Roamingo 1 წლის გახდა – 100 000 მომხმარებელი, თანამშრომლობა წამყვან კომპანიებთან და გლობალური გეგმები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ვირტუალური სამოგზაურო სიმბარათი Roamingo ერთი წლის გახდა. ამ მოკლე დროში კომპანიამ უკვე შეძლო 100 000-ზე მეტი მომხმარებლის მოზიდვა, მნიშვნელოვანი პარტნიორული ქსელის შექმნა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. Roamingo-ს პარტნიორებს შორის დღეს არიან ისეთი საერთაშორისო წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: Visa, Qatar Airways-ი, "ალდაგი", "ირაო", "საქართველოს ბანკი", "თიბისი კონცეპტი" და სხვები. Roamingo-ს სტენდი გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მომხმარებლებისთვის ინტერნეტზე წვდომას მოგზაურობის წინ.
პირველი წლის მნიშვნელოვან სიახლეებზე, კომპანიის წარმატებაში გუნდის როლსა და მომავალ გეგმებზე Entrepreneur-ს Roamingo-ს დამფუძნებელი, ლევან კილაძე ესაუბრა:
"პირველი წელი იყო ინტენსიური ზრდისა და სწავლის პროცესი. ყოველი თვე ახალი ეტაპი იყო და ახალი მიზნები გვქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ადამიანების ნდობის მოპოვებაა. 100 000+ მომხმარებელი, 5 000+ ხუთვარსკვლავიანი შეფასება და მაღალი ხარისხი – ეს არის ის, რის გამოც Roamingo-ს გვირჩევენ და სხვებსაც ურჩევენ. მომხმარებლები გვიყვებიან, როგორ გადაარჩინა Roamingo-მ მოგზაურობისას, როგორ შეინარჩუნეს კომუნიკაცია და თავი უსაფრთხოდ იგრძნეს. მომხმარებელი სხვა ქვეყანაში ყოფნისას გვენდობა – ეს არის ნამდვილი ღირებულება, რომელიც ჩვენ შევქმენით".
Roamingo-ს მთავარი პრინციპია – Every Journey. Connected. კომპანიისათვის ეს მხოლოდ სლოგანი არ არის – ეს არის ვალდებულება, რომელსაც Roamingo-ს გუნდი ყოველდღიურად ასრულებს.
კომპანიის მომხმარებლები მოგზაურობენ მსოფლიოს 164-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ასობით ქსელი, ათასობით ტექნიკური პარამეტრი და განსხვავებული რეგულაციებია. Roamingo-ს ამოცანაა, ეს პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს.
კომპანიისათვის პირველ წელს მთავარი გამოწვევა eSIM-ის დაყენების პროცესის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ინტუიციური ფორმით შეთავაზება იყო. ბევრისთვის ეს ტექნიკურად რთული პროცესია, მაგრამ Roamingo-მ 1000-მდე რეალურ სცენარზე დაკვირვებით შეძლო ისეთი UX-ის შექმნა, რომელიც მარტივი, სწრაფი და პრობლემებისგან თავისუფალია.
მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 24/7 მხარდაჭერაც. საზღვარგარეთ მოგზაურობისას პრობლემა ყოველთვის ყველაზე გაუთვალისწინებელ დროს ჩნდება.
"ჩვენი მიზანია, ვიყოთ იქ, სადაც მომხმარებლებს ვჭირდებით – რეალურ დროსა და ნებისმიერ ზონაში. დღეს Roamingo-ს მხარდაჭერის სისტემა მაქსიმალურად ოპერატიული და ეფექტურია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლის სრული სიმშვიდე უზრუნველვყოთ. და რაც მთავარია, ხარისხი: სხვა გლობალურ კონკურენტებთან მიმართებით, Roamingo-ს ინტერნეტის უპირატესობას ისიც განაპირობებს. პირველმა წელმა დაგვარწმუნა, რომ ინოვაცია, მომხმარებლის საჭიროებებზე ფოკუსირება და ტექნოლოგიური უპირატესობა Roamingo-ს წარმატების საფუძველია". – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
Roamingo-მ ერთ წელიწადში 100 000 მომხმარებელი შეიძინა. როგორც Roamingo-ს დამფუძნებელი Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, პირველი 100 000 მომხმარებლის მოპოვება მოსალოდნელი გახდა მაშინ, როცა მომხმარებლის კმაყოფილება გაიზომა და აღმოჩნდა, რომ კომპანიის NPS (მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ლოიალობის საზომი ინდექსი) 90%-ს აჭარბებდა. ეს შედეგი ცხადყოფს, რომ მომხმარებლებს Roamingo უყვართ, რადგან ის რეალურად მუშაობს – "ის მარტივი, ხელმისაწვდომი და ფუნდამენტურად უკეთესი გამოცდილებაა, ვიდრე აქამდე არსებული ალტერნატივები".
ტრადიციულად, eSIM ტექნოლოგია აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ ტექნოლოგიურად დახვეწილი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი პროდუქტი. Roamingo-მ გადაწყვიტა, ეს სტერეოტიპი შეეცვალა და ისეთი მარტივი გამოცდილება შეექმნა, რომ კომპანიის პროდუქტის გამოყენება საშუალო, არატექნიკურ სმარტფონ მომხმარებელსაც კი შესძლებოდა.
"სიმარტივე და საიმედოობა ყოველთვის ამართლებს. ჩვენმა მიდგომამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა – მომხმარებლები ეძებენ პროდუქტს, რომელიც მათთვის ქმნის არა სირთულეს, არამედ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება", – აღნიშნავს ლევან კილაძე.
მასშტაბების გაზრდის პარალელურად Roamingo მსოფლიოს წამყვანი ოპერატორების პარტნიორიც გახდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, გლობალურად უზრუნველყოს ხარისხიანი დაფარვა თითოეულ კონტინენტზე.
Roamingo ლიდერ ოპერატორებთან თანამშრომლობს, რათა მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხისა და ფასის კომბინაცია შესთავაზოს. დივერსიფიცირებული პარტნიორული ქსელი უნიკალურ უპირატესობას განაპირობებს, რაც მომხმარებლისთვის ოპტიმალური კავშირის ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. სწორედ ეს განასხვავებს Roamingo-ს სხვა eSIM აპლიკაციებისგან.
Roamingo თანამშრომლობს წამყვან ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, VISA-სთან, ავიაკომპანიებსა და სხვადასხვა ბიზნესთან. ამ პარტნიორობის მოდელი ორგვარია:
პარტნიორი ყიდის Roamingo-ს ინტერნეტს თავის მომხმარებელზე. ასეთ დროს Roamingo უხდის გამომუშავებულ საკომისიოს, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური და სტაბილური დამატებითი შემოსავალია ტურისტული კომპანიებისთვის.
მეორე მოდელით, პარტნიორი შეღავათიან ფასში ყიდულობს ინტერნეტპაკეტებს საკუთარი მომხმარებლისთვის და თავისივე არხების გამოყენებით უზრუნველყოფს მის მიწოდებას, როგორც დამატებით სარგებელს.
ამასთანავე, Roamingo-ს სტენდი განთავსებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო აუმჯობესებს და ხელმისაწვდომ სერვისს სთავაზობს. მომხმარებლის ნაწილი ამჯობინებს, ინტერნეტპაკეტი გაფრენის წინ შეიძინოს. ასეთ დროს Roamingo მათ აეროპორტშივე ხვდება და საჭიროების შემთხვევაში, მობილური მოწყობილობის კონფიგურაციასა თუ სხვა საკითხებში ეხმარება. Roamingo-ს სტენდთან მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებაც დახვდებათ.
ინტერვიუს დროს დავინტერესდით Roamingo-ს გუნდით – იმ პროფესიონალებით, რომლებიც კომპანიის წარმატებას განაპირობებენ:
"Roamingo-ს უკან დგას Lemondo-ს "სუპერჰუმანები" – ასე ვეძახით მათ ხუმრობით, მაგრამ სრული სერიოზულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი წარმატების 100% სწორედ მათზეა დამოკიდებული. ესენი არიან ბრწყინვალე, ამბიციური და იდეებზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც კომპრომისების გარეშე ცდილობენ შექმნან ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილება. სწორედ მათი ენერგია და საქმის სიყვარული აქცევს Roamingo-ს გამორჩეულ კომპანიად".
Roamingo-ში ინკლუზიური მართვის სტილი მოქმედებს, რაც სტარტაპებისთვის დამახასიათებელი მიდგომაა. ეს ნიშნავს, რომ გუნდის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული პროცესებში, ინფორმირებულია მნიშვნელოვან საკითხებზე და სადაც საჭიროა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს. ლევან კილაძის თქმით, Roamingo-ში არის გარემო, რომელსაც აქვს ინიციატივების მიმღებლობა და ტოლერანტობა შეცდომების მიმართ, რადგან მთავარია შეცდომების დროულად დანახვა და მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება.
Roamingo-ს განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო გაფართოებას.
"Roamingo გლობალური პროდუქტია – კომპანია ემსახურება ათასობით მომხმარებელს საქართველოს მიღმა. მაგალითად, მოქალაქე, რომელიც პოლონეთიდან იაპონიაში მიფრინავს, Roamingo-ს იყენებს, რათა მოგზაურობისას ინტერნეტი ჰქონდეს. ჩვენი მთავარი ფოკუსი ქვეყნებზეა, სადაც გამავალი ტურიზმის მაღალი მაჩვენებელია – სადაც მოგზაურებს მუდმივად სჭირდებათ საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტი. გარდა ამისა, სტაბილური ზრდა გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც გვარწმუნებს, რომ რეგიონული ბაზრებიც პერსპექტიულია ჩვენი გაფართოებისთვის. ჩვენი სტრატეგიაა სწრაფი ზრდა და ახალი მომხმარებლების მოზიდვა მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ Roamingo ერთ აპლიკაციაში აერთიანებს სხვადასხვა ტურისტულ სერვისს".
მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის განმავლობაში Roamingo მნიშვნელოვნად განვითარდა და დიდ წარმატებას მიაღწია, კომპანიის რეალური მიზნები ჯერ კიდევ წინ არის. პირველი წელი ვალიდაციისა და გაშვების ეტაპი იყო – დამტკიცება იმისა, რომ პროდუქტი მომხმარებლებისთვის ღირებული და მოთხოვნადია. გლობალურ ბაზარზე კონკურენცია კი გაცილებით მაღალია.
ლევან კილაძე:
"ლოკალური წარმატებით საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა მარტივი არ არის. Roamingo-ს აქვს ძლიერი პროდუქტი, ჰყავს გამორჩეული გუნდი, ერთგული მომხმარებლები. გვაქვს ძლიერი ამბიციები, რაც გვაძლევს ძალას, გლობალურ მოთამაშედ ჩამოვყალიბდეთ. ასე რომ, Let's do this!"