Get All Access for $5/mo

როგორ ეხმარება TBC Pay-ის ქსელის განვითარების გუნდი ბიზნესებს გადახდების მიღების გამარტივებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

თვითმომსახურების ტერმინალების, ე.წ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების უკან, რომლებიც დღეს თითოეული ჩვენგანისთვის ჩვეულ, მარტივ საგადახდო ინსტრუმენტადაა ქცეული, სინამდვილეში ადამიანების მთელი გუნდი დგას, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ არა მარტო მათ გამართულობაზე, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების მაქსიმალურ გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

საქართველოში, საგადახდო სერვისის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე "თიბისი ჯგუფში" შემავალი TBC Pay გახლავთ, რომელიც თითქმის 15 წელია, რაც წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და პანდემიური სირთულეების მიუხედავად, არა მარტო ზრდის საკუთარ ქსელს, არამედ მუდმივად ზრუნავს სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ეს პროცესი კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახადა Agile-ტრანსფორმაციამ, რომელსაც კომპანია ორ წელზე მეტია გადის და ოპერირების სრულიად ახლებურ მიდგომებს აყალიბებს სწრაფი და ხარისხიანი სერვისის უზრუნველსაყოფად − როგორც პარტნიორი ბიზნესებისათვის, ისე მათი პროდუქტების რიგითი მომხმარებლებისთვის.

ამჯერად, Entrepreneur-ს სურს უკეთ გაგაცნოთ TBC Pay-ის ქსელის განვითარების გუნდი, რომელიც უშუალოდ ბიზნესებთან მუშაობს და ცდილობს გადახდებთან დაკავშირებული ყოველდღიური გამოწვევები მოუგვაროს. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, კომპანიის ქსელის განვითარების გუნდის ხელმძღვანელს − სოფო გვიანიშვილს ვესაუბრეთ.

უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ TBC Pay-ის ქსელის განვითარების გუნდის შესახებ, რომელიც უშუალოდ ბიზნესებთან მუშაობს და მათ ყოველდღიურ საგადახდო საჭიროებებს აგვარებს.
ქსელის განვითარების გუნდის მთავარი დანიშნულებაა, ბიზნესებს მივცეთ შანსი ჩვენი არხებით მიიღონ ყოველდღიური გადახდები მომხმარებლებისგან, რაც შეიძლება მარტივად, სწრაფად და ხელმისაწვდომად.

ჩვენი ძირითადი მიმართულება თვითმომსახურების ტერმინალებია, რომლებიც ბიზნესებს ჩვენი არხითა და სისტემით გადახდების მიღებაში ეხმარება და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მოხდეს სწორ ადგილას, მომხმარებლისათვის მოხერხებულ ლოკაციებზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა როგორც მომხმარებლებთან, რომლებიც ჩვენი ტერმინალებით სარგებლობენ, ისე ბიზნესებთან, რათა მათი გადახდები საუკეთესო, ხელსაყრელ ლოკაციებზე მივიღოთ.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდს, ჩვენი გუნდი ორ განყოფილებას აერთიანებს: ესენია კორპორაციული და საცალო მიმართულებები. მოგეხსენებათ, საცალო მომხმარებელთან და ბიზნესებთან ურთიერთობას განსხვავებული კომპეტენციები სჭირდება და შესაბამისად, ჩვენი სამუშაო მოიცავს როგორც უშუალოდ იმ ბიზნესების მხარდაჭერას, რომლებიც ჩვენი არხებით სარგებლობენ, ისე კომუნიკაციას ქსელურ მარკეტებთან, რომელთა სიახლოვეს ჩვენი ტერმინალებია განლაგებული. მარკეტებისათვის თვითმომსახურების ტერმინალის არსებობა დამატებითი სარგებელია, ვინაიდან ისინი ერთი მხრივ პროდუქციას ყიდიან, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს სხვადასხვა სერვისის გადახდის შესაძლებლობას აძლევენ.

TBC Pay-ის ქსელის განვითარების გუნდი აერთიანებს იმ ადამიანებს, მენეჯერებს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესს საკონტაქტო პირად ჰყავთ მიმაგრებული და ამა თუ იმ გამოწვევის გადალახვაში ეხმარებიან. როდესაც ბიზნესისგან შემოდის დავალება ან მოსაგვარებელი საკითხი, სწორედ ეს მენეჯერები, ჩვენს კომპანიაში არსებულ სხვადასხვა გუნდში ანაწილებენ ამოცანებს, მონიტორინგს უწევენ მათ შესრულებას და პასუხისმგებლები არიან დამკვეთთან, რაც სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტების წინაპირობაა ბიზნესებისათვის. ამავდროულად, ღია ვართ ნებისმიერი იდეისათვის და შემოთავაზებისათვის ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხრიდან, რასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ და ვზრუნავთ მათი საჭიროებების დროულ მოგვარებაზე.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია არ არჩევს მომხმარებლებს და თანაბრად ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს როგორც დამწყებ სტარტაპერებს, ისე მსხვილ ბიზნესებს. ჩვენთვის ნებისმიერი პარტნიორი ბიზნესი, ერთნაირად მნიშვნელოვანია.

როგორ შეაფასებდით 2022 წელს როგორც უშუალოდ თქვენი გუნდის პოზიციიდან, ისე ზოგადად TBC Pay-ის ჭრილში?
გასული, 2022 წელი საკმაოდ გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენთვის. პანდემიური გამოწვევების გადალახვის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი მიზნები დავისახეთ და მთელმა კომპანიამ ერთობლივად ვიმუშავეთ მათ მისაღწევად.

2022 წელს ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა ქსელის ოპტიმიზება გახლდათ. TBC Pay-იმ გაზარდა ტერმინალების რაოდენობა, თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანი ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა ქსელის გაუმჯობესებისა და გაჯანსაღების კუთხით. ასევე, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ზრდის დადებითი ტენდენცია გვაქვს TBC Pay-ის ონლაინარხებშიც. ცხადია, ეს ტრენდი გაცილებით მკვეთრად იგრძნობოდა პანდემიის პერიოდში, როდესაც როგორც მომხმარებლები, ისე ბიზნესები მიხვდნენ დისტანციური გადახდის არხების მნიშვნელობას და დაიწყეს სისტემების ინტეგრირება. ჩვენი მთავარი მისია იყო, სწრაფები ვყოფილიყავით მომსახურებაში ბიზნესებისთვის, რომლებიც მომხმარებლების ფიზიკური სალაროებიდან დისტანციურ არხებზე გადაყვანას გეგმავდნენ, და მაქსიმალურად მოქნილად მიგვეცა ამის შესაძლებლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე საფინანსო ინსტიტუტები, მიკროსაფინანსოები და ლომბარდები, რომლებიც დიდწილად დამოკიდებულნი იყვნენ სალაროებზე და ჩვენი დახმარებით სწრაფი ტრანსფორმაცია მოახერხეს ონლაინგადახდების მიმართულებით. მიმდინარე წელს, მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვემარტივებინა სამომხმარებლო გამოცდილება და პანდემიის დროს შესრულებული პროექტები კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა, რასაც წარმატებით გავართვით თავი.

TBC Pay-იმ 2022 წელს საკუთარ ქსელში არსებული სერვისების უმეტესობა ხელმისაწვდომი გახადა "თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ-არხებშიც. ჩვენ ინტეგრირებული ვართ უამრავ ბიზნესთან და აგრეგაციის ინსტრუმენტების მეშვეობით, მარტივად ვახორციელებთ არსებული სერვისის მიწოდებას "თიბისი ბანკის" სხვადასხვა არხში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლისთვის.

რა ტიპის გამოწვევებთან გამკლავებაზეა TBC Pay-ის ქსელის განვითარების გუნდი ამჟამად ორიენტირებული?
დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქსელი საკმაოდ გაჯერებულია, მაინც ვახერხებთ ახალი ლოკაციების ათვისებას და გაფართოებას, ტერმინალების როტაციის თუ ახალი თვითმომსახურების აპარატების დამატების გზით.

მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე სამყაროში დრო ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირადღირებულ რესურსად იქცა, რის გამო აუცილებელია სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, რათა მათ რაც შეიძლება მეტი დრო დავუზოგოთ. ძირითადად, ამ მიზნის გარშემო ვართ კონცენტრირებული მთელი გუნდი.

მეორე მხრივ, TBC Pay-ის საგადახდო სისტემის ინტეგრაციის დრო ბიზნესებთან 5 სამუშაო დღემდე შევამცირეთ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. ამ მიმართულებით, ერთადერთ გამოწვევას წარმოადგენს პარტნიორი მცირე ბიზნესების მხრიდან IT-წარმომადგენლობის არსებობის საჭიროება, რომელიც ჩვენი სისტემის დანერგვაზე იმუშავებს, თუმცა ვმუშაობთ ამ კუთხით და ვაგრძელებთ ზრუნვას მომხმარებელთათვის არსებული სერვისების მაქსიმალურად გამარტივებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

როგორც ვიცით, TBC Pay-იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია პანდემიის დროს ბიზნესებისთვის დისტანციური გადახდების მიღების გასამარტივებლად. გვიამბეთ ამის შესახებ.
რეალურად, პანდემიის პერიოდში საქართველოში ბიზნესები ორი პრობლემის − გადახდების დისტანციურად მიღებისა და ნაღდი ფულის შენახვასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

კომპანიებს, რომლებიც სალაროების მეშვეობით ამყარებდნენ მომხმარებელთან კომუნიკაციას, გადახდების მიღების ალტერნატიული გზის ძიების სირთულე შეექმნათ. ამ კუთხით ყველანაირ ბიზნესს, ზომის განურჩევლად, ერთნაირად მივუდექით და გარდა იმისა, რომ მათგანაც მოდიოდა მოთხოვნა, გავაკეთეთ ბაზები და ყველა ასეთ მომხმარებელს ჩვენი ინიციატივით მივაწვდინეთ ხმა. შესაძლოა, პატარა ბიზნესებს არ სცოდნოდათ ფიზიკურად ვისთვის მიემართათ ამ დროს, ამიტომ პროაქტიულად განვახორციელეთ ჩვენი მხრიდან შეთავაზებები და იმ ბიზნესებამდე ამბის მიტანა, რომ რეალურად ჩვენ შეიძლება ვიყოთ გამოსავალი. ძალიან შეთანხმებულად ვიმუშავეთ გუნდებმა − იქნებოდა ეს IT, ფინანსების გუნდები თუ სხვა. მთავარი გამოწვევა ამ შემთხვევაში დრო იყო, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოგვეხდინა ბიზნესებთან საგადახდო სისტემის ინტეგრირება.

მეორე პრობლემა, რომელიც ბიზნესებს შეექმნათ, ნაღდი ფულის შენახვას უკავშირდებოდა. ბანკებს შეეზღუდათ მუშაობა პანდემიის დროს, რის გამო შეფერხდა სალაროებით თანხის შეტანა და ბიზნესებს დიდი რაოდენობის ნაღდი ფული უგროვდებოდა. სწორედ ასეთ ბიზნესებთან განვათავსეთ ჩვენი სპეციალური თვითმომსახურების ტერმინალები ბიზნესებისთვის, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა საბანკო ანგარიშებზე განეთავსებინათ ეს თანხები, ოფისიდან გაუსვლელად.

ვფიქრობ, ამ ყველაფრის საწინდარი, კომპეტენციის უპირატესობაზე მეტად, სამუშაოს სწორი დაგეგმარებაა. კონკრეტულ ბიზნესებს კონკრეტული მენეჯერი ემსახურება, რომელიც პარალელურად ახორციელებს რამდენიმე დავალების შესრულებას, ეს კი, თავის მხრივ, ამარტივებს კოორდინაციას გუნდებს შორის და საბოლოო პროდუქტის მიღების დროს მინიმუმამდე ამცირებს.

დღეის მდგომარეობით, რა სახის პროდუქტებს აერთიანებს TBC Pay?
მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, შესაბამისად, TBC Pay-ის მთავარი პროდუქტები სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული თვითმომსახურების ტერმინალები და ონლაინ-არხებია (აპლიკაცია და ვებგვერდი), რომლებითაც მომხმარებლებს ყველა იმ სერვისისა და უფრო მეტის გადახდა შეუძლიათ, ვიდრე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.

ასევე, გვაქვს აგრეგაციის ბიზნესი, რის დახმარებითაც ვახორციელებთ ჩვენი საგადახდო სისტემის ინტეგრირებას ბიზნესებთან და ისინი ჩვენი სისტემის მეშვეობით თავიანთ არხებში იღებენ გადახდებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრანტებისათვის უცხოური ბარათებით გადახდის განხორციელების საკითხიც, ვინაიდან ბევრი ემიგრანტი ქართულ ოჯახებს კომუნალური სერვისების გადასახადებს უხდის. TBC Pay-ის ონლაინ არხებში სერვისები ხელმისაწვდომია უცხოური ბარათებითაც, რაც დამატებით აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას.

გარდა ამისა, აღსანიშნავია თვითმომსახურების ტერმინალი ბიზნესებისთვის, მათი ნაღდი ფულის სამართავად. ესაა პატარა ქეშ-ბოქსები, რომლებითაც ამ ეტაპზე, მხოლოდ ჩვენ ვართ ბაზარზე წარმოდგენილი.

როგორია ქართული ბაზრის ტენდენციები დისტანციური გადახდების კუთხით?
ზოგადად, დიდი ხანია მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაღდი ფული მალე დაკარგავს აქტუალობას და ნელ-ნელა ონლაინარხებში გადაინაცვლებს. ცხადია, ეს პროგნოზი აქტუალური იყო საქართველოშიც, თუმცა აქამდე გაციფრულების პროცესი გაცილებით ნელი ტემპით მიდიოდა, ვიდრე პანდემიის შემდეგ. როცა რეალური საჭიროება დადგა, მომხმარებელმა ქცევა შეიცვალა. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრი ნაღდი ფული ტრიალებს მოსახლეობაში. არის ბევრი თვითდასაქმებული და გარკვეულწილად, ქეშის ბოლომდე ჩანაცვლება გრძელვადიანი პერსპექტივაა.

ვვარაუდობთ, რომ განვითარების ტემპი უნაღდო ანგარიშსწორებისკენ უბიძგებს მოსახლეობას და რბილად მოხდება გადასვლა ონლაინარხებში. როგორც კი ნაღდი ფულის მიმოქცევა შემცირდება, დისტანციური გადახდები მეტ აქტუალობას შეიძენს. ამას უკვე ადასტურებს თაობებს შორის სამომხმარებლო ქცევის განსხვავებებიც. თუკი უფროსი თაობა მიჩვეულია ბანკომატიდან ფულის განაღდებას, ახალგაზრდა თაობაში ეს უკვე მიუღებელია. მეტიც − ბევრი მათგანი ნაღდი ფულის საჭიროებას ვერც ხედავს.

როგორია უშუალოდ TBC Pay-ის გეგმები და მიზნები 2023 წლისთვის?
2023 წლისთვის ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო გავამარტივოთ მომსახურება როგორც ბიზნესებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, რომლებიც ტრანზაქციებს ახორციელებენ ჩვენი არხებით. გამარტივება გულისხმობს როგორც ბიზნესებისთვის ინტეგრირების პროცესის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისე მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნას, რათა TBC Pay-ისთან ურთიერთობა გაცილებით მარტივი, სწრაფი და ეფექტიანი გახდეს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia