Get All Access for $5/mo

Rio Beauty Box - ქართული სტარტაპი სილამაზისა და ესთეტიკის სადარაჯოზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

უკვე წელიწადზე მეტია, რაც Rio Beauty Box ქართველ მომხმარებლებს განსხვავებული ნაკრებებით ანებივრებს. ფერადი, თვალისმომჭრელი ყუთებიდან შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი მათგანი აირჩიოთ − იქნება ეს დეკორატიული კოსმეტიკისა თუ თავის მოვლის ბოქსი, ედვენთ- კალენდარი თუ სხვა. Rio-მ არც მამაკაცებს დასწყვიტა გული და სპეციალურად მათთვის შექმნა ცალკე ხაზი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა.

როგორც Rio Beauty Box-ის დამფუძნებელი, ანი დანელია გვიყვება, მას ყოველთვის სურდა შეექმნა ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ბიუჯეტურ ფასად მისცემდა საშუალებას შეეძინათ ბიუთი ბოქსები ან ცალკეული კოსმეტიკური პროდუქციები. ანი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული სილამაზის ინდუსტრიით. "როდესაც ჩემი მეგობრები მულტფილმებს უყურებდნენ, მე თავისუფალ დროს ბიუთი ვლოგერებს ვადევნებდი თვალს", − იხსენებს იგი. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ცოდნისა თუ გამოცდილების დაგროვება, თანდათან შეისწავლა ბაზარი, სადაც იმ დროისთვის მხოლოდ წამყვანი, ძვირადღირებული ბრენდების ნაწილზე მიუწვდებოდა ხელი და რადგან ფასები არცთუ ხელსაყრელი იყო, გადაწყვიტა თავად შეექმნა ისეთი ბიზნესი, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს ხელსაყრელ ფასად ეზრუნა საკუთარ თავზე, ან გაეხარებინა ძვირფასი ადამიანი.

Entrepreneur ესაუბრა Rio-ს დამფუძნებელს, რომელმაც ბრენდის ისტორია და სამომავლო გეგმები გაგვაცნო.

ანი, როგორ გადაიქცა Rio იდეიდან სტარტაპამდე?

რადგან სილამაზის ინდუსტრიას მუდამ თვალს ვადევნებდი და საქართველოში არსებული მდგომარეობაც შესწავლილი მქონდა, ყოველთვის მსურდა შემექმნა ქართულ რეალობასთან მორგებული Beauty Box. ეს იდეა ძალიან დიდხანს მაღალ თაროზე მქონდა შემოდებული და ალბათ, როგორც უმრავლესობა, მეც ველოდებოდი იდეალურ დროს საქმის დასაწყებად. ერთ საღამოს კი მივხვდი, რომ უბრალოდ არ არსებობს იდეალური დრო და გადავწყვიტე ჩემი ფიქრები რეალობად მექცია. ერთი წლის წინ სწორედ ეს საღამო აღმოჩნდა ჩემთვის გარდამტეხი.

რა პროცესები გაიარეთ როგორც ბიზნესის დამფუძნებელმა?

თავიდან დავიწყე ბიზნესის კონცეფციაზე მუშაობა. დიდხანს ვიფიქრე ბრენდის ესთეტიკაზე, თუ რა სახით წარმედგინა იგი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი კრიტერიუმები მქონდა, ლოგოს შექმნა ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. მსურდა ყოფილიყო მინიმალისტური, დახვეწილი და ესთეტიკური. რაც შეეხება ბიუთი ბოქსის სახელს, მინდოდა როგორც ჩემთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი, ისე საზოგადოებისთვის მარტივად დასამახსოვრებელი ყოფილიყო და ვფიქრობ, ეს გამომივიდა.

რას სთავაზობს ბრენდი ქართველ მომხმარებლებს?

უკვე წელიწადზე მეტია, რაც Rio Beauty Box ქართულ სილამაზის ინდუსტრიაშია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვიურად ვითარდება და იხვეწება. პირველი თვის ბოქსი სიმბოლურად მაქვს შენახული. ვცდილობ, როგორც ვიზუალურად, ისე სხვა ფაქტორების კუთხით პროგრესი განვიცადოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველი თვის ბოქსი წინაზე უკეთესი და გამორჩეული იყოს. Rio Beauty Box მომხმარებლებს სთავაზობს ბიუთი ბოქსებს, თავის მოვლის ხაზის პროდუქციას. ასევე, დეკემბრის თვეში შევქმენით პირველი ქართული ედვენთ კალენდარი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა 31 საჩუქარს თვის ყოველი დღისთვის. ამ ნაკრების შექმნის ინსპირაცია ბავშვობიდან მოდის − დიდი სურვილი მქონდა ახალ წლამდე ყველა დღე ახალი საჩუქრის გახსნით დაწყებულიყო. Rio-ს მომხმარებელი ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა, რამაც მაგრძნობინა, რომ არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ადამიანის ბავშვობის ოცნება ავასრულე, თუნდაც მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტით. Rio არ არის მხოლოდ კომპანიის სახელი ან პროდუქტის შეფუთვა, იგი პერსონაა... პიროვნება, რომელსაც თავისი ხასიათი და თვისებები აქვს, და სწორედ ეს გამოარჩევს მას კონკურენტებისგან. იგი ამ დამახასიათებელი ნიშნებით "ურთიერთობს" საზოგადოებასთან.

როგორც Rio Beauty Box-ის დამფუძნებელი ანი დანელია გვიყვება, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი არსებობის მრავალ წელს არ ითვლის, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა მრავალი სირთულის გადასალახად. იგი ბრენდის მუშაობის ყველა რგოლს დამოუკიდებლად უწევს კოორდინაციას და აღნიშნავს, რომ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გვერდით დგომის გარეშე ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა.

ანი დანელიასთვის მთავარი გამოწვევა Rio Beauty Box-ის მუდმივად მზარდ, გამორჩეულ, დახვეწილ და კრეატიულ ბრენდად არსებობაა. ამჟამად ბიუთი ბოქსები ყოველდღიურად იგზავნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში. ანი მუშაობს, რომ მიწოდების ხარჯები რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს, რათა ყველა ადამიანმა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დამფუძნებელს სურს Rio Beauty Box-ის სტენდების თბილისსა და რეგიონებში გახსნა, რათა ფერადმა და დახვეწილმა ბოქსებმა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გააბედნიეროს.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"