანია, რომ წესების დაცვა იყოს ცნობიერი არჩევანი და არა ფორმალური ვალდებულება. მათი აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია პერსონალის ჩართულობა, ხილვადი ვიზუალური წესები და მომხმარებლის განათლება – ეს სამკუთხედი ქმნის სტაბილურ შედეგს. ჩვენ, ასევე, გვჯერა პრევენციის და, პირველ რიგში, მომხმარებელს პირად მაგალითებს და შინაარსობრივ არგუმენტს ვთავაზობთ. იქ, სადაც საჭიროა, ვეხმარებით ახსნითა და ზრუნვით, რადგანაც ურთიერთპატივისცემა ჩვენს მთავარ ღირებულებათა შორისაა.
როგორი ტიპის მომხმარებლები სტუმრობენ თქვენს დარბაზს და რას აფასებენ ყველაზე მეტად?
"რეფორმერს" სტუმრობენ ადამიანები, რომლებიც აქტიურად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სილამაზესა და სულიერ კომფორტზე. ეს არის მომხმარებლის ის კატეგორია, რომელიც აფასებს: ხარისხს როგორც ინფრასტრუქტურაში, ისე მომსახურებაში; სისუფთავესა და წესრიგს, რომელიც Reformer-ის სივრცეში ტრადიციაა; მყუდროებასა და უსაფრთხოებას – გარემოს, სადაც თავს მშვიდად გრძნობენ; ესთეტიკასა და სტილს – ვიზუალურ კომფორტს, რომელიც მათ შთააგონებს. "რეფორმერის" მომხმარებლები მოტივირებული არიან, გაიუმჯობესონ ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა, გახდნენ უკეთესები და შეინარჩუნონ კონტროლი საკუთარ სხეულსა და გონებაზე. ეს არის სივრცე სამაგალითო, ჯანსაღი ფასეულობების ადამიანებისთვის, ვინც არ ელოდება ცვლილებებს და თავად ქმნის მას.
როგორ მუშაობს თქვენი გუნდი – ტრენერები, ადმინისტრაცია – რათა მომხმარებელმა სრულფასოვანი მომსახურება მიიღოს?
გუნდი ჩვენი უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ბრენდის ცოცხალი გამოხატულებაა, რომელიც ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რის გამოც მომხმარებელი გვანდობს საკუთარ პროგრესს და ყოველდღიურად გვიბრუნდება. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ღირებულებათა ერთიანობასა და საერთო მიზანს – უზრუნველვყოთ მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული, პროფესიონალური და შთამაგონებელი გარემო. ძირითადი პრინციპები, რომლებსაც მთელი გუნდი ყოველდღიურად მიჰყვება, გამოგვარჩევს და განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის ურთიერთპატივისცემა, ნდობა და კოლეგიალობა – როგორც შიდა თანამშრომლობაში, ისე სტუმრებთან ურთიერთობაში; მომხმარებელზე ზრუნვა – თბილი კომუნიკაციით, დროული რეაგირებითა და პრევენციული ქმედებით; სისუფთავე და მოწესრიგებულობა – როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური სტანდარტების დონეზე; თვითგანვითარება და პროფესიონალიზმი – მუდმივი ზრდა როგორც ცოდნაში, ისე პასუხისმგებლობაში; ბრენდის ღირებულებების დაცვა რეალურ ყოველდღიურ ქმედებებსა და დამოკიდებულებაში. "რეფორმერის" თითოეული თანამშრომელი ქმნის იმ კულტურას, რაც განასხვავებს ჩვენს სივრცეს სხვა დანარჩენისგან.
ჩვენ არ ვართ უბრალოდ კომპანია – ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ცვლის და შთააგონებს.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა სპორტდარბაზის ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესში?
არ გვინდოდა, Reformer ყოფილიყო მხოლოდ ბაზარზე არსებული კიდევ ერთი სავარჯიშო სივრცე. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს კი არ მოერგებოდა, არამედ ხარისხისა და ღირებულებების დამკვიდრებით განსაზღვრავდა ბიზნესის ახალ სტანდარტებს. ეს ნიშნავს: არა უბრალოდ ტრენაჟორების განლაგებას, არამედ სივრცის გააზრებულ ორგანიზებას; არა უბრალოდ მომსახურებას, არამედ მომხმარებელთან ღირებულებით სავსე კომუნიკაციას; არა უბრალოდ ბრენდის შექმნას, არამედ საზოგადოების შთაგონებას ცხოვრების წესის შესაცვლელად. არა უბრალოდ ბიზნესს, არამედ ისეთ ბიზნესს, რომელიც გამოირჩევა ფასეულობებითა და საზოგადოებრივი პრინციპებით. ამ ყველაფერს თან ახლდა დაუღალავი შრომა, დისციპლინა და იდენტობის მკაფიოდ შენარჩუნება ყველა ეტაპზე – ფიზიკური სივრცისგან დაწყებული, ყოველდღიური პროცესების მართვით გაგრძელებული. ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება და კომპანიაში დასაქმებული თითოეული ადამიანი დღემდე ისწრაფვის სივრცის სრულყოფისაკენ.
როგორია თქვენი გრძელვადიანი ხედვა ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებით?
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრინციპია – გაფართოება მხოლოდ მაშინ, როცა მზად ვართ ვაჯობოთ საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის დახვეწაზე ვართ კონცენტრირებული, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ გაფართოებას – და არა მხოლოდ ქალაქის მასშტაბით. ჩვენი მიზანია "რეფორმერი" იქცეს ბრენდად, რომელიც გრძელვადიან ღირებულებას ქმნის არა მხოლოდ სპორტულ სფეროში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში – როგორც ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და სწორი ფასეულობების ინსპირაციის წყარო. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა: ვიყოთ გამორჩეული ლიდერი ინოვაციურ ფიტნეს და ველნეს სექტორში; შევქმნათ პრემიუმ ეკოსისტემა, სადაც ინდივიდი არა მხოლოდ ვარჯიშობს, არამედ ვითარდება, როგორც პიროვნება. ჩვენი მიზანია, ვიყოთ პლატფორმა, რომელიც შთააგონებს მოძრაობისკენ, ფიქრისკენ, პროგრესისკენ.